16 აგვისტოს 8 წელი შესრულდება, რაც ქართული არმიის სამშვიდობო მისიებსა და აგვისტოს ომგამოვლილ ოფიცერს, როინ შავაძეს, გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და 8 წელია, მისი ოჯახი სამართლის აღსრულებას ითხოვს _ დაისაჯონ ამ მკვლელობის დამკვეთები და შემსრულებლები.
2008 წლის 16 აგვისტოს, მაშინ, როცა, ჯერ კიდევ, რუსის ჯარი საქართველოში იდგა და გზებს აკონტროლებდა, ომგამოვლილი ოფიცერი სამსახურში დასაბრუნებლად ემზადებოდა და ბათუმში სამხედრო ატელიეში მივიდა ფორმაზე სახელისა და გვარის ამოსაქარგად, თან იქვე მდებარე პატარა კაფეში ყავა შეუკვეთა და ნათესავებსაც ელოდებოდა.
ამ დროს ამ პატარა ქუჩაზე დაბურულმინებიანი ჯიპები შევარდა, საიდანაც ნიღბიანები გადმოცვივდნენ, მაგიდასთან მჯდომ შავაძეს კისრის არეში ავტომატის კონდახი ჩაარტყეს, ხელები გადაუგრიხეს, სასტიკად სცემეს, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.
რამინ პაპიძე _ როინ შავაძის მეუღლის ადვოკატი:
_ ეს მოხდა, სულ რაღაც, წუთებში. ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ოჯახი, მისი მეუღლე, რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა ადგილსამყოფელის დადგენას, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით კი როინ შავაძის გვამი პროზექტურაში მიიტანეს და მეუღლეს მაშინ შეატყობინეს.
_ რა ეტაპზეა ამჟამად საქმე?
_ საქმე დღემდე გაუხსნელია. ახალი საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება, არანაირი ახალი გარემოება და დეტალი არ დადგენილა, ფაქტობრივად, რა მოცემულობაც არსებობს საქმეში და უკვე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ დამნაშავე პირები კანონის შესაბამისად დაისაჯონ.
როინ შავაძესთან მიმართებით, გარდა მკვლელობისა, ჩადენილია არაერთი დანაშაული, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სამოხელეო დანაშაული, მტკიცებულებების ფაბრიკაცია, თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ამის გამო კი არც ერთი პირი არ დასჯილა.
_ საქმის მიხედვით, ვის სდებთ ბრალს?
_ თემურ პატარიძეს, რომელიც შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების აჭარის სამმართველოს ყოფილ დირექტორია. იგი ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა; მის მოადგილე ბალაძეს, რომელიც დღეს გაქცეულია; გიორგი ჩიქოვანს, „მაიმუნას“, რომელიც სხვა ბევრ საქმეში ფიგურირებს; სპეცრაზმის უფროს კონცელიძეს; 9 სპეცრაზმელს; სულიკო ვარშანიძეს, რომელიც დღემდე მუშაობს. სწორედ მან დაიწყო ამ საქმის ფაბრიკაცია, როცა როინ შავაძის ჩხრეკის ყალბი ოქმი შეადგინა, თითქოსდა მას შარვლის უკანა ჯიბეში ნარკოტიკი აღმოუჩინეს. ეს მაშინ, როცა ათეულობით ამ საქმის შემსწრე, რომლებიც მოწმეებად დაიკითხნენ, ადასტურებს, რომ შავაძე წუთებში აიყვანეს და იქ არავითარი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. ვარშანიძე მაშინ კუდის გამომძიებელი იყო, დღეს კი ქალაქის სამმართველოს ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობს.
_ საქმის მასალებს გაეცანით?
_ ვინ გაგაცნობთ? როინ შავაძე, არც მისი მეუღლე დაზარალებულად არ არიან ცნობილნი. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, ამას ვერ მივაღწიეთ. მე ვარ გარდაცვლილი როინ შავაძის ინტერესების დამცველი, დღეს კი მისი მეუღლის, როგორც ამ საქმის მოწმის ინტერესებს ვიცავ.
_ კი მაგრამ, უარის არგუმენტად რას გეუბნებიან?
_ როცა გამოიკვეთება რამე, შეგატყობინებთო.
_ როდის აღიძრა საქმე და რა მუხლით?
_ საქმე აღიძრა 2008 წლის 16 აგვისტოს საქართველის სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლით, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე და 108-ე მუხლით მკვლელობის ფაქტზე.
_ ვინ იძიებს საქმეს?
_ ადრე საქმეს იძიებდა ხარძეშვილი, რომელიც დღეს ხელვაჩაურის პროკურორია, ალექსანდრე ფუტკარაძე, რომელსაც არაფერი გაუკეთებია. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როცა იმედი გაჩნდა ამ საქმის სრულად გამოძიებისა და გახსნისა, 120 მოწმე დაიკითხა, გააქტიურდა საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ დღემდე უშედეგოდ. დღეს კი პარუნიძეა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს?
_ ვინ იპოვა გარდაცვლილი შავაძის ცხედარი?
_ მაშინ საქართველოში, ჯერ კიდევ, რუსის ჯარი იდგა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთთან ხიდს მუხაესტატეს პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ, მკვლელობა კი ხიდიდან 100 მეტრის მოშორებით მოხდა. სროლის ხმაზე პოლიციელები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. სადღაც, 5-7 წუთი იყო გასული და მათ მიტოვებული მანქანები და გარდაცვლილის ცხედარი დახვდათ. ამის შესახებ პოლიციელების ჩვენებები ჰქონდა სახალხო დამცველის რწმუნებულს აჭარაში, გიორგი ჩარკვიანს. ე. ი. მოკლეს კაცი და მიატოვეს, ჩვენებებში კი აღნიშნეს, რომ თითქოს შავაძე გაქცევას აპირებდა და მაშინ ესროლეს.
სპეცრაზმის უფროსი კონცელიძე ჩვენებაში მიუთითებს, რომ როინ შავაძემ ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ითხოვა მანქანის გაჩერება. მას უკან შეკრული ხელი გაუხსნა, შავაძე ბარძაყთან დაკიდებულ კაბურაზე მწვდა, პისტოლეტი ამომაცალა და გაქცევა სცადაო, სწორედ ამიტომ ესროლეს სპეცრაზმელებმაო. არადა, როინ შავაძეს თორმეტივე ტყვია წინა მხარეს აქვს მოხვედრლი. გაქცევას თუ დააპირებდა, მინიმუმ, გვერდში მაინც უნდა მოხვედროდა. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით, შავაძეს გატეხილი ჰქონდა ლავიწის ძვალი, ბარძაყი მოტეხილი, მტევნები მომტვრეული და თითები დამტვრეული. მათ მიერვე გაკეთებულ ნახაზში ნათლად ჩანს, რომ ვითომდა იარაღის წართმევის ადგილიდან მიცვალებულის ადგილამდე 20 მეტრი მაინცაა. როგორ მოახერხებდა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, ფაქტობრივად, გარდაცვლილი, ამხელა მანძილის გარბენას?
სადაც შავაძის გვამია ნაპოვნი, იქვე ორ მეტრში იყო დაგდებული იარაღიც. თუმცა მასე არც ანაბეჭდები აუღიათ და არც დნმ-ის ანალიზი გაუკეთებიათ. საერთოდ, ექსპერტიზის დასკვნაში ორაზროვნად წერია ბევრი რამ (ექსპერტი მამუკა მეტრეველი).
_ ბატონო როინ, იქნებ, შავაძემ რამე ისეთი იცოდა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა?
_ გამორიცხული არაფერია. თავიდან სცადეს, ეს საქმე სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებით აეხსნათ და წაეყვანათ, მაგრამ იმდენად უსაფუძვლო ბრალდება იყო და არალოგიკური, ვეღარ გაბედეს და ნარკოტიკებზე გააკეთეს აქცენტი.
2012 წლის არჩევნებისას ამ საქმით ქრისტიან-დემოკრატები დაინტერესდნენ და გიორგი თარგამაძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გივი თარგამაძეს ჰკითხა ამის შესახებ.
უსინდისო თარგამაძემ კი ურცხვად განაცხადა, _ ნუ სპეკულანტობთ ამ თემით, შავაძე, ჯერ კიდევ, ორი თვით ადრე გვყავდა შენიშნული გარკვეულ ქმედებებშიო. ლოგიკა მითხარით, საეჭვო პირს უშვებენ რუსეთ-საქართველოს ომში და თან დაზვერვაში?
პარლამენტის ტრიბუნიდან გენშტაბის მაშინდელმა უფროსმა ზაზა გოგავამ განაცხადა, რომ შავაძეს მათ სისტემაში პრობლემა არ ჰქონია. ეს პრობლემა მისი სამოქალაქო ცხოვრებითაა გამოწვეულიო. ე. ი. ნარკოტიკების თემას დაუბრუნდითო. დღემდე ვითხოვ, დაიკითხოს ნაძირალა გივი თარგამაძე, რა ინფორმაციას ფლობდნენ შავაძეზე?
თუ ნარკოტიკების გამო დააკავეს, რა საჭირო იყო მისი თბილისში ბადრაგირება, მით უმეტეს, ქაქუთის გზით, სადაც ინტენსიური მოძრაობა არ არის? ვეჭვობთ, რომ იქ შავაძე სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად მიიყვანეს.
ამ ეჭვს მიმყარებს ერთი ფაქტი, რომ წინა დღით გიორგი ჩიქოვანმა, „მაიმუნამ“, სახლში მიაკითხა როინ შავაძეს და ის „კუდის“ შენობაში მიიყვანა. როცა ჩიქოვანი ერთ-ერთ კაბინეტში შესულა, კარი ღრიჭოდ დარჩენია და შავაძეს გაუგონია, „მაიმუნას“ როგორ უსაყვედურეს, _ აქ რატომ მოიყვანე, ახლავე დააბრუნე უკანო!
შავაძეს რამე დანაშაული რომ ჰქონოდა ჩადენილი, რა, ამ ფაქტის მერე გაქცევას არ ეცდებოდა? ან თავად „კუდს“ არ შეეძლო მისი დაკავება იქვე? მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი თავიანთი ჩვეული სპექტაკლების წყალობით შეეცადნენ ხალხის კიდევ ერთხელ დაშინებას და სამარცხვინოდ წაგებული ომის გამო პასუხისმგებლობის არიდებას.
პატარიძემ დაკითხვისას განაცხადა, _ თბილისში მერაბიშვილის ბრძანებით მიგვყავდაო. ვერაფრით მივაღწიე ვანო მერაბიშვილის დაკითხვას.
_ რატომ ჭიანურდება ამ საქმის გამოძიება, ხელისუფლება ხომ შეიცვალა?
_ საქმე გამოძიებულია, დამნაშავეებისთვის ბრალის წასაყენებლად საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, მაგრამ ამ საქმის გაგრძელების პოლიტიკური ნება არ არსებობს. ამ ადამიანებს „ოცნების“ ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ მფარველები, სხვა შემთხვევაში ვერც ერთი პროკურორი, თავად ბადაშვილიც კი ვერ გაბედავდა ასეთ რეზონანსულ საქმეზე წაყრუებას.
აჭარის მაშინდელმა პროკურორმა ლევან გზირიშვილმა პირდაპირ განმიცხადა, რომ ამ საქმეში ელიტარული სპეცრაზმელები მონაწილეობდნენ და მათ არავინ დასჯისო. რაც შეეხება თემურ პატარიძეს, მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, თავის დროზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერმა შეაყოვნა.
პროკურატურაში ერთ-ერთმა პროკურორმა მითხრა, რომ ამ საქმეს ზემოდან პატრონობენ, რადგან პატარიძე და ჯანდიერი სიძე-ცოლისძმა არიანო. როგორც გამოირკვა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თემურ პატარიძე ცოლს გაშორდა და დაქორწინდა დავით ჯანდიერის დაზე, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს. ამაზე ხმაური ავტეხეთ და ორი თვის შემდეგ ჯანდიერი მინისტრის მოადგილეობიდან გაუშვეს. წულუკიანმა კი განაცხადა, რომ რეფორმების გამოწვევებს ვერ გაუძლოო. როგორც ჩანს, პატარიძემ კიდევ ბევრი რამ იცის და ამიტომ უფრთხილდებიან ასე.
ამ საქმეში ფიგურირებს შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე. სახალახო დამცველის ოფისის წარმომადგენლის, ლადო მგალობლიშვილის ინფორმაციით, მან წინა დღითა და იმ დღეს ნახა ბათუმში გია ლორთქიფანიძე. ასეთი ხმაურიანი საქმე მაღალჩინოსანთა ნების გარეშე არ ხდება.
ეს იყი შეკვეთილი მკვლელობა, რომელიც განახორციელა წინა ხელისუფლებამ. საქმე გახსნილია, მტკიცებულებები საკმარისია, ფორმალობაა დარჩენილი _ ბრალის წაყენება და სასამართლო.
_ იური ვაზაგაშვილი სანამ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვდა, ვვერაფერს მიაღწია...
_ კი მაგრამ, როგორ ფონს ქმნიან? თუ ივანიშვილმა არ ინება, სამართალს ვერ უნდა მიაღწიოს კაცმა? ვაპირებთ მივმართოთ საქართველოს პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს. იქნებ, მათგან მივიღოთ პასუხი, როდის აღსრულდება სამართალი?
_ რატომ ბედავს ხელისუფლება ამდენს?
_ იმიტომ, რომ საზოგადოება არ არის აქტიური, ხოლო პოლიტიკოსები კონფორმისტი ნაძირალები არიან. ყველა ცდილობს, ივანიშვილის ნავში კარგად იგრძნოს თავი და ქვეყანა თუნდაც ჭირს წაუღია.
_ დაბოლოს...
_ რამინ შავაძე იყო საქართველოს ღირსეული ჯარისკაცი. ის მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში, იბრძოლა სამშობლოსათვის ცხინვალში, მას მიღებული აქვს „პენტაგონის“ სერტიფიკატი, არაერთი სიგელი უმწიკვლო და ღირსეული სამსახურისთვის. ყველა თავმოყვარე სახელმწიფო თავად უნდა დაინტერესებულიყო ამ საქმის ბოლომდე მიყვანით.
მაქვს გონივრული და ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ხდება საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ნებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმით. სწორედ ისინი მფარველობენ მკვლელებს, რადგან ვინ იცის, რა დროს გახდებიან საჭირონი.
ციცინო შავაძე _ როინ შავაძის მეუღლე:
_ რვა წელი სამართალს ვეძებ, ხელისუფლების ცვლილებამ იმედი გამიჩინა, მაგრამ ჩემთვის ყველა კარი მაინც ჩარაზული დარჩა.
_ თქვენ ვინ გაგაგებინათ თქვენი მეუღლის დაკავების ამბავი?
_ სამსახურში ვიყავი, როცა ამბავი მომიტანეს, შენი მეუღლე ოქროს ბირჟასთან სასტიკდ სცემეს და ნიღბიანებმა წაიყვანესო. შუადღე იქნებოდა და მას შემდეგ სად არ ვეძებდი, „სოდში“, „კუდში“. არსად არაფერს გვეუბნებოდნენ. მაშინ სახალხო დამცველის რწმუნებული, ლადო მგალობლიშვილი, სპეცსამსახურების შენობაში შევიდა და იქ გაიგო, რომ ჩემი ქმარი დაუკავებიათ და თბილისში გადაჰყავდათ. საღამოს პოლიციელმა ეზოდან შემომძახა ბინაში, რომ ჩემი ქმარი რესპუბლიკურში იყო და მივსულიყავი. თურმე, როინი უკვე გარდაცვლილი მორგში ესვენა.
_ ქალბატონო ციცინო, თქვენ მეუღლე ხართ და იქნებ, გვითხრათ: ის ხომ დაზვერვაში იყო, რა იცოდა როინ შავაძემ ისეთი, რითაც თავისი სიცოცხლით საფრთხეს უქმნიდა სხვას?
_ არ უთქვამს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ რაღაც იცოდა, რადგან თავის მეგობართან რამდენიმე დღით ადრე თქვა: შევიკრიბოთ და ვთქვათ, რაც სათქმელიაო. ის მეგობარი როინის ამბის შემდეგ გაერიდა აქაურობას და დღეს უცხოეთშია.
_ ამ ფაქტით გამოძიება დაინტერესდა?
_ რას ბრძანებთ, გამოძიებას მოწმედაც კი არ დავუკითხივარ. მხოლოდ მუქარის ზარები შემომდიოდა, _ გაჩუმდი, ფული აიღე, ასე აჯობებს შენთვის, თორემ უარესი დღე მოგელითო!
სად არ ვიყავი, ვის არ მივმართე... როგორი იმედით შევხვდი ხელისუფლების ცვლილებას, ვიფიქრე, ახლა მაინც დაისჯებიან ჩემი მეუღლის მკვლელები-მეთქი, მაგრამ რა შეიცვალა? არც არაფერი.
_ რას აპირებთ?
_ სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ. ადრე თუ გვიან, მაინც ვიპოვი სამართალს. ჩემს ქმარს 18 წლიდან ფორმა ეცვა და სამშობლოს ემსახურებოდა. კი არის იმის ღირსი, დაისაჯონ ისინი, ვინც მას ასეთი ხვედრი არგუნა.
გიორგი ჩარკვიანი დღესაც სახალხო დამცველის რწმუნებულია აჭარაში. მას ლადო მგალობლიშვილთან ერთად ძალიან ემადლიერება შავაძის ოჯახი, _ გვერდზე დაგვიდგნენ იმ მძიმე წუთებშიო:
_ ბატონო გიორგი, როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით რა იცით?
_ ჩვენ მაშინ მასალები შევკრიბეთ და თბილისში სახალხო დამცველის ოფისში გავაგზავნეთ.
_ ადვოკატი აცხადებს, რომ თქვენ პოლიციელის ჩვენება გაქვთ, რომელიც აცხადებს, რომ მიტოვებული გვამი და მანქანები ნახა.
_ დეტალები არ მახსოვს, მაგრამ იქ სხვა ბევრი საინტერესო მასალაა.
ამ სპეცოპერაცაში შსს-ს მაღალჩინოსნის მონაწილეობას ადასტურებს ლადო მგალობლიშვილიც, რომელიც მაშინ სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო:
_ ბატონო ლადო, შავაძის ადვოკატის თქმით, თქვენ ამ სპეცოპერაციის დღეს გია ლორთქიფანიძე ნახეთ ბათუმში.
_ როცა როინ შავაძის ადგილსამყოფელი მოვიკითხე, „კუდის“ შენობაში მითხრეს, რომ შავაძეს ბრალდება სამშობლოს ღალატი, სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს შს მინისტრის მოადგილეო და წარმომიდგინეს ერთი კაცი. არ ვიცი, ეგ კაცი გია ლორთქიფანიძე იყო თუ არა, რადგან მას ფიზიკურად არ ვიცნობდი.
ნატო ქათამაძე