2014 წლის 27 აგვისტოს ლაგოდეხში მცხოვრებმა 300-ზე მეტმა მოქალაქემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა. წერილის ავტორები ხელისუფლებას ლაგოდეხში ყოფილი სამედიცინო კომპლექსის ბედით დაინტერესებას სთხოვდნენ.
საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ მიმართვაში ეწერა: ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკა, არც ერთ სტანდარტსა და საერთაშორისო ნორმას არ შეესაბამებოდა და უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს, ამიტომ ლაგოდეხელთა ნაწილი ითხოვდა, რომ ყოფილი სამედიცინო კომპლექსი კვლავ ამუშავებულიყო.
„ხელისუფლებამ აღადგინოს სამედიცინო კომპლექსი. მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, ექიმის კაბინეტში მოახერხონ შესვლა და სათანადო დანიშნულების მიღება, რაც დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რამდენიმე წელია, მედიკოსები დერეფანში გვსინჯავენ, რადგან ახალ კლინიკაში სათანადო ფართი არ არსებობს. ამის გამო არაერთმა მათგანმა სამსახურზე უარი თქვა და კლინიკა დატოვა.
ვენეროლოგი და თვალის ექიმი პაციენტებს ერთ ოთახში იღებენ. შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის მოსახლეობის რაოდენობა 50 000-ზე მეტია, ხოლო „არქიმედეს“ კლინიკა 25 პაციენტზეა გათვლილი. ჩვენი მოთხოვნაა, ძველ შენობა-ნაგებობას დაუბრუნდეს ფუნქცია და მოსახლეობას მიეცეს საშუალება, სამედიცინო მომსახურება არა დერეფანში, არამედ ექიმის კაბინეტში მიიღოს.
კიდევ ერთი დეტალი, რომელმაც მოსახლეობის გაღიზიანება და შიში გამოიწვია: გავრცელდა ინფორმაცია ძველი საავადმყოფოს შენობის გასხვისების შესახებ, მყიდველად კი „არქიმედეს“ კლინიკის ხელმძღვანელობა სახელდება.
უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ლაგოდეხელი მოსახლეობის თხოვნა და სათანადო რეაგირება მოახდინოთ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება გულთან მიიტანს ხალხის გასაჭირს და დაგვეხმარება“, _ ნათქვამი იყო მიმართვაში.
აღნიშნული მიმართვის შემდეგ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილი მისწერა. ადგილობრივი ხელისუფლება ლაგოდეხში მდებარე ძველი პოლიკლინიკისა და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას ითხოვდა.
წერილში საუბარი იყო „არქიმედეს“ კლინიკის ფართის სიმცირეზე. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობა აღნიშნულ ფართში სამედიცინო მომსახურებისა და სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავდა.
მოგვიანებით, საინიციატივო ჯგუფმა უკვე 2000 ადამიანის ხელმოწერა შეაგროვა და კვლავ იგივე შინაარსის წერილი პრეზიდენტსა და სხვა ძველ ადრესატებს გადუგზავნა.
თუმცა 2015 წლის 7 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ლაგოდეხში მდებარე ძველი საავადმყოფოს შენობების ნაწილი 203 ათას ლარად კერძო მესაკუთრეზე, მანანა გოგაშვილზე გაასხვისა.
მოგვიანებით, საავადმყოფოს შენობების ნაწილის გასხვისების საკითხზე რადიო „ჰერეთთან“ კომენტარი გააკეთა კახეთის გუბერნატორმა. ირაკლი შიოლაშვილი ამბობდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ლაგოდეხში მდებარე ძველი საავადმყოფოს შენობები კანონის დაცვით და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გაასხვისა.
გუბერნატორის თქმითვე, იგი აღნიშნული აუქციონით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ლაგოდეხის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა წერილით მიმართა და უკვე გასხვისებული შენობა-ნაგებობების დაბრუნებასა და მათ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის საკითხში დახმარება სთხოვა.
რამდენიმე დღის წინათ კი კახეთის გუბერნატორსა და მოქალაქე ლალი ევტუშენკოს შორის მომხდარი შელაპარაკების დროს ლაგოდეხის მკვიდრმა ქალბატონმა გუბერნატორს შეახსენა, რომ „არქიმედეს“ კლინიკის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასხვისების საქმე გუბერნატორის დამსახურება იყო, რადგან ინფორმაცია ჰქონდა, რომ გუბერნატორს ეს მისი მეგობრისთვის უნდოდა. კამათის დროს ირაკლი შიოლაშვილმა მოქალაქეს მიმართა: `მკურნალობა გნებავთ, ქალბატონო? უფასოა და იმკურნალეთ“.
ლალი ევტუშენკომ გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ძველი საავადმყოფოს შენობის „არაკანონიერ გასხვისებასა“ და მოსახლეობის ინტერესების იგნორირებაში დაადანაშაულა.
ევტუშენკოს თქმით: „შენობა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, ხელისუფლებამ მიზერულ თანხად კერძო მესაკუთრეზე გაასხვისა და მოსახლეობის არაერთი მოთხოვნა, _ შენობის ამ ნაწილში მუნიციპალური საავადმყოფო განთავსებულიყო, _ რეაგირების გარეშე დატოვა“.
მოქალაქის ეს პრეტენზია გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა მხარის გუბერნატორისთვის: „შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფებოდა და უწყებამ ის ღია აუქციონის გზით გაასხვისა“. შიოლაშვილი ადასტურებს, რომ მოქალაქეთა ერთმა ნაწილმა მას მუნიციპალური საავადმყოფოს შექმნის მოთხოვნით მართლაც მიმართა, თუმცა ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს წინადადება დაიწუნა.
ძველი საავადმყოფოს შენობის ერთი ნაწილი ეკონომიკის სამინისტრომ კერძო მესაკუთრეზე რამდენიმე თვის წინათ გაასხვისა, შემდეგ კი მესაკუთრემ ობიექტი იჯარით კომპანია „არქიმედეს“ 10 წლის ვადით გადასცა, სადაც ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შენობაში ახალი საავადმყოფოსა და მოხუცთა სახლის განთავსება იგეგმება. ინციდენტი გუბერნატორსა და მოქალაქეს შორის სწორედ ამ შენობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას მოხდა.
გოგაშვილმა ლაგოდეხის ძველი სამშობიაროსა და პოლიკლინიკის შენობები სახელმწიფოსგან იყიდა. საერთო ფართით 6238 კვ.მ.-ში 203 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ობიექტის რეაბილიტაცია და სამედიცინო პროფილით ამუშავება 2 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მესაკუთრეს ობიექტის სამედიცინო პროფილით ფუნქციონირებისთვის სავალდებულო ვადად 7 წელი განუსაზღვრა.
ვინ არის მანანა გოგაშვილი?
მანანა გოგაშვილი ააიპ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორია. სამსახური 2015 წელს მუნიციპალური ბიუჯეტიდან 89600 ლარით ფინანსდება.
მანანა გოგაშვილის ერთი შვილი, ოთარ რუაძე, წნორში „არქიმედეს“ მენეჯერია, მანამდე კი ლაგოდეხში იგივე კომპანიის კლინიკას ხელმძღვანელობდა.
მანანა გოგაშვილის მეორე შვილი, გიორგი-გოგიტა რუაძე, კახეთის გუბერნიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსია და ირაკლი შიოლაშვილის უახლოესი მეგობარია.
ოჯახი ფლობს სასტუმროს ქობულეთში, უძრავ ქონებას თბილისსა და გურჯაანში, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს დედოფლისწყაროში.
ცნობილია, რომ მანანა გოგაშვილის ოჯახს მისი ვაჟის, გოგიტა რუაძის მეგობარმა, გუბერნატორმა შიოლაშვილმა იმედები გაუმართლა, მეგობარი ჯერ გუბერნიაში დააწინაურა, ხოლო მოგვიანებით ეკონომიკის სამინისტროში უშუამდგომლა და ლაგოდეხის საავადმყოფოს შენობა მეგობრის დედას შეაძენინა.
მანანა გოგაშვილმა კი შეძენილი ქონება იმ კლინიკას მიაქირავა, რომლის დირექტორიც მისი ვაჟი, ოთარ რუაძეა და რომელი კლინიკის მუშაობასაც ლაგოდეხელები წლებია, აპროტესტებენ.
ლაგოდეხში იმასაც ამბობენ, რომ მხოლოდ გოგაშვილის ინტერესი არ იყო შენობის შეძენა. სანდო წყაროზე დაყრდნობით, საავადმყოფოს შენობის მეწილე კახეთის გუბერნტორია, „რომელიც თავის ქონებას მანამდე არ გაასაჯაროებს, სანამ სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობს, მომავალში კი ყველაფერი ნათელი გახდება. უბრალოდ, სირცხვილია, რომ გამგებელი ხმას არ იღებს და ლაგოდეხელების თხოვნას ყურს არ ათხოვებს. ნუთუ, მოსწონს გამგებლის დეიდაშვილ კალაძეს გამგებლის ასეთი პასიური ქმედება?“
გურჯაანში გავრცელებული ინფორმაციით, მალე მანანა გოგაშვილი გურჯაანის კოსტავას ქუჩაზე მდებარე ძველი სამშობიარო სახლის მფლობელიც გახდება.
მაკა მოსიაშვილი