QronikaPlus
„ინფო 9“-ის ჟურნალისტი ვალერი მურღულია: „პატივცემულო მთავრობა, თქვენივე ხელით ითხრით სამარეს!“

„ინფო 9“-ის ჟურნალისტი ვალერი მურღულია: „პატივცემულო მთავრობა, თქვენივე ხელით ითხრით სამარეს!“

2015-08-08 05:30:56

საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტები საზოგადოებამ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაიცნო, როდესაც ისინი აქტიურად ებრძოდნენ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შექმნილი ე. წ. ჟურნალისტების _ „ალისტრახოების“ თავდასხმებს უმკლავდებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტი ვალერი მურღულია გახლავთ, რომელიც სამეგრელოში მუშაობდა და საზოგადოებას რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. დღეს ვალერი იმედგაცრუებულია, რადგან მის მშობლიურ კუთხეში არაფერი შეცვლილა, პირიქით, როგორც თვითონ ამბობს, სიტუაცია გაუარესდა.   „ქრონიკა+“-ს ვალერი მურღულია ესაუბრა: _ საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ში მუშაობა დავიწყე მისი დაარსების დღიდან, კორესპონდენტი გახლდით სამეგრელოს რეგიონში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ წინ აღვდგომოდით იმ საშინელებებსა და არაადამიანურ ფაქტორებს, რაც სამეგრელოს რეგიონში სუფევდა. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ როგორც სამეგრელოს, ასევე მთელი საქართველოს მოსახლეობას ენახა ის ვითარება, რაც ამ რეგიონში სუფევდა. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და თანამდებობები გაინაღდა, საერთოდ დაავიწყდა ეს ადამიანები. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მითხრა: მიტოვებულის გრძნობა გამიჩნდაო. არა მარტო მიტოვებულის გრძნობა გვიჩნდება, არამედ, _ ღალატისაც! ხელისუფლებაში ის ადამიანები არიან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კარგად გრძნობენ თავს, საერთოდ არ აინტერესებთ ის ხალხი, რომლებიც სიმართლეს იცავდნენ ოჯახისა და საკუთარი თავის რისკის ფასად. საშინელი პერიოდი გავიარეთ, სადარბაზოებში შესვლის გვეშინდოდა, რომ თავში არ ჩაერტყათ რამე, ამის მიუხედავად, ვიცავდით სიმართლეს და უდიდესი რისკის ფასად ვაკეთებდით იმას, რომ მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა, სინამდვილეში ქვეყანაში რა ხდებოდა. ვიმეორებ: „რაც გაინაღდა „ოცნებამ“, რაც თანამდებობებზე მოვიდნენ, მას შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ჯიბეებისთვის, პრემიებისთვის, კეთილდღეობისთვის იბრძვიან. მათ ფორმალურად ჰქვიათ „ოცნება“, სინამდვილეში ისინი არიან „ნაციონალური ოცნება“! ეს ყველამ იცის და ამას ყველა ხედავს! ავიღოთ სამეგრელოს რეგიონი, კონკრეტულად სენაკი, რა ხდება ამ ქალაქში? _ პორტირებულები, რომლებმაც სენაკში „ნაცმოძრაობა“     დააარსეს, „აპრავებდნენ“ მათ ყველანაირ უხამს თუ არაადამიანურ საქმეებს, რომლებიც მოსახლეობას აშინებდნენ, იმუქრებოდნენ, რომ არჩევნების მერე გათენდება 2 ოქტომბერი და თქვენ ნახავთ, რაც მოგივათო, ეს ადამიანები არიან მაღალანაზღაურებად სამსახურებში, ხოლო ვინც მართლა მთელი გულით და სულით ედგა „ოცნებას“ გვერდით და უკეთესი მომავლის მოლოდინი ჰქონდა, მათ ლუკმაპურის ფულიც კი ენატრებათ! არა მარტო მე ვარ ამ მდგომარეობაში, ძალიან მიჭირს, არსად ვმუშაობ, ელემენტარული სამსახური ვერ მოიძებნა ჩემთვის, არ ვთაკილობ არანაირ სამუშაოს, მაგრამ არ დამასაქმეს! დღეს საშინელი სიტუაცია გვაქვს, ბევრი ჩემი კოლეგაა ამ მდგომარეობაში. კონკურსებში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს, ბავშვები არ ვართ და ვიცით, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პატრონიანი ადამიანები მუშაობენ. რამდენიმე ფაქტს გეტყვით: როდესაც სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანსიები და კონკურსები გამოცხადდა, რამდენიმე ჭკვიანი ადამიანი გავიდა, ჩააბარა ტესტები, მაგრამ დღესაც არ მუშაობენ. როგორც ყველგან, სენაკშიც მუნიციპალიტეტს „ნაციონალები“ მართავენ. მინდა, მივმართო უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, „ქართულ ოცნებას“! თქვენ, პატივცემულო მთავრობა, თქვენივე ხელით ითხრით სამარეს, ამას ძალიან მალე ნახავთ! სწორედ პორტირებული ადამიანები გათხრიან თქვენთვის სამარეს და სწორედ ისინი მოგაცილებენ ამ თანამდებობებიდან, ამას ძალიან მალე ნახავთ! მიხედეთ სენაკს და, საერთოდ, ქვეყანას!  

                                                                                                              თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება