QronikaPlus
„შატო-მანავში“ თანამშრომლებს მონებივით ამუშავებენ?!

„შატო-მანავში“ თანამშრომლებს მონებივით ამუშავებენ?!

2015-08-08 05:24:05

„მებრძოლ-პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე, ემზარ ქვარიანი, სს `შატო-მანავის~ დირექტორს, თეიმურაზ ქარჩავას უპირისპირდება. ქვარიანის განცხადებით, ქარჩავა თანამშრომლებს მონებივით ამუშავებს და თვეების მანძილზე დაგროვილ სახელფასო დავალიანებს არ უნაზღაურებს. ამ თანამშრომელთა შორისაა თავად ქვარიანი, რომელიც „შატო-მანავში“ უსაფრთხოების სამსახურის ჯგუფის უფროსად მუშაობდა. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ემზარ ქვარიანი: _ სს „შატო მანავში“ მუშაობა დავიწყე 2013 წლის სექტემბერში და ვიყავი უსაფრთხოების სამსახურის ჯგუფის უფროსი. 7-8 თვის განმავლობაში ფირმის დირექტორი, თეიმურაზ ქარჩავა, ჩვეულებრივ მიხდიდა ხელფასს. ხელშეკრულების ვადა მქონდა 2014 წლის 1-ლ სექტემბრამდე, რომელიც ავტომატურად, უვადოდ გამიგრძელდა. ხელფასი არ ამიღია 2013 წლის მარტიდან და დავალიანება უკვე რამდენიმე ათას ლარს შეადგენს. თეიმურაზ ქარჩავას რამდენჯერმე მივმართე თხოვნით, რომ გაესწორებინა სახელფასო დავალიანება. მატყუებდა, _ მომავალ კვირას იქნებაო. ასე გრძელდებოდა თვეები და აგერ, უკვე, 16-17 თვის დავალიანება შესრულდა. ბოლოს იძულებული გავხდი, რომ მეთქვა, თუ ვერ მიხდიდა ხელფასს, ან არ ვჭირდებოდი, გაესტუმრებინა იმ დროისთვის არსებული დავალიანება და შეგვეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესაწყვეტად მივმართე ორი თვის წინათაც და შევთანხმდით. ეს ინიციატივა ჩემგან წამოვიდა, იძულებული გახვდი. ამ პერიოდში ქვეყნის ვალი დამედო როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური. ბანკიდან სესხი მქონდა და ჯარიმები დამარიცხეს, რომ ვერ ვიხდიდი. როცა ვალები დამედო, რამდენჯერმე სიტყვიერად მივმართე, _ აენაზღაურებინა დავალიანება და შეგვეწყვიტა ხელშეკრულება, რომ სხვა სამსახური მომეძებნა, მაგრამ მაინც არ შეასრულა პირობა. სამი კვირის წინ კიდევ მივმართე, ბუღალტერიც ჩავაყენე საქმის კურსში, მაგრამ უშედეგოდ. განა მხოლოდ ჩემი დავალიანება აქვს? იგივე მდგომარეობაში არიან თანამშრომლები, ზოგს აძლევდნენ, ზოგს არა, ზოგს 10 თვის აქვს ასაღები, ზოგს _ 8, ზოგს 3-4-ის, ზოგს ნატურის სახით მისცეს ღვინო, მაგრამ იმასაც ვერ ყიდიან და არიან ასეთ მდგომარეობაში. მოგეხსენებათ, რეგიონებში სამსახური ჭირს. იქედან გამომდინარე, რომ ამ ადამიანებს სხვაგან წასასვლელი არ აქვთ, ვერსად მიდიან. ამ ხალხის მდგომარეობას თეიმურაზ ქარჩავა დღემდე ბოროტად იყენებს და მონებივით ამუშავებს მათ. რა ქნან?! _ სხვა გზა არ აქვთ, იმ იმედით, რომ როცა იქნება აუნაზღაურებს, რჩებიან სამსახურში. მონურ რეჟიმში ამყოფებს, წლები ამუშავებს და ხანდახან თუ გადაუგდებს რაღაც თანხას. ამ ხალხს ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც გითხარით, გასაქცევი არსად აქვთ. ახლა გადავწყვიტე, თეიმურაზ ქარჩავას საჯაროდ მივმართო და ულტიმატუმი წავუყენო: 3 დღის ვადაში ამინაზღაუროს სახელფასო დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ღონეს ვიხმარ, რა თქმა უნდა, კანონიერების ფარგლებში, რომ დავიცვა ჩემი უფლებები! არ გამოვრიცხავ, რომ პროტესტის უკიდურეს ზომებსაც მივმართო, არც იმას გამოვრიცხავ, მივმართო შესაბამის უწყებებს _ დაინტერესდნენ მისი ბიზნეს-საქმიანობით!   „ქრონიკა+“ კომენტარისთვის სს „შატო-მანავის“ დირექტორს, თეიმურაზ ქარჩავას უკავშირდებოდა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხა.  

                                                                                                     თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება