QronikaPlus
„ქრონიკა+“ ტყემალაძის „რაზბორკის“ მოლოდინში

„ქრონიკა+“ ტყემალაძის „რაზბორკის“ მოლოდინში

2015-08-07 08:15:52

საჩხერის რაიონში მიმდინარე მოვლენებზე „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალა სიურპრიზი არა მხოლოდ გამგებლისთვის, არამედ ადგილობრივი ძალოვნებისთვისაც აღმოჩნდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მასალაში მოტანილი ფაქტების მოკვლევა უკვე დაწყებულია და სწორედ ეს გახლავთ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მალხაზ ბაზაძის სერიოზული შეშფოთების საგანი. ამიტომაც მიეძღვნა გამგეობაში „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ მასალას საგანგებო თათბირი. ნაძირალა! _ ეს სიტყვა გამგებლის მიერ მოწვეულ საგანგებო თათბირზე იუზა ტყემალაძის მხრიდან „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორისა და სტატიის ავტორის მისამართით გაისმა. ბატონი ტყემალაძე ამავე თათბირზე დაიმუქრა, რომ ის თბილისში ჩასვლას და ჩემთვის საქმის გარჩევას აპირებს. თავს არ შევაწყენთ არც მკითხველს და არც იუზა ტყემალაძეს იმის ახსნით, რომ საჯარო მოხელეს თმენის ვალდებულება აქვს და თუ გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას არ ეთანხმება, ან მიიჩნევს, რომ ფაქტები არასწორადაა გადმოცემული, სასამართლოს უნდა მიმართოს, მაგრამ რადგან ბატონ ტყემალაძეს მაინცდამაინც ჩემთვის საქმის გარჩევა აქვს გადაწყვეტილი, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვუწერ „ქრონიკა+“-ის მისამართს და ჩემს ტელეფონის ნომერს: თბილისი, გუდაურის ქ. #7, 599 17-12-12. ბატონო იუზა, გელოდებით, გელოდებით! მისამართი არ აგერიოთ!!! იუზა ტყემალაძე განსაკუთრებით გაუღიზიანებია რესტორნის ხარჯების გამოქვეყნებას, _ საჩხერის მაჟორიტარს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, კატლეტზე ხომ არ დავპატიჟებთ, საკადრისად უნდა დავხვედროდით და სწორედ ამიტომ გაიღო რაიონის ბიუჯეტმა ვიცე-სპიკერის მასპინძლობის ხარჯიო, _ უთქვამს ამავე თათბირზე იუზა ტყემალაძეს. თუ საკრებულოს დეპუტატი და ხალხის რჩეული ხარ, საჩხერის მაჟორიტარის და პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის რაიონში სტუმრობისას ჯიბეზე რომ გაისვა ხელი და ქალბატონი რესტორანში ბიუჯეტის ხარჯზე არ დაპატიჟო, ეს უფრო კაცური საქციელი არაა? ბატონი იუზა ტყემალაძე გარდა იმისა, რომ პარლამენტის დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ბიძაშვილია, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია. სანამ „ქრონიკა+“-ში მოვარდნას და საქმის გარჩევას დააპირებდეს, არ იქნება ურიგო, თვითმმართველობის კანონი გულისყურით წაიკითხოს, საკრებულოს წევრის ფუნქციებში კარგად გაერკვეს და გამგებლის თათბირზე სიარულს თავი დაანებოს, ხოლო თუ მაინცდამაინც მორალზე მიდგება საქმე, ისიც გაიხსენოს, როგორ გაუშვეს პარტია „მრეწველების“ თავმჯდომარეობიდან შვილმკვდარი მამა, იგორ მაჭარაშვილი და როგორ დაიკავა იუზა ტყემალაძემ მისი ადგილი. ზემოთ საჩხერის მაჟორიტარი მანანა კობახიძე ვახსენეთ. გავრცელებული ინფორმაციით, საჩხერის გამგებელს, მალხაზ ბაზაძეს, სწორედ ქალბატონი მანანა მფარველობს. საჩხერის მაჟორიტარი ისე გადაყვა საკუთარი ოჯახის წევრების დასაქმებას, არჩევნების მერე საჩხერეში მხოლოდ რამდენჯერმე იმყოფებოდა, ისიც ამომრჩევლებთან შეხვედრით თავი არ მოუკლავს. გამოცხადებული ქამრების შემოჭერის დონეზე, საინტერესო იქნებოდა საჩხერის მაჟორიტარის პოზიცია, რაიონის გამგებლის მიერ პირად კომფორტზე ზრუნვასა და გამგეობის შენობაში მოწყობილ დუშ-კაბინებზე. წესით, მაჟორიტარი იმ ფაქტმაც უნდა დააინტერესოს, რატომ ჰყავს საჩხერის რაიონს გამგებელი მხოლოდ სამუშაო დღეებში და რატომ სარგებლობს მალხაზ ბაზაძე მივლინებით არასამუშაო დღეებში?.. ეს იმ ფონზე, როცა რაიონში უამრავი გაჭირვებული ელოდება 50-ლარიან დახმარებას წელიწადში ერთხელ... მართალია, გამგეობაში გამართულ საგანგებო თათბირზე, რომელიც „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალის განხილვას მიეძღვნა, საჩხერის გამგებელმა განაცხადა, რომ გაზეთში გამოქვეყნებული ფაქტები ტყუილია და ცილისწამებაა, თუმცა მისივე სახელობის ფონდის არსებობა დაადასტურა და იქვე განმარტებაც გააკეთა, _ ფონდის დამფუძნებელი თავად მალხაზ ბაზაძეა, ხოლო მალხაზ ბაზაძის სახელობის ფონდის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი გამგებლის მეუღლე და დაა!!! „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფონდში თანხები ჩარიცხული აქვს ღენტორ ჭიტაძეს, რომელიც თანხის ჩარიცხვის მერე გახდა გამგეობის თანამშრომელი და ჟურნალისტ მაკა შუკაკიძეს, რომელიც გამგეობაში დასაქმებამდე თავგამოდებული „ნაციონალი“ იყო და მათ მიერ დაფინანსებულ გაზეთთან აქტიურად თანამშრომლობდა (სხვათა შორის, სწორედ მაკა შუკაკიძე უკითხავდა მორალს სტატიის ავტორს სოციალურ ქსელში და ჯიუტად უარყოფდა გამგებლის ფონდის არსებობას). „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ საჩხერეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო: დაიგო ასფალტი იაშვილის ქუჩაზე, დაიწყო სოფელ ბაჯითში ასფალტის დაგების სამუშაოები, ასევე სოფელ სავანეში ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება და წყალსადენის ქსელის მონტაჟი. საინტერესო იქნება კითხვის დასმა, _ სად იყავით  სტატიის გამოქვეყნებამდე? მაგრამ ის, რასაც არც „ქრონიკა+“-ის მასალის გამოქვეყნების მერე ეშველა _ გამგებლის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია _ სოფელ ბაჯითში სასმელი წყლის ქსელის მონტაჟის სამუშაოები, რომელსაც შპს „ზიმო“ ასრულებდა. ის, რომ „ზიმომ“ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, არც შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინა გამგეობას და არც გადარიცხული თანხა _ 118000 ლარი დაუბრუნა ბიუჯეტს, ამის შესახებ უკვე ვწერდით. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, შპს „ზიმოში“ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმებულია გამგებლის მალხაზ ბაზაძის ნათლიმამა და ახლო მეგობარი ზაზა ზაბახიძე. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ფაქტის გამო არ მიმართა გამგებელმა სამართალდამცველ ორგანოებს შპს „ზიმოს“ საქმიანობის შესასწავლად. დღეის მდგომარეობით შპს „ზიმო“ არც შავ სიაშია შეყვანილი, მაშინ როცა ერთი წლის წინათ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მალხაზ ბაზაძემ, ოფიციალურად მიმართა პროკურატურას შპს „ტორეროს“ წინააღმდეგ და დასაჭერად გაიმეტა საფინანსო განყოფილების გამგე, საჩხერის რაიონში ცნობილი ოჯახის შვილი, ლევან ციმაკურიძე. შპს `ზიმოს~ წინააღმდეგ კი არათუ ოფიციალური მიმართვა, სარჩელიც კი არ არის შეტანილი სასამართლოში, საჩხერის ბიუჯეტისთვის არამიზნობრივად გაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნით. ეს მცირედი ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომელიც „ქრონიკა+“-ს კარგად ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა. მანამ, სანამ სხვა ფაქტებს გავასაჯაროებთ და მკითხველს დეტალურად მივაწვდით ტენდერების სქემას, კიდევ ერთხელ მივმართავ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, იუზა ტყემალაძეს:  გამგებლის თათბირებზე გულზე მჯიღის ცემას შეეშვით, ეპითეტები შეარჩიეთ და თუ მაინცდამაინც გული გერჩით და „დარაზბორკებას“ აპირებთ, გელოდებით. ჩვენი მისამართია: თბილისი, გუდაურის ქ. #7.   ელისო კილაძე  

გაზიარება