„ივლისის ბოლო დღეებში სომხეთის დედაქალაქ ერევანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მეორე სამმართველოს, ანუ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ სერგუნი. რა თქმა უნდა, იგი შემთხვევით არ ჩავიდოდა სომხეთში. მის მთავარ მიზანს, როგორც ჩანს, წარმოადგენდა საქართველოს თემატიკა. შეიძლება მისი ჩამოსვლის მიზანი ასევე ყოფილიყო სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში. თუმცაღა მთავარი სამხედრო მზვერავის ჩასვლასთან ერთად უნდა ველოდოთ სიტუაციის გართულებას შიდა ქართლში, ისევე როგორც ეს მოხდა 2008 წლის 3 აგვისტოს ცხინვალში მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის (სავარაუდოდ), გენერალ-მაიორ ბეზრუკის ვიზიტისას. ამას რაც მოყვა, კარგად ვიცით. ერთ-ერთი სავარაუდო მიზანი უნდა იყოს სამხედრო ტრანზიტი საქართველოს გავლით!“ _ ეს საგანგაშო განცხადება პოლიტოლოგმა და სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინათ დაწერა. მისი პროგნოზები სამხედრო თემატიკაზე ხშირად მართლდება ხოლმე, ამიტომ ნათქვამის დეტალებში ჩავეძიეთ.
„ქრონიკა+“-ს ვახტანგ მაისაია ესაუბრება:
_ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსებს უმიზნო სახელმწიფო ფორმატის ვიზიტები არ სჩვევიათ. იგორ სერგუნის სომხეთში ჩასვლა, სავარაუდოდ, ეხება გართულებულ საომარ მდგომარეობას სირიაში, რომელშიც უკვე ჩაერთო თურქეთი. ის აპირებს პირდაპირ განახორციელოს შეტევა არა მხოლოდ თურქებსა და ისლამური ხალიფატის დაჯგუფებაზე, არამედ ასადის რეჟიმზე. არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთში სერგუნი კონსპირაციულად ირანის წარმომადგენლებსაც შეხვდა. რუსეთის მხრიდან მცოცავი ოკუპაცია საქართველოში, რომელიც უკვე აგრესიაში გადავიდა, გარკვეულწილად, უკავშირდება სირიის ფაქტორს. რუსეთი იმანაც აღაშფოთა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საქართველოც შეუერთდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი ჩვენ წინააღმდეგ უფრო აგრესიულ ქმედებას განახორციელებენ და გორის მაგისტრალს გადაკეტავენ. ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდი, რომ აქამდე მივიდოდა საქმე, ისინი აუცილებლად შეეცდებოდნენ უფრო ახლოს მოჩოჩებას და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებას. ვგულისხმობდი ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-სუფსის მაგისტრალს. ჩემი ნათქვამი 6 თვის შემდგომ აღსრულდა იმ მასშტაბებში, როგორშიც ვამბობდი.
_ მცოცავი ოკუპაცია თავიდანვე მაგისტრალის ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად?
_ რა თქმა უნდა! რუსეთის მთავარი მიზანია, გადაიკეტოს გორი-თბილისი-სუფსის მაგისტრალი. ამით რუსებმა გადაწყვიტეს ეკონომიკური სანქციის განხორციელება დასავლეთის მიმართულებით, ასევე სტრატეგიული ობიექტის ორკილომეტრიანი მონაკვეთი შეიძლება კარგი ვაჭრობის საგანიც გახდეს. აქ ოსური მხარე მხოლოდ სხვისი გეოსტრატეგიული ინტერესების გამტარებელია და მათ დაკვეთას ასრულებს.
_ თქვენი ვარაუდით, ამ დღეებში რუსეთ-საქართველოს შორის მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს?
_ 2008 წლის 3 აგვისტოს, 4 დღით ადრე, სანამ საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ცხინვალში ჩავიდა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ბეზრუკი, რომელსაც მაღალი ჩინის ოფიცერთა დიდი რაოდენობა ჩაჰყვა. მან კოკოითთან დახურული მოლაპარაკებები გამართა. რა მოილაპარაკეს, უცობია, თუმცა 4 დღის შემდეგ საომარი მოქმედებებიც დაიწყო. ამიტომ ვამბობ, ასეთი მაღალი რანგის სამხედრო მზვერავების ვიზიტები შემთხვევით არ ხორციელდება. იგორ სერგუნი არის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მეორე სამმართველოს უფროსი. მისი თანამდებობა სრულად იმიტომ დავასახელე, რომ მინდა, ჩვენი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაიზეპირონ და სასამართლოზე თუ სხვაგან სისულელეები აღარ თქვან. მოგეხსენებათ, მათმა კოლეგამ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა სუმბაძემ, ვერ შეძლო ჩვენი საერთო მტრის ამ სპეცსამსახურის ზუსტი დასახელება _ მან არ იცოდა, რა იგო „გრუ“.
_ როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების „ქმედებებს“ მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით? ან, იქნებ, თქვენ უკეთ იცოდეთ, რეალურად, ხელისუფლებისგან, ამ კუთხით, რა ნაბიჯები იდგმება?
_ ხელისუფლებას სტრატეგიულად მოაზროვნე, ანალიზისა და მსგავსი უნარის მქონე ადამიანები აღარ შერჩა. ძალოვანი სტრუქტურების ანალიტიკური მიდგომების გამოვლენას არათუ ნულით, მინუსებით შევაფასებ. ხელისუფლებამ აღნიშნული საფრთხე ვერ გაითვალისწინა, ვერ გაიაზრა, ამიტომ ის, რაც ხურვალეთში მოხდა, მათთვის იყო მოულოდნელი მეხის დაცემასავით. როგორც ჩანს, მათ ცხვირის აბზუება და ცაში ყურება უფრო უყვართ, ვიდრე დაბლა დახრა და იმის დანახვა, ხმელეთზე რაც ხდება. ჩვენი ხელისუფლებისგან ბევრს არც მოველი და ჩემი აზრით, საქართველოში დღეს ხელისუფლება არც არსებობს, რადგან რუსეთისთვის საქართველო გადაქცეულია „პრახადნოი დვორად“! როგორც ლიბანი იყო 1978-85 წლებში, ისეთივე ფუნქციას ღებულობს საქართველო კავკასიის რეგიონში რუსეთთან მიმართებით. სამწუხაროდ, იმ წლების ლიბანის მოდელით „ვვითარდებით“. მაშინ ლიბანში ვისაც მოესურვებოდა, ყველა გრიალებდა და ასეა ამჟამად საქართველოშიც.
ახლა გეტყვით, რა უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ: პირველ რიგში, მას უნდა გაეთვალისწინებინა პროგნოზი და მდგომარეობა აქამდე არ უნდა მიეყვანა. 2014 წლის დეკემბერში რუსეთმა მიიღო სამხედრო დოქტრინა, რასაც კარგად უნდა გასცნობოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. გულდასმით უნდა წაეკითხა ჩვენს თავდაცვის მინისტრს, შს მინისტრს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო დაზვერვის უფროსს, რომელთაც სულ ტყუილად ვაძლევთ ხელფასს. იმ დოქტრინაში შავით თეთრზე პირდაპირ ეწერა ის, რისი განხორციელებაც რუსეთმა დაიწყო მისი მიღებიდან რამდენიმე თვეში. ამ დოქტრინის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიანიჭეს სამხედრო-ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვის უფლება ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენს ხელისუფლებას ეს საფრთხე კარგად უნდა გაეცნობიერებინა, რომ ოდესმე ის რეალობა გახდებოდა და უნდა მიეღო შესაბამისი ღონისძიებები.
_ კონკრეტულად რა სახის ღონისძიებებზე საუბრობთ?
_ სანამ რუსები საზღვარს ჩამოაჩოჩებდნენ და კრიტიკულ ზღვარზე მოუახლოვდებოდნენ თბილისი-გორის მაგისტრალს, იმ ტერიტორიაზე, რომელიც 2014 წლის დეკემბერში გვქონდა, უნდა დაედგათ მუდმივი სათვალთვალო პოსტები, იქ შეეყვანათ შეიარაღებული ძალების ნაწილები და მოეთხოვათ ევროკავშირის სამხედრო მისიის მოძრაობები ამ მონაკვეთზე. ამის შედეგად ჩვენ აღარ მივიღებდით იმ რეალობას, რაც რამდენიმე დღის წინათ დაფიქსირდა. ვგულისხმობ ხურვალეთისა და ყარაფალის მიმართულებით განხორციელებული პირდაპირი აგრესიის ფაქტს.
_ როდესაც საზოგადოება და მედია რუსების აგრესიას აპროტესტებდა, ხელისუფლება აცხადებდა, რომ ის შესაბამის ღონისძიებებს ატარებდა. კარასინი-აბაშიძის ფორმატით მოლაპარაკებების დაწყების მეტი თქვენ მაინც თუ იცით, რა გააკეთეს?
_ ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. როგორც ვხედავ, ეს საკითხი კარასინი-აბაშიძის ფორმატშიც კი არ იხილება. ჟენევის, ან ერგნეთის ფორმატებში თუ იხილავენ, ესეც უცნობია. შეიძლება ასეთი მოლაპარაკებები საჯარო არ უნდა იყოს, მაგრამ საზოგადოებამ შედეგი მაინც ხომ უნდა დაინახოს? თუმცა როცა საქმე ეხება რუსეთს, ის რაღაც დონეზე მაინც უნდა იყოს საჯარო, რადგან მერე მოლაპარაკების საკითხები სხვაგვარად არ გადაკვალიფიცირდეს. თანაც დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც არაპროფესიონალი, არაკომპეტენტური კადრებით არის დაკომპლექტებული, ამ საჯაროობას იმსახურებს. სწორედ ამის გამო ვიმკით ჩვენ ცუდ შედეგებს და საქართველოს აქვს არშემდგარი ქვეყნის სტატუსი. მას უკვე არავინ არაფერს ეკითხება არც საერთაშორისო და არც ლოკალურ დონეზე. ჩვენი ავტორიტეტი ნულამდე დაეცა. საჯაროობის შემთხვევაში კი საზოგადოების კომპეტენტურობამ შეიძლება გადაფაროს ხელისუფლების არაკომპეტენტურობა.
რაც შეეხება იმას, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ დარბიან გადმოწეულ საზღვართან და რუსეთის აგრესიას აპროტესტებენ, ამასთან დაკავშირებით მახსენდება ქართული ანდაზა: მკვდარი მკვდარს აეკიდაო. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პროვოკაციაზე წავიდნენ და რუსეთს საშუალება მისცეს, საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია და ოკუპაცია განეხორციელებინა. 2008 წელს მას ხელ-ფეხი გაუხსნეს და აუმაღლეს სტატუს კვო, რაზედაც რუსეთის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილსა და მის ამქარს დიდი მადლობა გადაუხადა. მედვედევმა ეს თავის ინტერვიუშიც პირდაპირ განაცხადა. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანებმაც, რომლებიც წითელი ხიდიდან გარბოდნენ, მათმა პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელმაც ჰალსტუხი შეჭამა და კურდღლად იქცა, რა უნდა გააკეთონ? საქართველოში პირველად მოხდა ისეთი რამ, როცა მხედართმთავარმა ზურგი უჩვენა მტერს და გამოიქცა. ბევრი უღირსი მეფე და სარდალი გვყოლია, მაგრამ ისინი ღირსეულად დამარცხდნენ და მტერს ზურგი არ დაანახვეს, არ გააცინეს ისე, როგორც მიშამ გააცინა რუსეთი. ედუარდ შევარდნაძის გმირობებით აფხაზი ინტერვენტები და რუსები აღფრთოვანებულნი იყვნენ, რადგან მან არ დატოვა სოხუმი, სანამ მისი ბედი ბოლომდე არ გადაწყდა. სააკაშვილი კი ყველაზე სამარცხვინო მთავარსარდალი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში. მრცხვენია, ასეთი კაცუნა რომ იყო ჩვენი ქვეყნის სათავეში.
_ ამჟამინდელი მთავარსარდლის ქმედებებს როგორ შეაფასებთ?
_ პრეზიდენტი და ქვეყნის ამჟამინდელი მთავარსარდალი, გიორგი მარგველაშვილი, უნიკალური ფენომენია. მაშინ, როცა ქვეყანა პირდაპირი აგრესიის ქვეშ იყო, ეს ადამიანი გაიქცა და ყაზბეგში ისვენებდა თუ ქსოვდა, ვერ გეტყვით, მერე ბათუმში წავიდა დასასვენებლად. ამ ადამიანს წარმოდგენაც კი არ აქვს, რა არის სამხედრო თემატიკა, ამიტომ სჯობია, მას ვიღაცამ წაუკითხოს ლექცია, ან სპეციალური კურსები გაატაროს, რათა ელემენტარულ აზრზე მოვიდეს. მიხეილ სააკაშვილი ბაქიბუქობდა მაინც და წარმოდგენას ქმნიდა, თითქოს რაღაც ესმოდა, ბოლს მაინც უშვებდა, მარგველაშვილი კი ამასაც ვერ ქმნის და სამხედრო საქმის გაგებაში არ არის საერთოდ. ესაა ჩვენი კიდევ ერთი სირცხვილი და ლაქა. მმართველი პოლიტიკური ძალის შეცდომა იყო ის, რომ ვერ შეარჩიეს ისეთი ადამიანი, რომელიც სამხედრო საქმეში გაწაფული იქნებოდა. მარგველაშვილის მიერ შექმნილი უშიშროების საბჭო საერთოდ არ არსებობს. იმერლიშვლი რას აკეთებს, ესეც გაუგებარია. ამ ადამიანს 8 თუ 10 მოადგილე ჰყავს და მათი ფუნქციებიც გაუგებარია. ასეთ დროს უშიშროების საბჭოს 24-საათიან, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ემუშავა, რადგან ქვეყანა აგრესიის საფრთხის ქვეშ იდგა.
_ ხელისუფლებამ საზოგადოება „დაამშვიდა“, თუ რუსები ცენტრალურ მაგისტრალამადე მიაღწევენ, ალტერნატიული გზა უკვე გვაქვსო...
_ არ მოვერიდები და ვიტყვი, რომ ეს გახლავთ არასერიოზული განცხადებები და „სკასკა დლია დურაკოვ“. მილსადენის გადატან-გადმოტანა, ეტყობა, ჩვენს ხელისუფლებას ელექტრო ბოძის გადატანა ჰგონია. ნავთობსადენის გაყვანაზე შეთანხმებას მარტო 10 წელი დასჭირდა. ის, ვინც ამბობს, რომ ნავთობსადენს გადავიტან ერთიდან მეორე ადგილზეო, ეს ადამიანი, ელემენტარულად, არასერიოზულია. ამითაც მტკიცდება, რომ ეს ხალხი არაკომპეტენტურია. ჩვენი ხელისუფლება ჰგავს ალექსანდრე ტოლსტოის ზღაპრის, „ბურატინოს“ პერსონაჟებს. სამწუხაროა, რომ დღეს სწორედ ასეთი სულელების ქვეყანაში ვცხოვრობთ.
_ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე თინა ხიდაშელის დანიშვნასაც პესიმისტურად უყურებთ?
_ მისი დანიშვნით ამ თანამდებობაზე თავდაცვის სამინისტროს ახალი სისხლი შეემატა. გავიხსენებ სააკაშვილის ბოლოდროინდელ მუქარას, რომ ის საქართველოში მოაწყობს გადატრიალებას, რაზედაც ხიდაშელი, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სწორად რეაგირებს. ასევე, იგი ახდენს ჯარების ინსპექტირებას, თავად ჩადის და ადგილზე ეცნობა ყველაფერს, რაც მის წინამორბედებს არ გაუკეთებიათ. რაც მთავარია, მზად არის, მოუსმინოს პროფესიონალებს და ითანამშრომლოს მათთან. რეალურად რას გააკეთებს, უცნობია, მაგრამ წინამორბედებისგან განსხვავებით სიტყვით მაინც ხომ ამბობს ამას? რაც შეეხება კონტრაქტს, რომელიც ალასანიამ დაიწყო და უშედეგოდ გააგრძელა ჯანელიძემ, ხიდაშელმა ბოლომდე მიიყვანა. ეს სამი ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ ითქვას: ხიდაშელი, წინამორბედებისგან განსხვავებით, პოლიტიკურად უფრო მდგრადია. მისი ყველაზე დადებითი თვისება არის ის, რომ შეუძლია გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.
_ სომხეთში „გრუს“ ხელმძღვანელის ჩასვლის შემდეგ რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ, თქვენი პროგნოზი სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით რომ არ გამართლდეს?
_ სასწრაფოდ უნდა დადგას სტაციონარული პოსტები და დანაღმოს ის ტერიტორიები, რომლებიც შემდგომი ოკუპაციისა და აგრესიის არეალში შეიძლება მოყვეს. უნდა მოითხოვოს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად ამ საქმეში ჩაერთოს ეუთოს მონიტორინგის მისიაც. ასევე გაეროს უშიშროების საბჭოდან მოიწვიოს გაეროს დამკვირვებლები. შეიძლება ამას რუსეთმა ვეტო დაადოს, მაგრამ ამით მაინც წარმოჩინდება რუსეთის რეალური ზრახვები. გაეროში მოქმედებს სამხედრო ოპერაციების დაგეგმარების კომიტეტი. მის აპარატს თუ დაავალებს გენერალური მდივანი, მათ შუძლიათ ჩვენს ტერიტორიაზე განალაგონ თავისი დამკვირვებლები. რეალური სახელმწიფო რომ ვიყოთ, ასეთი პირდაპირი აგრესიის შემთხვევაში ქვეყანამ აუცილებად უნდა გასცეს პასუხი აგრესორს, მაგრამ ჩვენ თანასწორი სამხედრო ძალა არ გაგვაჩნია. თუმცა თუ რუსებმა მაგისტრალის გადაკეტვა შეძლეს, ჩათვალეთ, რომ მათ ომი უკვე ღიად გამოგვიცხადეს. ნავთობსადენისთვის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი სოლიდური ნაწილია, არადა, უკვე 400 მეტრზე არიან მიახლოებულნი და თავისუფლად შეუძლიათ ამ ნაწილის დაკავებაც. ნებისმიერი სისხლის სამართლის ექსპერტი დაგიდასტურებთ, რომ ეს ნიშნავს ომის დაწყებას.
ამ შემთხვევაში მესმის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა და ვიზიარებ მას. ჩვენ გვირჩევნია მშვიდობა, ვიდრე ომში ჩართვა, რადგან შეიძლება ომმა მთლიანად მოსპოს საქართველო და დაიწყოს რთული მასშტაბის ლიბანიზაციის პროცესი, მაგრამ ამ მშვიდობიან პოლიტიკას რაღაც ბარიერები აუცილებლად უნდა მოაყოლო, რათა თავდამსხმელი შეაკავო. „ცეცხლი“ უნდა გავაჩინოთ მათ მიერ გადაღობილ გზაზე, რომ უკან თუ არ დაიხევენ, წინ მაინც აღარ წამოვიდნენ.
სერგუნი რამდენიმე დღის წინათ ჩავიდა სომხეთში. როგორც გითხარით, არ გამოვრიცხავ, რომ იქ აწარმოებს მოლაპარაკებებს ირანის წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა. თურქეთის მიერ განხორციელებული ინტერვენცია სირიაში რუსებს ძალიან აღელვებს. დღეს, მართალია, თურქეთი ქურთების მუშათა პარტიასა და ისლამურ ხალიფატს ურტყამს, მაგრამ თურქეთმა ასევე ნებისმიერ დროს შეიძლება დაარტყას ასადის რეჟიმს, რადგან ის პირდაპირ ემტერება მას. ეს კი უკვე ნიშნავს ახალ ტალღას ამ კონფლიქტის განვითარების საქმეში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციისა და ირანის პირდაპირი ჩართულობა სირიის საქმეში. სამი სახელმწიფო შეიძლება პირდაპირ დაეჯახოს ერთმანეთს სირიაში, ამიტომაც რუსეთი ცდილობს, ხელში ჩაიგდოს საქართველოს სტრატეგიული, საკომუნიკაციო ხაზი, განსაკუთრებით გორი-თბილისის მაგისტრალი, რათა შეძლოს სამხედრო ტექნიკის ტრანზიტი სომხეთ-ირანის მიმართულებით. კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე გაიჟღერა აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხმა, რაც ასევე სამხედრო ტრანზიტს უკავშირდება. რკინიგზა ყველაზე იაფი სატრანზიტო გზაა, მაგრამ თუ ვერ ამოქმედდა, რჩება სახმელეთო ტრანზიტი, სამხედრო კოლონების პირდაპირი წამოსვლა ლარსიდან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სამხედრო ტრანზიტი, ჯერ კიდევ, სააკაშვილმა დათმო.
_ ეს როდის მოხდა?
_ 2010 წელს მან ასეთ დოკუმენტს მოაწერა ხელი და დაიწყო კიდევაც მცოცავი ოკუპაცია. ყოფილი პრეზიდენტი ერთი ხელით თითქოს ებრძოდა რუსეთს, მაგრამ მეორე ხელით კაპიტულანტურ აქტს აწერდა ხელს. იქ წერია, რომ რუსეთს შეეძლო განეხორციელებინა ტრანზიტი. მართალია, არასამხედრო ტვირთის ტრანზიტის უფლება აქვსო, მაგრამ რუსებს ისე გადაჰქონდათ საბრძოლო იარაღი და ტექნიკა, როგორც სურდათ და ახლაც ასეა. ასე მოხვდა რამდენიმე სამხედრო მანქანა ცოტა ხნის წინათ თბილისში. გახსოვთ, ალბათ, საზოგადოებამ ერთი ამბავი რომ ატეხა და დაამშვიდეს, _ გლეხმა იყიდა, მეორადი არისო. ცხადია, ასე არ ყოფილა. ეს იყო სამხედრო-სატრანზიტო რუსული მანქანები, რომლებიც კოლონას გამოეყვნენ და თბილისში შემოვიდნენ. შეიძლება ობივატელს მოატყუონ, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ სამხედრო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს იყო სამხედრო მანქანები. ამის შემდეგ, ალბათ, ყველაფერი ნათელია, რაც საქართველოს თავს ხდება!
ნელი ვარდიაშვილი