QronikaPlus
საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ ოჯახური დასაქმების ბიურო?

საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ ოჯახური დასაქმების ბიურო?

2015-09-09 11:47:45

სანამ ქართული მედია „რეაქციის“ დახურვაზე ბჭობდა, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ეკა მიშველაძის „პირველი სტუდიაც“ მიახურეს. „პირველი არხის“ დირექტორის მრჩევლის, ბასა  ჯანიკაშვილის განცხადებით, გადაცემის დახურვის არაოფიციალური მიზეზი ეკა მიშველაძის ქორწინებაა: „ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური პარტიის ლიდერის მეუღლეა, უხერხულია წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა“, _ ეს განმარტება ჯანიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრებაზე გააკეთა. ზოგადად, კულისებში ბევრს და ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში კიდევ ერთი ამაზრზენი ჩარევა მოხდა ადამიანების პირად ცხოვრებაში. ეტყობა, ბასა ჯანიკაშვილს ამ ფაქტის თაობაზე არც ოფიციალურად გაუგია რამე და არც არაოფიციალურად. სამაგიეროდ, მას, როგორც დირექტორის მრჩეველს, წესით, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ფაქტებზე, რომლებზეც ქვემოთ მოგახსენებთ. საქმე ის არის, რომ ჩვენ მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით დაფინანსებული „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, არც მეტი _ არც ნაკლები, გენერალური დირექტორის ოჯახის წევრების დასაქმების ბიუროდაა გადაქცეული. გიორგი ბარათაშვილის ოჯახის ყველა წევრი „პირველ არხზე“ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს: გიორგი ბარათაშვილის მეუღლე _ ანი ნადირაძე, „პირველი არხის“ დილისა და შუადღის გადაცემების პროდიუსერია; გიორგი ბარათაშვილის ცოლისძმა _ მიშა ნადირაძე, „პირველი არხის“ ტექნიკური პროდიუსერია; გიორგი ბარათაშვილის და _ ქეთევან ბარათაშვილი, ამავე არხის პროგრამების დეპარტამენტის თანამშრომელია; გიორგი ბარათაშვილის დისშვილი _ სალომე სონიშვილი-კურტანიძე ჟურნალისტია; გიორგი ბარათაშვილის სიძე, დისქმარი _ კახა სონიშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილეა ფინანსურ დარგში; გიორგი ბარათაშვილის შვილი _ ნუცა ბარათაშვილი, ჟურნალისტია; გიორგი ბარათაშვილის დეიდაშვილი _ გვარად პატიაშვილი, ტექნიკური თანამშრომელია; გიორგი ბარათაშვილის ცოლის, ანი ნადირაძის მეგობრის, ანა ჩიკვილაძის ქმარი, ბესო მაბანაშვილი, ტექნიკური დეპარტამენტის უფროსია (ტექნიკური განათლება არ აქვს). „ქრონიკა+“ იმედს იტოვებს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი, ბასა ჯანიკაშვილი, ამ ფაქტების გაცნობის შემდეგ, მინიმუმ, აღშფოთდება და, მაქსიმუმ, საჯაროდ იტყვის, რომ უხერხულია, ხალხის ფულით გადახდილი გადასახადებით დაფინანსებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ოჯახის ყველა წევრი ამავე არხზე იყოს დასაქმებული. ის, რომ მოქალაქის მთავარი სამიზნე სწორედ „რუსთავი ორია“, აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა. რაც არ უნდა გვიმტკიცოს ქიბარ ხალვაშმა, რომ ტელევიზიის ლოგო და რამდენიმე სატელევიზიო პროექტი მისი ინტელექტუალური საკუთრებაა, ცხადია, არავინ დაიჯერებს, რომ სასამართლოს სარჩელის უკან ხელისუფლება არ დგას, მით უფრო მაშინ, როცა ქიბარ ხალვაშის და „ქართული ოცნების“ დეპუტატია. იგი თავის დროზე, სოზარ სუბარის რეკომენდაციით, მხოლოდ იმიტომ წარადგინეს მაჟორიტარ დეპუტატად, რომ „რამეში გამოიყენებდნენ „რუსთავი 2“-ის საქმეზე“, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოქალაქემ აშკარად დააგვიანა, _ „რუსთავი 2“-ის მოსარევად მას აღარც რესურსი აქვს და აღარც _ პოლიტიკური დივიდენდები. ის პერიოდი, როცა გამარჯვებულებს არ ასამართლებდნენ, უკან დარჩა, წინ მეოთხე და საარჩევნო წელია, შეუსრულებელი დაპირებების, მომატებული ტარიფებისა და გაკოტრების პირას მისული კოალიციის ფონზე. ასევე, წარუმატებელი აღმოჩნდა მისსავე არხზე ბიძინა ივანიშვილის კვირის 20/30. როგორც ჩანს, გარემოცვა მას არწმუნებდა, რომ საკმარისი იყო ეთერში მისი გამოჩენა და ის კონკურენციას გაუწევდა „რუსთავი 2“-ის კვირის ანალიტიკურ პროგრამა P.S.-ს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, მით უფრო იმ ფონზე, როცა გადაცემის წამყვანი არჩილ გამზარდია მოქალაქეს თვალებში შესციცინებდა. მოქალაქე კი მონდომებით გვარწმუნებდა, რომ ლარი ჯანმრთელადაა და მთავრობაში ყველაფერი რიგზეა. თუმცა სატელევიზიო სივრცეში ცვლილებები ამით არ მთავრდება. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, „იმედის კვირა“ არ დახურულა. კულუარებში უკვე სახელდება ინგა გრიგოლიას შემცვლელი, რომელიც, არაოფიციალური ინფორმაციით, მის მიერვე გადაცემის პროდიუსერად მიყვანილი გიორგი ნიორაძე იქნება, ხოლო პოლიტიკურ თოქ შოუს 8-საათიანი „ქრონიკის“ წამყვანი, თეა სიჭინავა მოამზადებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს. „იმედის“ კულუარებში ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო თეა სიჭინავას ხელფასი 25 000 ლარია. „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ „იმედში“ გადმოინაცვლებს „პირველი არხის“ წამყვანი, თამთა სანიკიძე, რომელიც რამდენიმე ხნის წინათ ბიძინა ივანიშვილის დისშვილის, შმაგი კობახიძის მეუღლე გახდა და „მეცხრე არხის“ დახურვის შემდეგ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ რვასაათიანი „მოამბე“ მიჰყავდა. სხვათა შორის, სწორედ თამთა სანიკიძის დასასაქმებლად მოხსნეს ეთერიდან 8-იანი „მოამბის“ წამყვანი თამარ ურუშაძე. თამთა სანიკიძე „იმედში“ გადასვლას არ აპირებდა, რომ არა რამდენიმე ხნის წინათ მომხდარი ინციდენტი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „მეორე არხის“ პროგრამების დირექტორი დოდო შონავა გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს, კაბინეტში შევარდნია: თუ ჩემს შვილს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს უმუშევარს დატოვებ, იცოდე, შენს თავს დავაჭერინებო! დირექტორის კაბინეტიდან კარგა ხნის განმავლობაში გამოდიოდა აურზაური და წივილ-კივილი. ამ ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის 8-იანი „მოამბის“ წაყვანა შეუთავაზებიათ, რაზედაც თამთა სანიკიძეს ერთი ამბავი აუტეხავს, _ მაგ გაბურძგნულ ბიჭთან ერთად საინფორმაციოს წამყვანი არ ვიქნებიო და „იმედზე“ გადასვლა გადაუწყვეტია. გენერალურ დირექტორს დოდო შონავას მუქარების ისე შეშინებია, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის „პირველ არხზე“ ანალიტიკური თოქ შოუს მომზადება დაუვალებია. ამ დროისათვის სულ ეს არის, სხვა მასშტაბური ცვლილებები ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ჯერჯერობით, არ იგეგმება. ჯერჯერობით იმიტომ, რომ წინასწარ არ ვიცით, ვინ გააბრაზებს და ვის გადმოხედავს წყალობის თვალით მოქალაქე ივანიშვილი. ემზარ გოგუაძე _ საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრი: „მოგეხსენებათ, ამას თავად ჟურნალისტური ეთიკა არეგულირებს, არავითარი შეზღუდვა მაგ თვალსაზრისით არ არის, პოლიტიკოსის მეუღლეებს აკრძალული არ აქვთ არც საზოგადოებრივი და არც ჟურნალისტური მოღვაწეობა. ეს ჰგავს კერძო გადაწყვეტილებას, ცოტა უცნაურს. იუმორი რომ შევურიოთ, ადამიანი როდესაც თხოვდება, მას ჩვეულებრივ ულოცავენ, ზოგი „ბამბანერკით“ ულოცავს, მაგრამ სამსახურიდან წასვლით მილოცვა ძალიან ახალი და უცნაური ფორმაა. თავისთავად, ეს მიმდინარე პროცესების შედეგია. რომელ პოლიტიკოსის მეუღლეობაზეა საუბარი, როცა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და პირდაპირ პოლიტიკური კვოტები დააწესა სამეურვეო საბჭოში? ჟურნალისტი თუ მოიწვევდა თავის მეუღლეს და ტენდენციური იქნებოდა თავის გადაცემებში, მაშინ მათ, რასაკვირველია, მისი გაშვების უფლება ექნებოდათ. ეს არის მედიისთვის კიდევ ერთხელ ლახვარის ჩაცემა. მოგეხსენებათ, ეს მარტო „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ არ მომხდარა და მარტო გათხოვებასთან არ არის დაკავშირებული. საერთოდ, ძალიან არასერიოზულია საკითხისადმი ასეთი მიდგომა და ტენდენციურია, როცა ამას საყოველთაო ხასიათი აქვს და ლამის ყველა ტელევიზიას შეეხო. ეს არის უკვე ძალიან სერიოზული და სახიფათო ტენდენცია საზოგადოებისთვის და დემოკრატიული პროცესებისთვის. ამაზე ჩვენ უნდა გვქონდეს სერიოზული რეაქცია. ვიქნებით პირდაპირ კავშირში თუ არა, არ უნდა დავუშვათ ასეთი პრეცედენტი მედიასთან მიმართებით. რასაკვირველია, ეს არის სახელმწიფოს ჩარევა. ან რა უკვირთ იმ სახელმწიფოსგან, რომელმაც, კიდევ ვიმეორებ, პარტიული კვოტები დააწესა სამეურვეო საბჭოში?“ „ქრონიკა+ კომენტარისთვის დოდო შონავას დაუკავშირდა: _ თქვენ როგორ ფიქრობთ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დედის გარეშე უმუ-შევარი დარჩებოდა? რა სისულელეს მეკითხებით, მიცნობთ მე? ჩემი სახელი და გვარი გაგიგიათ? თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ასეთი რაღაცა ვინმეს ვუთხარი და ასე მოვიქეცი? ერთი წუთით დაფიქრდით, როდესაც ასეთ რამეს ამბობთ. იცით, რა, თქვენს გაზეთთან დაკავშირებით აბსოლუტურ შთაბეჭდილებას ნუ წამაშლევინებთ. ეს რა სისულელეს მეკითხებით? ასე დაწერეთ, აი, პირდაპირ ასე დაწერეთ, რასაც გეუბნებით. მე აბსოლუტურად გაწონასწორებული ადამიანი ვარ, ვარ პროფესიონალი და კომპეტენტური ჟურნალისტი, 35 წელია, ჟურნალისტიკაში ვარ და ჩემი შვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, არის პროფესიონალი, რომელიც 18 წლიდან ჟურნალისტიკაშია, სხვათა შორის, რომელიც მუშაობდა პირველ არხზე, მერე „რუსთავი 2“-ში, „მე-9 არხზე“. ის ცნობილია ახლა წამყვანად. თუ უყურებთ ეთერს, იქ, როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანს დედის ის უნდა? მუქარები უნდა, რომ ვინმემ სადმე სამსახურში მიიღოს? წარმოიდგინეთ, რა, რამხელა შეურაცხყოფას მაყენებთ ამ კითხვით. თქვენი წყაროს ფსიქიკური მდგომარეობა შეამოწმეთ, ან მითხარით მისი სახელი და გვარი. მე მას აუცილებლად სასამართლოში ვუჩივლებ. გაიგეთ? იმიტომ, რომ ეს არის როგორი ცილისწამება, იცით? აბსოლუტური ცილისწამება. ე. ი. შევედი გიორგი ბარათაშვილთან და ვუთხარი, შენ ჩემს შვილს უმუშევრად თუ დატოვებ, დაგაჭერინებ. ჯერ ერთი, დაგაჭერინებ რა სიტყვაა? ეს ჟურნალისტის საკადრისი სიტყვაა? როგორ ფიქრობთ ახლა? მერე როგორ შემიძლია გენერალურ დირექტორთან ასე ფეხით შევაღო კარი და ასეთი რაღაც?.. მე სუბორდინაციას ვიცავ, გაიგეთ? და მეორე _ ჩემს შვილს არასოდეს არ დასჭირვებია მხარდაჭერა სადმე მოსაწყობად. ყველგან კონკურსით მივიდა, ხო, ყველგან. ასეთი კომენტარი დაწერეთ. თქვენი წყაროს ფსიქიკური მდგომარეობა არის შესამოწმებელი, იმიტომ, რომ ძალინ ბევრ უხერხულობაში გაგხვევთ ასეთი წყაროების არსებობა თქვენს გაზეთში. ისე კი, რაც გინდათ, ის დაწერეთ მაგ გაზეთში, რაა. რაც გინდათ, ის დაწერეთ. გიორგი ბარათაშვილი: „კი ბატონო, ჩემი მეუღლე, ანი ნადირაძე მუშაობს 2009 წლიდან, მერე 2013 წლის 1-ლი იანვრიდან თვითონ წავიდა სამსახურიდან და მეორედ რომ გადამაყენა მე ბორდმა, 2013 წლის ოქტომბერშია სამსახურში აღდგენილი. ანის აქვს ძალიან დიდი ჟურნალისტური ბეგრაუნდი, შესაბამისად, მუშაობს, გიდასტურებთ. ცოლისძმა, მიშა ნადირაძე, კი ბატონო, გიდასტურებთ, მუშაობს, მაგრამ რაც შეეხება მიშა ნადირაძეს, 2009 წლის 9 ივლისიდან მუშაობს ტელევიზიაში. ჩემს დაზე ქეთევანზე ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ, რომ არც ერთი დღე არ უმუშავია ჩემთან ტელევიზიაში. სალომე სონიშვილი-კურტანიძე, რომელიც ასევე 2009 წლის 11 მაისიდან მუშაობს ტელევიზიაში. კახა სონიშვილთან ცოტა ისეთი რამეა, კახა კი ბატონო, არის, ოღონდ მათ აქ გაიცნეს ერთმანეთი და მოიყვანა ცოლად ერთი წლის წინ. კახა მუშაობს 2013 წლიდან. ასე მოხდა და რა ვუყოთ... რაც შეეხება ჩემს შვილს, ნუცას, არც ერთი დღე არ უმუშავია. რაც შეეხება დეიდაშვილს, გვარად პატიაშვილს, ასეთი ჩვენთან არ მუშაობს და საერთოდ, დეიდაც არ მყავს. მე და ბესო მაბანაშვილი დიდი ხნის მეგობრები ვართ და ჩვენი მეუღლეებიც მეგობრობენ, ესეც თუ პრობლემა იყო, არ ვიცოდი. ისიც იცოდეთ, რომ მაბანაშვილი 2011 წლიდან მუშაობს ტელევიზიაში ანუ არც ერთი ადამიანი, ვინც აქ მუშაობს, ჩემ მიერ სამსახურში დანიშნული და აყვანილი არ არის. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ის, რომ მე წავიდე სამსახურიდან, რადგან არც ერთი ამ ადამიანის დანაშაული არ არის ის, რომ მე დავინიშნე დირექტორად. ეს ადამიანები, ყველა ძალიან დიდი ხანია, ამ პროფესიაში მუშაობს. ჩემი დირექტორობის პერიოდში, არც ერთი ჩემი ახლობელი სამსახურში არ მიმიღია, რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, ანას არ აქვს უფლება იმუშაოს არც ერთ სხვა მაუწყებელში, კანონში არ წერია, უბრალოდ, რომ არ შეუძლია იმუშაოს, ერთადერთი, სადაც შეუძლია იმუშაოს, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. თუ ის ჟურნალისტია, 20 წლის განმავლობაში ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ტელევიზიაში, ადამიანმა საერთოდ პროფესია უნდა დაკარგოს, რადგან მე დირექტორი გავხდი? ამის შესაბამისად, ერთი რამე მინდა გითხრათ, კი ბატონო, ეს ხალხი მუშაობს, მაგრამ რა ვქნა, მე ამ ტელევიზიაში ერთი არ დავიბადე, თორემ აქ ვარ გაზრდილი. ბევრი ადამიანი ჩემი ახლობელი, მეგობარი ამ პროფესიაში მუშაობს. მე რომ დავინიშნე დირექტორად, ამ ადამიანების ბრალი არ არის და მაშინ ერთადერთი გამოსავალია, მე უნდა წავიდე. ასეთი დილემა დგას, კი ბატონო, მაგრამ ხომ გეუბნებით, მე არცერთი ადამიანი სამსახურში არ მიმიღია ჩემი ხელმოწერით. ბასა ჯანიკაშვილმა „ქრონიკა+“-ის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ელისო კილაძე

გაზიარება