QronikaPlus
პრეზიდენტის ვეტო, პრემიერის ადეკვატურობა და დაპირისპირებული ხელისუფლება

პრეზიდენტის ვეტო, პრემიერის ადეკვატურობა და დაპირისპირებული ხელისუფლება

2015-08-07 08:14:23

როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა `ეროვნული ბანკის შესახებ~ კანონპროექტს ვეტო დაადო. კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო. პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნების მომზადებისა და კონსულტაციებისთვის 10 კალენდარული დღე განსაზღვრა. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს. მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ვეტოს დადების საფუძველს ვერ ხედავენ. მათი განცხადებით, კანონპროექტის არსებულ რედაქციაში საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები გათვალისწინებულია. ამასთან, როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, სექტემბერში კანონპროექტში საერთაშიროსო სავალუტო ფონდის მიერ გამოთქმული შენიშვნებიც აისახება. პრეზიდენტის ვეტოს მოტივებში გასარკვევად ქრონიკა+პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს დაუკავშირდა: _ მიჭირს ამ გადაწყვეტილების ეკონომიკურ შინაარსში ჩაწვდომა, რადგან კანონი ფინანსურ-ეკონომიკურ ხასიათს ატარებს და ამ სფეროში ბევრი ნიუანსი უნდა იცოდე, რომ საკითხი სრულყოფილად შეაფასო. წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ცოტა ოდიოზური ვიარიანტი მეჩვენება (და შეიძლება ვცდები), რომ კონტროლი თვითონ იმ სტრუქტურაში იყოს, რომელსაც აფასებენ. რასაკვირველია, ასეთი შიდა კონტროლი ყველგან არის, მაგრამ, ამავე დროს, გარე, ანუ ანგარიშგების სუბიექტისგან წამოსული კონტროლიც უნდა არსებობდეს. ბანკი ანგარიშვალდებულია პარლამენტისა და მთავრობის წინაშე, ანუ ამ რომელიმე სტრუქტურის დაქვემდებარებაში უნდა იყოს მისი კონტროლის ინსტრუმენტიც, თორემ უკონტროლოდ, თავისთავად, ოდიოზურად გამოიყურება. მით უმეტეს, როცა ეჭვია არა იმაზე, რომ ბანკი უკონტროლოა, არამედ ის უკონტროლოა ხელისუფლების მხრიდან. რადგან ეჭვი გაჩნდა, რომ ეს ბანკი გარკვეული პოლიტიკური ინტერესების დამცველად გვევლინება, ამიტომ დაიწყო მის კონტროლზე საუბარი. ეს ეჭვი დამოუკიდებელი შემფასებლის არსებობით შეიძლება მოიხსნას. უცხოელი ექსპერტები და, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტიც, ძირითადად, საუბრობენ ბანკის დამოუკიდებლობაზე სახელმწიფოსადმი, მაგრამ ლაპარაკი არ არის ბანკის დამოუკიდებლობაზე ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რით არის დაბალანსებული ეს სიტუაცია? არის კიდევ მეორე, პოლიტიკური ასპექტი. ფაქტია, რომ ქვეყანამ კრიზისი გამოიარა, ვალუტის დაცემას ვგულისხმობ. ამის გამო არც არავინ დასჯილა და არავის ჩრდილი არ მიჰყენებია. დედის რძესავით შეერგო ყველას ეს კრიზისი. თუ ეს პროცესი მომავალში განმეორდა, ამ მაკონტროლებელ ორგანოს შეეძლება დაასახელოს, ვინ არის დამნაშავე ანალოგიურ მოვლენებში. ეს რატომ არ უნდა ზოგიერთს, ჩემთვის გაუგებარია. _ მაშინ, რა მოტივაციით ხელმძღვანელობდა  პრეზიდენტი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას? _ ისევე როგორც ბევრი პოლიტიკოსი საქართველოში, პრეზიდენტიც დასავლეთის თვალსაზრისზე არის ორიენტირებული. ამ დროს, დასავლეთს უჭირს იმის გაგება, რომ ის, რაც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელია, შეიძლება ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფზე დამოკიდებული აღმოჩნდეს. ამ სპეციფიკურ მდგომარეობას ხანდახან დასავლელი ექსპერტები ვერ ამჩნევენ, ან არ ამჩნევენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ დასავლეთის გარკვეულ წრეებში არის საუბრები, რომ ეს ნაბიჯი ბანკის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ჩემი აზრით, დასავლეთის ამ თვალსაზრისმა დიდი გავლენა ოქონია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. _ საპარლამენტო უმრავლესობაში საშემოდგომოდ ვეტოს დაძლევას აპირებენ. გამოიწვევს თუ არა ეს გარკვეულ რეაქციას დასავლურ წრეებში? _ ჯერ ერთი, ანალოგიური ზედამხედველობის სქემა ბევრ ქვეყანაში არსებობს, ასე რომ, ეს რეაქცია შეიძლება იყოს, მაგრამ კარდინალური ხაზი ამას არ ექნება. ეს არ იქნება ბლოკი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ევროპის ქვეყნებშიც მოქმედებს ანალოგიური ზედამხედველობის ორგანო. მეორეც, რომ არ არსებობდეს ქვეყნების სპეციფიკა, იქნებოდა ერთი დიდი კანონი, ვთქვათ, ამერიკაში მიღებული და დანარჩენი აქედან გადაიწერდა ყველაფერს. კანონებს იმიტომ ქმნიან პარლამენტები და ამ პარლამენტებზე ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ბიუჯეტები იმიტომ იხარჯება, რომ ყველას თავისი სპეციფიკა აქვს, რაც კანონებმა უნდა ასახოს. არ ვემხრობი იმას, რომ საქართველომ ყველა თავის სპეციფიკაზე თვალი დახუჭოს და რასაც უცხოელები ეტყვიან, ის შეასრულოს. უცხოელი ექსპერტები საქართველოს ხშირად ძალიან შორიდან აფასებენ და ამ შორიდან შეფასებისას დეტალები არ ჩანს. შორს რომ არ წავიდეთ და პოლიტიკისკენ გადმოვიხაროთ, საქართველო და ბევრი ქვეყანა დასავლეთს მოუწოდებდა, რომ კოსოვო არ ეცნო. თბილისი ამბობდა, რომ კოსოვოს თუ ცნობთ, აგერ პუტინი აფხაზეთის ცნობას დამუქრებულიაო. დასავლეთმა არ დაგვიჯერა და თავისი გააკეთა. შედეგად ის მივიღეთ, რომ საქართველომ დაკარგა აფხაზეთი და `სამხრეთ ოსეთი~ მოცემული მომენტისთვის; სამუდამო დაკარგვისგან ღმერთმა დაგვიფაროს! ასე რომ, ამ დროს დასავლეთი აცხადებდა, _ კაცო, პუტინმა კი თქვა, მაგრამ ვერ გაბედავსო _ გაბედა! ანუ რაღაც მოვლენებს დასავლეთი ყოველთვის ადეკვატურად არ აფასებს, ესეც ბუნებრივია, ისინიც ადამიანები არიან. ამიტომ, ალბათ, მთავრობას ყველამ უნდა აცალოს, რომ მყარად იდგეს თავის პოზიციაზე, თუკი მიაჩნია, რომ ეს გზა ქვეყნისთვის შედეგიანი იქნება. _ შტოებს შორის შიდადაპირისპირება რას მოუტანს ხელისუფლებას იმ ფონზე, როცა დაახლოებით ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნებია? _ კითხვაში პასუხი, გარკვეულწილად, იგულისხმება. ყველა გრძნობს, რომ ორივე მოქიშპე მხარისთვის ეს პროცესი ზიანის მომტანი იქნება. განსაკუთრებით სამთავრობო გუნდისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტი, ასეა თუ ისე, ქვეყნის ბედ-იღბალზე იმ ხარისხით არ მოქმედებს, რითაც მთავრობა. თუკი მთავრობა დასუსტდება და, შესაბამისად, არჩევნებზე მცირე რაოდენობას აიღებს (მერე ფართო კოალიციური მთავრობის შექმნა და ა.შ.), ეს ძალიან ბევრ ახალ სირთულეს გაუჩენს ქვეყანას. ამას როგორ გადაწყვეტს მთავრობა, რომელიც მონოლითურ პირობებში ვერ ახერხებს საკმარისად ეფექტურ მართვას? ამას უფრო ფართო კოალიციურ პირობებში როგორ მოახერხებს, ცოტა ბუნდოვანია. ამიტომ ვისურვებდი, რომ ეს გუნდი 2016 წლისთვის ძლიერი და მთავრობის დამკომპლექტებელი გუნდი ყოფილიყოს. ეს ქვეყნისთვის უფრო სტაბილურობის მომტანი იქნება ამ ეტაპზე. ამასობაში, უფრო ძლიერი და მრავალფეროვანი ოპოზიცია წამოვა. ამ ფონზე, სახეზეა სამთავრობო პოლიტიკური გუნდის არცთუ სახარბიელო იერი ამ დაპირისპირებაში, რასაც პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირება ჰქვია. საერთოდ, ძლიერი ყოველთვის მაღლა დგება, ნაკლებს ლაპარაკობს იმ თემაზე, რომლის მიმართაც ის ძლიერია და ა. შ. მოსახლეობას სურს, მთავრობა დაინახოს, როგორც ძალის მატარებელი. თუკი მთავრობა ამ დაპირისპირებაზე და სხვა მსგავს წინააღმდეგობებზე მაღლა არ დგება, ამით სუსტი მთავრობის იმიჯს ქმნის. იმედია, ხელისუფლებას იმიჯმეიკერები ჰყავს და თუ მათ დაეკითხებიან, მოსახლეობას სჭირდება ძლიერი ძალის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც თავის თავშიც დარწმუნებულია. ამ ფონზე ამდენი კინკლაობა მათთვის მომგებიანი არ არის _ ძალის, იმიჯის თვალსაზრისით. სპილო ყველაზე ღონიერია და ამიტომ ყველაზე დინჯია. ასე რომ, ეს სიდინჯე, ანუ სპილოობა აკლია.   ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე: _ სამწუხაროდ, საპარლამენტო უმრავლესობაში ვერც ერთ სერიოზულ ფინანსისტსა და ეკონომისტს ვერ ვხედავ. მეორე, საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს აჩვენოს (არ ვიცი, ივანიშვილი ამაში ვინ დააჯერა), რომ ლარის ვარდნა გამოწვეული იყო ერთი რაღაცით, რომ ეს ბანკის პრეზიდენტმა, პირადად ქადაგიძემ მოაწყო. ვინც ეკონომიკურ პროცესებშო ოდნავ მაინც ერკვევა, მიხვდება, რომ ეს სრული სისულელეა. ლარის კურსი ასახავს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას, რომელიც საკმაოდ ცუდ დღეშია. ლარის კურსის ვარდნა ასევე გარე ფაქტორებითაც არის გამოწვული და ესეც არ უნდა დავივიწყოთ. ასე რომ, ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის ფუნქცია წაართვან და სხვა უწყებას გადასცენ, ეს, ჩემი აზრით, სერიოზული შეცდომაა, იგი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციებთან. ახლა, საქართველოს მთავრობას თუ სურს, რომ აღარ გაითვალისწინოს საერთაშორისო ინსტიტუტების აზრი, ეს ძალიან სახიფათო გზაა. ასეთ გზას, თავის დროზე, რუსეთი დაადგა და რა შედეგებსაც იღებს, ყველა ხედავს. ამიტომ პრეზიდენტის ვეტო აბსოლუტურად ლოგიკურია. იმედის ნეპრწკალი მაქვს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოტივირებულ შენიშვნებს მოისმენენ. იმედია, რამდენიმე კაცი მაინც გაიგებს ამ არგუმენტებს, მაგრამ ბოლოში, ალბათ, ამ ვეტოს მაინც დაძლევენ და ყველაფერს თავის ჭკუაზე გააკეთებენ. მინდა, მათ ერთი რამ ვუთხრა, _ როცა ყველა და ყველაფერი ქართული `ოცნებისაა~ და ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტია `ნაციონალების~ დროს დანიშნული, ვთქვათ მასაც წაართმევენ უფლებამოსილებას, მერე არავინ შერჩებათ, რომ მას დააბრალონ ქვეყანაში არსებული პრობლემები. ეს არის ძალიან ცუდი, რომ ყველა პრობლემის სხვისთვის გადაბრალება სურთ. _ ვეტოს დაძლევა, სამთავრობო კანონპროექტის გატანა შექმნის თუ არა პრობლემებს ევროინტეგრაციის მიმართულებით? _ დასავლეთში ამან დიდი პრობლემები შეიძლება არ გამოიწვიოს, შეხედავენ და იტყვიან, რაც გინდათ, ის ქენით, ეს თქვენი სუვერენული უფლებააო. მაგრამ კომპეტენტური ფინანსისტების, ეკონომისტების აზრს მოვუსმინე, რომ ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ლარზე. საბოლოო ჯამში, ეს ისევ ცუდად დაარტყამს მოქმედ მთავრობას. ასე რომ, ცოტა წინ უნდა გაიხედონ და მარტო იმით არ იხელმძღვანელონ, არიქა, ქადაგიძე „ნაციონალების“ დროს არის დანიშნული და ამიტომ ყველა გზით უფლებამოსილება უნდა წავართვათო. ამ დროს, ქადაგიძეს თუ, არ ვცდები, სულ რაღაც, 7-8 თვე დარჩა ამ თანამდებობაზე ყოფნა. ამის გამო ასეთი ნაბიჯის გადადგმა არასწორად მიმაჩნია. რას ვიზამთ? ეს ხალხის მიერ არჩეული მთავრობაა და ამ მთავრობამ თავისი საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.  

                                                                                                         გელა მამულაშვილი

   

გაზიარება