QronikaPlus
როგორ მიითვისა შპს „ლომთაგორამ“ ივანე ორბელიანის სასახლე?!

როგორ მიითვისა შპს „ლომთაგორამ“ ივანე ორბელიანის სასახლე?!

2015-08-07 07:57:41

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ექსკლუზიურ მასალას საქმეზე, რომელზეც, თავის დროზე, ადვოკატებსაც კი ათქმევინეს უარი, ხმა ამოეღოთ. საქმე ეხება შპს „ლომთაგორას“, რომელმაც ქვემო ქართლის რეგიონში, ჯერ კიდევ, ლევან მამალაძის გუბერნატორობის პერიოდში, თვითნებურად მიითვისა უძრავი ქონება, სააკაშვილის მმართველობის დროიდან კი მისი ოფიციალურად დაკანონება დაიწყო. მითვისებული ქონების ჩამონათვალში ივანე ორბელიანის სასახლე და მარნეულის საავიაციო ქარხნის ახლად აშენებული 8-სართულიანი სასტუმროც მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ შპს-ს მფლობელების წინააღმდეგ 14 წელია, ქვემო ქართლის პროკურატურაში უამრავი მასალა დევს, დამნაშავეს დღესაც ხელს აფარებენ. კახა ლაშხი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. დოქტორანტურის დასრულების შემდეგ კახამ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა მოისურვა და, ამ მიზნით, ქვემო ქართლში საკუთარი კომპანია, შპს „ლომთაგორა“ დააარსა. კომპანია იმედის მომცემ საბაზრო მოდელზეა აგებული. „ჩვენ მოგვყავს, ვამოწმებთ და ვარჩევთ ხორბლისა და სიმინდის მრავალფეროვან თესლებს, ხშირად ქართულ კულტურებს უცხოურ ჯიშებთან ვამყნობთ, რათა ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან ადვილად ადაპტირდეს და მდიდარი მოსავალი მოგვცეს. შემდგომში ამ მოყვანილ თესლს ჩვენ კლიენტებზე ვყიდით“, _ გვიხსნის კახა ლაშხი. ბიზნესის ზრდამ ინვესტიციების აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBღD) საქართველოს სოფლის მეურნეობის ფინანსური ინსტრუმეტის (GAFF) მეშვეობით ფირმამ 100 000-ლარიანი სესხი მიიღო. სესხი გასცა „პროკრედიტ ბანკმა“, რომელიც GAFF-ის ხუთ პარტნიორთა შორის ერთ-ერთია და რომელსაც, მთლიანობაში, 40 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზი აბარია. „იბიარდისა“ (EBღD) და ევროკავშირის დახმარებით მცირე ბიზნესი საშუალო ბიზნესად იქცა და ამჟამად იქ 25 ადამიანია დასაქმებული“, _ 2015 წლის 31 მარტს ასე ლამაზად გადმოგვცემს ინტერნეტპორტალი ჰტტპ://ენპარდ.გე/ ერთი ქართველი ბიზნესმენის ისტორიას. თუმცა ამ ფირმის ისტორია სულ სხვაგვარად განვითარდა. 14 წელია, შპს „ლომთაგორის“ მფლობელების მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ ქვემო ქართლის პროკურატურაში უამრავი მასალა დევს, მაგრამ განმკითხავი არავინ არის. „ქრონიკა+“ ცხრილის სახით წარმოგიდგენთ იმ ქონების ნაწილის ჩამონათვალს, რომელსაც შპს „ლომთაგორა“ ფლობს და რომელიც საჯარო რეესტრში ოფიციალურადაა რეგისტრირებული (მთლიანი ქონების ჩამოთვლას, უბრალოდ, ჩვენი გაზეთის ფორმატი არ ეყოფა). როგორც მეწარმეთა რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, შპს „ფირმა ლომთაგორა“ მარნეულში, 1996 წლის 5 იანვარს დაარსდა. ფირმის დირექტორი გახლავთ კახა ლაშხი და წილის 45,50%-ს ფლობს; წილის ამდენივე _ 45,50% აქვს მის ძმას, ზაზა ლაშხს; 2,10%-ის მფლობელია მანსირ ისაევი; ალახიარ გარაევი 1,40%-ს ფლობს; იბრაგიმ ხალილ მუსაევს წილის 0,62% ეკუთვნის; მაგარამ იაგვალიევს _ 0,53%; ტაფდიხ _ ისმაილოვს 1,30%; იაგუბ ალლახვერდიევს _ 0,70%; ალახვერდი გასანოვს _ 0,70%; ხოლო კახა და ზაზა ლაშხების მამას, ოთარ ლაშხს _ 1,65%. ეს უკანასკნელი გარდაცვლილია და ამჟამად მის წილს შვილები განკარგავენ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ოთარ ლაშხი შევარდნაძის მმართველობის პერიოდში გახლდათ მარნეულის რაიონის „ლომთაგორა 1“-ის ექსპერიმენტული საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. ამავე პერიოდში, როდესაც ლევან მამალაძე ქვემო ქართლში, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გახლდათ, ზაზა ლაშხი მარნეულის გამგებლად მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ლაშხების მიერ ქონების უკანონოდ მითვისება, რომლითაც სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობამ 50 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. როგორ და რა ფორმით მიითვისეს ლაშხებმა ქვემო ქართლში მდებარე უძრავი ქონება? ვინ გაახმაურა მათი საქმე და რატომ აფარებს ხელს მათ სამი ხელისუფლება, რომელიც ამ პერიოდში შეიცვალა? ამ საკითხებზე და საქმის სხვა დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ადვოკატი თეიმურაზ მაისურაძე: _ მე გახლავართ შპს „გარახას“ დირექტორის, დავით სორდიას ადვოკატი. ამ საქმეში 2010 წლიდან ჩავერთე. ბატონ დავითს მარნეულში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, სადაც ქარხნული კონსტრუქციებით აშენებული იყო სასათბურე მეურნეობა. ჰყავდა ასეულობით პირუტყვი, ჰქონდა ქვის დამამუშავებელი საწარმო. ხალხიც ჰყავდა დასაქმებული და პატიოსან ბიზნესსაც აწარმოებდა. 2001 წელს, ერთ მშვენიერ დღეს, დავით სორდიასთან დენი გაითიშა, რამაც მისი საწარმოს გაჩერება გამოიწვია. დენის გათიშვის მიზეზი გახდა 25 კმ სიგრძის 10 კვტ-იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის განადგურება, რომელიც გადიოდა სოფელ საბირკენტისა და საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე თავისი 14-მეტრიანი მაღალი ძაბვის რკინის ბოძებით. საერთო ჯამში ეს ყველაფერი შეადგენდა 500 ცალი რკინის 14-მეტრიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ბოძს. ელექტროგადამცემი ხაზი გაანადგურეს ფირმა `ლომთაგორის~ მფლობელებმა, ლაშხებმა და ჯართში ჩააბარეს. მათ ასევე საეჭვო ვითარებაში მიითვისეს მარნეულის რაიონის „ლომთაგორა 1“-ის ექსპერიმენტული საბჭოთა მეურნეობა, დემონტაჟი გაუკეთეს მარნეულის საავიაციო ქარხნის ახლად აშენებულ 8-სართულიან სასტუმროს, მიწიდან ამოღებულია და ჯართად გაყიდულია ათასობით ტონა 1500-50 მმ დიამეტრის მილები. მითვისებულია ივანე ორბელიანის სასახლე, ფინური სახლები და სხვ. 2001 წელს მარნეულის რაიონულ პროკურატურაში დაიწყო წინასწარი გამოძიება დავით სორდიას განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეზე შპს `ლომთაგორის~ დირექტორის, კახა ლაშხის მიმართ. 2008 წლის 10 დეკემბერს ამ საქმეზე ქურდობის კვალიფიკაცია შეცვალეს თვითნებობით, რათა დამნაშავეს შეხებოდა მომავალი ამნისტია, რომელიც უნდა გამოცემულიყო 2008 წლის 21 დეკემბერს. დადგენილება წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ თარიღდება 2008 წლის 11 დეკემბრით, მაშინ, როცა ამნისტიის გამოცემამდე დარჩენილი იყო 10 დღე. მოგეხსენებათ, პროკურატურისთვის უცხო არ არის წინასწარი ცნობა კანონპროექტის ამნისტიის შესახებ, რომელიც შეეხებოდა უახლოეს მომავალში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მუხლებს. მარნეულის რაიონულ პროკურატურაში იმდენად დიდი იყო სურვილი 10 წლის მანძილზე მიეჩქმალათ ჩადენილი დანაშაული, რომ 2008 წლის 11 დეკემბრის დადგენილებით, კვლავ ჩაიდინეს სამოხელეო დანაშაული. 2008 წლიდან დღემდე დავით სორდიამ მიმართა ყველა ინსტანციას, რომ საქმის გადაკვალიფიცირება და დამნაშავისთვის ამნისტიის შეხება იყო დანაშაულის ტოლფასი, რათა პასუხისმგებლობა აერიდებინათ დამნაშავისთვის. მაშინ, როცა არსებობდა უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმის არაღძვრაზე უარის თქმის უკანონობის დადგენილებით, ასევე საოლქო პროკურორის, სამხარაძის მითითება იმჟამინდელი სახალხო დამცველის, ნანა დევდარიანის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნა, რომელიც ადგილზე უნდა მისულიყო და შეესწავლა საკითხი. სახალხო დამცველი მარნეულის რაიონულ პროკურორ ლალიაშვილს ავალებდა აღნიშნულ საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ზუსტ კვალიფიკაციას, რაც მის მიერ იგნორირებული იყო. შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ ადგილზე შეისწავლა საკითხი, მაგრამ მიუხედავად სახალხო დამცველის არაერთგზის მოთხოვნისა, დასკვნა არ წარუდგინეს. სორდიას მიერ ყველა ინსტანციაში შეტანილ განცხადებაზე მარნეულის პროკურატურიდან ერთი და იგივე ტრაფარეტული პასუხებია დაბრუნებული, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია. _ გასაგებია, რომ ამნისტია შეახეს, მაგრამ ნიშნავს თუ არა დანაშაულის აღირებას, როდესაც პროკურატურა ამბობს, რომ თვითნებობას ჰქონდა ადგილი? _ ფაქტებით გიპასუხებთ! გენერალური პროკურატურის 2004 წლის წერილში ნათქვამია, რომ შპს „ლომთაგორას“ საკუთრებაში გადაეცა საბჭოთა მეურნეობის ქონება და შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 17 233 კვ.მ. მარნეულის იაღლუჯის დასახლებაში, მიწის ფართი 33 400 ჰა, 2005 წლის 20 იანვარს 423 ჰა და სოფელ წერეთელში 23 ჰა. სულ 44 556 ჰა მიწის ნაკვეთი. აქედან საგადასახადო დეპარტამენტში გაფორმებულია იჯარით, 49 წლის ვადით, 3 490 ჰა. უკანონოდ მითვისებულია 41 064 ჰა მიწის ნაკვეთი, 1 ჰა მიწის ნაკვეთში საშუალოდ გადასახადი შეადგენს 6,65 ლარს. თუ ამ თანხას გავამრავლებთ 41 064 ჰა-ზე, მივიღებთ 243 117 ლარს _ თანხას, რომელსაც სახელმწიფოს ყოველწლიურად უმალავენ და ითვისებენ ლაშხები და მათი გარემოცვა. ამ ფაქტის შესახებ ქვემო ქართლის რაიონულ პროკურატურაში, დავით სორდიას განცხადების საფუძველზე, 2010 წლის 26 იანვარს დაწყებულია წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. სორდიამ წერილობით მიმართა პროკურატურას და მოითხოვა, მისთვის წერილობით ეცნობებინათ გამოძიების შედეგების შესახებ, რაზედაც უარყოფითი პასუხი მიიღო. გამომძიებლის ზეპირი პასუხით კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ კახა ლაშხს გადასახდელად დაეკისრა 140 000 ლარამდე სიმბოლური თანხა, როგორც დამალული გადასახადი, მაშინ, როცა ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სახელმწიფოსთვის მას გადასახადი მილიონობით ლარი აქვს დამალული. აღნიშნულ თანხას ლაშხი მიახლოებით უნდა იხდიდეს ყოველწლიურად და, საერთო ჯამში, მისთვის 140 000 ლარის დაკისრება ნიშნავს იმას, რომ წლების მანძილზე ლაშხის მიერ გადაუხდელი დამალული გადასახადების დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებებს გამოძიებამ არ მისცა შესაბამისი კვალიფიკაცია, რაც დანაშაულია. ასევე დანაშაულია კახა ლაშხის მიერ 100 კმ ალუმინის გადამცემი ხაზისა და 500 ცალი რკინის 14-მეტრიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძის დანაშაულებრივი გზით დემონტაჟი და მისი ჯართში ჩაბარება, რითაც დავით სორდიას პირადად მიადგა ზარალი, რადგან ამ ხაზით იკვებებოდა  ელექტროენერგიით მისი კუთვნილი შპს „გარახა“. პროკურატურამ არც კი გაარკვია, ვისი სახელით ჩააბარა ჯართში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფერადი და შავი ლითონი და გადაიხადა თუ არა სახელმწიფო გადასახადები? ასევე საინტერესო უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტროსთვის, რა ბედი ეწია „ლომთაგორის“ მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მანქანა-დანადგარებს, ათასობით ლარს და ათიათასობით ცხვარს? მის მიერ ყოველწლიურად ხდება მილიონობით ღირებულების ცხვრისა და მისი ნამატის მითვისება. ვიმეორებ: ლაშხებმა დაშალეს და ჯართად ჩააბარეს ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღალი ძაბვის ალუმინის ხაზები და რკინის ბოძები, დაშლილია და გაყიდულია საავიაციო ქარხნის 8-სართულიანი სასტუმრო, მიწიდან ამოღებულია და ჯართად გაყიდულია ათასობით ტონა 1500-50 მმ დიამეტრის მილები. მითვისებულია ივანე ორბელიანის სასახლე, ფინური სახლები. ყველა ამ დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფოსთვის მიყენებულია 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი. ეს ზარალი გამოწვეულია კახა ლაშხისა და სხვა პირთა ჯგუფის ქმედებებით, რომელიც მარნეულის პროკურატურის მიერ შეფასებული და დაკვალიფიცირებულია აბსურდულად, რადგან ასეთი მასშტაბების, ხასიათისა და ღირებულებების სახელმწიფო მნიშვნელობის ფასეულობების აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება დაუშვებელი იყო, დაკვალიფიცირებულიყო ქურდობით და მეტიც, ქართული მართლმსაჯულების პირდაპირი დაცინვაა თვითნებობის მუხლით გადაკვალიფიცირება. _ საქმის მასალებში საუბარია შეიარაღებულ თავდასხმაზეც... _ აწ გარდაცვლილმა ოთარ ლაშხმა დავით სორდიას პირდაპირ პოლიციელების თვალწინ მჭიდიდან დააცალა 9 ტყვია „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით. დამიზნებით ესროდა, მაგრამ სორდია ნაომარი, ვაჟკაცი კაცია, მეორე მსოფლიო ომის დროს ბერლინამდე ფეხით ჩავიდა, აიცდინა, ვერ მოარტყა. დაიჭირეს ეს კაცი, იარაღი ჩამოართვეს, გამოუშვეს და როგორც სორდია ამბობს, ის იარაღი პოლიციამ უკან დაუბრუნა. პროკურატურაში ამაზე საქმეა აღძრული და როგორ შეწყვიტეს, არ ვიცით. ეს ერთი შემთხვევა არ გახლდათ, ოთარ ლაშხის მიერ დავით სორდიას მიმართ არაერთხელ განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა მკვლელობის მცდელობით, რაზედაც რამდენჯერმე მიმდინარეობდა წინასწარი გამოძიება. ვაგონს, რომელიც დავით სორდიას კუთვნილ ტერიტორიაზე დგას, ახლაც ეტყობა ნატყვიარები და სულ დაცხრილულია. ლაშხებმა ელექტროგადამცემი ხაზი რომ გაანადგურეს, შემდეგ მიაკითხეს სორდიას და მოსთხოვეს, თავისი ტერიტორია დაეტოვებინა, ქუჩური მორალით გაურჩიეს საქმე. სორდიასთან არაფერი გამოუვიდათ, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე სხვები შეაშინეს. ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია და დღეს ეს ელექტროხაზი რომ აღდგეს, ენერგოკომპანია 700 000 ევროს ითხოვს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა თანხებთან გვაქვს საქმე?! ლაშხებმა ასევე გაიტაცეს დავით სორდიას კუთვნილი 40 სული საქონელი თავისი ნამატით, რისთვისაც პასუხს არავინ სთხოვს, რადგან პიროვნება, რომლის პასუხისგებაში მიცემასაც დავით სორდია ითხოვს, მარტო არ მოქმედებდა. ეს შეეძლო მხოლოდ ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც ექნებოდა საკმაოდ მყარი გავლენების სფეროები და მფარველობა. ლაშხების მიერ ჩადენილი დატაცებებით უდიდესი მორალური და მატერიალური ზარალი მიადგა როგორც დავით სორდიას, ასევე სახელმწიფოს. _ ამ პერიოდში სამი ხელისუფლება შეიცვალა. როგორ მოხდა, რომ ლაშხებმა ყველგან მონახეს მფარველები? _ საქართველო დღეს ტიპური ფეოდალური ქვეყანაა! როდესაც ხელისუფლებაში შევარდნაძე მოვიდა, გარშემო შემოიკრიბა ცნობილი კომბინატორები, რომელთაც შევარდნაძესთან ერთად მეცნიერულ დონეზე აიყვანეს საქართელოში მექრთამეობა, დააკნინეს მრეწველობა. ტერმინი პრივატიზაცია გამოიყენეს თავიანთ სასარგებლოდ. დაშალეს ყველაფერი, თუ კი რამე გვქონდა სოფლის მეურნეობაში... დღეს რა მივიღეთ? _ მიწებს ყიდიან, საძოვრებს ყიდიან... აგერ, ფაქტი სახეზეა _ კახა ლაშხი! ეს ამბავი შევარდნაძის დროიდან არ მოდის?! წარმოუდგენელი რამ ხდება, მთელი ქვემო ქართლის მიწები ბეჟუაშვილებისა და ლაშხებისაა. სამი მთავრობა გამოიარა ამ საქმემ, არაფერი შეცვლილა. სორდიას დენი რომ გადაუჭრეს, ჯერ ეგონა, რომ ლაშხმა შეისყიდა, მაგრამ ვინ მიჰყიდდა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს?! გამოძიებითაც დადასტურებულია, მან ეს თვითნებურად ჩაიდინა და რა თქმა უნდა, მარტო ვერ გააკეთებდა. სინამდვილეში, ეს იყო ქურდობა და საბოტაჟი... დანაშაულთა ერთობლიობაა, სხვადასხვა ეპიზოდებია. როგორც ზემოთ ვთქვი, მარნეულის საავიაციო ქარხნის 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაანგრიეს, რა უფლებით იყიდდა, იმ დროს დევნილებით იყო სავსე საქართველო, შეასახლებდნენ და ხალხს მისცემდნენ, 8-სართულიანი კორპუსის გაყიდვას ეხუმრებით? დაანგრია და ახლა ის ტერიტორია როგორც მიწა, ისე აქვს რეგისტრირებული. ერთ რამეს დააკვირდით: ლაშხებმა შევარდნაძის დროს მიითვისეს ქონება, უკანონოდ ფლობდნენ და ოფიციალური დაკანონება სააკაშვილის რეჟიმის დროს დაიწყეს, რომელსაც დღესაც აგრძელებენ. კიდევ ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება: მათ მიწები ნაწილი იყიდეს, როგორც საძოვარი, თუმცა იქვე მითითებულია, რომ ამ მიწაზე შენობა-ნაგებობებია განთავსებული. თუ საძოვარია, იქ შენობა-ნაგებობებს რაღა უნდა?! ეს იმას ნიშნავს, რომ მიწის დანიშნულებას კვალიფიკაცია შეუცვალეს და აქაც მაქინაციები ჩახლართეს! ლევან მამალაძე ახლა რომ გამოდის და სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკობს, არასამთავრობო ორგანიზაციებს გვიქმნის, ამ საქმეში ვისი ხელი ურევია?! დაწერეთ, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე, მამალაძის კაბინეტში „სტეჩკინით“ მოიკლა თავი გაჩიანის გამგებელმა, ისმაილ ბაირამოვმა, იმის ხელშია ყველაფერი გაკეთებული! მამალაძესა და სააკაშვილს შორის რა სხვაობაა?! ან სააკაშვილსა და დღვანდელი მთავრობის წევრებს შორის?! ერთი სიტყვით, ლაშხებს ყველა მთავრობამ უპატრონა, მიუხედავად იმისა, პროკურატურა თვითონ ამბობდა, რომ ეს იყო დანაშაული! იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ დავით სორდია ლოგინად ჩავარდა! დღემდე გამოუძიებელია, ან ვინ უნდა გამოიძიოს? იგივე პროკურორები სხედან იქ, ვინც, თავის დროზე, ამ საქმეს იძიებდა! შევარდნაძის რეჟიმი სააკაშვილის რეჟიმით ჩანაცვლდა, დღესაც რეჟიმია, იმ ნაძარცვზე სხედან და დანაშაულებრივად მითვისებული ქონებით სარგებლობენ! ამ საქმეს ხანდაზმულობის ვადა არ გასდის, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ყველამ აგოს პასუხი მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე!   „ქრონიკა+“ კომენტარისთვის შპს „ლომთაგორის“ დირექტორს, კახა ლაშხს დაუკავშირდა: _ ცოცხალია კიდევ ბატონი სორდია? ეს ყველაფერი, თავის დროზე, არაერთხელ შეისწავლა პროკურატურამ, ფინანსურმა პოლიციამ და ა. შ. ეს ყველაფერი ცილისწამებაა. 30 წლის წინანდელი დაპირისპირების ამბავია, მამაჩემი როცა ცოცხალი იყო, ეგენი ერთმანეთთან კონფლიქტში იყვნენ და ამიტომ აწუხებს ეს ამბავი. რა სასახლე მივითვისე? რაზე ლაპარაკობთ? მანდ იყო თაგვების ლაბორატორია, არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არ არსებობს. საიდან მოაქვს სორდიას ასეთი რაღაცები, არ ვიცი! კიდევ გეუბნებით, ეს საქმე რამდენჯერმე შეისწავლა ყველა მთავრობამ, პროკურატურამაც და სასამართლომაც უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება. ახლა ამაზე ლაპარაკი უკვე ცილისწამებაა და ხომ არ ვუჩივლებ, ხანში შესული კაცია, ამას ვერიდები!  

                                                                                                           თამარ ბატიაშვილი

გაზიარება