QronikaPlus
ნეპოტიზმი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში - რას ნიშნავს ტერმინი „განსაკუთრებული შტატგარეშეები“?

ნეპოტიზმი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში - რას ნიშნავს ტერმინი „განსაკუთრებული შტატგარეშეები“?

2015-08-07 07:28:57

არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელი, ბესო შენგელია, კულტურის სამინისტროში ნეპოტიზმის შემთხვევებსა და ბიუჯეტიდან გახარჯულ თანხებს იკვლევდა. როგორც გვითხრეს, მათ იქ სკანდალური ფაქტები აღმოაჩინეს.   ბესო შენგელია: _ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში არსებულ ნეპოტიზმს ცნობილი ქართული სერიალის სახელი, „ჩემი ცოლის დაქალები“ დავარქვით, რადგან სამინისტროში თანამდებობებზე  აქტიურად არიან წარმოდგენილნი მინისტრ მიხეილ გიორგაძის ცოლის დაქალები: პროტოკოლის სამსახურის უფროსი ნინო ქართველიშვილი მინისტრის ცოლის დაქალია; საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ნინო გალდავაძე ასევე გახლავთ გიორგაძის ცოლის დაქალი; თავად მინისტრი არის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილის ნათლიმამა; კულტურის პოლიტიკის სამსახურის უფროსი თამარ წულუკიძე არის საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის კადრი; სამინისტროს დაქვემდებარებაში არის სიპ-ი კულტურის საინვესტიციო ფონდი, რომლის უფროსიც გახლავთ დავით მენაბდე. ამ ფონდმა კულტურის სფეროში გრანტები უნდა გასცეს, თუმცა ეს ორგანიზაცია გრანტებს საკუთარ თავს აძლევს. მენაბდე, თავის მხრივ, დაკავშირებულია მინისტრის აპარატის უფროს ელენე ბენდუქიძესთან, რადგან ის გახლავთ მენაბდის ცოლის დაქალი; კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი არის გიორგი აფციაური, რომლის მამაც გახლავთ დავით აფციაური. ის არის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ცალკე სალაპარაკო თემაა მინისტრის მოადგილის, მანანა ბერიკაშვილის ქმედებები, საქმიანობები და ნეპოტიზმის მაღალი რანგი, თუმცა ორი სიტყვით მაინც უნდა ვთქვა მისი დამოკიდებულების შესახებ თეატრისა და კინოს ინსტიტუტთან. მისი ხელმძღვანელი გოგი მარგველაშვილი ჩაჭიდებულია ბერიკაშვილს და იქ საშინელი მდგომარეობაა, ინსტიტუტის შენობა ინგრევა და პატრონი არ ჰყავს. კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები სამსახურებიდან გაყარეს. თუმცა, როგორც გითხარით, ეს თემა ცალკე განსახილველია. სამარცხვინო და მინისტრისგან უკულტურო საქციელად მიგვაჩნია ის, რომ გიორგაძე სამინისტროსა და ქვეყნის კულტურას ცოლის დაქალებით მართავს. _ როდესაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა და ცოტა ხანში ოპოზიციამ მათ ნეპოტიზმზე დაიწყო საუბარი, ხელისუფლების მაშინდელმა მეთაურმა გააქარწყლა _ პატარა ქვეყანაა, ყველა ერთმანეთს იცნობს, ეს დასაშვებიაო. თავის გუნდს, ამ საკითხში, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო. საქართველო კარგა ხანია იბრძვის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის და ასეთი რამ იქაც უმნიშვნელო პრობლემად მიიჩნევა? _ პრობლემას ქმნის ის, რომ ნეპოტიზმის დროს საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან, რომელიც ქვეყანას ღუპავს. ქართველებს განსაკუთრებული მეგობრობა შეგვიძლია და ეს საამაყოა, თუმცა ამ ფორმით ადამიანები პროფესიონალიზმის ნიშნით არ ინიშნებიან სამსახურებში და შედეგებსაც, ცხადია, შესაბამისს ვღებულობთ, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია. კადრებს მხოლოდ მინისტრების ცოლების სამეგობროში და სანათესავოში არ უნდა ეძებდნენ, რადგან ყველა მისი დაქალი ან ბიძაშვილი პროფესიონალი ვერ იქნება. ახლა გაგაცნობთ იმ სიკეთეებს, რაც ამ სამინისტროში უხვად არის და თავად მიხვდებით, სინამდვილეში რისთვის მიიყვანეს ეს ადამიანები იქ. უკვე კარგა ხანია, პრემიერ-მინისტრი აქტიურად საუბრობს ქამრების შემოჭერაზე, თუმცა სახელმწიფო უწყებებში, კონკრეტულად კი ამ სამინისტროში, უგზო-უკვლოდ იხარჯება უზომოდ ბევრი საბიუჯეტო ფული. ეს იმ დროს, როცა კულტურის სამინისტროს მიერ 2015 წელს მაღალი აქტივობები არ დაფიქსირებულა და ვერავინ იტყვის, რომ ამ წელს კულტურის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაატარა. სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტით მივმართეთ და მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, რომელიც მათი უწყების  ხარჯებს ეხება _ მივლინებებს, სახელფასო დანამატებსა და ა.შ. მაისში მივიღეთ პასუხი. ჩვენ ვწერდით, რომ ხარჯები წარმოედგინათ დეტალურად, მაგრამ, რატომღაც, ასეთი პასუხები არ გამოუგზავნიათ. თუმცა რა დოკუმენტებიც გამოგვიგზავნეს, ისიც შოკის მომგვრელია. დოკუმენტები გვეუბნება, რომ 1-ლი იანვრიდან 1-ლ მაისამდე, ერთ კვარტალში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გახარჯა 12 ტონა ბენზინი, ანუ 20 832 ლარის საწვავი. პირველ კვარტალში სამინისტროს შიდა მივლინებებში დახარჯული აქვს 26 ათასი ლარი, არადა, ეს ის პერიოდია, როცა ამ სამინისტროს აქტივობა ნულის ტოლფასია, ანუ ყველაზე დაბალი. შეიძლება ითქვას, რომ კულტურის სამინისტროს დღემდე ჰქონდა მხოლოდ ორი აქტივობა _ საახალწლო და მერე სააღდგომო. ქვეყნის შიგნით როცა მათი გაკეთებული სხვა საქმე არ ჩანს, საინტერესოა, რატომ დადიონენ ასე აქტიურად მივლინებებში? რაც შეეხება ქვეყნის გარეთა, უცხოურ მივლინებებს, ამ საქმეში ზემოთ აღნიშნული თანხა გაზრდილია 5 ათასი ლარით, ანუ უცხოურ მივლინებებში სამინისტრომ 31 3013 ლარი დახარჯა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მინისტრ გიორგაძეს ძალიან უყვარს მოგზაურობა და უმეტეს დროს კაბინეტში კი არა, მოგზაურობაში ატარებს. აი, მისი გაკეთებული საქმის შედეგი კი, სამწუხაროდ, არ ჩანს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბიუჯეტის ფული უყაირათოდ იხარჯება. ჯამში, პირველ კვარტალში, რომელსაც, ალბათ, უმოქმედობის კვარტალიც უნდა ვუწოდოთ, სამინისტროს თანამშრომლებმა მივლინებებში 57 384 ლარი დახარჯეს. ახლა მათ შეიძლება თქვან, წინა მთავრობის დროს უფრო მეტი იხარჯებოდაო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ თანხები არ უნდა დაიხარჯოს, მაგრამ შედეგიანად, ამ შემთხვევაში კი შედეგს ვერ ვხედავთ. სინამდვილეში, 2015 წელი კულტურის კი არა, უკულტურობის უფრო გვქონდა, რადგან ამ სამინისტროს მიერ გაკეთებული არანაირი საქმე არ მახსენდება. ფესტივალი „არტგენიც“ კი, რომელმაც კონცერტებით მთელი საქართველო შემოიარა, ევროკავშირიდან ფინანსდებოდა და კულტურის სამინისტროს მასში წვლილი არ მიუძღვის. _ კიდევ რა ხარჯები აქვს კულტურის სამინისტროს? _ საინტერესოა სამინისტროს კომუნიკაციის ხარჯები, რომელიც 23 ათასი ლარია. წერილში აკონკრეტებენ: „მათ შორის სატელეფონო მომსახურებაში _ 4 590 ლარი“ დაიხარჯაო. თავიდან ძალიან გამეხარდა ასეთი მცირე ოდენობის თანხა რომ იყო გახარჯული, თუმცა ქვემოთ რაც ვნახე, სიხარულის ღიმილი გამიქრა. იქ მობილურის ხარჯებში ეწერა 12 707 ლარი. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის პირველი კვარტლის, ანუ 3 თვის მონაცემები. ჩვენ თუ კარგად დავითვლით, კულტურის სამინისტროს თანამშრომლების მობილურ ტელეფონზე საუბარი წელიწადში 100 ათასი ლარი დაჯდა და არა მგონია, ეს ნორმალური იყოს. სამინისტროს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში ასევე წერია, რომ ხელფასები და პრემიები გაიცემა შტატიან თანამშრომლებზე, შტატგარეშეებზე და განსაკუთრებულ შტატგარეშეებზე. _ „განსაკუთრებულ შტატგარეშეებში“ ვინ იგულისხმება, ეს ტერმინი პირველად გავიგონე... _ ვერც ჩვენ ამოვხსენით, რა იგულისხმება „განსაკუთრებული შტატგარეშეს“ უკან. ალბათ ეს მინისტრის ცოლის უახლოეს დაქალს ან ნათესავს ნიშნავს, რომელიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს. ხელფასების თემას არ შევეხები, რადგან ამაზე იქ საწუწუნო არაფერი აქვთ, თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანებს, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობენ, კარგი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ როცა საუბარი მიდის სახელფასო დანამატზე და პრემიებზე, ამაში პრობლემას ნამდვილად ვხედავთ. თანაც პრემიებისა და დანამატების ფრიალია მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი გვეუბნება, რომ ქამრები უნდა შემოვიჭიროთ, რადგან ქვეყანას ბევრი პრობლემა აქვს. სწორედ ასეთი ქამრების შემოჭერის დროს კულტურის სამინისტრო მილიონამდე ლარის პრემიებსა და დანამატებს იღებს. _ თუ მეხსიერება არ მღალატობს, სწორედ არსებულმა ხელისუფლებამ გამოსცა კანონი, რომლითაც საჯარო სამსახურებში პრემიები აკრძალა. თქვა, მხოლოდ სახელფასო დანამატებით შემოიფარგლოს წახალისებებიო. ხომ არ ვცდები? _ საქმე ის არის, რომ ამჯერად მოქმედებაში შემოდის არა მხოლოდ პრემია, არამედ სახელფასო დანამატიც, ანუ ეს ადამიანები უკვე ორივეს იღებენ. ყოველ შემთხვევაში, კულტურის სამინისტროს დოკუმენტებში წერია, რომ იქ დასაქმებულმა ადამიანებმა პრემიებიც აიღეს და სახელფასო დანამატებიც. ამ სამინისტროში სახელფასო დანამატის სახით დეკემბერში გაცემული აქვთ 112 260 ლარი, იანვარში _ 85 720 ლარი. იანვარში პრემია არ აქვს გაცემული, თუმცა დეკემბერში, საახალწლოდ, მხოლოდ შტატიანი თანამშრომლებისთვის დაარიგეს 159 100 ლარის პრემიები, ანუ დეკემბერში ერთი და იგივე ადამიანებმა მიიღეს ხელფასიც, სახელფასო დანამატიც და პრემიაც. დეკემბერში განსაკუთრებით შტატგარეშე თანამშრომლების პრემიამ შეადგინა 16 ათასი ლარი, იანვარში _ 19 690 ლარი. დეკემბერში განსაკუთრებით შტატგარეშეებს მისცეს 45 350 ლარი პრემია. მოკლედ, შემოჭერილი ქამრების დროს კულტურის სამინისტროსთვის ბიუჯეტიდან ახალი წლის მილოცვა დაგვიჯდა 433 830 ლარი და წარმოიდგინეთ, ქამრები რომ არ შემოგვეჭირა, პრემიები სადამდე წავიდოდა. ორი თვის შემდეგ, აღდგომის დღესასწაულზე, კულტურის სამინისტროში უფრო საინტერესო პრემიებსა და დანამატებს ვაწყდებით. სახელფასო დანამატად მარტში სამინისტრო გასცემს 98 150 ლარს, აპრილში კი _ 100 660 ლარს. როგორც ჩანს, დანამატები აღდგომის დღესასწაულის წინაც აიღეს და შემდეგაც. მარტში საშტატო პრემიები გაიცა 10 250 ლარი, აპრილში კი აიღეს 154 510 ლარი. `განსაკუთრებულმა შტატგარეშეებმა~ მარტში აიღეს 14 725 ლარი, სადღესასწაულო პრემია შტატგარეშე, ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებზე მარტში გაიცა 3 750 ლარი, აპრილში _ 57 375 ლარი. ამ სამინისტროს თანამშრომლების მარტი-აპრილის სახელფასო დანამატები და პრემიები დაგვიჯდა 453 604 ლარი. კულტურის სამინისტროს დოკუმენტების მიხედვით, მათთვის ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულების მილოცვა, ჯამში, 887450 ლარი დაჯდა. თუმცა არ მახსენდება აღდგომისა თუ საახალწლო დღესასწაულებზე მათი აქტიურობა, რადგან ძირითადი აქტივობები, როგორც თბილისში, ასევე რაიონებში, ჰქონდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს. რაც შეეხება სადღესასწაულო საჩუქრებს _ ჩანთებს, სამინისტროს ლოგოებსა და ა. შ. ამასაც ისევ სამინისტროს შიგნით, თანამშრომლები ინაწილებენ. გასაგებია ისიც, რომ სამინისტროს ხელმძღვანელი ცდილობს, თავის თანამშრომლებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას, მაგრამ როცა სახელმწიფოს უჭირს, ეს მათ არ უნდა გაითვალისწინონ და მოლოდ გაჭირვებულ, უბრალო მოქალაქეებზე უნდა გადატყდეს ჯოხი? თანაც თუ სამ თვეში, დღესასწაულებზე. ამდენი იხარჯება, ისინი საკუთარი თავების მილოცვაში წელიწადში 5 მილიონს ფლანგავენ? რიგით ადამიანებს კი დღესასწაულები და მილოცვა კი არა, კარგად იცით, რომ სხვადასხვა მიზეზით სახლებიდან ყრიან. რამდენიმე დღის წინათ სამმა გამწარებულმა ადამიანმა, რომელთაც სახლი არ აქვთ და ხელისუფლება თავშესაფარს არ აძლევს, უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე და პასპორტები დახიეს. ამ ფონზე ვხედავთ, კულტურის მინისტრის ცოლის დაქალები და მეგობრები როგორ ნეტარებაში არიან და რამდენ ხელფასსა და პრემიას იღებენ. სექტემბერში აუცილებლად შეგატყობინებთ იმასაც, რა დაუჯდა საქართველის ბიუჯეტს ამ ადამიანების საზაფხულო დასვენება და გარუჯვა. ოფიციალური მონაცემებით, სამინისტროების თანამშრომელთა სადღესასწაულო პრემია-დანამატები საქართველოს ბიუჯეტს წელიწადში უჯდება, დაახლოებით, 50 მილიონი. არადა, ქვეყანა გაჩერებულია, არ მუშაობს და რიგით ადამიანებს ქამრები გვაქვს შემოჭერილი. კიდევ ერთ დეტალზე უნდა მოგიყვეთ: ხელთ მაქვს კულტურის სამინისტროსა და სხვა უწყებების მიერ მისაღები ფულადი გრანტების ჩამონათვალი. ზოგადად, სამინისტროები, გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა დონორი ორგანიზაციებისგან და ფონდებისგან, სხვადასხვა პროექტზე მუშაობისთვისაც იღებენ საკმაოდ მსუყე თანხებს. ძალიან ბევრმა სამინისტრომ და სამინისტროზე დაქვემდებარებულმა სიპ-მა აიღო ასეთი გრანტი ამერიკის საელჩოდან, ასევე სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტიდან და ა. შ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთადერთი გრანტი აიღო 13 მარტს და დონორი ორგანიზაცია არის საერთაშორისო საქველმოქმედო ჯგუფი `ქართუ~. როგორც ჩანს, მან 7 875 436 ლარი ჩაურიცხა სამინისტროს გარკვეული პროექტისთვის, თუმცა ამათ რა გააკეთეს, უცნობია. ის ადამიანები, რომლებიც გრანტების მაქინაციებში არიან გაწაფულნი, მსგავსი თანხებიდან ხელს კარგად ითბობენ ხოლმე. _ როგორ ითბობენ? _ სხვა მაქინაციებზე რომ არაფერი ვთქვა, გრანტებიდან ფულს ვალუტის ცვლილებებითაც აკეთებენ. თუ პროექტის მიხედვით მან უნდა იყიდოს, ვთქვათ, 100 სკამი და მითითებული აქვს, რომ თითოეულის ღირებულება 25 ლარია, ერთი საათით ვალუტის კურსის ცვლილებას დააფიქსირებს და უკვე მოგებულია. წარმოიდგინეთ, რამხელა „ატკატი“ დარჩებათ, როცა საუბარია მილონიან გრანტებზე. სწორედ ამიტომაც არის ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური გარემო. კულტურის სამინისტროს უმუშევრობა და მდგრადობა იმაშიც აისახება, რომ მას იანვრიდან სერიოზული საერთაშორისო უცხოური ორგანიზაციებიდან გრანტი არ აუღია. ეს იმას ნიშავს, რომ ის საერთაშორისო მასშტაბით სათანადოდ ვერ მუშაობს და უცხოეთში ჩვენი კულტურის პროპაგანდას არ ახდენს. არადა, სწორედ კულტურის სამინისტრომ უნდა გაუწიოს პოპულარიზაცია ქართულ კულტურას უცხოეთში. ყოველთვის ვცდილობდით, რომ ჩვენი კულტურით წარვმდგარიყავით უცხოეთის წინაშე, რაც, როგორც გითხარით, არ ხდება. სამაგიეროდ არ დამავიწყდება, როგორ მოიქცა ეს სამინისტრო, როცა ფილმ `მანდარინების~ შემოქმედებითი ჯგუფი „ოსკარზე“ მიდიოდა. მოგეხსენებათ, მათ სასაცილო თანხები გამოუყვეს, თავად კი უკვე ნახეთ, რამდენ ფულს ხარჯავენ და ვის აქვს კულტურის სამინისტროში შექმნილი კომფორტული გარემო და სასათბურე პირობები.   „ქრონიკა+“ კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.  

                                                                                            ნელი ვარდიაშვილი

   

გაზიარება