პარლამენტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება. როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ძნელი სათქმელია. თუმცა ფაქტია, რომ ეს იოლი არ იქნება, რადგან წვევამდელების არსებობას ქვეყანაში მომხრეც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეც. ამ უკანასკნელთა ბანაკში გამეფებულია აზრი, რომ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას არანაირი წვევამდელები არ სჭირდება და კონტრაქტით მომსახურე სამხედრო პერსონალიც საკმარისია ქართული ჯარის არსებობისთვის. შეიძლება ეს მართლაც ასე ყოფილიყო, ოღონდ სხვა საქართველოში და სხვა დროს.
დღევანდელ რეალობაში კი, როცა ქვეყნის ტერიტორიის თითქმის მესამედი ანექსირებულია და მისი მასშტაბები კიდევ უფრო იზრდება, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებაზე საუბარი შეიძლება ქართულ დაუდევრობად მოვნათლოთ. კიდევ კარგი, პროფესიონალი სამხედროები ამ გაუქმების წინააღმდეგ გამოდიან. მაგალითად, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების ინიციატივას არ ეთანხმება და ამბობს: `სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საჭიროების შემთხვევაში შეიარაღებული ძალების ნახტომისებური გაზრდის შესაძლებლობა. აქ იგულისხმება, ის, რომ ომის შემთხვევაში სამშობლოს დაცვაში ყველა მონაწილეობს, _ კონტრაქტორიც და არაკონტრაქტორიც. სწორედ ამისთვის არის საჭირო წვევამდელების ინსტიტუტი, რომ ბიჭებმა ელემენტარული სამხედრო ცოდნა აითვისონ და ავტომატის თოხისგან გარჩევა შეძლონ~. ფაქტობრივად, წვევამდელები რეზერვს წარმოადგენენ, საჭირო ცოდნას კი ისინი სავალდებულო სამსახურში თუ შეიძენენ. საჯარო სკოლა ამ ფუნქციას ვერ იტვირთავს. ვახტანგ კაპანაძე განმარტავს: „ჩვენ, ცხადია, უნდა გადავიდეთ პროფესიულ შეიარაღებულ ძალებზე, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თუკი დადგება აუცილებლობა, რომ ნახტომისებურად გაიზარდოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა, რატომ უნდა გვქონდეს შეზღუდული გაწვევის განახლების შესაძლებლობა? ეს კი მხოლოდ წვევამდელების არსებობით თუ არის შესაძლებელი. თანაც, წვევამდელი მარტო ჯარში ხომ არ მიდის, ის მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროში, პენიტენციური სისტემის დაცვაში და ასე შემდეგ. მე არ მიმაჩნია, რომ ეს ასე საჩქაროდ და აუცილებლად მისაღები კანონია.
ბრძოლის ველზე ყველაზე კარგი შეიარაღებული სისტემა იყო და რჩება ადამიანი. სწორედ ამ ადამიანური ფაქტორის ზედმიწევნით განვითარება გვინდა და ამით გვსურს მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტურობას“.
ძალიანაც კარგია, თუკი ქართული ჯარის თავკაცები ასე ფიქრობენ. პროფესიული არმიის შექმნას რა სჯობია, მაგრამ ეს სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში წვევამდელების ინსტიტუტთან. პირიქით, ისინი ავსებენ ერთმანეთს.
„ქრონიკა+“ სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრება სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინს...
გიორგი თავდგირიძე:
_ ეს საკითხი აქტუალური გახდა. ჩემი პოზიციაა: საქართველოს წინ ელოდება საკმაოდ საინტერესო დებატები. თავდაცვის უწყების დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ჯანსაღია. ყოველ შემთხვევაში, პირველად ხდება ისე, რომ თავდაცვის ხელმძღვანელობამ არ შემოგვთავაზა ცალსახა აზრი მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე და საზოგადოებას სთავაზობს, იმსჯელოს ამ საკითხზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მოსაზრება შეჯერდება და გადაწყვეტილება მიიღება. თუმცა ფაქტი ერთია, _ მიუხედავად იმისა, გვეყოლება პროფესიული არმია, თუ დარჩება სამხედრო სავალდებულო სამსახური, კანონით არსებული ვალდებულება უნდა დარჩეს. ეს ვალდებულებაა ის, რომ სამშობლოს დაცვაში ყველა მონაწილეობს!
_ არ შეიძლება, ორივე ერთად იყოს, _ პროფესიულიც და წვევამდელებიც?
_ რა თქმა უნდა, შეიძლება. სამხედრო თეორეტიკოსი ვარ და პრაქტიკოსების აზრი ვიცი ამასთან დაკავშირებით. ყველა მიიჩნევს, რომ ოპტიმალური ვარიანტი არის დაკომპლექტების კომბინირებული პრინციპი _ საკონტარაქტო სისტემა იმ სამხედრო პროფესიებისთვის, რომელთაც საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება სჭირდებათ. მაღალ ტექნოლოგიებზეა საუბარი. მაგრამ, ამასთანავე, როგორც წესი, საკუთარი ქვეყნის დაცვის ძირითადი ტვირთი უნდა გადადიოდეს ამ ქვეყნის მოქალაქეებზე და მათი დიდი ნაწილი ბრძოლისთვის მზად უნდა იყოს. ამიტომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი დაიცვას, არის შერეული სისტემა, ანუ როცა ერთდროულად არის გამოყენებული საკონტრაქტო ფორმაც და სამხედრო სავალდებულო სამსახურიც.
_ სხვათა შორის, ბევრი გახარებულია, რომ სავალდებულო გაწვევა აღარ იქნებაო.
_ მე არ ვიცი, სოციალური კვლევა როგორია და რამდენად დიდია ასეთი ადამიანების მასა, მაგრამ არ მგონია, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მამაკაცებზე ვსაუბრობ, გაურბოდეს თავისი ვალდებულების შესრულებას. თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფო, შესაბამისად, ამ სახელმწიფოს საფასურად გარკვეულ ვალდებულებებს ერთმანეთში უნდა ვინაწილებდეთ და ყველა უნდა იყოს მზად, რომ ეს ვალდებულება მოიხადოს. არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ ამ ვალდებულებას ვინმე გაექცეს, გარდა იმისა, თუ არის პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ. ზოგადად, ვალდებულების მოხდა ყველანაირად შეიძლება _ იარაღითაც და უიარაღოდაც: საქართველოში არსებობს როგორც სამხედრო ვალდებულება, ასევე ალტერნატიული სამხედრო სამსახური.
_ გაუქმების ინიციატივა საიდან მოდის?
_ მე ვიცი, რომ აქ ჩართულია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ფრთა. ყოველ შემთხვევაში, ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც ეს გააჟღერა, გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ამ ჯგუფის ინიციატივაა და მე ვერ მოვისმინე რაიმე ახსნა-განმარტება და ლოგიკური არგუმენტი, თუ რატომ უნდა გაუქმდეს წვევამდელების სამსახური.
_ მერე, ყველაფერი, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც ყოფილი ჯგუფი წამოაყენებს, განხილვის თემად უნდა იქცეს?
_ ეს განხილვის თემა და აქტუალური იყო ისედაც. „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლადაც გაჟღერდა, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს პროფესიული არმია. აქ ბევრი საკითხია განსახილველი და სინამდვილეში საგანგაშოც არაფერია, ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჯდება. უბრალოდ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჯაფარიძის კანონპროექტი საკმაოდ ნაჩქარევად გაკეთდა და თითქოსდა სურს, რომ ცაიტნოტში ჩააგდოს ხელისუფლება.
დიმიტრი შაშკინი:
_ ფუნდამენტურად აგიხსნით, თუ რას ეხება საქმე, იმიტომ რომ ეს უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებასა და მომავალს. დავიწყოთ 2003 წლის „ვარდების რევოლუციიდან“, როცა დღის წესრიგში დადგა ახალი ქართული ჯარის შექმნის საკითხი. მაშინ ამასთან დაკავშირებით ბევრ რჩევას ვიღებდით და ერთ-ერთი ძირითადი იყო, რომ საქართველოს სჭირდება პატარა და მოქნილი ჯარი, რომლის უმთავრესი მიზანი იქნება საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა და ლოკალური კონფლიქტების აღმოფხვრა. პარალელურად გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი არ გვექნებოდა. მოგეხსენებათ, მაშინ სულ ტრიალებდა ჯორჯ ბუშის ფრაზა, რომელმაც თქვა, _ მე პუტინს თვალებში შევხედე და დავინახე, რომ მართალი კაციაო. მაშინ ნდობის ფაქტორი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, რაც საბაბს აძლევდა იმ ხალხს, ვინც ჩვენთან ერთად ახალი ჯარის შექმნის კონცეფციაზე მუშაობდა, ევარაუდა, რომ რუსეთთან ომი მოსალოდნელი არ იყო და დღევანდელი რუსეთი აღარ წარმოადგენდა XX საუკუნის რუსეთს. გადაწყდა, რომ უნდა შექმნილიყო პატარა ჯარი და ასეც გაკეთდა. საშუალოდ, ქართული ჯარი არის 25-ათასკაციანი. ამასთან ერთად, 2003 წლის შემდეგ, მთავარი აქცენტი გადატანილი იყო პროფესიულ ჯარზე, რამაც, ბუნებრივია, იმათ წისქვილზე დაასხა წყალი, ვისაც ჯარში მსახური არ უნდოდა და მხოლოდ პროფესიულ ჯარზე გაკეთდა აქცენტი. ეს ყველაფერი კი 2008 წლის ომმა თავდაყირა დააყენა.
_ რაში გამოიხატება თავდაყირა დაყენება?
_ როდესაც გაერთიანებულმა შტაბმა გააანალიზა 2008 წლის ომის პრობლემები, დავინახეთ: ქართულ ჯარს სამხედრო ამოცანის შესასრულებლად სჭირდებოდა, მინიმუმ, 100 ათასი კაცი. შეიარაღებულ ძალებში, ძირითადად, არსებობს ორი ნაწილი, _ ეს გახლავთ რეგულარული ჯარი და რეზერვი. საქართველოს პირობებში ერთად მათი რაოდენობა უნდა შეადგენდეს 100 ათას კაცს. რეზერვი შედის კადრირებულ ბრიგადებში და ამით ავსებს შეიარაღებულ ძალებს. 2008 წლამდე რეზერვი კეთდებოდა ნებაყოფლობითობის პრინციპებზე. ხალხი მოდიოდა, ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდა და ამით თავს ვიტყუებდით, რომ რეზერვი გვყავდა.
_ მაშინ იცოდით, თავს რომ ვიტყუებდით?
_ არა, 2008 წლის ომმა გვაჩვენა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ძალიან ბევრს ვუსმენდით ჩვენს საერთაშორისო კონსულტანტებს, რომლებიც გვაჯერებდნენ, რომ რუსეთი ფართომასშტაბიან ომს არ დაიწყებდა. ყოველთვის გვაწყნარებდნენ, რომ პუტინი ამას არ იზამს და ნურაფრის გეშინიათო. 2008 წლის ომმა კი ყველას დაანახვა, _ რეზერვის მომზადების დონე არასაკმარისი იყო იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ეჩვენებინათ სრული სამხედრო მზადყოფნა. ასევე არ იყო კოორდინაცია რეგულარულ ჯარსა და კადრირებულ ბრიგადებს, ანუ რეზერვს შორის, ანუ ეს ხალხი კი შემოვიდა კადრირებულ ბრიგადებში, არ დამალულა და ბრძოლაც უნდოდა, მაგრამ არ იყო კომუნიკაცია მასსა და რეგულარულ ჯარს შორის. ხოლო როცა კომუნიკაცია არ არის, როგორი ძლიერიც არ უნდა იყო, ვერაფერს გააკეთებ. ამიტომ 2008 წლის ომის შემდეგ დადგა საკითხი, რომ ასეთი რეზერვის არსებობა უაზრობა იყო. ერთ თვეში მეომარს ვერ ამზადებ და ვერც ჯარის საერთო ფორმატში სვამ. მაგალითად, არსებობს ბრიგადა, რომლის რაოდენობა, პირობითად, შეადგენს 1500 კაცს. ეს ბრიგადა ომის პირობებში ხდება 4000-იანი. ეს 2500 კაცი, რომელიც ემატება, არის რეზერვი, მაგრამ თუ კოორდინაცია არ არის, ყოველთვის არსებობს პრობლემები. დადგა საკითხი, რომ ჯარი აუცილებლად უნდა გადაყვანილიყო შერეულ სისტემაზე. დავინახეთ, რომ საჭიროა 100-ათასკაციანი ჯარი.
_ ეს ციფრი საიდან მოდის?
_ გენშტაბმა დათვალა იმ წერტილებიდან და ძალებიდან გამომდინარე, რომელიც კონცენტრირებულია ჩვენი მიმართულებით: გიუმრის ბაზა, ცხინვალი და აფხაზეთი, სადაც რუსეთს შეუძლია, 100 ათასი კაცი გამოიყვანოს ჩვენ წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენი მხრივ, ჩვენი ამოცანებიდან გამომდინარე, გვჭირდება 100 ათასი კაცი. ამის შემდეგ დადგა საკითხი, თუ საიდან ავიღოთ ასეთი რაოდენობა. ამ რაოდენობის პროფესიული ჯარის შესანახი ფული ქვეყანას არ გააჩნია, ამიტომ დადგა წვევამდელების საკითხი და უნდა შექმნილიყო შერეული ჯარი, რომელიც დაკომპლექტდებოდა როგორც პროფესიონალებით, ასევე წვევამდელებით. პირველ ეტაპზე ავიყვანეთ 6 ათასი წვევამდელი. ჩემი თავდაცვის მინისტრობისას 9 ათასამდე გავზარდე და ვგეგმავდი, რომ 2013 წლისთვის საქართველოში ყოფილიყო 12 ათასი წვევამდელი. ეს იმას ნიშნავდა, რომ ხუთ წელიწადში გვეყოლებოდა ჯარგავლილი 60 000 კაცი, ანუ, რეალურად, ხუთ წელიწადში გვეყოლებოდა 25-ათასიანი რეგულარული და 60-ათასიანი რეზერვი, რომელიც გაცილებით უკეთ მომზადებული იქნებოდა თავის წინამორბედ რეზერვთან შედარებით და კომუნიკაციაც იქნებოდა. ამას გარდა, შემდეგი კონცეფციაც იყო, რომ უნდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი რეზერვი. ეს არის ხალხი, რომელმაც ჯარში ადრე იმსახურა და სავალდებულო რეზერვში არ ხვდება, მაგრამ სურს, რომ მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის თავდაცვაში. ზუსტად ასე კეთდებოდა რეზერვები და ახლა სავალდებულო სამსახურის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება მთლიანად ქვეყნისთვის. იმედია, ასე არ მოხდება და ქართულ ჯარში ორივე სახეობა განვითარდება _ პროფესიულიც და წვევამდელებიც.
დავით დევიძე