QronikaPlus
სასამართლო ძველ რეჟიმში მუშაობს - გაჭიანურებული პროცესები და დაგვიანებული ექსპერტიზა!

სასამართლო ძველ რეჟიმში მუშაობს - გაჭიანურებული პროცესები და დაგვიანებული ექსპერტიზა!

2015-08-06 09:20:58

„ქრონიკა+“აგრძელებს რუბრიკას „მხილების გვერდი“. ადვოკატი მამუკა ნოზაძე მოითხოვს მოსამართლეთა კონკრეტული უკანონობების შესწავლას და იმ ადამიანების დასჯას, ვინც ეს ჩაიდინა. მამუკა ნოზაძე: _ საქართველოს კონსტიტუციით ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება, თუმცა კანონის ეს იმპერატიული მოთხოვნა კარგა ხანია, უხეშად ირღვევა. სასამართლო არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია აღადგინოს პირის უფლება სხვადასხვა კუთხით, დროულად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები, რამდენ ხანში უნდა განიხილოს სასამართლომ მარტივი და რთული კატეგორიის დავები. მარტივი დავის განხილვა 2 თვის ვადაში უნდა დასრულდეს, რთულის კი შეუძლია, 5 თვემდე გააგრძელოს. მარტივი დავის საქმე არ შეიძლება ერთი ან ორი წლის მანძილზე იხილებოდეს, მაგრამ სასამართლო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ხშირია. _ შეიძლება, მარტივი დავის საგნის განხილვა იმის გამო გაჭიანურდეს, რომ მოსამართლეს ვადა ამოეწურა და საქმე სხვა მოსამართლეს დაეწერა, რომელმაც ვადის ათვლა თავიდან დაიწყო? ვადების გახანგრძლივების მიზეზი მხოლოდ მოსამართლეთა მოუცლელობაა, თუ მასში კორუფციული ნიშნებიც იკვეთება? _ რა თქმა უნდა, შეიძლება მასში იყოს კორუფციის ნიშნები და დაინტერესება. თუმცა ვადის გაგრძელების ობიექტური მიზეზებიც არსებობს: როცა საქმეში ჩნდება ახალი გარემოება, ან ერთ-ერთმა მხარემ წარადგინა ისეთი მტკიცებულება, რომლის გასაცნობადაც მეორე მხარეს გარკვეული დრო სჭირდება. შეიძლება დაინიშნა ექსპერტიზა, რომელიც გარკვეულ დროს მოითხოვს. სხვათა შორის, ექსპერტიზის მიმართულებითაც საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წელიწადნახევარზე მეტ ხანს უნდება ხოლმე საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის დასრულებას. ისინი არ მუშაობენ ეფექტურად, არ ჰყავთ სპეციალისტები და სანამ რომელიმე კვალიფიციურ ექსპერტს დაითანხმებენ მუშაობაზე, ამასობაში დროც გადის. ექსპერტები ანაზღაურებას იღებენ და დაკისრებულ საქმეს დროულად მაინც არ ასრულებენ. მოქალაქეები ვერ იღებენ სრულფასოვან საექსპერტო მომსახურებას, რადგან ექსპერტის პასუხის ჩაბარებამდე საქმის განხილვა ჩერდება. თუმცა ეს არის საქმის გაჭიანურების საპატიო მიზეზი და ამის გამო მოსამართლესთან ვერავის ექნება პრეტენზია. მოსამართლის შეცვლა და დავის საგნის ამ მიზნით გაჭიანურება, ანდაც ვადის ათვლის ახლიდან დაწყება არ არის ობიექტური მიზეზი. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა საქმე მოსამართლეს რამდენიმე თვე თაროზე უდევს, არ იხილავს და როცა სამოსამართლეო ვადა ამოეწურება, ან მივლინებით გადაჰყავთ სხვა რაიონში და საქმეს სხვა მოსამართლეს გადასცემენ, ეს უკანასკნელი ახლიდან იწყებს ვადის ათვლას. ამით ჭიანურდება საქმე და ზარალდებიან მოქალაქეები. _ შეიცავს თუ არა ასეთი ქმედებები დანაშაულის ნიშნებს? _ ის, რაც ზიანს აყენებს ადამიანს, არის დანაშაული. ცხადია, დანაშაულად მიიჩნევა და ზიანის ანაზღაურებასაც უნდა ითვალისწინებდეს, რადგან ზიანის ანაზღაურება მხოლოდ მეზობლის წყლის ჩამოშვებით მიყენებული ზარალის შემთხვევაში არ ხდება, არც მხოლოდ ავტომანქანის შეჯახებით გამოწვეული ტრავმა ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას. მოსამართლის მიერ საქმის უკანონოდ გაჭიანურებაც ასეთივე ტიპის ზიანია და ამის გამოც უნდა შედიოდეს სასამართლოში სარჩელები. არის შემთხვევები, როცა საქმის გაჭიანურების პერიოდში ერთ-ერთი მხარე გარდაიცვალა, ანუ მან სიცოცხლეში ვერ მიიღო დავის საგანზე გამამართლებელი, ან გამამტყუნებელი დოკუმენტი, რაც შემდგომ უკვე მისი შთამომავლების დავის საგნად იქცევა ხოლმე. ეს კი ზიანის მომტანია ამ ადამიანებისთვის. სასამართლოში ასეთი წესრიგი რომ დამყარდეს, აუცილებლად უნდა შეიქმნას სადისციპლინო კოლეგიები, რომელიც მოსამართლეებს იძულებულს გახდის, კანონის შესაბამისად იმოქმედონ. _ იქნებ, კონკრეტული მოსამართლეების სამართალდარღვევების მსგავს ფაქტებზეც გვესაუბროთ? _ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჭალიძე იხილავს ნინო ბაქაქურის საქმეს. ბაქაქური სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე მუშაობდა და უკანონოდ გაათავისუფლეს. მან ერთხელ უკვე მიმართა სასამართლოს და პროცესიც მოიგო, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ იგივე უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც მანამდე ჰქონდა და შემდგომ სასამართლოს მიერ გაბათილდა. ანუ მეორედ გაათავისუფლეს ნინო ბაქაქური სამსახურიდან, ამიტომ ხელმეორედ მოგვიხდა სასამართლოსთვის მიმართვა. მოსამართლე, რომელსაც ეს საქმე უნდა განეხილა, სხვა სასამართლოში მიავლინეს, რის შემდეგაც საქმე განსახილველად გადაეცა ნინო ჭალიძეს. მან პროცესი ჩაატარა, მაგრამ სხდომა გადადო და თქვა, საქმეს გაცნობილი არ ვარო. მოსამართლის მხრიდან ეს არის უსირცხვილო განცხადება, რადგან ჩანიშნული პროცესის დროს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმას, რომელმა მოსამართლემ დანიშნა ეს განხილვა და ის აუცილებლად უნდა ჩატარდეს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჭალიძე 2015 წლის 1-ლ აპრილს დაინიშნა ამ სამსახურში. ორი კვირით ადრე დაიწყო სამოსამართლეო საქმიანობა და სამ თვეში განაცხადა, რომ შვებულებაში უნდა წავიდეს. ნინო ბაქაქურის საქმეზე ერთხელ უკვე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, უზენაეს სასამართლოს ამ კატეგორიის დავებთან მიმართებით ერთგვაროვანი პრაქტიკა აქვს ჩამოყალიბებული, ამიტომაც ეს უმარტივესი საკითხია, რომლის განხილვა ერთ სხდომაზეც არის შესაძლებელი. ჭალიძემ კი მაინც გადადო სექტემბრამდე და ჯერაც უცნობია, მაშინ მაინც თუ დაასრულებს მას. ბაქაქური უკვე ორი წელია, ამ უსამართლობას ებრძვის და საშველი არ დაადგა. აბა, მითხარით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს ქმედება დანაშაულებრივი არ არის? სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არის სპეციალური ნორმა, რომელშიც პირდაპირ წერია, მხარის შუამდგომლობით რომელი გადაწყვეტილებები უნდა მიეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ასეთ გადაწყვეტილებათა რიცხვში შედის უკანონოდ განთავისუფლებული პირის სამუშაოზე აღდგენაც. ერთ-ერთ ასეთ საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პროცესი მოვუგეთ და მომჩივანი ადამიანი საბერძნეთში საქართველოს კონსულის თანამდებობაზე აღვადგინეთ. ამ პიროვნების სარჩელი თითქმის ერთი წელი იყო შეტანილი სასამართლოში და გადაწყვეტილება აპრილში გამოიტანეს. სასამართლოს შუამდგომლობით მივმართეთ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის ნორმიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ აღსრულებულიყო გადაწყვეტილება, ვინაიდან მხარეს ადგებოდა ზიანი _ იყო უმუშევარი და სხვა შემოსავალი ოჯახს არ გააჩნდა. ერთი კვირა დამჭირდა, რომ გამერკვია, მისამართლემ მიიღო თუ არა გადაწყვეტილება. მოკლედ, განხილვას აჭიანურებდნენ, შემდეგ კი მოსამართლემ უარი გვითხრა მისი დაუყოვნებლად აღსრულებისთვის მიქცევის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუმცა არ დაგვისაბუთა, რატომ გადაწყვიტა ასე. ცხადია, დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ნინო ჭალიძე იმის გამო დაინიშნა სასამართლოში, რომ ახალ ტალღაზე მოაზროვნე მოსამართლეებმა განახორციელონ ის რეფორმები, რაც პრობლემური იყო წლების მანძილზე, თუმცა ამ კუთხით მაინც არაფერი იცვლება. მერი გულუაშვილიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დაინიშნა მოსამართლედ 2015 წლის პირველ აპრილს. ის სპეციფიკურ დავებს იხილავს. მაგალითად, როცა პატიმარს განთავისუფლებაზე უარი უთხრეს და გამო ჩივის; შრომის დავაზე და ა. შ. მას აწერია ერთ-ერთი პატიმრის საქმე, რომელიც 3 თვეა, წარმოებაში აქვს და ჯერ მოსამზადებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს. ზოგჯერ ამ სახის დავას მოსამზადებელი სხდომაც კი არ სჭირდება და მისი განხილვა, გადაწყვეტილების მიღება, მთავარ სხდომაზეც შეიძლება. მერი გულუაშვილს ერთ-ერთი რეზონანსული, საყდრისის საქმეც აწერია, სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ ნინო მიქაშვილი, მე, მეხრიშვილი და ირაკლი ლომიძე. ამ საქმეზე სარჩელი დიდი ხანია, შევიტანეთ და დავაც მიმდინარეობს. ის სხვა მოსამართლეს ეწერა, მაგრამ სხვა რაიონში გადაიყვანეს და ამის გამო მოხვდა გულუაშვილის ხელში. სასამართლო სისტემის პრობლემა ისიც არის, რომ მოსამართლეებს სხვადასხვა რაიონში დაატარებენ, რის გამოც ასევე ზარალდებიან რიგითი ადამიანები. გულუაშვილს ეს საქმე სამი თვის წინათ გადაეცა, მაგრამ მოსამზადებელ სხდომას როდის ჩანიშნავს, ესეც უცნობია. საქმის განხილვის გაჭიანურებით უხეშად ირღვევა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც მოიცავს არა მარტო იმას, რომ მოსამართლემ სამართლიანად უნდა განიხილოს საკითხი და მიიღოს ობიექტური, დასაბუთებული გადაწყვეტილება, არამედ მოიცავს იმასაც, რომ არ უნდა გაჭიანურდეს საქმის განხილვა. ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ არაერთი გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც საქმეების გაჭიანურება მიჩნეულია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. აქედან გამომდინარე, არ არის გონივრული, როცა მარტივ საქმეებს მოსამართლეები წლების მანძილზე იხილავენ. მოგეხსენებათ, სასამართლო დაყოფილია სამ კატეგორიად: სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიად, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებად. მოსამართლეები კოლეგიების მიხედვით იღებენ საქმეებს, თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ ის არის სისხლის სამართლის სპეციალისტი და იხილავს ადმინისტრაციულ საქმეს. ადმინისტრაციული საქმეები სპეციფიკურია და მის განხილვას შესაბამისი გამოცდილება სჭირდება. ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობს გამომძიებლად, ან პროკურორად, ბუნებრივია, ადმინისტრაციულ დავებთან კავშირი არ აქვს და გამოცდილებასაც ვერ დააგროვებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსამართლის ამპლუაში ის ამ კატეგორიის საქმეების განხილვისას ხარისხიან მართლმსაჯულებას ვერ დააყენებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე არის ირაკლი შენგელია, რომელიც წინათ ისანი-სამგორის რაიონში მუშაობდა გამომძიებლად, პროკურორად და სამოქალაქო საქმეებთან კავშირი არ ჰქონია. მან გამოცდებიც სისხლის სამართლის კუთხით ჩააბარა. სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი რომ ყოფილიყო, მისი ადმინისტრაციულ პალატაში დანიშვნა არ გამიკვირდებოდა. წლების განმავლობაში იყო ბრალმდებელი, მიუხედავად ამისა, `ნაციონალების~ დროს პირდაპირ დასვეს ადმინისტრაციული პალატის სათავეში. ეს იმიტომ მოხდა, რომ ის იყო `ნაციონალების~ კადრი და მას კონტროლი უნდა გაემყარებინა სხვა მოსამართლეებზე, რათა მიღებულიყო მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რაც მაშინ ხელისუფლებას აწყობდა. _ უკვე ორი წელია, ხელისუფლება შეიცვალა და ეს ადამიანი თუ საქმეს არაკომპეტენტურად უდგება, რატომ ვერ ათავისუფლებენ? _ მისი განთავისუფლება შეიძლება, მაგრამ სახელმწიფომ არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ახალი ხელისუფლება ამ კუთხითაც არ მუშაობს ეფექტურად და საზოგადოებისთვის უმნიშვნელო წვრილმანების კეთებაზეა გადასული. ეს ადამიანი გახლავთ იმ დაჯგუფების წარმომადგენელი, რომელიც ნინო გვენეტაძეს რეფორმების გატარებაში ეწინააღმდეგება. შენგელია პალატის თავმჯდომარედ დანიშნული იყო 5 წლის ვადით და ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვალერი ცერცვაძის მსგავსად მოიქცა: 5-წლიანი ვადა დასრულებული არ ჰქონდა და ერთი წლით ადრე კვლავ აირჩიეს ამ თანამდებობაზე _ ასე გაუხანგრძლივეს უფლებამოსილება. ეს არის იუსტიციის საბჭოს დანაშაულებივი საქციელი! ნონსენსი! მაგრამ პატრონი ვინ არის? ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ მოკვლევა დაიწყოს და შესაბამისი გადაწყვეტილება დადგეს. შეისწავლოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ ეს ინფორმაცია, გაარკვიონ, როდის დაინიშნენ ეს ადამიანები პირველად თავმჯდომარეებად და როდის დაეკისრათ მათ ხელახლა უფლება-მოვალეობა. არც ერთი დამნაშავე თავად არ ამბობს, დამსაჯეთო, მაგრამ როცა უტყუარ დოკუმენტებს დაუდებ, უკანონობის წინაშე ხმას ვერ ამოიღებს. მოვითხოვ, ჩაატარონ მოკვლევა ამ საკითხზე და დასაჯონ ის პირები, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იქნება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის კუთხით.  

                                                                                                               ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება