ზუსტად ერთი წელი გავიდა თვითმმართველობის არჩევნებიდან. კახურად მთლად უხეიროდაც რომ არ ჟღერდეს, ზოგს წინასაარჩევნო დაპირება კი არა, საკუთარი ბალღის სახელიც კი დაავიწყდა, რაც გაიფხორა და გადიდკაცდაო.
ასეა თუ ისე, „ქრონიკა+“-მა მაინც მიიჩნია, რომ ლაგოდეხის, გურჯაანის, ახმეტის, ქალაქ თელავისა და თელავის თემის პრესსამსახურებისთვის მიემართა და მარტივი კითხვები დაესვა: რა შეიცვალა მათ მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის მანძილზე? წინასაარჩევნო დაპირებებიდან რომელი შესრულდა, რომელი სრულდება და რომელი არა? მოკლედ, ლაკონიურად მოვითხოვეთ პასუხი, _ და თუ ვრცელი კომენტარი გექნებათ, არც მაგაზე დაგზარდებით, ყველაფერს უკლებლივ გადავიტანთ ფურცელზე, ოღონდაც თქვენმა გამგებლებმა და მერმა ამ კითხვაზე კომენტარი გაგვიკეთონ-მეთქი.
და, აი, როგორც ერთმა თელაველმა ყოფილმა გამგებელმა თქვა, ჩემს სიგრძე-სიგანეს გეფიცებით, არაფერს მოვაკლებდი, ოღონდ ყველას გადმოეგზავნა პასუხი (არ დაგავიწყდეთ, არც სიგრძე მაკლია და არც სიგანე). ჰოდა, დიდი თხოვნისა და ლოდინის შემდეგ მხოლოდ ორმა _ გურჯაანის მუნიციპალიტეტისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურმა _ გადმომიგზავნა გამგებლების ე. წ. ახსნა-განმარტებები. ორივეს უცვლელად გთავაზობთ...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის პასუხი კითხვაზე, _ რა გაკეთდა ერთი წლის მანძილზე?
„ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. სიახლე იყო ის, რომ 2014 წლის არჩევნების დროს საკრებულოსთან ერთად გამგებელი აირჩიეს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გამოიკვეთა მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. არსებობს გამოწვევები, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ. ის ერთი წელი, რაც მე გამგებელი ვარ, არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის გარდამტეხი წელია. გასულ წელს შესაძლებელი გახდა, რომ რთველი, ყველა სხვა წლებთან შედარებით, უკეთესად ჩაგვეტარებინა. დაფიქსირდა ყურძნის მაღალი ფასი, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ დონეზე დადებითად აისახა. იაფი კრედიტის ფარგლებში გურჯაანში 10 საწარმო გაიხსნა. მუნიციპალიტეტი გაჭირვებულ მოქალაქეებს ფინანსურად ეხმარება. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამიტომ ყოველ ახალდაბადებულ ჩვილზე მუნიციპალიტეტი ოჯახს ერთჯერადი 300 ლარით ეხმარება. სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სრულდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს ერთი წელი საკმაოდ რთული გამოწვევების წელი იყო. ჩვენ დავამკვიდრეთ ტრანსფარენტული მუშაობის სტილი. რაც შეეხება შეფასებას, ეს ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს“.
ა, ბატონო, რთული იყო? გერგიძე, რომელიც პირველად აირჩიეს გურჯაანის გამგებლად, მან გამიკეთა კომენტარი და ბაიდაური, რომელიც უკვე მეორედაა ახმეტის გამგებელი, მისი პრესსამსახურის განცხადებით, საერთოდ არ არის სამსახურში... მაგალითად, ორშაბათს ვუკავშირდები და კითხვას ვთავაზობ. მოწიწებით, უმორჩილესად ვთხოვ ხუთშაბთს საღამომდე პასუხს, პრესსამსახური კი მწერს, _ კიი, კიი, არაა პრობლემა, დღესვე გადმოგიგზავნით, დღესვეო... და მეორე დღეს საღამოს მწერს, რომ ხუთშაბათს საღამომდე გამგებელი ახმეტაში არ არის. _ კარგი, იყოს პარასკევი-მეთქი... მაგრამ ამათი პარასკევი მაშინ დადგება, კატა რომ ძეხვს შესწვდება.
ასე და ამგვარად, ახმეტამ კომენტარი არ გააკეთა, ამიტომ მე გადავხედე გასულ ერთ წელს და თავიც ვალდებულად მივიჩნიე, ახმეტის გამგებელს მოვახსენო, რა გააკეთა ბოლო ერთი წლის მანძილზე:
პირველ ტურში წააგო და მეორე ტურში გასვლა დასჭირდა. მკვდარი და ცოცხალი ფეხზე დააყენა რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიადაურმა და ბექა ბაიდაურს გამგებლის პოსტი მაინც ჩააბარა. ამასობაში კი, წინასაარჩევნო დაპირებებიდან განსხვავებით, ახმეტაში პირველი, რაც გააკეთეს, გამგეობის ავტოფარეხი დაცალეს და ავტომობილების 60% გაყიდეს, რადგან გამგებელს ახალი ავტომობილი სჭირდებოდა.
თუ იმას არ ჩავთვლით, რომ კახელი გამგებლებისთვის პოლონეთში წასვლა, აგერ, ლილოს ბაზრობაზე ჩარბენას ჰგავს, ეგ კიდევ არაფერია, მაგრამ გამგებლების გარდა ოფიციალურ დელეგაციაში ახმეტის გამგებლის მძღოლებმა და ცოლისძმამ რომ დაიწყეს ბოლო ერთი წელია სირბილი, ეგ კი უკვე მიღწევაა! რაც მთავარია, გავაოცეთ ევროპა!
ახლა, მზე ხომ ჩვენთან დედოფლისწყაროდან ამოდის და მთავარი მისია რაც იყო გასულ წელს დედოფლისწყაროში, შესრულებულია, _ გამგებელი დაქორწინდა! ნიკოლოზ ჯანიაშვილი წელს გამგებელიც გახდა, ცოლიც მოიყვანა, ვალსიც გვიცეკვა და რაიონსაც ისე აშენებს, როგორც მარანში დაუწერენ უსტარს...
არც თელავის მერმა დაუხვალია და ისიც დაქორწინდა, თუმცა დაქორწინებას რა უშავს, მთავარია, რაც მერი გახდა აზნაური პლატონ კალმახელიძე, საკუთარი თვალით იხილა:
გერმანია!
ნორვეგია!
ესპანეთი!
დიდი ბრიტანეთი!
საფრანგეთი!
და როდესაც დაიპყრო ევროპა, მერე ამერიკასაც მიაშურა!
ეს ჯერ სულ ერთ წელიწადში მოასწრო ახალგაზრდა კაცმა და ხომ წარმოგიდგენიათ, ვადის ამოწურვამდე მთვარეზეც გაფრინდება და შეიძლება, თელავის მერიის ფილიალი იქ გახსნას!
ახლა, არ დამიწყოთ, მთელი წელი ამ კაცმა ამდენი თუ იარა, მანდ რაღა აკეთაო? რა? უნდა ეკეთებინა? რა? გასაკეთებელი დაუტოვა რამე ღვინიაშვილმა თუ სიბაშვილმა? აგერ, თეატრი და მუზეუმი იყო დასასრულებელი და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კულტურის სამინისტრო ჩამოიყვანა, დაგეგმეს, გააკეთეს და გელა სამხარაულმაც მერს წინასაარჩევნოდ მიცემული, ხალხთან დადებული პირობა შეუსრულა. აზნაური პლატონი დგას და გულზე მჯიღს ირტყამს, მე მივაღწიე შედეგსო, პარლამენტის დეპუტატი კი სამინისტროდან სამინისტროში დადის, თელავს მეფე ერეკლეს სასახლე და მუზეუმი აღუდგინეთო, მარა მთავარია, რომ კეთდება და ხალხს არ აინტერესებს, ვინ გააკეთებს! სახელმწიფომ უნდა აკეთოს და კი გამოდის რაღაც. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მერმა ხევი გაწმინდა და რეაბილიტაცია გაუკეთა. ეს რეაბილიტირებული ხევი კი იქნება ლამაზად 2-3 წელი და სამი წლის მერე ზემოდან ღვარცოფი რომ დაატყდება ქალაქს, ხევსაც რომ წაიღებს და ნახევარ თელავსაც, სულ არ ადარდებს კალმახელიძეს. იცის, რომ მეორედ აღარავინ აირჩევს!
თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს თელავში.
დაგვრჩა ახლა „გასასაღებელი“ თელავის თემისა და ქალაქის საკრებულოს დასაქორწინებელი თავმჯდომარეები. როგორც ამომრჩეველთან მიცემული მთავარი პირობაა, ორივემ ვადის ამოწურვამდე უნდა მოიყვანოს ცოლი, თუ არადა, ვეღარ იხილავენ თვითმმართველობაში მათ ამომავალ მზესა და კარიერას.
კახეთში უკვე ხუმრობენ, _ თუ ცოლი ვერ მოგყავს, გამგებელი უნდა გახდე და უცებ დაქორწინდებიო! იმ ძველ ამბავს კი ჰგავს, უდიპლომო სასიძოს ქალს რომ არ აძლევდნენ, მარა ჩვენთან უკვე თამასამ აიწია _ ქალი აღარ თხოვდება, თუ მისი ქმარი მერი, გამგებელი, საკრებულოს დეპუტატი, ან, უბრალდ, `ქართული ოცნების~ წევრი არ არის!
ეს ხუმრობა არ გეგონოთ, დიპლომი არაა საინტერესო, მთავარია მანდატი, მანდატი!
რაც შეეხება უხვ და ბარაქიან ლაგოდეხს, მოწიწებით დავურეკე ლაგოდეხის გამგებლის, კახა ჯამბურიას პრესსამსახურს და ვკითხე:
_ ლიკა, სულ რაღაც, ერთი კითხვა მაქვს: რა შეიცვალა ლაგოდეხში ბოლო ერთი წლის მანძილზე, რა გაკეთდა, რა ვერ გაკეთდა, რაც ჯამბურია გახდა გამგებელი და პასუხი მინდა, იქნებ, გადმომიგზავნო-მეთქი? ლიკამ არ დაიზარა და მითხრა, რომ უპრობლემოდ ორშაბათსვე მომწერდა პასუხს. ორშაბათს დამირეკა და ახლა მან მთხოვა მოწიწებით, _ იქნებ, ეგ კითხვა „მეილზე“ მომწერო, გამგებელმა ასე თქვაო. მეც ავდექი და მივწერე მითითებულ „მეილზე“. „მეილიდან“ პასუხი მომივიდა, _ კითხვას ოფიციალური ფორმა მიეცითო. მეც მივწერე, _ საჯარო ინფორმაციას კი არ ვითხოვ, გამგებლის კომენტარი მინდა, იქნებადა, გადმოგეგზავნათ-მეთქი?
მოკლედ, არც გადმოუგზავნიათ და არც მოუწერიათ, თუმცა მაინც გადავავლე თვალი ბოლო ერთ წელს და აღმოვაჩინე: „რუსთავი 2“-ს რეკორდი მოუხსნა კახა ჯამბურიამ და თავისი ცოლის დაქალებით გაავსო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ამომრჩეველმა კი „სიყვარულით“ დაუწერა გამგეობის წინ: „ჩემი ცოლის დაქალების შენობა“.
როცა ცოლის დაქალები ყველა ფრანგულ ქუსლზე შემდგარი დაასაქმა, ახლა მუნიციპალიტეტის ქონების დანიავებას მიჰყო ხელი და 1 მილიონად შეფასებული `კამაცუ~, აი, ისე ძმაკაცურად, არც კი რომ უკითხავს საკრებულოსთვის, ვოლსკის მეგობარს ათხოვა. იხმარა ვოლსკის მეგობარმა ხოშიანად, გააფუჭა და უკან დაუბრუნა. ამასობაში `ნაციონალურმა მოძრაობამ~ პროკურატურას მიმართა და გამგებლის მიერ თანამდებობის გულგრილად და ბოროტად გამოყენებისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. ამის გარდა, ჰერეთისკარში მცხოვრები სიფრაშვილების რვასულიანი ოჯახი ისევ ღია ცის ქვეშ ცხოვრობს და ისევ სამოწყალოდ ეძებს ქამა სოკოს, რომ მოაგროვოს და გაყიდოს. გამგებელმა დღემდე ვერც სახლი უშოვა და არც ქირის თანხა მისცა ოჯახს. რაც მთავარია, ლაგოდეხის გამგებელს კალაძე ჰყავდეს კარგად. კი სცოდნია კალაძეს დეიდაშვილობა თუ მამიდაშვილობა, უბატონოდ ხმას ვერ სცემს თავად გუბერნატორიც კი ლაგოდეხს. გასცემს და მოვა მილანის ლეგენდა და გუბერნატორს უკან დარჩება წინანდალში ნაყიდი ვენახები.
დაბოლოს, „ჭირი იქა და ქატო აქათი“ რომ არ დავასრულოთ, სადმე „გვერძე“, მეზობელ რეგიონებში თუ გასათხოვარი კარგი, მაღალი გოგოები გეგულებათ, იქნებ, გამოგვიგზავნოთ, ნახევარი თვითმმართველობა დასაქორწინებელი გვყავს. ვადის ამოწურვამდე მათ მეტი სადარდებელი მაინც არ აქვთ, ოჯახებს მაინც შევაქმნევინებთ და ერსაც ასე გავამრავლებთ.
თელავის თემის პრესსამსახურს სოციალურ ქსელში შავ სიაში გადავუყვანივარ, ასე რომ, მასთან კომუნიკაცია ცოტა გართულებულად მომეჩვენა, თუმცა თელავის თემის გამგებელმა ზედმიწევნით დეტალურად გადმომიგზავნა გასული ერთი წლის მუნიციპალიტეტის ნამოქმედარი. ამდენად, მასზე მეტის მოყოლას არ ვაპირებ, რაც მომწერა, მეც იმას ვწერ...
თელავის თემის პასუხი კითხვაზე, _ რა გაკეთდა ერთი წლის მანძილზე?
ალექსანდრე შათირიშვილი: „2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა 904622 ლარის ღირებულების სამუშაოები; გარდა ამისა, გარე განათების სამუშაოებისთვის გამოვყავით 18 917 ლარი, მუნიციპალიტეტის დასასუფთავებლად _ 24502 ლარი, სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის (წერტილოვანი შეკეთება) _ 38 424 ლარი; სოფელ იყალთოში გაშენდა სკვერი; სოფელ ვარდისუბნის ბაგა-ბაღს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია; 2014 წელს სექტემბერში თელავის სოფლების ბაგა-ბაღების 90%-ს ექნება ახალი, გარემონტებული და რეაბილიტირებული შენობა; ინფრასტრუქტურა იქნება საუკეთესო მდგომარეობაში; ამ დროისთვის ყველა სოფელს მიეწოდება წყალი, ყველა სოფელს აქვს გაზი, მიმდინარეობს გზების მოასფალტება, ყველა სოფელში პირველად ივლის ნაგავმზიდი, რომელიც ბუნკერებიდან გაიტანს ნარჩენებს; გარემონტდა წინანდლისა და იყალთოს კულტურის სახლები... ეს ერთ წელიწადში გაკეთებული საქმეების არასრული ჩამონათვალია, თუმცა მომდევნო წელიწადი უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდება“.
მაკა მოსიაშვილი