„ქართული ოცნების“ პარტიის ოფისის მოპირდაპირე ტერიტორია _ ერეკლეს მოედანი #6, ხის ღობით არის შემორაგული, შიგნით კი ბალახი ბიბინებს. რამდენიმე წლის წინ იქ სიცოცხლე ჩქეფდა. ორსართულიან სახლში, რომელიც ამ ადგილზე იდგა, 10-მდე ოჯახი ცხოვრობდა. სახლის რეკონსტრუქცია თბილისის განვითარების ფონდმა იკისრა, ამიტომ შენობა დაანგრია, მაგრამ აშენებას საშველი არ დაადგა. იქაურები დღემდე ქირით ცხოვრობენ და შეწუხებულები მერიას სთხოვენ, საკუთარ მიწაზე კარვები და ბიოტუალეტები დაადგმევინოს.
ბინის ერთ-ერთმა მესაკუთრემ „ქრონიკა+“-ს ამ სახლის თავგადასავალი მოუთხრო.
ვახტანგ ნაცვლიშვილი, ერეკლეს მოედნის #6-ის ბინის მესაკუთრე:
_ ჩვენი ორსართულიანი, იტალიური ეზოს ტიპის ორსართულიანი სახლი თბილისში, ერეკლეს მოედნის #6-ში, „ქართული ოცნების“ ოფისის, საპატრიარქოსა და ჟურნალისტთა სახლის გვერდით მდებარეობდა. მასში 10 მეზობელი ვცხოვრობდით. ჩემს ოჯახს მეორე სართულზე ეკუთვნოდა სამი ოთახი გარეთ გამოტანილი სამზარეულოთი და ერთი ოთახი პირველ სართულზე.
ბოლო პერიოდში რამდენიმე ინვესტორმა შემოგვთავაზა სახლის დანგრევა და მის ადგილზე კორპუსის აშენება, მაგრამ თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ, ამის საშუალება არ მისცა. 2011 წელს კი თბილისის განვითარების ფონდმა, ტურიზმის განვითარებისა და ძველი თბილისის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, ამ სახლის რეაბილიტაცია გადაწყვიტა. სახლი უნდა დაენგრიათ და იგივე ფორმით აეშენებინათ. თითოეულ მოსახლე ოჯახს გადმოგვეცემოდა ცოტა მომატებული ფართები კედლების სისქის შევიწროების ხარჯზე და სახლის შიდა პროექტშიც გათვალისწინებული იქნებოდა თანამედროვე სტანდარტები. ფონდის მიზანი ამ მშენებლობიდან მოგების მიღება არ უნდა ყოფილიყო, რადგან ეს ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ, ქალაქის იერსახისთვის, მისი განვითარებისთვის კეთდებოდა.
ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი არის შპს `მეიდან ჯგუფი~, რომელმაც უძრავი ქონებების ყიდვა-გაყიდვითა და ხელში ჩაგდებით გაითქვა სახელი. იგი არაერთ სასტუმროს ფლობს შარდენისა და ერეკლეს ქუჩებზე, მის საკუთრებაში იყო როსტომ მეფის სასახლე, მაგრამ მერე ბიძინა ივანიშვილს მიჰყიდა. ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე არის ფაბრიკის ძველი შენობა. ამის შესყიდვასაც ცდილობს. ამ შპს-ს ეტყობა, რომ დიდი ფულისა და ძალის პატრონია და, შესაბამისად, ცდილობს, ჩვენს სახლშიც განახორციელოს თავისი მიზნები.
_ რა მიზნები აქვს?
_ ამ ფირმამ 2007 წელს ჩვენს სახლში, პირველ სართულზე, ბინა შეიძინა. მას შემდეგ იქ არავის უცხოვრია. 2011 წლის დეკემბერში, სანამ ბინის რეაბილიტაცია დაიწყებოდა, თბილისის განვითარების ფონდმა ამ სახლის ყველა ბინათმფლობელთან დადო ხელშეკრულება, მხოლოდ „მეიდან ჯგუფთან“ და პოლონეთში მყოფ ერთ-ერთ მეზობელთან არ დაუდევს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენი სახლის ადგილზე პროექტით გათვალისწინებული შენობა ერთ წელიწადში უნდა აშენებულიყო და 2012 წლის დეკემბერში ჩაგვბარებოდა. ჩვენც ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში დავცალეთ ბინები. ფონდი ყველა მოსახლეს ყოველთვიურად 400 ლარს გვიხდიდა, ბინები რომ გვექირავა. მოგვიანებით, გავიგეთ, რომ თბილისის განვითარების ფონდმა „მეიდან ჯგუფთან“ ხელშეკრულება გააფორმა ამ სახლის სხვა ბინათმეპარტონეებისგან უპირატესი უფლებით, რაც ითვალისწინებდა სხვა ბინის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე მათთვის დამატებითი ფართების _ 250 კვ.მ.-ის მანსარდაზე და 180 კვ.მ.-ის სარდაფის გადაცემას. ხელშეკრულება არღვევდა როგორც მორალურ ნორმებს, ასევე კანონმდებლობასაც. ეს მოხდა მაშინ, როცა სახლი დაინგრა, ჩვენი ბინები აღარ არსებობდა და დანაშაულებრივი კუთხით ნაკლებად სარისკო ფონი შეიქმნა.
_ ე. ი. ასე შეგნებულად მოიქცნენ?
_ სანამ ასეთი შენობა დაინგრევა, მანამდე მასთან დაკავშირებით მოქმედებს საქართველოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონი. ბინის სრული დანგრევის შემთხვევაში კი ეს კანონი ძალას კარგავს. კანონში წერია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ლიკვიდირებულია ბინის სრული დანგრევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ შპს „მეიდან ჯგუფსა“ და თბილისის განვითარების ფონდს შორის, სახლის დანგრევის შემდგომ, ხელშეკრულება შეგნებულად დაიდო, რაც გარკვეულ მიზნებს ისახავდა. სახლის დანგრევამდე დადებული ასეთი ხელშეკრულება უფრო მეტად იქნებოდა დანაშაულის შემცველი, თუმცა რაც გააკეთეს, ესეც დასჯადი დანაშაული _ თაღლითობაა. თუკი პროექტს მანსარდის 250 კვ.მ. და სარდაფის 180 კვ.მ. ფართები დაემატებოდა, ის უნდა ყოფილიყო ამხანაგობის საერთო საკუთრება, რომელიც იმის მიხედვით განაწილდებოდა, ვის რა ფართობის ბინაც ჰქონდა. ამ ხელშეკრულებაზე თბილისის განვითარების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი საბანაძემ მოაწერა ხელი. როცა ეს ამბავი შევიტყვეთ, ცხადია, წინააღმდეგობა გავუწიეთ. მოგვიანებით, თბილისის განვითარების ფონდმა უარი თქვა მშენებლობის დაწყებაზე, რის გამოც მას „მეიდან ჯგუფმა“ უჩივლა.
_ თბილისის განვითარების ფონდმა თქვენი პროტესტის გამო შეაჩერა მშენებლობა?
_ ჩვენ არ დავეთანხმეთ ხელშეკრულების იმ ნაწილს, სადაც ეწერა, რომ „მეიდან ჯგუფს“ 250 და 180 კვ.მ. ფართები ზედმეტად უნდა გადასცემოდა, მაგრამ მან უჩივლა თბილისის განვითარების ფონდს, რადგან ამ უკანასკნელმა მშენებლობა აღარ დაიწყო. 2012 წლის შემდგომ ფონდის ახალი ხელმძღვანელი, თემურ ხომერიკი, მიხვდა, რომ ეს ხელშეკრულება ეწინააღმდეგებოდა საჯარო კანონს, ზნეობრივ ნორმებს და საჯარო წესრიგს, ამიტომ ამ სახლის რეკონსტრუქცია იმ ფორმატით როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, აღარ გააგრძელეს. ისინი ამბობდნენ, სახლს ასეთი ფორმით მხოლოდ მაშინ ავაშენებთ, თუ ყველა მოსახლე განაცხადებს თანხმობას, რომ „მეიდან ჯგუფს“ ზედმეტი ფართები გადაეცესო. ჩვენგან თანხმობა არავის მიუცია, მშენებლობა ვერ დაიწყო და ამაზე გაბრაზებულმა `მეიდან ჯგუფმა~ ფონდს სასამართლოში უჩივლა. თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ მიმართვა, რომლითაც ეს შპს არქიტექტურის სამსახურებს სთხოვს, შეაჩერეთ მშენებლობა, რადგან ჩემი უფლება ირღვევა და თბილისის განვითარების ფონდი აღარ მიშენებს ხელშეკრულებაში მითითებულ ფართებსო.
მას საჩივრებითა და სასამართლო დავების წამოწყებით უნდოდა მშენებლობის გაჭიანურება და ჩვენი შევიწოება, რათა იძულებული გავმხდარიყავით, ამ ფორმით ბინის აშენებაზე თანხმობა მიგვეცა.
ჩვენ უნდა ჩავრთულიყავით ამ სამართლებრივ დავაში დამოუკიდებელი მოთხოვნით, შესაგებელი სარჩელით მესამე პირებად, მაგრამ არ შეგვატყობინეს და, შემთხვევით, განვითარების ფონდის იურისტისგან შევიტყვეთ ასეთი დავის მიმდინარეობის ამბავი. 2014 წლის 24 იანვარს პირველი ინსტანციის მოსამართლემ ზეპირი მოსმენით მიიღო გადაწყვეტილება და `მეიდან ჯგუფის~ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მეორე ინსტანციაშიც არ დაკმაყოფილდა მათი საკასაციო საჩივარი, რადგან მოთხოვნა აბსურდული და უკანონო იყო, არსებული ხელშეკრულება კი თავიდანვე განწირული გახლდათ ბათილობისთვის, რადგან ის კანონის შესაბამისობაში არ მოდიოდა. ამის შემდეგ გადაწყვეტილება გაასაჩივრეს უზენაეს სასამართლოშიც. სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბერს საქმე გადაეგზავნა და დღემდე იხილება. კანონით დადგენილ ვადებზე მეტი გავიდა და საპროცესო ნორმებიც დაარღვიეს, მაგრამ საქმის დასრულებას საშველი არ დააყენეს. კანონის მიხედვით, რთული საქმის განხილვაც კი 6 თვეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს, ეს საქმე კი იმდენად მარტივია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზეპირი მოსმენით მიიღო გადაწყვეტილება. 2015 წლის 10 მარტამდე ეს საქმე ეწერა უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს, მაგრამ
მას უფლებამოსილება შეუწყდა და გადასცეს მოსამართლე ნინო ბექაურს, თუმცა მოსამართლეთა ცვლილებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული საქმის განხილვა. 12 მარტს მთავრდებოდა საქმის განხილვის 6-თვიანი ვადა და 10 მარტს საქმეზე დაინიშნა ახალი მოსამართლე. ამის შემდეგ კიდევ 4 თვეა გასული. ეს არის საქმის განზრახ გაჭიანურება, რათა „მეიდან ჯგუფს“ მეტი დრო და საშუალება მიეცეს, რომ ჩვენგან თანხმობა მიიღოს.
_ ე. ი. „მეიდან ჯგუფს“ უზენაეს სასამართლოზე გავლენა აქვს? როგორ ახერხებს ამას?
_ ვფიქრობ, ამ საქმეში „მეიდან ჯგუფი“, თბილისის განვითარების ფონდი, მერია, სასამართლო და ბიძინა ივანიშვილი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. „მეიდან ჯგუფი“ არის ივანიშვილის „პადსტავნოე ლიცო“, რადგან ის ყიდულობს ფართებს, ობიექტებს და მერე მათგან იძენს ივანიშვილი. აქედან გამომდინარე, ის ყოველთვის გამოდის კეთილსინდისიერი და ხელშეუხებელი მყიდველი. როგორც გითხარით, ერეკლეს მოედნის ძირითადი ნაწილი „მეიდან ჯგუფის“ საკუთრებაში გადავიდა, რის შემდგომაც ბევრი მათგანი შეიძინა ივანიშვილმა. ალბათ, სწორედ ამ ხალხმა შეაჩერა საქმის წარმოება უზენაეს სასამართლოში. სხვათა შორის, სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციებშიც ვადის ბოლო პერიოდებში იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ამ ჯგუფს ისინიც აძლევდნენ საშუალებას, სახლის მცხოვრებლებზე განეხორციელებინათ ზეწოლა. ეს საქმე არის არა მხოლოდ მაქინაციური, არამედ მასში კორუფციის ნიშნებიც იკვეთება. 2014 წელს პროკურატურასაც მივმართეთ და განვუმარტეთ, რომ საქმე ეხებოდა თაღლითობასა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას. მშენებლობა რომ უსასრულოდ იწელება, წარმოიდგინეთ, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ჩვენს ქირაში. ასევე დამახინჯებულია ქალაქის იერსახე და მის გამოსწორებასა და აღდგენაზე არავინ ზრუნავს. პროკურატურამ ჩვენი საჩივარი შსს-ს პირველ განყოფილებას გადასცა, სადაც დამიბარეს და დამკითხეს. მითხრეს, რომ დაკითხავდნენ თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლებს, მაგრამ მერე შსს-დან და არა პროკურატურიდან მომივიდა წერილი, რომ ეს საკითხი არ შეიცავდა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ გამოძიებას ვერ დავიწყებთ და სასამართლოს მიმართეთო.
მოკლედ, წინა ხელისუფლების კორუფციულ მანქანას ვებრძოდით და ამ ხელისუფლების დროსაც გაგრძელდა ეს ბრძოლა. ერთი მოთხოვნა გვაქვს: შესრულდეს ჩვენთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვადებულება, თუ არადა, მოგვცენ კარვები და ბიოტუალეტები, რათა ჩვენს კუთვნილ მიწაზე გავშალოთ და იქ ვიცხოვროთ. ეს ტერიტორია ამჟამად ჩაღრმავებულია და იტბორება. გახეთქილია საკანალიზაციო მილი! უნდა დადგან სატუმბი მოწყობილობა, გაიტანონ ნაგავი და ნიდაგი გაასწორონ, რათა იქ კარვების დადგმა შევძლოთ. თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ მოგვცენ უფლება, ამ ტერიტორიის გარეთ დავდგათ კარვები, რადგან სხვა გზას აღარ გვიტოვებენ.
ამ დანაშაულის შემოქმედი საბანაძე ძებნილია და მას 43 მილიონს ედავებიან. ეს ხელშეკრულება მასზე ძებნის გაძლიერებისთვის დამატებითი მტკიცებულება იქნებოდა, მაგრამ ამის გაკეთება არ უნდათ. პროკურატურა და შსს კვლავ სავსეა სააკაშვილისა და ადეიშვილის ყურმოჭრილი მონებით. ეს არის ერთი სისტემა და ხალხის მოსატყუებელი სიმბიოზი. ჩვენი სახლის ადგილზე მხოლოდ ხიმინჯებია გაკეთებული. პროექტის ცვლილება გამოიწვევს ხიმინჯების გამოუყენებლობას, არადა, მასში ხომ არც ისე მცირე თანხა დაიხარჯა?! ე. ი. ბიუჯეტის გაფლანგვა არავის ადარდებს.
კიდევ ერთი დეტალი: თბილისის განვითარების ფონდის ახალ ხელმძღვანელს, ხომერიკსაც გავუგზავნე წერილი და ეს ყველაფერი ვაცნობე. იგი მპასუხობს, რომ ამ სახლში `მეიდან ჯგუფს~ საუთრებაში აქვს 69 კვ.მ. ფართი, რომელიც დანგრევამდე საჯარო რეესტრში ჰქონდა რეგისტრირებულიო. ეს ტყუილია. ამ შპს-ს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ჰქონდა 52 კვ.მ. ისევ გავუგზავნე კითხვა, _ მაჩვენეთ დოკუმენტი, სად წერია-მეთქი? და მან წარმომიდგინა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც მანამდე მე გავუგზავნე. იქ წერია, რომ `მეიდან ჯგუფის~ საკუთრებაშია 52 კვ.მ. ფართი. საიდან მოიტანა ციფრი 69, გაუგებარია. ამის შემდეგ თბილისის მერს გავუგზავნე წერილი და მოვუყევი, რასაც აკეთებს მისი ქვემდებარე იურიდიული პირი.
_ დავით ნარმანიამ რა გიპასუხათ?
_ ნარმანიამ ჩემი წერილი თბილისის განვითარების ფონდს და თბილისის არქიტექტურას გადაუგზავნა, რის შემდეგაც ამ სამსახურებიდან მომწერეს, _ ეს საკითხები ჩვენი განხილვის სფეროს სცილდებაო. პასუხები გავუგზავნე თბილისის მერს და ავუხსენი, _ მათ კომპეტენციას სცილდება და თქვენ უნდა განიხილოთ-მეთქი... მაგრამ ამ წერილის პასუხიც ერთი კვირის შემდეგ არქიტექტურის სამსახურიდან მომივიდა. პირადად მივედი და არქიტექტურის სამსახურს ბოდიში მოვუხადე ნარმანიას არაკომპეტენტურობისთვის. კიდევ მივწერე მერს, _ ტყუილად ნუ აწუხებთ არქიტექტურის სამსახურს, თქვენს პასუხს ველოდები-მეთქი... მაგრამ კვლავ არქიტექტურის სამსახურმა გამოგზავნა პასუხი, _ ჩვენ არ გვეხებაო. არ ვიცი, რა ვქნა?! მაინცდამაინც მეგრულად უნდა მივწერო ნარმანიას, რომ გაიგოს და თავად მიპასუხოს?! ან კანონებში ვერ ერკვევიან, ანდაც ნარმანია განიცდის ზეწოლას და ასეთი ფორმით გვიცილებს თავიდან.
„ქრონიკა+“ საზოგადოება „მეიდან ჯგუფის“ დირექტორს, ქეთევან ხუროძეს დაუკავშირდა, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელი წერილი გადმოგვიგზავნა. გთავაზობთ შემოკლებულ ვარიანტს:
„ერეკლე II-ის მოედნის #6-ში მდებარე შენობა-ნაგებობა მწვავე ავარულ მდგომარეობაში იყო, როცა 2007 წელს, აღნიშნულ შენობაში, შპს „მეიდან ჯგუფმა“ თამაზ ჩარბოდაშვილისგან ფართი შეიძინა, 2012 წელს კი შენობის თანამესაკუთრეებსა და ააიპ „თბილისის განვითარების ფონდს“ შორის გაფორმდა ინდივიდუალური ხელშეკრულებები შენობის დემონტაჟისა და ამავე ადგილას ახალი შენობის მშენებლობაზე. შენობას მწვავე ავარიულობის გამო სასწრაფოდ ჩაუტარდა სრული დემონტაჟი. ზემოხსენებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ააიპ „თბილისის განვითარების ფონდს“ შპს „მეიდან ჯგუფისთვის“ უნდა გადმოეცა ფართები: სარდაფის სართულზე 180 კვ.მ. (რაც ახლად შექმნილი სარდაფის 1/3-ია), მანსარდის სართულზე 250 კვ.მ. (რაც ახლად შექმნილი მანსარდის ½-ია), ხოლო პირველ სართულზე _ 69 კვ.მ. (რომელიც ისედაც „მეიდან ჯგუფის“ საკუთრება იყო). შპს „მეიდან ჯგუფი“ უნდა შესულიყო პროექტის თანადაფინანსებაში მისაღები მოცულობის მშენებლობის ღირებულებით (მათ შორის დემონტაჟამდე უკვე საკუთრებაში არსებული 69 კვ.მ. ფართის დაფინანსებით, რაც სხვა თანამესაკუთრეთა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უსასყიდლოა). ჩვენს კომპანიას, განსხვავებით სხვა თანამესაკუთრეებისგან, არ მიუღია ქირა 400 ლარის ოდენობით, რომელსაც ფონდი ყოველთვიურად უხდის სხვა თანამესაკუთრეებს (დღეისთვის, დაახლოებით, 10 000 ლარი). შპს „მეიდან ჯგუფმა“ ერეკლე II-ის მოედნის კეთილმოწყობის პროექტი (დაახლოებით 7000 $) უსასყიდლოდ გადასცა ძველი თბილისის გამგეობას. 2014 წელს დამატებით დააფინანსა წითელი ხაზების კორექტირების, არქიტექტურულ-კონსტრუქციული და საინჟინრო პროექტების კორექტირების სამუშაოები, მიმდებარე ტერიტორია აღჭურვა ლამპიონებით. შპს „მეიდან ჯგუფს“ ძველ თბილისში უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის სკვერების, მუზეუმების, ოფისცენტრების, სასტუმროების, გალერეების, მაღაზიების, კაფეების საფეხმავლო ქუჩების მშენებლობა/რეაბილიტაცია. უშუალოდ ერეკლე II-ის მოედანზე განხორციელებული აქვს „როსტომ მეფის სასახლის“ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშოები. ხსენებული პროექტების ფარგლებში არაერთ ძეგლს ჩაუტარდა მაღალი დონის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
უკანასკნელ პერიოდში ერთი თანამესაკუთრის სრულიად გაურკვეველი/უსაფუძვლო ქმედებით და პრეტენზიების გამო პროექტის განხორციელება შეჩერდა, რომელსაც, რატომღაც, არ სურს, შენობას ჰქონდეს სარდაფი და სხვენ-სართული. შპს „მეიდან ჯგუფი“ ესაუბრა დანარჩენ თანამესაკუთრეებს, რომელთა სრული უმრავლესობა თანახმაა შენობის პირველად პროექტზე (სხვენ-სართულის დამატებით) და ჩვენ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართების თანადაფინანსებით მიღებაზე, ვინაიდან დანარჩენ ფართებს თავად გაინაწილებენ უსასყიდლოდ. 2012 წელს ჩვენსა და ააიპ „თბილისის განვითარების ფონდს“ შორის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს უკვე არსებობდა თანდართული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სხვენ-სართულსა და სარდაფს, თუმცა შემდგომში ერთ-ერთი თანამესაკუთრის, ვ. მხჩიანის, შანტაჟის შედეგად, ჩვენი თანხმობის გარეშე, შეიცვალა და არსებული პარამეტრების შენობას დაემატა სარდაფი, რაც წარსულში შენობას არ ჰქონია, თუმცა ვ. მხჩიანი აღნიშნულზე საეჭვოდ დუმს, პრეტენზიები გადააქვს სხვა თემაზე და აცხადებს, რომ მას უუქმდება აივანი, რომელიც წარსულში ჰქონდა. ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ დაკვეთით კვალიფიციურმა სპეციალისტებმა მოამზადეს ტერიტორიის ისტორიული კვლევა, რომლის სარეკომენდაციო ნაწილში პირდაპირ არის მითითებული, რომ შენობაზე მანსარდის დამატება საჭიროა, ვინაიდან გვერდზე მდგომი შენობები გაცილებით მაღალია და შენობაზე მანსარდის დაუდგმელობა შექმნის დისბალანსს სხვა შენობებთან მიმართებით, რითაც ირღვევა მოედნის ერთიანი სივრცე. აღნიშნული შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს. შესაბამისად, შენობაზე სხვენ-სართულის დამატება განპირობებულია არა მხოლოდ ამხანაგობის წევრთა სურვილით, მიიღონ დამატებითი ფართები, არამედ არსებულ არქიტექტურულ რეალობასთან შენობის ჰარმონიულ შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.
ააიპ „თბილისის განვითარების ფონდისა“ და შპს „მეიდან ჯგუფის“ თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტი ამხანაგობის ყველა წევრისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია და პროექტის დასრულების შემდგომ თეორიულადაც კი შეუძლებელია, თუნდაც ერთი პირის პირობები საგრძნობლად არ გაუმჯობესდეს. ჩვენს კომპანიასა და დანარჩენ თანამესაკუთრეებს შორის შედგა რამდენიმე შეხვედრა, რომელზედაც შპს „მეიდან ჯგუფმა“ აიღო დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ: ამხანაგობის წევრთათვის (გარდა შპს „მეიდან ჯგუფისა“) დამატებით უსასყიდლოდ გადაცემულ ფართებზე არც ამხანაგობა და არც მისი რომელიმე წევრი არ გადაიხდის არანაირ სახელმწიფო გადასახადს. რაც შეეხება ვახტანგ ნაცვლიშვილს, ის არ არის ამ ბინის ამხანაგობის წევრი. ჩვენი ამხანაგობის წევრი არის მისი ძმა, რომელსაც პრეტენზიები არ აქვს და ამაზე ხელიც მოაწერა“.
„ქრონიკა+“ თბილისის განვითარების ფონდის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ნათია ქემაშვილს დაუკავშირდა:
_ ერეკლე მეორის მოედნის #6-ის თაობაზე მოქალაქე ვახტანგ ნაცვლიშვილს წაყენებულ მოთხოვნებზე არაერთხელ მიეცა განმარტება. აღნიშნულ მისამართზე ბინის მესაკუთრე გახლდათ მისი ძმა, დიმიტრი ნაცვლიშვილი. ფონდმა მასთან 2011 წელს გააფორმა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ფონდი ყოველთვიურად უხდის ბინის ქირას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დასაქირავებლად. დიმიტრი ნაცვლიშვილს საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ფართი და სარდაფი. სარდაფი, რომელიც არასაცხოვრებელ ფართს წარმოადგენს, მოგვიანებით მის ძმას, ვახტანგ ნაცვლიშვილს გადაუფორმა (აჩუქა). გამომდინარე იქიდან, რომ ვახტანგ ნაცვლიშვილს არ უცხოვრია აღნიშნულ მისამართზე (მხოლოდ შენობის დემონტაჟის შემდეგ გახდა არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრე) და არ მომხდარა ასეთი ფართის დაცლა შენობის რეაბილიტაციაში ჩართვის გამო, ფონდი ვერ უზრუნველყოფს ქირით ამ პიროვნებას. აღნიშნული არგუმენტირებული პასუხის შესახებ მრავალჯერ ეცნობა მოქალაქეს“.
ნელი ვარდიაშვილი