QronikaPlus
რატომ არ მივიდა დარეგისტრირებულ პედაგოგთა 33% საგნობრივ გამოცდაზე?

რატომ არ მივიდა დარეგისტრირებულ პედაგოგთა 33% საგნობრივ გამოცდაზე?

2015-08-06 08:47:33

საგნობრივ გამოცდაზე, რომელიც საქართველოში მოქმედი პედაგოგებისთვის 15 ივლისს დაიწყო, დარეგისტრირებულ აპლიკანტთა 33% (2226) არ გამოცხადდა, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წინა წლების მაჩვენებლის ანალოგიურია. როგორც ცენტრში განმარტეს, პედაგოგებს, რომლებიც არ გამოცხადდნენ, კიდევ მიეცემათ საშუალება, გამოცდები ჩააბარონ. საგნობრივ გამოცდაში მონაწილეობის სურვილი 17 ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა. გამოცდას აბარებენ ფიზიკის, ბიოლოგიის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლები. საგნობრივი გამოცდები სავალდებულო გამოცდებია ყველა მოქმედი პედაგოგისთვის, გარდა სერტიფიცირებულებისა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, პედაგოგების მიერ გადასალახი ბარიერი აბიტურიენტების მიერ გადასალახ ბარიერს არ ჰგავს და მათ კომპეტენციის დასადასტურებლად 60 ქულა მაინც უნდა დააგროვონ. „ყველა მოქმედი პედაგოგისთვის საგნობრივი გამოცდა სავალდებულოა. ბუნებრივია, ეს არ ეხება იმ პედაგოგებს, რომლებმაც სერტიფიცირების პროცესი უკვე გაიარეს და წარმატებით გადალახეს ბარიერი, პრაქტიკოს პედაგოგებს ვგულისხმობ. ყველა პედაგოგს ექნება ერთხელ ჩასაბარებელი საგნობრივი გამოცდა. წელს პირველად ვთავაზობთ საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგებს საგნობრივ გამოცდას, ძალიან საინტერესო ორეტაპიანი გამოცდა ელით და დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით გაართმევენ თავს“, _ განაცხადა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა. საგნობრივი გამოცდები პედაგოგებისთვის 21 ივლისს დასრულდა. შედეგები ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. საგნობრივ გამოცდებსა და პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემის ავკარგიანობაზე „ქრონიკა+“ ა/ო განათლების ლიგის თავმჯდომარეს, ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილს ესაუბრება: _ მასწავლებელთა კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც მთავრობამ მიიღო, მთელ რიგ ხარვეზებს შეიცავს. არ მინდა არააკადემიური სიტყვა ვიხმარო, მაგრამ არის გაუმართავი, რთული, ძვირი, არაობიექტური, გაუმჭვირვალე და მოუხერხებელი. რაც მთავარია, ძვირი, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე თითოეული მასწავლებლისთვის. წესით, უნდა ყოფილიყო: მარტივი, ობიექტური, გამჭვირვალე, იაფი და მოქნილი. მთავრობის მიერ მოწოდებული სქემა მასწავლებელს მოტივაციას უკლავს. ეს რომ ასეა, ადასტურებს ბოლო დღეებში თვით ხელისუფლების მიერ მოწოდებული ერთადერთი სტატისტიკური ცნობა, რომ დარეგისტრირებული მასწავლებლების 33% გამოცდაზე არ გავიდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ არანაირი მოტივაცია არ არის ხელისუფლების მოწოდებულ გამოცდებში. ამ სქემის ავტორები და, ალბათ, თვითონ ხელისუფლებაც შემოგვედავება, რომ რას ჰქვია, აი, ფულადი ანაზღაურებით გამოიხატება ეს მოტივაციაო. მაგრამ ის ფულადი პაკეტი მიზერულია. ოთხ ნაწილად რომ დაყვეს მასწავლებლები, ესეც მიუღებელია, არ უნდა იყოს ამდენი კატეგორია. შემდეგ მიზერულია ის თანხა, რაც მოწოდებულია თითოეული ამ კატეგორიისთვის, განსაკუთრებით ის მინიმალური, რაც მას ემატება. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, თუ სურს, რომ ეს შეისმინოს _  სერტიფიცირებული მასწავლებლები ამ პროცესს პროგრესულად არ აღიქვამენ და არანაირი მოტივაცია არ გააჩნიათ, რომ მთავრობის მიერ მოწოდებულ სქემაში ჩაერთონ. არაერთი მასწავლებელი მიკავშირდება სხვადასხვა რეგიონიდან და მეუბნებან, რომ არ ღირს მათ არგუმენტები აქვთ: სქემის საფუძველზე შემოთავაზებული აქტივობების ჩამონათვალი, კრედიტების დაგროვება, კატეგორიის შენარჩუნება ან ერთიდან მეორე კატეგორიაში გადასვლის პროცესი საკმაოდ ძვირი ჯდება. როცა ვამბობ, ეს სახელმწიფოსთვისაც ძვირია და მასწავლებლისთვისაც, იმას ვერავინ დამაჯერებს, რომ ყველაფერს სახელმწიფო დააფინანსებს. არაფერსაც არ აფინანსებს სახელმწიფო, გარდა რაღაც ერთი სახის ტრენინგებისა. სხვა ყველაფერი, სხვადასხვა აქტივობა (იქ ბევრი არის ჩამოთვლილი), მასწავლებელმა თავისივე ჯიბის ხარჯზე უნდა გააკეთოს. ნაკლოვანებაა, რომ არ არის მენტორი და წამყვანი პედაგოგის პოზიციები პირველსავე წელს შემოთავაზებული. მენტორი მასწავლებელი, სადღაც, ლამის, სამი-ოთხი წლის შემდეგ უნდა ჰყავდეს საქართველოს და ეს ხომ აბსურდია? ეს არის ხელოვნურად მახის დაგება წარმატებული მასწავლებლისთვის! სახელმწიფომ ხელოვნური ბარიერები მოიგონა იმისთვის, რომ არ ჰყავდეს მაღალანაზღაურებადი პედაგოგები, რაც კანონსაწინააღმდგოა. ის ხელფასი, სადღაც, ათას ლარზე ცოტა მეტია. სწორედ ეს მიდგომაა სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს. ასევე ხელისუფლების ყველაზე დიდი ნაკლი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა (რაშიც წინა ხელისუფლებისგან არანაირი განსხვავება არ არის), რომ ყველანაირი ინტელექტუალური ნაშრომი ჩარეცხეს, რაც ადამიანებმა აქამდე მოიპოვეს. ეს იქნება სამეცნიერო შრომების, სახელმძღვანელოების, პედაგოგიკური თუ მეთოდური სახელმღვანელოების ავტორობა, სამეცნიერო ნაშრომების ავტორობა; სხვადასხვა კონკურსში გამარჯვება, თუ კონფერენციებში მონაწილეობა. მოკლედ, რაც ინტელექტუალურ ნაშრომს, ნაღვაწს შეეხება, აქედან არაფერი მიიღება მხედველობაში და ყველაფერი ნულიდან, სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყონ. _ ასე რატომ ხდება? _ საპარლამენტო განხილვებისას ნაციონალების ხელისუფლებას პირადად ვეუბნებოდი, რომ პედაგოგიკის ისტორიაში არ არის დაფიქსირებული არც ერთი ფაქტი, რომელიმე რევოლუციას ან ხელისუფლებას ეკადროს, რომ ადამიანების ინტელექტუალური ნაშრომები გვერდზე გადაედო, გადაეყარა, არაფერში ჩაეთვალა და ყველაფერი თავიდან დაეწყო, რადგან ეს ანტიკონსტიტუციური, საერთაშორისო ნორმების, სამართლის წინააღმდეგ მოქმედებაა. და რა საოცრებაა, იცით? მოდის, თითქოს, სხვა ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და აბსოლუტურად იგივეს იმეორებს. ხომ არ შეიძლება, ორი სხვადასხვა ხელისუფლება ერთ ჭკუაზე იყოს? ამიტომ გამომაქვს დასკვნა: ეს წინა ხელისუფლებას კი არ გადაუწყვეტია, ან ამჟამინდელი კი არ წყვეტს, ამას აკეთებს ერთი და იგივე ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თუ ჯგუფებისგან ძლიერ გავლენას განიცდის! მთლიანად იღებენ დირექტივებს და ამას არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილის ხელისუფლებაა, თუ დღევანდელი. არაერთ მაგალითზე დავრწმუნდით განათლებისა და მეცნიერების სისტემაში გატარებული რეფორებით. სამართლის ამ დარღვევასთან ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვა. რა უფლება გაქვს, ადამიანმა დავწერე, დავუშვათ, ათი, ზოგმა ასი შრომა, ზოგმა ერთი და ზოგმა ათი სახელმძღვანელო, ამას რატომ არ მითვლი? ეს ხელისუფლებაც არ იღებს გონივრულ წინადადებებს. რაღაცას ამბობენ, მაგრამ ობიექტურ მოთხოვნაზე სამართლიან, კანონდებლობის შესაბამის პასუხს ვერ სცემენ. ბოლოს და ბოლოს, ეს სუპერსადავო საკითხები ერთხელ და სამუდამოდ სასამართლოში უნდა დაიდოს და იქ გაირჩეს. მერე თუ ჩვენი ქვეყნის სასამართლო საქართველოს სახელით ობიექტურ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, საქმე საერთაშორისო სასამართლოში უნდა წავიდეს. არ შეიძლება, დიპლომის სტატუსი იყოს ხელყოფილი. ატესტაცია, კვალიფიკაციის ამაღლება, ანუ პროფესიული განვითარება არ იძლევა საფუძველს, რომ დიპლომი გააუქმო და მას ადამიანის წლების განმავლობაში დაგროვილი ინტელექტუალური ნაშრომები ზედ მიაყოლო. ამიტომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი სამართლებრივი ბრძოლა, სამართლებრივი დევნაა წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლების. ადამიანური სიტყვა მათ არ ესმით და სხვა რა უნდა გააკეთო? მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, ზემოაღნიშნულთან ერთად, გაუაზრებელია. რით ფასდება მასწავლებელი და ვინ იქნებიან მათი შემფასებლები? ვიდეოგაკვეთილებით უნდა შეფასდეს, ანუ მასწავლებელმა ეს გაკვეთილი უნდა დადგას. მერე ეს ვიდეოგაკვეთილები ვიღაცებმა უნდა ნახონ, სკოლებში იქმნება შესაბამისი კომისიები და ვინ ჰყავთ სკოლებში ხელმძღვანელებად? საქართველოს ზოგადი განათლების კანონში არ წერია, რომ პედაგოგიური განთლებისა და სტაჟის მქონე პიროვნება, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს სკოლის დირექტორი. ეს არ უწერიათ და ასეთმა დირექტორებმა უნდა შეაფასონ გაკვეთილები, მისმა არაპროფესიონალმა დირექციებმა? და პროფესიონალებიც რომ იყვნენ, საქართველოში მთლად ასე კარგად ურთიერთშეფასება არ გამოდის. მსგავსი გაუაზრებელი დოკუმენტი არ მინახავს. _ დამოკიდებულების მიზეზებს რაში ხედავთ? _ ოდნავ მაინც გონივრული შეფასების კრიტერიუმები არ არსებობს, რომ ამან ობიექტური სურათი მოგვცეს. როცა კანონში არ გიწერია, რომ პედაგოგი უნდა იყოს სკოლის დირექტორი და დირექციებში პედაგოგები უნდა იყვნენ, სხვა რაზეა საუბარი? დირექციები წლების განმავლობაში გაკვეთილებს არ ესწრებიან, რომც დასწრებოდნენ, ეს არაპროფესიონალები რას დაადგენდნენ? მერე ამას ვიდეოგაკვეთილები ემატება. ჯერ ერთი, ამ ვიდეოგადამღებ ჯგუფს ტექნიკური აპარატურა, ფული არ უნდა? მერე გაკვეთილებს ვინც შეამოწმებს, მათი კვალიფიკაციაც საკითხავია! საიდან მოიყვანენ ამდენ კვალიფიცირებულ ადამიანს, მათ ხელფასის გადახდა არ უნდა? ეს აბსურდია. _ საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენებზე ბრძანეთ. ადგილობრივ მთავრობას არ აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ თავისი სიტყვა თქვას და განახორციელოს განათლების სისტემაში? _ საერთაშორისო ორგანიზაციები იძლევიან რჩევებს, რეკომენდაციებსა და დირექტივებს. ვნახე ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, იუნისეფის რჩევები, რომლითაც საქართველოს მთავრობას უთითებენ, რომ მასწავლებელთა ეს კორპუსი გაუშვან. საერთოდ, სანამ საერთაშორისო ორგანიზაციები ქართველებს ურჩევდნენ, მანამდე ქვეყანაში 100 ათასი მასწავლებელი იყო. მათი რჩევებით არის, რომ დღეს 65 ათასს ამბობენ, მაგრამ დაფინანსების დოკუმენტებში სადღეისოდ 61-62 ათასი პედაგოგია შემორჩენილი. ნახეთ, რამხელა კლებაა. იუნისეფის დასკვნასა და რეკომენდაციებში წერია, რომ საქართველოში 28 ათასი მასწავლებელი უნდა დარჩეს. ეს განახევრება კი არა, ამაზე მეტია. ანუ ათი ათასობით მასწავლებელი ამათ უნდა გარეკონ, სისტემიდან ყველას გაუშვებენ, თუ ასე გააგრძელებენ. _ აქედან რას პასუხობენ მსგავსი ტიპის რეკომენდაციებს? _ ხდება ისე, როგორც, თავის დროზე, პროკურატურიდან, სასამართლოდან, პოლიციიდან განდევნეს ადამიანები. ანუ კომუნისტური რეჟიმისას დაბადებული და ნასწავლი ადამიანები არ სურთ თანამდებობებზე, ამიტომ ინიშნებიან პატარა გოგო-ბიჭები მაღალ ადგილებზე. ეს ღვთის კანონების წინააღმდეგ წასვლაა. პატარა გოგო-ბიჭები სახელმწიფოს ვერ ააშენებენ, ვერ მართავენ და თავს ვერაფერს გაართმევენ, თუ ცხოვრებისეული გამოცდილება არ ექნებათ. დიდი ხანია, ამ თვალსაზრისით საქართველო პოლიგონი, საცდელი ლაბორატორიაა. თუკი სახელმწიფოს ურჩევ, რომ სისტემის რეფორმა გააკეთოს განათლების ხარისხის ასაწევად, ეს ხარისხი კლასებში ბავშვთა რაოდენობის გაზრდით, მასწავლებელთა რიცხვის შემცირებით, ასევე სკოლების ტოტალური შემცირებით მიიღწევა? ერის ცივილიზაციის დონე იზომება ერის განათლებით, ხოლო განათლება მასობრიობით იზომება. ანუ რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი, მეტი სკოლა-უმაღლესი სასწავლებელი, მეტი მასწავლებელი, პროფესორი და მეცნიერ-მუშაკი გყავს, მით უფრო მასობრივია ქვეყანაში განათლება, მით უფრო, კულტურული და ცივილიზებული ხარ. ამ ფონზე, ვის აყრიან ესენი ნაცარს? ყველა ხელისუფლება უცხოელი ექსპერტების მიერ პროექტის მოწონებაზე აკეთებს აქცენტს. საქვეყნოდ ხომ დადგინდა, რომ წინა თუ იმის წინა ხელისუფლების დროს ჩატარებული განათლების რეფორმა დამანგრეველი იყო?! შედეგად, განათლების ხარისხი მკვეთრად დაეცა. მაშინაც, ნებისმიერ პროექტს, სამთავრობო თუ არასამთავრობოს, მთავრობის მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტები იწონებდნენ. ახლაც იგივე ხდება. იგივე იუნისეფის დასკვნა-რეკომენდაციიდან ირკვევა, რომ უახლოეს წლებში თუ ასეთი პოლიტიკა გაგრძელდა, საქართველოს განათლების სისტემას ნორმალური დაფინანსება არ ეღირსება. ანუ ეს კორპუსი მთლიანად უნდა წავიდეს და მერე პედაგოგთა ახალ კორპუსს რომ აიყვან, 28 ათასი უნდა გყავდეს. რატომ, მაინცდამაინც, ამდენი? იმიტომ, რომ 760, 800, ლარამდე გადაუხადონ მასწავლებელს. როგორც სხვა ქვეყნებშია, მასწავლებელს 2 და 3 ათასი რომ ჰქონდეს, არ შეიძლება? ქვეყანა ასეთ მნიშვნელოვან მომატებაზე არ უნდა ფიქრობდეს? გინდაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები? ამაში დაგვეხმარონ, თორემ ამას ორი წლის ბავშვიც მიხვდება, რომ თუ შტატებს გაანახევრებ, ამით ანაზღაურებაც გაიზრდება. _ აქედან მსგავს რეკომენდაციებზე რეაგირება როგორია? _ ამას ხმამაღლა ვინ იტყვის? დახურულ კარს მიღმა რა საუბრები მიდის, ეს მხოლოდ მათ იციან. მთავრობაში ხმამაღლა ამბობენ, რომ შემცირებას არ ვგეგმავთო, მაგრამ როდესაც ასეთ სქემას იღებ, სადაც მასწავლებელს არანაირი მოტივაცია არ გააჩნია, როცა სადამსჯელო გამოცდას უტოვებ და ამ გამოცდას მიმინოშვილის ცენტრი ატარებს, იგივე სცენარი გამოდის. ყველა ქვეყანაში, თუკი გამოცდა ტარდება, ტესტები წინასწარ უნდა დაიბეჭდოს. თუკი ექიმების, იურისტების, ადვოკატების, მოსამართლეების ტესტები ცნობილია, მასწავლებლების ტესტები რატომ არ იბეჭდება? თანაც უხარისხო ტესტებზეა საუბარი. არ შეიძლება, შეიქმნას კომისია და მეცნიერებათა აკადემია ხომ არის საქართველოს მთავრობის მრჩეველი? შეიქმნას ამ ყველაზე მაღალავტორიტეტულ ორგანიზაციაში კომისია, თითოეული საგნობრივი, ოღონდ ობიექტური, ნეიტრალური ექსპერტებისგან, მეცნიერებისგან დაკომპლექტდეს და საკუთარი თვალით ნახონ, რა სისულელეები არის ჩაწერილი იმ ტესტებში. როდესაც კანონმდებლობაში ჩაწერ, რომ თუ ამ პროცესში არ ჩაერთვებიან, გამოცდაზე არ გავლენ, კრედიტებს არ შეასრულებენ, ყველას სკოლიდან გავუშვებთო, ეს რას ნიშნავს? _ რა მდგომარეობაშია დღეს მასწავლებელთა კორპუსი და რამდენად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს? _ გვყავს კარგი, საშუალო დონის მასწავლებლები და ისეთი ხალხი, რომელიც მართლა ექვემდებარება სკოლიდან გაშვებას. მაგრამ ამათ ისე აურ-დაურიეს სისტემა, ისე მოშალეს ყველაფერი, წყალი ისე აამღვირიეს (ეს წინა ხელისუფლებებმა გააკეთეს და ამათ არ გამოასწორეს), რომ მასწავლებელი გაკვეთილზე არ მოწმდება, ლამის უკვე ორი ათეული წელია. რასაკვირველია, ყოველთვის ყველა დროში იყო სკოლიდან გასაშვები მასწავლებელი, მაგრამ რამდენი ტესტჩაბარებული, სერტიფიცირებული პედაგოგი გაკვეთილს ვერ ატარებს. წინა ხელისუფლების შემოღებული სასერტიფიკაციო გამოცდები ძალაში უნდა დაეტოვებინათ? პოლიტიკური ნიშნით რომ ტარდებოდა ყველა კონკურსი და გამოცდა, ამათ არ იციან? ათეული წლების განმავლობაში საქართველოში, ამ მხრივ, რეალური არაფერი გაკეთებულა და გამოყოფილი ვაუეჩერები წყალში გადაყრილია. არაკომპეტენტურმა და არაპროფესიონალმა ხალხმა ვითომ გადაამზადა მასწავლებლები. ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე კვალიფიციურმა პროფესურამ უნდა იზრუნოს. ხაზს ვუსვამ, კვალიფიციურმა!!! ისეთმა კი არა, სააკაშვილის რეფორმებით რომ შეუშვეს ლექციებზე და ბავშვებს ხარისხიან ლექცია-სემინარებს რომ ვერ უკითხავენ. უმეტესობა ასეა, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა. ამიტომ უნდა მოიძებნოს კვალიფიციური პროფესურა, უპირველესად, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში დიდი სამეცნიერო-პედაგოგიური ცენტრი უნდა გაიხსნას და ეს ხალხი იქ გადამზადდეს. მასწავლებელთა სახლმა ვერანაირი შედეგი ვერ დადო და ვინმემ ამაზე პასუხი აგო? სახელმწიფომ აქედან რაიმე დასკვნები გამოიტანა, ვინმე შეიცვალა? ეს არის საპილოტე წელი, პროფესიული გავითარების სქემა თავიდან გასაკეთებელია და რითაც დავიწყეთ, ამითვე დავასრულოთ _ სქემა უნდა იყოს მარტივი, იაფი, მოქნილი, გამჭვირვალე, ობიექტური, სამართლიანი, შეფასების კრიტერიუმები მკაცრად განსაზღვრული, გონივრული წინადადებებით დატვირთული; კრედიტები, ალბათ, უნდა შემცირდეს, კატეგორიებიც და რაც მთავარია, დიპლომის სტატუსი არ უნდა ხელყონ _ ადამიანთა ინტელექტუალური ნაშრომი ძალაში უნდა დარჩეს. სუფთთა ფურცლიდან, ანუ ნულიდან ნუ აწყებინებენ ღვაწლმოსილ ხალხს მუშაობას. 40, 50 წლის მოქმედ მასწავლებელს მაძიებელს ნუ უწოდებენ. ეს სამარცხვინოა, რბილად ნათქვამია!!! კანონის ენაზე ეს ანტიკონსტიტუციური მოქმედებაა ხელისუფლების მხრიდან. თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი რეფორმა პროგრესისკენ წინსვლას ნიშნავს. სადაც კი ამ მნიშვნელოვან პროგრესულ ნაბიჯებს დგამენ, ყოველთვის ფიქრობენ, რომ პრიორიტეტი მთავარი მოქმედი პირები არიან _ სკოლის მასწავლებელი და მოსწავლე, უმაღლეს სკოლაში სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი. და კიდევ, თანამედროვე მსოფლიოში რეფორმები იმიტომ კეთდება, რომ მოსწავლის, სტუდენტის, მასწალებლისა და პროფესორის მოტივაცია ამაღლდეს. ამ ფონზე, ჩვენ დინების საწინააღმდეგოდ მივდივართ.  

                                                                                                         გელა მამულაშვილი

გაზიარება