QronikaPlus
წერილები „ქრონიკა+“-ს, რომლებსაც სამინისტროებში არ კითხულობენ?!

წერილები „ქრონიკა+“-ს, რომლებსაც სამინისტროებში არ კითხულობენ?!

2015-08-06 08:42:46

საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა ომბუდსმენმა, გიორგი თევზაძემ, ვეტერანების წერილები გაგვაცნო, საიდანაც ნათლად ჩანს მათი გაჭირვებული ყოფა და მძიმე მდგომარეობა. იგრძნობა ისიც, რომ სახელმწიფოს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაც შეუსაბამოდ გაზრდილი ხელფასებიც კი არ ჰყოფნით, ამ ადამიანების გასაჭირი არ აწუხებთ. რაც მთავარია, მათ უფლებებს, ძირითადად, სახელმწიფო სტრუქტურებში ლახავენ, თუმცა განმკითხავი არავინაა. ეს წერილი აფხაზეთის ომის ვეტერანის, მზევარ იობიძის დაწერილია: „ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი, იძულებით გადაადგილებული. მყავს მეუღლე _ ეროვნებით აფხაზი და სამი შვილი, სამივე სტუდენტი. სოხუმის დაცემისთანავე ჩემი საცხოვრებელი სახლი დაწვეს. ასევე მოექცნენ ჩემი მეუღლის სახლს, ერთი ბინა კი მიითვისეს. მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა, დევნილთა სამინისტრო დღემდე ყურად არ იღებს ჩვენს თხოვნას საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ. 23 წელია, ქირით ვცხოვრობთ. 2013 წლიდან 2015 წლის მარტამდე სოციალურად დაუცველის სტატუსით ვსარგებლობდი, მარტიდან კი ეს სტატუსი გამიუქმეს. სტატუსის შეჩერებამ ჩემს შვილებს სწავლის გაგრძელების საშუალება მოუსპო, ხოლო დევნილთა სამინისტროს მიეცა საბაბი, რომ კვლავ გაურკვეველი ვადით გადადოს ჩვენი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი. გთხოვთ დახმარებას და შუამდგომლობას, საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წინაშე, რათა შესაძლებელი გახდეს ჩემი სოციალური მდგომარეობის ობიექტური შესწავლა და სარეიტინგო ქულის მიღება. ფინანსური შემწეობის მისაღებად გთხოვთ, დამეხმაროთ ჩემი კანონიერი უფლებების დაცვაში“. ეს წერილი კი ეკუთვნის სამამულო ომის (1941-45 წწ.) ვეტერანის მეუღლეს, თალიკო ანდღულაძეს: „ვარ 84 წლის, სამამულო ომის ვეტერანის მეუღლე. ჩემი ქმარი 1941 წლიდან წინა ხაზზე იბრძოდა. მიღებული ჰქონდა უამრავი ჯილდო. სულ ამბობდა, _ ორი დაბადების დღე მაქვს, დედამ რომ გამაჩინა და 9 მაისიო. დაბადებული ვარ თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე. მოხდა ისე, რომ ჩვენი ოჯახი ახლა სოციალურად დაუცველია და სოციალურად დაუცველთა სასადილოზეა მიწერილი. იქიდან ვღებულობთ საკვებს. ამჟამად ვცხოვრობთ ბაგა-ბაღის დერეფანში, სადაც არ არის სველი წერტილები, იატაკი ბეტონისაა და როგორც გარეთ წვიმს, ისე გვაწვიმს სახლშიც. წარმოგიდგენთ დოკუმენტებსა და ფოტოსურათებს, რომლითაც დარწმუნდებით, რომ ადამიანისთვის გაუსაძლის პირობებში ვართ. გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს მდგომარეობას და გვიშუამდგომლოთ სახელმწიფო ორგანოების წინაშე, საცხოვრებელი პირობების თუნდაც ოდნავი გაუმჯობესებისთვის, რომ გამოგვიყოს მატერიალური დახმარება“. გია თევზაძე _ საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა ომბუდსმენი: _ ვეტერანების უმეტესობას, რომლებიც ჩვენთან მოდიან, საცხოვრებლისა და სხვა სოციალური საკითხების პრობლემები აქვთ. მათი უფლებები ხშირად სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებში ირღვევა და მათ თხოვნებს იქ როგორ გაითვალისწინებენ,  ადვილი წარმოსადგენია. ჩვენ კონსულტაციასაც ვუწევთ და ვეხმარებით კიდევაც, რომ პირობები გაიუმჯობესონ. ბევრმა ვეტერანმა საკუთარი უფლებები კარგად იცის, იბრძვის კიდევაც, მაგრამ შედეგს მაინც ვერ აღწევს. ჩვენთან ბევრი მას შემდეგ მოდის, რაც ვეტერანტთა სახელმწიფო სამსახურში ვერაფერს აღწევს. მზევარ იობიძემაც, ვეტერანთა სამსახურში ვერაფერს რომ მიაღწია, მერე მოგვმართა. მართალია, ვეტერანთა დეპარტამენტმა მას ჯანდაცვისა და დევნილთა სამინისტროებთან რეკომენდაცია გაუწია. როგორც ჩანს, ამ უწყებებში წერილებს არც კითხულობენ, ანდაც ნაკლებად აწუხებთ. ზოგ ვეტერანს უმიზეზოდ მოუხსნეს სოციალური დახმარება, რადგან სოცაგენტის მორიგი შემოწმების შემდეგ, როგორც თავად აცხადებენ, დაუმსახურებლად, ზედმეტი ქულები აღმოაჩნდათ. ვეტერანობა, რომელშიც იგულისხმება სამშობლოსთვის ბრძოლა და თავდადება, სახელმწიფოსთვის არ არის პრიორიტეტული. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ვეტერანებს ხელის გულზე ატარებენ და პატივს სცემენ. ჩვენ კი მხოლოდ ვამბობთ, რომ სხვა ქვეყნებიდან კარგ ინიციატივებს ვიღებთ და ვახორციელებთ, სინამდვილეში კი არაფერი კეთდება. _ რატომ არ უნდა სახელმწიფოს, ვეტერანებს კარგი პირობები შეუქმნას, დაეხმაროს?.. _ როგორც ჩანს, სახელმწიფოს არ გააჩნია პოლიტიკური ნება, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს. ვეტერანების გვერდში დგომაზე მაღალფარდოვანი სიტყვები მხოლოდ 9 მაისს არ უნდა ისმოდეს და 9 მაისიდან მომდევნო 9 მაისამდეც უნდა ახსენდებოდეს ხელისუფლებას ეს ადამიანები. იტალიის ეროვნული გმირი, ფორე მოსულიშვილი, წარმოშობით კახელი იყო. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა და გმირულად დაიღუპა. იტალიელები დღემდე მიაგებენ პატივს ამ ადამიანის ხსოვნას. მის დაბადების დღეს კი საქართველოში ყოველთვის ჩამოდის დელეგაცია იტალიდან და მის სახელს უკვდავყოფს. ქართველ ვეტერანებს კი, რომლებიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს უთანასწორო ბრძოლებში მონაწილეობდნენ, ლუკმა-პური ენატრებათ. მძიმე მდგომარეობაში არიან და დახმარებას ითხოვენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილენიც. ამ თაობიდან მხოლოდ 1600 ვეტერანი დარჩა, მაგრამ მათაც ვერ უგვარებს სახელმწიფო სოციალურ პრობლემებს. _ ვეტერანთა ომბუდსმენის ინსტიტუტი დიდი ხანი არ არის, რაც შეიქმნა და მათ დახმარებას ახერხებთ? _ საქართველოს ვეტერანთა ობმუდსმენის ინსტიტუტი ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციისა და ვეტერანთა დამოუკიდებელი ინსტიტუტების თაოსნობით შეიქმნა. როცა საქართველოში ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის ხელმძღვანელი ჩამოვიდა, პირადად მითხრა: ვეტერანთა დახმარების კუთხით როცა სახელმწიფო ნაბიჯებს არ დგამს, ამ ადამიანების იმედი დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და ამ ხალხის ომბუდსმენი თქვენს ქვეყანაში აუცილებელიაო. სახალხო აპარატთან მემორანდუმი გავაფორმეთ და ასე დავიწყეთ მუშაობა. ბევრ შემთხვევაში შევძელით და მოვუგვარეთ ამ ადამიანებს პრობლემები, ზოგჯერ კი ეს ვერ ხერხდება. ახლახან ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტმა კარგი პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანებს მიწის ნაკვეთი და სუბსიდია უნდა გამოეყოთ, რომლითაც ისინი ამ ნაკვეთს დაამუშავებენ. მთავარია, პროექტი განხორციელდეს და ისიც მხოლოდ დაპირების დონეზე არ დარჩეს. ამაშიც ხელისუფლების კეთილი ნებაა საჭირო, რომელიც აქამდე არ გამოუჩენია. პრემიერ-მინისტრის აპარატში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთა კომისია, სადაც ვეტერანთა ომბუდსმენს არ ეპატიჟებიან და ჩვენთან კოორდინაციაც არ სურთ. _ რატომ? _ ცხადია, მიზეზები არსებობს. ესეც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს არაფრად აგდებს და მათზე რეალური ზრუნვა არ არის მათი მიზანი. წინა ხელისუფლებასაც ასეთი მიდგომა ჰქონდა ვეტერანების მიმართ, ისინიც ცდილობდნენ, ჩვენი  ორგანიზაცია არ მიეწვიათ შეხვედრებზე, სადაც კონკრეტულ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ვიმსჯელებდით. მსგავს შეხვედრებზე ისეთ ორგანიზაციებს იწვევენ, რომლებიც მხოლოდ პიარით და უმიზნო განცხადებებით არიან დაკავებული და ხელისუფლების ნათქვამზე მხოლოდ თავს იქნევენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში ვეტერანებისთვის რამის კეთებისა და დახმარების ინტერესი კვლავაც არ არსებობს. „ქრონიკა+“-თან კომენტარი გააკეთა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა _ ჟანა ასანიძემ: „ჩვენი სამსახური კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ყველა ვეტერანის მოთხოვნის შესწავლას და შესაძლებლობების ფარგლებში ყველა მათთვის საჭირბოროტო საკითხზე ვრეაგირებთ _ ეს იქნება შუამდგომლობები თუ წერილების დაგზავნა სხვადასხვა უწყებაში, მუნიციპალიტეტებში. 73 ათასი ვეტერანი გვყავს, თითოეულ მათგანს, მინიმუმ, თითო პრობლემა აქვს და როგორც შეგვიძლია, ისე ვეხმარებით, თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე უნდა გასწორდეს და გადაიხედოს. მთავრობაში პროექტები გავგზავნეთ, მაგალითად, თანაბარი სპეციალობის მქონე ადამიანებს შორის ვეტერანს მიეცეს უპირატესობა დასაქმების დროს. უახლოეს პერიოდში საზოგადოებას სრულ ინფორმაციას ვაცნობებთ ამ პროექტთან დაკავშირებით, გვექნება პრეზენტაცია და ყველა კითხვას ვუპასუხებთ, ყველას ინტერესს დავაკმაყოფილებთ, რადგან კარგად გვესმის, რომ ეს არის თემა, რომლის მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი დიდია. „  

                                                                                                       ნელი ვარდიაშვილი

   

გაზიარება