სამყაროში მუდმივი რომ არაფერია და ყველაფერი ცვალებადია, ეს აზრი ფილოსოფიის მთავარ წესს წარმოადგენს. თუმცა არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშეც და ახლავე დაგიმტკიცებთ, რომ შეიძლება მთლად ასეც არ იყოს. მაგალითად ავიღოთ ხაშურის რაიონი: აქ ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა ოცი, თხუთმეტი, ათი, ხუთი წლის წინათ თუ შარშან რომ იყო _ არაფერი იცვლება. როგორც მაშინ უჭირდა ხალხს, ისევ ისე უჭირს და როგორი განუკითხაობაც იყო, ისევ ისეთივე განუკითხაობაა. ანუ ხაშურის წყალობით ახალი ფილოსოფიური აღმოჩენის ზღურბლზე ვდგავართ: თურმე, ყველაფერი სულაც არ ყოფილა ცვალებადი.
ახლა კი ვიკითხოთ, ვის უნდა ვუმადლოდეთ ამ აღმოჩენას? პირველ რიგში, ეს, ცხადია, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურებაა, ჩვენ მიერ უძრაობის თეორიის აღმოჩენაში კი ლომის წვლილი ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს, ვალერი გელაშვილს ეკუთვნის.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ხაშურელი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ზვიად ზუბაშვილი:
_ რაიონში და, ზოგადად, რეგიონში ძალიან ბევრი პროექტი გაჩერებულია. იქნებ, ჩამოხვიდეთ ჟურნალისტები ხაშურში და ნახოთ, თუ რა განუკითხაობაა!
_ ამბობენ, თქვენი დეპუტატი, ვალერი გელაშვილი, საერთოდ აღარ ჩანს რაიონშიო.
_ ახლა კი არა, ეს ადამიანი რაც დეპუტატი გახდა, მას მერე აღარ ჩანს ხაშურის რაიონში. თუ გამოჩნდება, ისიც იმიტომ, რომ თავისი ტერიტორიები შეამოწმოს და ისევ სწრაფად გაეცალოს აქაურობას. მაგალითად, ხშირად დავდივარ ხაშურის რაიონის სოფლებში და ვეცნობი მათ მდგომარეობას. ადამიანს ვერ ნახავთ, რომელიც იტყვის, რომ ვალერი გელაშვილს მისთვის, ან ზოგადად სოფლისთვის საერთოდ რამე გაუკეთებია. არადა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ბევრ სოფელს სერიოზულად უდგას სასმელი წყლის პრობლემა, აღარაფერს ვამბობ ამ სოფლებამდე მისაღწევ გზებსა, თუ განათებაზე. არადა, როცა მთლიანად რაიონში ბატონ ვალერის ირჩევდნენ, სწორედ ამ ყველაფრის გამოსწორება იყო მისი მთავარი დაპირება. ერთადერთი, რაც ამ კაცის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ თავის სახლამდე გზა მიიყვანა.
_ მე ის მიკვირს, ხალხი რატომ არის ჩუმად და რატომ არ სთხოვს გელაშვილს დანაპირების შესრულებას?
_ ხალხი საერთოდ ვერ ნახულობს დეპუტატს, სახეც კი არ ახსოვს მისი და დანაპირებს როგორ მოითხოვს? მოტყუებულია, ბატონო დავით, ხალხი. ეტყობა, რცხვენია გელაშვილს, დანაპირებები რომ ვერ შეუსრულა და ამიტომაც იმალება. თუმცა, მეორე მხრივ, ამ კაცს რომ სირცხვილის გრძნობა ჰქონოდა, არც აქამდე მიიყვანდა საქმეს. სხვა რაიონებზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ხაშურის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ დეპუტატი საერთოდ არ ყოფილა საჭირო. თუ რამე კეთდება, ზოგადად, ინერციით კეთდება და აქ დეპუტატის დამსახურება არაფერია.
ხალხი მარტო გელაშვილზე არ არის გულაცრუებული და მთლიანად `ოცნებისგან~ ითხოვს პასუხს, რაც ჩრდილს აყენებს პარტიას.
_ რატომ?
_ რატომ და გელაშვილი აქამდე ორჯერ და სამჯერ იყო დეპუტატი და მაშინაც არაფერი გაუკეთებია. კარგად იცოდნენ ხაშურლებმა ამის თაობაზე და უმაქნის კაცს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ვინღა მისცემდა ხმას? მაგრამ ვინაიდან `ოცნების~ ეგიდით გადიოდა და პირადად ბიძინა ივანიშვილის სურვილი იკვეთებოდა მის გადეპუტატებაში, ხალხმა იფიქრა, ეტყობა, ბიძინა შეძლებს მის მოთოკვასო და ამ მოტივით გაამარჯვებინეს კიდეც. ახლა კი ირკვევა, რომ არც `ოცნებაში~ იკლავენ თავს გელაშვილის აზრზე მოყვანით. ეს კი მმართველი ძალის რეიტინგს დაბლა სწევს.
_ თქვენ წინა ინტერვიუში მითხარით, რომ ამ ყველაფრის თაობაზე პირადად მასთან აპირებდით საუბარს.
_ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე შეხვედრა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იმალება და არსად ჩნდება. აღარც მაინტერესებს ეს შეხვედრა, აზრი არ აქვს. ერთადერთი, რაც ამჟამად მაინტერესებს, იმ სიტუაციის გამოსწორებაა, რაც მისი გულგრილობით, თუ უმოქმედობით არსებობს რაიონში.
_ ზოგადად ამ პრობლემებზე ვისაუბროთ: რა კეთდება დღეს ხაშურში?
_ დღესდღეობით, ხაშურში რაც მთავარია, ის არ კეთდება _ ეს არის წყალი და გზა. როცა დასავლეთის მიმართულებით მოძრაობთ და ხაშურს უპრობლემოდ გაივლით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აქ გზების საკითხი მოგვარებულია. სხვაგან ყველგან საშინელი გზებია, სადაც ავტომობილით გავლა შეუძლებელია. ძირითადად სოფლებთან დამაკავშირებელ გზებს ვგულისხმობ. დანარჩენი, თუ ვინმე პატარ-პატარა პროექტს აჯახირებს, ამაზეც მადლობა ღმერთს, მაგრამ ძირითადი პროექტები გაჩერებულია.
წინა ინტერვიუში უკვე გითხარით, რომ გელაშვილმა კინოთეატრი იყიდა. ერთადერთი პროექტი, რომელსაც გელაშვილი რაიონში ამჟამად ახორციელებს, ამ კინოთეატრის რემონტია. სავარაუდოდ, კაფედ გადააკეთებს, პატარა სცენას დატოვებს, ვინმე პროფილის შეცვლაში რომ არ შეედავოს და მთლიანად სავაჭრო ცენტრად აქცევს იქაურობას. ამით იმის თქმა მინდა, რომ გელაშვილს თუ რამე ამოძრავებს, ეს საკუთარი სურვილებია და ხაშურლების სურვილების გასათვალისწინებლად მას დრო არ რჩება. ზედმეტიც კია ამ თემაზე საუბარი.
_ სამწუხაროა.
_ ხაშურში თუ რამე კეთდება, ხალხი ხომ უნდა იყოს დასაქმებული? კარგის გაკეთება კი არა, არსებულის შენარჩუნებაც ძნელდება. ხაშურში ბოლო დროს გაჩნდა ქუჩები, სადაც საერთოდ აღარ ირთვება გარე განათება. ასეთი სიტუაციაა, სადაც პირადად მე ვცხოვრობ _ 9 აპრილის ქუჩაზე, ბევრჯერ ყოფილა, ორი-სამი ღამის განმავლობაში საერთოდ არ მოსულა შუქი. მერე კი, ალბათ, საცხოვრებელ სახლებსაც შეუზღუდავენ ელექტროენერგიის მიცემას...
_ ძალიან მძიმე სურათს ხატავთ.
_ ეს რეალობაა. მარტო ჩემს უბანში ბოლო ოცი წელია, გზა არ გაკეთებულა. აქაც არის წყლის პრობლემა. საკუთარ უბანზეა საუბარი, გამოვიდეს ვინმე და თქვას, რომ ასე არ არის. დიდი ხანია, ამ უბნის მცხოვრებლები ყურადღებას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ.
_ თქვენ ამბობდით, რომ ამ უყურადღებობის გამო პროტესტის ფორმებს მიმართავდით. რას აპირებთ?
_ ამჟამად სხვადასხვა ახალგაზრდულ ჯგუფთან და ორგანიზაციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და, პირველ რიგში, გელაშვილის უმოქმედობა გავაპროტესტოთ, რაც დაიწყება ხაშურში და გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. პროტესტის ფორმა იქნება ქუჩის აქციები, რომელსაც გელაშვილის ობიექტებიდან დავიწყებთ. ქუჩაში გამოვალთ სექტემბრიდან.
მთელ ქვეყანას უნდა დავანახვოთ, თუ რა ხდება ხაშურში. მანამდე არ შევწყვეტთ საპროტესტო აქციებს, სანამ გელაშვილი არ გამოვა და ხალხის წინაშე არ იტყვის, თუ რატომ არ გააკეთა ის, რაც დაგვპირდა. ეგ არის მატყუარა ადამიანი, რომელმაც მთელი რაიონი გადააგდო.
_ თქვენი აზრით, რატომ მოიქცა ასე?
_ მას მხოლოდ თავისი ბიზნესი აინტერესებს. ყველაფერთან ერთად იგი ინტრიგების დიდოსტატიც გახლავთ, რისი წყალობითაც ხაშურში მუდმივად არსებობს დაპირისპირებები სახელისუფლებო შტოებს შორის. გელაშვილი ცდილობს, ყველგან თავისი ხალხი გაიყვანოს, რათა უფრო მშვიდად აკეთოს პირადი საკეთებელი. თუმცა ჯერ ბოლომდე ვერ ჩაიგდო ყველაფერი ხელში. ახლა საკრებულოს თავმჯდომარეს უპირისპირდება, რომელმაც საჩივარიც კი შეტანა სასამართლოში. ვნახოთ, რა იქნება. რადგან საკრებულოს შევეხე, იმასაც ვიტყვი, რომ ხაშურის ზოგიერთი უსაქმური დეპუტატი, საკრებულოს დაგეგმილ სხდომაზე, თურმე, ხელფასების მომატებების საკითხის დაყენებას აპირებს. თქვენი გაფუჭებული საქმეები ხომ არ გავიწყდებათ, ბატონებო?! მოკლედ, ამ რაიონში ბრმა-ყრუობაა! კაცი დეპუტატი რომ ხარ, ერთხელ მაინც ხომ უნდა გამოხვიდე ტელევიზორში და თქვა, რომ მე ჩემს რაიონში ამა და ამ საქმის გაკეთებას ვაპირებო. გინახავთ რომელიმე არხზე, გელაშვილს ეს ეთქვას? ტელევიზიაში კი არა, ეგ პარლამენტში არ აყენებს ამ საკითხს და ეგღა აკლია, საჯაროდ აკეთოს მსგავსი განცხადებები.
კიდევ ერთი პრობლემაა `ივერიის~ სტადიონი, რომელზეც თქვენც ბევრჯერ დაწერეთ და რომელიც გელაშვილის დანაპირებთა ჩამონათვალშია. სამი წელია, ამ სტადიონის გაკეთებასაც ვერ დაადგა საშველი. არანაირი ყურადღება არ ექცევა ფეხბურთს, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებს.
ხაშური მიგდებული ქალაქია. არა მარტო დეპუტატზე და ადგილობრივ ხელისუფლებაზეა საუბარი, ცენტრალურ ხელისუფლებასაც არ აინტერესებს.
_ სწორი არგუმენტია. რომ აინტერესებდეთ, არც აქამდე მიიყვანდნენ საქმეს.
_ ამიტომაც არის, რომ ხალხს აღარაფრის იმედი აქვს. იცლება რაიონი. ზოგი თურქეთში მიდის სამუშაოდ და ზოგი, კიდევ, სად. აი, ამ ყველაფრის გამო სექტემბრიდან დავიწყებთ აქციებს და მანამ არ დავიშლებით, სანამ შედეგი არ დადგება. შედეგი კი ერთადერთი უნდა იყოს: ხომ წავიდა რაიონიდან გელაშვილი და არაფერს აკეთებს, საერთოდ დეპუტატობიდანაც წავიდეს და თავი დაგვანებოს.
დავით დევიძე