QronikaPlus
რას ვერ იყოფენ აჭარაში სუს-ის უფროსი და მთავრობის თავმჯდომარე?

რას ვერ იყოფენ აჭარაში სუს-ის უფროსი და მთავრობის თავმჯდომარე?

2015-08-05 08:01:48

კი გვპირდებოდა ივანიშვილი გასაოცარ დემოკრატიას, მაგრამ ინერციით თუ მიზანმიმართულად, კვლავაც ღრმად ვართ ჩაფლული პოლიციური სახელმწიფოს ჭაობში. მერე რა, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი წესიერი კაცია და „ტრუპებს“ აღარ ითხოვს?.. მერე რა, თუ ქუჩაში ხალხს აღარ ხოცავენ, ან სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრებს ცოცხებით აღარ აუპატიურებენ?.. მასზე უარის თქმა სულაც არ ნიშნავს, რომ ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვა პოლიციურ სახელმწიფოზე. „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი არჩევნებისას არც ერთი დეპუტატობის კანდიდატი, ან გამგებლობის კანდიდატი  არ დაუსახელებია უშიშროების სამსახურების გაცხრილვის გარეშე. ხოლო გამგებლებისა და მერების კანდიდატები „მოდულის“ შენობაში სულაც პოდიუმზე „ატასავეს“. საინტერესოა, ვინ გაესაუბრა მათ იქ? უშიშროებაში ხომ ისევ ვანოს კადრებია დღემდე? ეს კი საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ ამ სამსახურმა ყველგან, რაიონულ საკრებულოებშიც და თანამდებობებზეც, მათ მიერ ჩანერგილი ხალხი, ან პორტირებულები გაიყვანა. ძველ ტიკში ახალი ღვინო არ ჩაისხმებაო, ნათქვამია და სწორედ ამიტომაცაა ეს ხელისუფლება ასეთი ქმედუუნარო და დაბნეული. გავრცელებული ინფორმაციით, მალე თანამდებობას დატოვებენ „ოცნების“ მიერ დანიშნული აჭარის სუს-ის უფროსი გიორგი პაპუაშვილი და მისი მოადგილე ბუბა ბოლქვაძე. ამას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კატეგორიულად ითხოვს. სანამ „ოცნება“ არჩილ ხაბაძეს მთას აჭარასავით ააყვავებინებს (მთის მინისტრად სწორედ ის მოიაზრება), ცდილობს აქ საქართველოს ერთ-ერთ შემოსავლიან კუთხეში თავისი კადრი დატოვოს და გავლენა შეინარჩუნოს. გიორგი პაპუაშვილი „ნაცების“ დროს აჭარის მთავარ პროკურორად მუშაობდა და აქაური ბიზნესმენების ცნობილ გამტყავებლად ითვლებოდა. მაგრამ ამას სამართლიანობის სახელით მოსული „ოცნებისთვის“ ხელი არ შეუშლია, სამართალდამცველ სისტემაში კვლავ მაღალ თანამდებობაზე დაებრუნებინა. თუმცა ხელისუფლება ვერც აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსის, თემურ პატარიძის მოადგილე უჩა შანავას შეელია და არჩილ ხაბაძემ კაცი, რომელიც ბოლო წუთამდე „ნაცების“ ინტერესებს იცავდა, თავის თანაშემწედ დაინიშნა და ამიტომაცაა, რომ არც ერთ თანამდებობაზე „ოცნების“ წევრს არ აჭაჭანებენ. თუ სადმე რამე გამოთავისუფლდა, ყველგან „ნაციონალებს“ ნიშნავენ. სხვათა შორის, ეს დაპირისპირება შიდა „ნაციონალურია“, რადგან არც არჩილ ხაბაძე გამოირჩევა „ქოცური“ წარსულით. პაპუაშვილისა და ხაბაძის დაპირისპირებას რამდენიმე მიზეზი აქვს: არჩილ ხაბაძემ ადგილობრივი არჩევნებისას ქობულეთის გამგებლად თავისი პროტეჟე, გიორგი რომანაძე ვერ გაიყვანა. მას თამაზაშვილებმა აჯობეს. სწორედ დათო თამაზაშვილის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით გახდა სულხან ევგენიძე, „ნაციონალური“ წარსულის მიუხედავად, `ქოცების~ რჩეული. მან თავის მოადგილედ რატი მეგრელიძე დანიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ხაბაძეს არც ერთი და არც მეორე დიდად არ ეპიტნავება. მათ კორუფციულ გარიგებებში სდებს ბრალს, ხოლო ევგენიძეს სწორედ გიორგი პაპუაშვილი მფარველობს და მხარდაჭერასაც ჰპირდებოდა. ერთ-ერთ მიზეზად „ქოცების“ ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის კანდიდატურაა. აქაც იყოფა მათი ინტერესები. კიდევ ერთი მიზეზი: როგორც ამბობენ, პაპუაშვილს მიჩვეულს ნუ მოაკლებო, ისე დაემართა და თავის მოადგილე ბუბა ბოლქვაძესთან ერთად ბიზნესით დაინტერესებაში არიან შემჩნეულები. ამან ხაბაძე გააღიზიანა. ალბათ, სარფიან საქმეში თავისი კონკურენტი დაინახა, ან პაპუაშვილს წილი სხვაგან მიჰქონდა. „ქრონიკა+“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც ჩვენ ხელთარსებული ინფორმაციები, არ დაგვიდასტურეს.  

                                                                                                       ნატო ქათამაძე

       

გაზიარება