QronikaPlus
რა ვერ გაბედა თემურ ჭყონიამ „ნაციონალების“ დროს და შეძლო „ქართული ოცნების“ პირობებში?!

რა ვერ გაბედა თემურ ჭყონიამ „ნაციონალების“ დროს და შეძლო „ქართული ოცნების“ პირობებში?!

2015-08-05 07:55:23

მაშინ, როცა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ოდესაში იქაურ ოლიგარქ ხმელნიცკის ჩაკეტილი პლაჟი მძიმე ტექნიკით დაუნგრია, შევარდნაძის მიერ დაფრთიანებულმა, თურქული კრედიტით „შეიარაღებულმა“ და სააკაშვილის მიერ ნაფოფინებმა ქართული „კოკა-კოლასა“ და „მაკდონალდსის“ მამამ, თემურ ჭყონიამ, ქობულეთში თავისი სასტუმროს, „GEORGIA PALACE“-ს მიმდებარე პლაჟი ორივე მხარეს გადატიხრა. მიუხედავად იმისა, რომ ის სააკაშვილის კარის ბიზნესმენი იყო, მისი მმართველობის დროს ეს არასოდეს გაუბედავს. რეზერვაციაში ლამაზადაა დაწყობილი სასტუმროს შეზლონგები, ქოლგები, მოწყობილი გასახდელები და ბილიკები, მაგრამ არავითარი კანონიერი უფლება არ აქვს, გადატიხროს პლაჟი და რეზერვაცია შექმნას. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, გამგეობას პლაჟის შემოღობვაზე მათ ნებართვა არ გაუციათ. გამგებელმა კი ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართოს. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზურაბ ამაღლობელი: _ ადგილზე გავედი, სასტუმროს ხელმძღვანელობა გავაფრთხილე და სამი დღის ვადა მივეცი ღობის მოსახსნელად. _ რომ არ მოხსნას? _ დავაჯარიმებთ და საქმეს აღამასრულებელს გადავცემთ. _ ამასობაში ზაფხულიც გავა. _ მე კანონის შესაბამისად ვიქცევი.   „ქრონიკა+“ დაუკავშირდა სასტუმრო „GEORGIA PALACE“-ს საექსპლუატაციო სამსახურის უფროსს _ ზურაბ ჯინჭარაძეს: _ ბატონო ზურაბ, ვისი ნებართვით შემოღობეთ პლაჟი? _ ეს შემოღობვა არაა, შემოსაზღვრაა, რათა ჩვენი სტუმრების სიმშვიდე და კომფორტი დავიცვათ. _ ნებართვა გაქვთ? _ მთელი ხაზი არ გადაგვიტიხრავს, გასასვლელები არის. _ კი მაგრამ, როგორ ხვდებით თქვენი სასტუმროს სტუმრებს, ფეისკონტროლი გაქვთ? _ მათ მიჰყვება ჩვენი პერსონალი, უშლის ქოლგას და უსწორებს შეზლონგს(?!). _ გამგეობიდან გაფრთხილება მიიღეთ? _ დიახ. _ რას აპირებთ? აიღებთ? _ შეგიძლიათ, მობრძანდეთ და ნახოთ, ხელს არავის უშლის.  

                                                                                                            ნატო ქათამაძე

     

გაზიარება