QronikaPlus
საქართველოს პრეზიდენტის უარი არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს!

საქართველოს პრეზიდენტის უარი არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს!

2015-07-27 07:16:17

„მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეობა არ არის უსაფრთხოების გარანტი“     არქიმანდრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა. არქიმანდრიტის თქმით, იგი მზად არის, ორმაგი მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, გააგრძელოს ღვთისმსახურება კახში.   შეგახსენებთ: 21 ივნისს, კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი (რომელიც 4 წელია, კახში მოღვაწეობს), აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მისი განმარტებით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა განუცხადეს, რომ იგი „შავ სიაშია“ შეყვანილი: „როდესაც საზღვარზე მივედი, პასპორტში ბეჭედი ჩაარტყეს, მერე პასპორტი საეჭვოდ ატრიალეს, გამოიძახეს მეორე მებაჟე, საბაჟოს უფროსი. შემდეგ ამ ბეჭედს დაარტყეს რაღაც, რაც ნიშნავს ბეჭდის გაუქმებას. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, რომ „შავ სიაში“ ვიყავი შეყვანილი და ბრძანებაა, რომ აზერბაიჯანში არ შევეშვი. ახლა ვარკვევთ რა ხდება“, _ აღნიშნა არქმინადრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა. ამის გამო არქიმანდრიტი, ამ დროისთვის, კახში ღვთისმსახურებას ვერ ახორციელებს. მისივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო, გენერალური საკონსულო განჯაში, საქართველოს საპატრიარქო. ამასთან, არქიმანდრიტმა აღნიშნა, რომ საბუთები წესრიგში აქვს და აქამდე ადგილობრივ მთავრობასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.   „ქრონიკა+“ არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს ესაუბრება: _ მამა დემეტრე, რატომ ითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისგან ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას? _ ორმაგი მოქალაქეობა უსაფრთხოების გარანტიაა. სამწუხაროდ, ეს არ არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მსახურება მშვიდად არის შესაძლებელი. მიმდინარე წლის 9 აპრილს არ მომცეს პანაშვიდის გადახდის საშუალება; ასევე წმინდა მღვდელმოწამე მიქაელ ჰერელის ხსენების დღეს არ გვეძლევა წირვის ჩატარების შესაძლებლობა. არის კიდევ ბევრი რამ, რაც საფუძვლიან ეჭვს მიჩენს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეობა არ არის უსაფრთხოების გარანტი. იმისთვის, რომ კახში საქმიანობა გავაგრძელო, აუცილებელია აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება. უსაფრთხოების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასა და მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარს ვამბობ. ამ შემთხვევაში, ძლიერი იქნება ჩვენზე ზეწოლა და შევიწროება აზერბაიჯანული მხარისგან. ამიტომ მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ, აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა შემინარჩუნდეს და მქონდეს ორმაგი მოქალაქეობა. _ შეიტანეთ თუ არა შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის აპარატში და რა რეაგირებას ელოდებით? წინასწარი კონსულტაციები თუ გქონიათ ამ საკითხზე? _ წინა კვირას პრეზიდენტის აპარატში წერილი შევიტანე, ზოგადად, კახში არსებულ მდგომარეობაზე; ავუხსენი არსებული სიტუაცია და, გამონაკლისის სახით, ორმაგი მოქალაქეობა ვითხოვე. მეორე დღესვე დამირეკეს და მიპასუხეს, რომ შეუძლებელია ორმაგი მოქალაქეობის მონიჭება, ვინაიდან აზერბაიჯანს გაუქმებული აქვს ორმაგი მოქალაქეობა; შეუძლებლად მიიჩნიეს ჩემი მოთხოვნის აღსრულება, არსებული კანონიდან გამომდინარე. თუმცა დამპირდნენ, რომ პრეზიდენტს მოახსენებდნენ ჩვენი სატელეფონო საუბრის შესახებ. _ როგორ აფასებთ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მოქმედებას, როდესაც წინასწარ გაუფრთხილებლად (რამდენადაც ვიცით, ეს არც ქართულ მხარეს გაუკეთებია) კახში არ შეგიშვეს? _ ამაში აზერბაიჯანელ მესაზღვრეს ვერ დაადანაშაულებ. ეს იყო ზემოდან გაცემული ბრძანება ჩემს არშეშვებაზე, მესაზღვრეებმა ხელისუფლების მითითება აღასრულეს. ეს იყო ადამიანის უფლებათა შელახვა! არ არის კანონიერი, როდესაც წინასწარ გაუფრთხილებლად უხეშად გაგდებენ საზღვრიდან. უნდა შევეშვი და ადგილზე, კახში აეხსნათ არსებული მდგომარეობა. _ კახში, წლების განმავლობაში ოფიციალურად მოღვაწე სასულიერო პირის მიმართ, საზღვარზე ამგვარი დამოკიდებულება, რამდენად  შეესაბამება საქართველო-აზერბაიჯანის გაცხადებულ მეგობრობას? _ მეგობრობა ცალმხრივი არ არსებობს. როგორ შეიძლება, საქართველოში იყოს 200-ზე მეტი მეჩეთი და კახში ორი ტაძარი?! _ ასეთი თანაფარდობა გაუგებარია. ყველას უნდა ესმოდეს, აცნობიერებდეს და პატივს სცემდეს ერთმანეთის სუვერენიტეტს, იცავდეს ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ადამიანთა ეროვნულ და რელიგიურ უფლებებს, ადამიანებმა საკუთარი რწმენა თავისუფლად უნდა გამოხატონ. ეს იქნებოდა ჭეშმარიტად მეგობრობა. ხაზი უნდა გავუსვა: ადგილობრივ ხელისუფლებასთან ყოველთვის მქონდა ჰარმონიული ურიერთერთობა, ასევე ადგილობრივ მუსლიმან მოსახლეობასთან, მათგან ჩემ მიმართ დიდ პატივისცემასაც ვგრძნობდი. _ ქართული მხარის, კონკრეტულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რამდენად ადეკვატური იყო აღნიშნული ინციდენტის მიმართ? _ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ თითქოს ჩვენ ვადა გვქონდა არსებული კანონიდან გამოდინარე და შემდეგ ეს ვადა ორი კვირით ქართული მხარის მოთხოვნით გადაიწია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემთან არ მოსულა ამ საკითხზე ოფიციალური წერილი. რელიგიის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი მუბარეზ გურბანლი, კახში ბრძანდებოდა მაისის დასაწყისში, რომელმაც პირად საუბარში მითხრა, რომ არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება აზერბაიჯანში მსახურების, _ უნდა მიიღოთ მოქალაქეობა, მე არ გისახელებთ დროს, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, იქნებ, მოიფიქროთ ეს საკითხიო. ასევე მადლობა გადამიხადა, _ ვაფასებთ თქვენს პიროვნებას, თქვენზე ბევრი დადებითი გვსმენია ადგილობრივი მთავრობისგან, ძალიან გაგვიხარდება, თუ ჩვენთან იმსახურებთო. გადმომცა საჩუქრები და დამემშვიდობა. მაგრამ 21 ივნისის მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. დრო და ვადა, კიდევ ვიმეორებ, არავის დაუსახელებია. _ რა გეგმები გაქვთ? _ ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. 21 ივლისს საპატრიარქოს დელეგაცია მიემგზავრება ამ საკითხის განსახილველად.   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს აზერბაიჯანში ღვთისმსახურების უფლებას აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში გაუგრძელებენ: „როგორც აზერბაიჯანული მხარე განმარტავს, ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილია მკაცრი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ღვთისმსახურების უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებს და სწორედ ეს გახლდათ საქართველოს მოქალაქე მღვდელმსახურის ქვეყნის ტერიტორიაზე დაუშვებლობის მიზეზი“. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან არსებობს მზაობა, აღნიშნული ეკლესიის წინამძღვარმა მიიღოს აზერბაიჯანის მოქალაქეობა და მისი საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიაზე მოექცეს ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში, რათა წმინდა გიორგის ეკლესია არ დარჩეს მოძღვრის გარეშე. „წლების მანძილზე აზერბაიჯანული მხარე გამონაკლისს უშვებდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ხოლო სხვა დანარჩენი კონფესიების რელიგიური მოღვაწენი არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები. ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 1-ლ ივნისამდე, აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენჯერმე გადადო ქართული მხარისთვის ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნის შესრულება. დადგენილი ვადის ამოწურვის შემდგომ კი აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, რათა ქართველმა სასულიერო პირმა შეძლოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ღვთისმსახურება აზერბიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად“, _ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გელა მამულაშვილი

 

გაზიარება