QronikaPlus
არასამთავრობო ორგანიზაციები, „ნაციონალური მოძრაობა“ და საგრანტო კონკურსები

არასამთავრობო ორგანიზაციები, „ნაციონალური მოძრაობა“ და საგრანტო კონკურსები

2015-07-27 07:09:55

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საგრანტო წინადადების დაფინანსებაზე უარის თქმის გამო საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს უჩივლეს. იურისტის, ლაშა ციბაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციის საგრანტო პროექტის დაფინანსების უართან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და საგრანტო წინადადების ობიექტურად განხილვის ვარაუდს არ ტოვებს.   „საკონკურსო კომისია ვალდებულია, ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომელიც წარსულში დაკავშირებული არ იყო როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან. სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს. ცენტრის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ნდობას, მიუკერძოებლობასა და გამჭვირვალობას უნდა ეფუძნებოდეს, რაც, ბოლო საგრანტო კონკურსების მიხედვით, მკაფიოდ დარღვეულია. შესაბამისად, გაუგებარია, რა კრიტერიუმებისა და დამოკიდებულებების გამო ღებულობს სწავლების ცენტრი გადაწყვეტილებებს, რომ საგრანტო პროექტებში მუდმივად იმარჯვებდეს ორგანიზაციები, რომელთა დამფუძნებლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ლიდერები და წევრები არიან?“ _ კითხულობს ციბაძე.   ამ სფეროში არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე „ქრონიკა+“ ა/ო „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს, არჩილ კაიკაციშვილს ესაუბრება:   _ კონკრეტულად, რა საქმიანობას ითვალისწინებდა აღნიშნულ ცენტრში წარდგენილი თქვენი საგრანტო წინადადება? _ ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი მიიჩნევს, რომ საარჩევნო განათლების გავრცელებისა თუ მოქალაქეთა ინფორმირების კუთხით საკმარისი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, წარდგენილი პროექტების მართვისა და მდგრადობის თვალსაზრისით, ვფიქრობდით, რომ მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს შევასრულებდით, თუკი მოგვეცემოდა შესაძლებლობა და ფონდი მხარს დაუჭერდა ორგანიზაციის პროექტებს. მაგალითად, 2014 წელს წარდგენილი პროექტი ეხებოდა აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლების საარჩევნო განათლების უზრუნველყოფას. პროექტის სახელწოდება გახლდათ: „აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლები თვითმმართველობის არჩევნებისთვის“. თუმცა ფონდიდან ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, თუ რატომ დაიწუნეს ჩვენი წინადადება. მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ინიციატივა გახლდათ დასაბუთებული, ნაჩვენები იყო მდგრადობა და მრავალფეროვანი აქტიურობა. როგორც ვიცი, უპირატესობა მიენიჭა სხვა ორგანიზაციის იდენტურ პროექტს, რომლის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მხოლოდ აუდიტორიულ ფორმებში დარჩა. რაც შეეხება 2015 წლის საგრანტო განაცხადს, რომელზედაც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა უარი გვითხრა, ეხებოდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მქონე 18 წლის ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო თემაზე ინფორმირების გაზრდას ქვეყნის 6 საარჩევნო ოლქში. ინიციატივის სახელწოდება გახლდათ: `ჩემი პირველი ხმა~, რომელიც ქვეყნის 6 საარჩევნო ქალაქში: თბილისში, თელავში, გორში, ქობულეთში, ზუგდიდსა და ზესტაფონში უნდა განხორციელებულიყო. პროექტი მაღალი სამოქალაქო კამპანიის ფორმატით და მედიადაფარულობით 6 თვის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო ზემოაღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულებში. ჩვენი ბენეფიციარები დასახელებულ ქალაქებში იქნებოდნენ ახალგაზრდები, რომელთა სამოქალაქო პოზიციის ფორმირებას, მათ შორის, საარჩევნო კულტურისა და არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით, დამეთანხმებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ბენეფიციარები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველად მიიღებენ მონაწილეობას, მათი არჩევანი საპასუხისმგებლოა, ხოლო მოუმზადებელი ამომრჩეველი ყოველთვის ნიჰილისტური დამოკიდებულებით შეიძლება განიმსჭვალოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის პროცესში, როცა მის ერთ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. სულ პროექტის ხარჯს შეადგენდა 40,520 ლარი, რაც რეალურად ასეთი მასშტაბის პროექტისთვის ძალიან მცირეა. თუმცა ჩვენ გულწრფელად გვსურდა, საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოს 6 ქალაქში, რაღაც ახალი, ახალგაზრდული პროექტი დაგვეწყო. მიმაჩნია, რომ პროექტის ერთ-ერთი ძლიერი მხარე გახლდათ მისი პიარსტრატეგია და ამ მიმართულებით, ვპროგნოზირებდით მნიშვნელოვან გამოხმაურებებს, მაგრამ ორგანიზაციის საგრანტო განაცხადმა, გამსვლელი 70 ქულიდან, 61.25 მიიღო. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, 2015 წლის საპროექტო განაცხადზე უარი ფონდის დირექტორის ბრძანებით გაფორმდა, სადაც მხარეს მიეთითა, რომ გასაჩივრების უფლება ჰქონდა. ჩვენ ფონდს წერილობით მივმართეთ და გამოვითხოვეთ საკონკურსო პირობები, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, პროექტების განხილვის სხდომის ოქმი, რათა დავრწმუნებულიყავით გარკვეულ პროცედურებსა და მიდგომებში. ფონდმა უზრუნველყო საჯარო ინფორმაციის მოწოდება. ორგანიზაციამ შეისწავლა დოკუმენტები და შეეცადა, კონკურსის საერთო სურათი დაენახა. ჩვენ დავასკვენით, რომ ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციის საგრანტო პროექტის დაფინანსების უარზე დაუსაბუთებელია და არ ტოვებს საგრანტო წინადადების ობიექტურად განხილვის ვარაუდს. ცენტრის გადაწყვეტილებაში აღნიშნული არ არის, თუ რომელი კრიტერიუმის მიხედვით ეთქვა უარი ორგანიზაციას პროექტის დაფინანსებაზე. არც საგრანტო განაცხადის დაფინანსებაზე უარის თქმის ბრძანებაზე და არც საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში აღნიშნული არ არის, კომისიის წევრების მხრიდან ორგანიზაციის საგრანტო განაცხადის შესახებ მსჯელობის არსებობა; დღემდე გაუგებარია სწავლების ცენტრის მხრიდან გრანტის გაცემის პრინციპები, მიდგომები და გადაწყვეტილებების მიღების ჩარჩო, რომელიც, ვფიქრობ, არ ტოვებს გამჭვირვალე და სამართლიანი შეფასების ვარაუდს. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიმართ შევიტანეთ საჩივარი, რაც მიზანმიმართული ქმედება არ არის და ემსახურება იმ სტანდარტების დამკვიდრებას, როდესაც გრანტის გამცემი თავისუფალი იქნება ყოველგვარი პოლიტიკური ვალდებულებებისგან და დაამკვიდრებს რეალურ კონკურენტულ, მიუკერძოებელ და სამართლიან საკონკურსო მიდგომებს. ორგანიზაციებსა და ფონდებს შორის ასეთი ფეოდალური დამოკიდებულებები უნდა დამთავრდეს. როდესაც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი სახელმწიფო თანხით ფინანსდება, მისმა ხელმძღვანელებმა უნდა იცოდნენ, რომ კერძო ფონდის პრინციპებით მოქმედებები დამღუპველია. _ რაზე მიანიშნებთ განცხადებაში, რომ „კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება ორგანიზაციების დასახელებებზე, საქმიანობის ფორმებსა და სამოქალაქო პოზიციებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს“ და რომ „საკონკურსო კომისია ვალდებულია, ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომლებიც წარსულში დაკავშირებული არ იყო როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან“? _ ჟურნალისტური გამოძიება საჭირო არ არის, საჭიროა, სწავლების ცენტრის საგრანტო პოლიტიკას გავეცნოთ და ვიხელმძღვანელოთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერებით _ რომელი ორგანიზაციები მონაწილეობს ცენტრის გამოცხადებულ კონკურსებში, რომელი ორგანიზაციები იმარჯვებს? აქვს თუ არა ამ ორგანიზაციებს სწავლების ცენტრიდან გრანტების მიღების ხანგრძლივი ბიოგრაფია? ვინ არიან მათი დამფუძნებლები? სხვადასხვა ორგანიზაციას მმართველობით სტრუქტურებში ხომ არ ჰყავს წარმომადგენლებად ერთი და იგივე პირი? ჩვენი აზრით, სწავლების ცენტრი წარდგენილი საგრანტო განაცხადების წაკითხვამდე ეცნობა, რომელ ორგანიზაციებს წარმოადგენენ პროექტის ავტორები. ორგანიზაციის დასახელებები უშუალოდ განსაზღვრავენ წინასწარ განწყობებს და სწორედ აქ იკარგება საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასების შესაძლებლობაც. არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ სწავლების ცენტრის საქმიანობის დღევანდელი მიდგომები, სიმპათიები და უპირატესობები მიმართულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ, რომლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში „აძლიერებდნენ“ დემოკრატიას, მაგრამ საზოგადოებას არ ახსოვს მათი ამოღებული ხმა სისტემურ დანაშაულებებზე. ისინი იცავდნენ დემოკრატიის პრინციპებს, მაგრამ არა ამ პრინციპების შინაარსს. სამწუხაროდ, დღეს არავინ საუბრობს იმაზე, რომ ფასადური დემოკრატიის შექმნაში ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს. ცენტრი უპირატესობას ანიჭებს იმ ორგანიზაციებს, რომელთა ფინანსური ბიოგრაფია შექმნილია საერთაშორისო ფონდების, ზოგიერთი საელჩოს მხარდაჭერითა და წინა ხელისუფლებასთან საერთო კონტაქტებით. საერთაშორისო ფონდისა თუ რომელიმე საელჩოს მხარდაჭერა ცუდი არ არის, პირიქით. უბრალოდ, მოცემულ ეტაპზე, ხაზგასასმელია, რომ სწავლების ცენტრი არ უნდა მოქმედებდეს ამ მიდგომებით და მისთვის განხილვების დროს ავტორიტეტი უნდა იყოს კონკრეტული ორგანიზაციების წინადადებები, ინიციატივები, როლი, გუნდი, მიუკერძოებელი და თავისუფალი აზროვნება და არა საზომად, ვინ ვისი ორგანიზაციაა. _ აცხადებთ, რომ საგრანტო პროექტებში მუდმივად იმარჯვებენ ორგანიზაციები, რომელთა დამფუძნებლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ლიდერები და წევრები არიან. რომელ ორგანიზაციებზეა საუბარი? _ სულ ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მონიტორინგი, რომელიც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხრიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებსა და ამ ორგანიზაციების წინა ხელისუფლებასთან კავშირებს ეხება. კერძოდ, საუბარია ორგანიზაცია „პოზიციის“ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, 2010 წლიდან 2014 წლამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოცხადებული საკონკურსო გრანტების 80% გაცემულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. კერძოდ: „ფონდი-ეფლის“, რომელმაც 2013 წელს გრანტის სახით მიიღო 24 140 ლარი, ხელმძღვანელობს თეა თუთბერიძე. მან ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად, თავის დროზე, წარადგინა ზურაბ ხარატიშვილი; გიგა ნასარიძე, რომელმაც დააარსა ორგანიზაცია „ახალი ხედვა საქართველო“, მან 2011-2012 წლებში 3 პროექტის ფარგლებში, გრანტის სახით, მიიღო 124 525 ლარი; ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“, რომელმაც 2012-2013 წელს 2 პროექტის ფარგლებში, გრანტის სახით, მიიღო 29 930 ლარი. მას ხელმძღვანელობს შმაგი ჩოხელი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „კმარას“ წევრი; „დემოკრატ მესხთა კავშირი“, რომელმაც 2014 წელს, გრანტის სახით, მიიღო 50 970 ლარი. მას ხელმძღვანელობს გიორგი მესხელი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ძმა; თამარ კინწურაშვილი, რომელიც გახლდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და გიგა ბოკერიას, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის მოადგილე, მან დააარსა ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“, რომელმაც 2 პროექტის ფარგლებში, 2014 წელს, გრანტის სახით მიიღო 101 165 ლარი; ანა თარხნიშვილი _ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ცესკოს ყოფილი  თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის მეუღლე, დააარსა ორგანიზაცია „ბი-სი-ჯი კვლევა“, რომელმაც 2013 წელს, გრანტის სახით, მიიღო 59 200 ლარი, სხვები.   ეს არის არასრული ჩამონათვალი, რომელიც ორგანიზაცია „პოზიციამ“ გამოაქვეყნა. არის თუ არა ეს ფაქტები? ფაქტებია, რომელსაც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან ოფიციალური კომენტარი არ მოჰყოლია. ჩვენც ვაპირებთ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი დასკვნები წარმოვადგინოთ.

გელა მამულაშვილი

 

გაზიარება