18 ივლისს სახელმწიფო კანცელარიასთან სსრ კავშირის დროს ჰიტად ქცეული სიმღერები ისმოდა, პოლიციის მიერ დადგმულ რკინის ჯებირებზე, ცნობილი საბჭოთა პლაკატების გვერდით, პუტინის, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ფოტოები იყო გამოფენილი. ხელისუფლების მოქმედებები, რომელიც იქ შეკრებილ ადამიანებს მიუღებლად მიაჩნიათ, არც ისე დიდი ზომის ბანერებზე, მონტაჟის საშუალებით, სრულფასოვნად იყო გადმოცემული. მცირე ზომის „სტიკერებზე“ კი, რომელზეც პუტინი იყო გამოსახული, ეწერა „FUCK “ და ის ზოგს ხელზე ჰქონდა მიკრული, ზოგს გულზე და ზოგსაც _ სახეზე. სხვადასხვა ენაზე შედგენილი პლაკატების შინაარსი, დაახლოებით, ასეთი იყო: „შეჩერდეს საქართველოს ოკუპაცია!“ „დაგვიბრუნეთ ჩვენი ტერიტორიები!“ „ხელისუფლებავ, ადეკვატურად იმოქმედე!“ „ხალხო“ გამოფხიზლდით!“
აქციის ორგანიზატორები იყვნენ „თავისუფალი ზონა“, „ნაციონალური მოძრაობა“, ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია. ირგვლივ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ფრიალებდა. იმპროვიზირებული გამოსვლების შემდეგ, კანცელარიის წინ, რკინის მაგიდისგან სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამომსვლელები ხის ყუთის დახმარებით ადიოდნენ. როგორც თავად თქვეს, სცენა, რომელიც იქ მიიტანეს, პოლიციამ გაიტაცა. აქცია, რომელსაც უამრავი პოლიციელი აკონტროლებდა, ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, იყვნენ რუსულენოვანი ადამიანები და სხვა უცხოელები. იქ იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი სპექტრი: გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი, ირმა ნადირაშვილი, გოკა გაბაშვილი, ანდრო ბარნოვი, ასევე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები და ხელოვნების წამომადგენლები. ბავშვები ასფალტზე ცარცით მშვიდობის აღმნიშვნელ სიმბოლოებს ხატავდნენ. აქციის დაწყებამდე იქ მყოფთა საუბრის თემა იყო მცოცავი ანექსია, რუსული ოკუპაცია და ხელისუფლების უმოქმედობა.
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კონფლიქტის ზონის ტერიტორიაზე სიტუაციის დაძაბვაში ბრალს სდებენ ქართველ ჟურნალისტებსა და შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს, ანდრო ბარნოვს. ზოგიერთი ბარნოვის სამართლებრივ დასჯასაც მოითხოვს, ამიტომ აქციის დაწყებამდე მას მცირე კომენტარი ვთხოვეთ.
ანდრო ბარნოვი:
„ვინც მთლიანად ნახავს ჩემი იქ ჩასვლის ჩანაწერს, მიხვდება, რომ იმ პოლიციელს, რომელსაც ველაპარაკებოდი, პირადად, არაფერს ვერჩი. რადგან ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენელი მხოლოდ ის იყო, და ეს თავადაც მითხრა, ყველას სათქმელი მას ვუთხარი. გასაგებად ვთქვი კიდევაც, რომ მე მივმართავდი ივანიშვილსა და მის მონა ღარიბაშვილს. სრული სისულელეა, ვიღაცას დაგვაბრალოს პოლიციასთან ბრძოლა, რადგან ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც შევქმენით ეს პოლიცია. სისულელეა, ჩვენ დაგვაბრალოს ვინმემ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რადგან ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შევქმენით. ეს არის ბინძური კამპანია, რომელსაც ხელისუფლება ეწევა. არ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტების ხურვალეთში ჩასვლამ, ოკუპანტების მიერ ჩარჭობილი ბანერის მოგლეჯამ და გადაგდებამ, ან ჩემმა განცხადებებმა დაძაბა იქ სიტუაცია. მდგომარეობა ხურვალეთთან დაძაბა მთავრობამ, რომელიც არაფერს აკეთებს. ამ მთავრობას არ აქვს უნარი, აკონტროლოს ის ტერიტორია, რომელსაც არავინ ედავება. სულ უბრალოდ აძლევენ რუსეთს იმის საშუალებას, რომ თავისუფლად გადმოვიდნენ და რაც მოუნდებათ, ის წაიღონ. რაც უნდათ, ის ქნან, მიჩივლებენ და კარგ პასუხსაც მიიღებენ!“
გიგი წერეთელი:
_ ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ თუ ყველაფრის კეთებაში ისიც შედის, რომ ხშირად გამოაცხადონ, საქართველოს ამ ტერიტორიებზე ჩვენ არ უნდა მოვხვდეთ, რადგან მას რუსეთი აკონტროლებსო, რა თქმა უნდა, ასეთი პოზიცია კარგს არაფერს მოიტანს. რუსეთს თუ რამე შეაჩერებს, ეს არის წინააღმდეგობა, ხალხის განწყობა და იმის განცდა და გზავნილი, რომ საზოგადოება იმას, რაც ხდება, არ მიიღებს. ხელისუფლებასაც ასეთი პოზიცია უნდა ჰქონდეს. ჩვენ არ ვთხოვთ მას ომს, ან გადასვლას იერიშზე რუსეთის საწინააღმდეგოდ. საერთაშორისო ბერკეტებს ვერ გამოიყენებს, თუ თავად არ დაანახვა მტკიცე პოზიცია. საკუთარ ქვეყანას, ეროვნულ ინტერესებს რომ იცავ, ეს ჯერ შენ უნდა აჩვენო და მერე სხვაც დაგიდგება გვერდით. რუსეთის აგრესიაც, ასეთ შემთხვევაში, ნაკლები იქნება. თუ ღირსეულ პოზიციას არ დაიკავებ, უარესი შეგექმნება. სადაც რუსეთი ნახავს დასაყრდენს, ენამოჩლექით ლაპარაკს, იქ მივა და მეტს გააკეთებს. მას იმედი აქვს, რომ აქ დასაყდრდენი აქვს და როცა ასი ათასი ადამიანი შეიკრიბება თბილისის ცენტრში ამის გასაპროტესტებლად, ის თავს შეიკავებს აგრესიისგან. რუსულ აგრესიულ პოლიტიკას დასაყრდენი არ უნდა ჰქონდეს.
_ 2008 წელს ხომ ასეთი პოზიცია ხელისუფლებისგან არ იყო, ანუ დასაყრდენი არ ჰქონდა და აგრესია რატომ გამოავლინა?
_ როგორ არ ჰქონდა დასაყრდენი?! მანამდე იყო 2007 წელი, მერე კი 2009 წელი, იყო საკნები და საუბრები, რომ ყველაფერი დაიხარჯება ამ ხელისუფლების ჩამოსაგდებად. რუსეთს ყოველთვის აქვს რაღაც დასაყრდენი ჩვენთან, მაგრამ როგორ მოახერხებს ამის გამოყენებას, ეს დამოკიდებულია არსებულ ხელისუფლებაზე. ჩვენ არ მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ ჩაჯდეს ტანკში, გვერდით მოისვას ღარიბაშვილი და სხვები, ზაქარეიშვილი ლულაზე წამოასკუპოს და გავარდნენ პუტინისკენ, მაგრამ ამ ვითარებაში ყველამ რაღაც უნდა თქვას და არ იძახონ, რომ სამაჩაბლოს ტერიტორიები არის რუსების და რომ ის დაკანონებულია. შეცვალონ კანონი, ის ხომ მათ ხელშია?
აქციის მონაწილეთა გამოსვლიდან ყველაზე მნიშვნელოვან ფრაზებს შემოგთავაზებთ:
„სწორედ აქ უნდა გავაპროტესტოთ ეს ოკუპაცია, იმიტომ რომ ადგილზე არის ძალიან დიდი სივრცე სხვადასხვა პროვოკაციისთვის და არ გვინდა, იქ ყოფნით ცუდის მოხდენის ალბათობა გავზარდოთ. ჩვენ გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც აქვს სრული უფლება და კონსტიტუციური ვალდებულება, დაიცვას თავისი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და დაიცვას თავისი მოქალაქეები. აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ჩემი ხმა შევუერთო იმ ადამიანების ხმას, ვისაც უნდა, თავისი ხმა მიაწვდინოს ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გვხედავს ორი მხრიდან _ აქედან (გულისხმობს კანცელარიის შენობას, _ ავტ.) და იქიდან (ბიძინა ივანიშვილის სასახლეს, _ ავტ.) და ვუთხრათ, რომ მათგან ველით რეალურ, ადეკვატურ რეაქციას ყველა იმ პროვოკაციაზე, რომელიც შესაძლოა, კიდევ ელოდეს წინ საქართველოს და რომელიც მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და ეს კარგად გვესმის. ჩვენ არ ვითხოვთ მათგან ღია ომში ჩართვას. რა თქმა უნდა, ჩვენც გვეშინია რუსეთის, მაგრამ გარდა ამისა, არის ძალიან ბევრი ბერკეტი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს. პირველ რიგში, ეს არის, ალბათ, საერთაშორისო მხარდაჭერა, რისი მობილიზებაც უნდა შეძლოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რათა ყველა კეთილი ადამიანი თანაუგრძნობდეს ჩვენს ქვეყანას. ეს არის პირდაპირი მოვალეობა ჩვენი ხელისუფლების, მაგრამ ნაცვლად ამისა, ხელისუფლებისგან გვესმის ასეთი ტიპის განცხადებები:
ირაკლი ღარიბაშვილი: „რამდენადაც მე ვიცი და ჩვენი ანალიზის თანახმად, რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ორი დე ფაქტო ტერიტორიის ანექსიაში“. დააკვირდით მის სიტყვებს, „რამდენადაც მე ვიცი და ჩვენი ანალიზის თანახმად“! როგორც ჩანს, ის მარტო არ ამბობს ამას და კიდევ სხვა ადამიანები არიან მის გარშემო, რომლებიც ანალიზს აკეთებენ.
გოგი თოფაძე, პარლამენტის წევრი: „როგორ გგონიათ, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში ნატო უფრო დაგვეხმარება თუ რუსეთი?“ რა თქმა უნდა, ნატო ბატონო გოგი, იმიტომ, რომ ნატო აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთმა კი აღიარა აფხაზეთიც და „სამხრეთ ოსეთიც“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და რამე არის აქ კიდევ გასარკვევი? (იღიმება).
ბიძინა ივანიშვილი: „ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა“. ვერ იჯერებს ადამიანი (იღიმება).
პაატა ზაქარეიშვილი: „ნუ ვაკნინებთ საქართველოს სახელმწიფოს. დამამცირებელია და შეურაცხმყოფელია, როდესაც სახელმწიფოს უყენებ პიროვნებას მტრად. მე ვიტყვი, რომ ადამიანი, თუ გინდ პუტინი იყოს, ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი. პუტინი რა, ჩაჯდა ტანკში, დაქოქა, შემოვიდა და ხალხი დახვრიტა თუ?.. რას ნიშნავს მტერი? სადმე ნოვოროსიისკში ტახტზე წამოწოლილი ადამიანი, რომელიც ამბობს, მე ვარ საქართველის მტერიო, შეიძლება იყოს საქართველოს მტერი? მტერი შეიძლება იყოს მტრული განზრახვის რეალიზატორი ადამიანი. ვერც ერთი ადამიანი, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს მიმართ მტრული განზრახვის რეალიზაციას ვერ მოახდენს“. (აქ კომენტარი ზედმეტია...)
ბატონი ენერგეტიკის მინისტრი გვამშვიდებს, რომ თუ ნავთობსადენი მოექცევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენ სასწრაფოდ ავაშენებთ ახალ შემოვლით ნავთობსადენსო და აღმშენებლობის ახალი ეტაპი იწყება, ალბათ. შინაგან საქმეთა მინისტრი კი გვამშვიდებს, რომ ნავთობსადენი ღრმად არის მიწაში. ეს ყველა რეალური განცხადებებია. როცა ჩვენს ქვეყანას აქვს ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა და მკვეთრად, საერთაშორისო ტრიბუნაზე ყველა ყვიროდეს, როცა ახალი მსოფლიო წესრიგის წინაპირობა მოჩანს, იმის ნაცვლად, რომ საქართველოსა და უკრაინის თემები ერთმანეთთან იყო მიბმული, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომლის მიმართაც ყველაზე ნაკლები ანტიპათია არის და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც არის შუაშისტების იმედი, აცხადებს, ვინმეს რომ ვთხოვოთ, უკრაინა გვერდზე გაწიოს და საქართველოზე ილაპარაკოს, ეს უზნეობა იქნებოდა, ეს დიდი ხნის წინათ თქვა და იმედია, ვაპატიებთო“.
„ჩემი მშობლების, თქვენი მშობლების თაობამ უარი თქვა ბოროტების იმპერიაში ცხოვრებაზე, მაგრამ ჩვენმა თაობამ გაიგო, რომ თავისუფლებას ჰყავს ბევრი მტერი და ამ მტერს არ ეზიზღება არც ხინკალი, არც „ხვანჩკარა“, არც მის კარზე მომღერალი და მოცეკვავე ქართველი ჯამბაზები. ეს მტერი ებრძვის მხოლოდ თავისუფლებას. ეს არის ვლადიმირ პუტინის მთავარი მიზანი არა მარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში, უკრაინასა და მოლდოვაში. რუსეთი ჩვენ გვთავაზობს მონობაში მშვიდობას, მაგრამ ჩვენმა თაობამ კარგად შეაფასა თავისუფლება. ჩვენ ამ თავისუფლებას არავის დავუთმობთ“.
„ამჟამად ჩვენს ხელისუფლებაში მარტო ლაჩრები და უტვინოები არ არიან. ასევე არიან ჭკვიანი მოღალატეები. ისინი მოქმედებენ მოსკოვიდან მოსული ინსტრუქციებით. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა არ დაგვაბრუნონ მონობაში. თუ არ გავერთიანდებით, ჩვენ დაგვაბრუნებენ მონობაში“.
„ჩვენ არ ვაკეთებთ არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის. ჩვენ არ გვინდა ომი და გვინდა მშვიდობა, მაგრამ უნდა ავირჩოთ, ჩვენ გვინდა ვიყოთ რუსეთის პატარა ეზო, დაკომპლექსებული ქვეყანა თუ წარმატებული, ევროპის თანასწორი, ბედნიერი მოქალაქეების ქვეყანა? თავისუფლებას ვირჩევთ, თუ მონობა გვინდა?! მცოცავი ომია ჩვენს ქვეყანაში. ეს ომი დაიწყო 200 წლის წინათ. იმისათვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს, ჩვენ ეს ომი უნდა მოვიგოთ!“
აქციის ბოლოს, მონაწილეებმა, როგორც თავად თქვეს, ხელისუფლებასთან წყალგამყოფი წითელი ლენტით გაავლეს და ამ ღონისძიების სამახსოვროდ დაუტოვეს ბანერი წარწერით: „ყურადღება, სახელმწიფო საზღვარი! გადასვლა (მოძრაობა) აკრძალულია!“
ნელი ვარდიაშვილი