რუსეთი საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას აგრძელებს. ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „სასაზღვრო ბანერი“ უკვე დასავლეთის ტრასიდან ერთ კილომეტრში დადგეს. ქართული მხარისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტი უშედეგოა. ადგილობრივ მოსახლეობას „საზღვარს“ იქით დარჩენილი მიწებიდან მოსავლის აღების შესაძლებლობა მხოლოდ შემოდგომამდე ექნება, ისიც თუ თბილისში „ჭკვიანად“ იქნებიან და ზედმეტს არ იხმაურებენ.
სამაჩაბლოში არსებულ რეალობასა და პერსპექტივებზე „ქრონიკა+“ დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილს, ა/ო „იბერიელთა კავშირის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაჭაპურიძეს ესაუბრება:
_ ყველა შედეგს თავისი მიზეზი აქვს. თუ ამ მიზეზს არ გავაცნობიერებთ, ვერც ბოლო ფაქტებს შევაფასებთ. ყველაფრის მიზეზი 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალებაა. მანამდე არც ერთი ტერიტორია არ იყო დაკარგული. მე თვითონ სამაჩაბლოში, ქურთაში ვცხოვრობდი, 1989 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი ჩართული. მოვლენები სხვადასხვა კუთხით შეიძლება შეაფასო. სულიერი კუთხით რომ შევხედოთ, სამაჩაბლოს ქვეყნის წინაშე დიდი მისია აკისრია. გახსოვთ, რომ საქართველოს სულიერი გამოღვიძება სამაჩაბლოს კონფლიქტით დაიწყო. მაშინ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები ცხინვალში ჩავიდნენ და მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, რომ ოსებსა და ქართველებს შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო. აქ ოსების ფენომენიც გასათვალისწინებელია, ვახტანგ გორგასლის პერიოდიდან მოყოლებული, გიორგი ბრწყინვალის დროს და ა. შ. ბევრი რამ სახელმწიფოს ბრალია, იმ დონეზე არ უნდა გაათამამო უცხო ტომი, რომ მერე მოგიტრიალდეს და შენი სიკეთე ბოროტებით გადაგიხადოს.
_ თანამედროვე კონტექსტში რას გულისხმობთ?
_ იმის თქმა მსურს, რომ ოსებთან კონფლიქტი 90-იან წლებში არ დაწყებულა. ბიძაჩემი, ელიოზ ხაჭაპურიძე, პროფესორია, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. თავის დროზე, მოსკოვში ასპირანტურა დაამთავრა და ცხინვალში რომ ჩამოვიდა, მაშინდელი მიმართვით თუ რეკომენდაციით, სამსახური არ მისცეს, ქართველი ცოლი რატომ გყავსო?! მერე ისიც უთქვამთ, ჯერ ოსის ბავშვი მონათლე და მერე მიგიღებთო. რეალურად, ასეთი პოლიტიკა იყო ჩვენთან.
იცით, რომ ომამდე ცხინვალში ოსები უმრავლესობა არ ყოფილა. ყველაზე მეტი მოსახლე იყო ებრაელი, მერე ქართველები, სომხები და ბოლოს ოსები. თანაც, ცხინვალიდან თამარაშენამდე ჩრდილოეთით იყო სოფელი დგვრისი, რაჭველებით დასახლებული საბჭოთა მეურნეობა. მოგვიანებით, ეს სოფელიც ცხინვალს შეუერთეს; ხოლო სამხრეთში იყო სოფელი გუჯაბაური, რომელიც ასევე ცხინვალის გზას გაუყენეს; აღმოსავლეთში მამისაანთუბანი შეუერთეს და ამ გზით ხელოვნურად გააფართოეს ცხინვალი. ძალით გაკეთდა ეს ყველაფერი.
ასევე, ცხინვალისა და დიდი ლიახვის ხეობის სოფლები იდეურად, სულიერადაც ერთმანეთისგან გაყოფილი იყო. გეტყვით, რატომაც: ცხინვალელი ქართველები მაინც უფრო დამთმობები იყვნენ ოსების მიმართ, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. გაყოფილი ვიყავით და ეროვნული სული ხეობაში უფრო ტრიალებდა. გუმბარიძის მთავრობა სწორედ მაშინ დაემხო, როდესაც სამაჩაბლოელებმა თბილისში აქციები წამოიწყეს, რადგან ჩვენთან ქართველობა ყველანაირად იჩაგრებოდა.
მერე კიდევ უმაღლესდამთავრებული ქართველი იქ ვერაფერს მიაღწევდა და საშუალოდამთავრებული ოსი რაიკომის მდივნადაც ინიშნებოდა, ქალაქკომის მდივნად და ა. შ.
ამ რეალობის გათვალისწინებით, ოსები ადრევე გვემუქრებოდნენ და გვირაბის გათხრას ელოდებოდნენ. როგორც კი როკის გვირაბი გაიხსნა, მოქმედება დაიწყეს. მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ აი, ახლა გვირაბი გაიჭრას და მერე დედას გიტირებთო. ახლა ამის შეფასება აღარ ხდება. ფაქტია, რომ ეს პროცესი მოსკოვიდან იმართებოდა. რუსეთს რისთვის სჭირდებოდა სამაჩაბლოს რეგიონი? იმისთვის, რომ ჩვენი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია დაემუხრუჭებინა. აფხაზეთი შავ ზღვაზე დომინირებისთვის სჭირდებოდა. შიდა ქართლი ყოველთვის იმისთვის უნდოდა, რომ ევროინტეგრაცია არ მომხდარიყო და ქართველ კაცს ევროპისკენ არ გაეხედა.
მაგრამ ყველაფრის სხვისთვის გადაბრალებაც არ გამოვა. კაცი რომ თავის თავს უზამს, ისე სხვა ვერაფერს დააკლებსო, ასეა ჩვენი საქმე.
2008 წლის ომის დროს ჩემი მშობლებიც იქ ჩარჩნენ. მე თვითონ 15 წელია, ირანში, სპარსეთის ყურეში ვმუშაობ და იქ ვიმყოფებოდი. მთლიანობაში, არც კი ვიცოდი, აქ რა მოხდა, იქ ტელეფონიც არ იჭერდა. ჩამოვედი და უკვე აღარაფერი იყო. ჩემი მშობლები იქიდან ბოლოს, 24 აგვისტოს გამოვიყვანე. მოხუცები ერთად შეკრიბეს, სახლები თვალწინ დაუწვეს და ა. შ. გახსენებაც კი არ მინდა იმ ყველაფრის, რაც თავს დაგვატყდა.
_ დღეს რა ხდება ადგილზე, რასაც ყველა თვალყურს ვადევნებთ?
_ ე. წ. საზღვარზე ამაო ფაფხურობას აქვს ადგილი. როგორც ყველგან, კარგი ხალხი „ნაციონალებშიც“ არის, მაგრამ სამაჩაბლოში შექმნილ მდგომარეობაზე მთავარი პასუხისმგებელი მათი პოლიტიკური ლიდერია. რატომ შექმნეს, თავის დროზე, დიმა სანაკოევის ე. წ. მთავრობა?! ყველაფერი იქიდან დაიწო!
შექმნეს ადმინისტრაცია და მერე რა გააკეთეს? დალის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვეს, ჩვენს რეგიონს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და ეს არის საწყისი იმისა, რაც ახლა ხდება ჩვენს თავს. დღესაც ჩვენი უბედურება ისაა, რომ ისევ რუსის უშიშროების ემისრების „გულაობაა“ საქართველოში. დღესაც რუსული ნომენკლატურის ხალხი მართავს ყველაფერს და რა უნდა ეშველოს ამ საქმეს?! ყველაფერი ხომ მათზეა გაყიდული?!
დაჩლუნგებული ჰყავთ ხალხი ცალკე მღვდლებს, ცალკე პოლიტიკოსებს. ქრისტე რისთვის მოვიდა? პირველ რიგში, ამხელდა მწიგნობრებს, ფარისევლებსა და მღვდელმთავრებს. ფარისევლები პოლიტიკოსები არიან და მწიგნობრები კი ვაიმეცნიერები. ასე ხდება დღესაც ხალხის დაბრმავება. მოაზროვნე, მოქმედების მოყვარული ქართველების 70% ქვეყნიდან წასულია. ვირებს დარჩათ მოედანი და ვინ უნდა უშველოს საქართველოს?!
თუ ხალხმა არ გააცნობიერა, რომ პირადულზე კი არა, საზოგადოებრივსა და ქვეყნისაზე უნდა იფიქრო, არაფერს ეშველება. ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს.
_ ბანერი ისევ გადმოიტანეს, ცდილობენ ჩვენს შეგუებას, ხელისუფლება რამდენად ქმედითად რეაგირებს?
_ ხელისუფლებაში ისეთი ხალხია თავმოყრილი, ამათ პასუხი რაზე უნდა მოსთხოვო? რამეს შეცვლიან პოლიტიკოსები, რომლებიც 90-იანი წლებიდან ჩვენ თვალწინ არიან? აქეთ-იქით გადაჯგუფდებიან ხოლმე, ამით ხომ შინაარსი არ იცვლება. ამათი პოლიტიკაა _ შემაფურთხა, მოვიწმინდეო. ხალხის გასაბითურებლად საჯაროდ ერთმანეთს ლანძღავენ, მერე ერთმანეთს ეარშიყებიან, ყველაფერზე მიდიან; ერთურთზე ისეთი კომპრომატები აქვთ, რომ სულით და ხორცით ერთნი არიან.
_ რამდენად მიაღწევენ მთავარ მიზანს, ქვეყნის ევროინტეგრაციის დამუხრუჭებას?
_ ძალიან ძნელია ამ ვითარებაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება. სანამ რუსის ჯარი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ ევროსტრუქტურებში, ან ნატოში გავწევრიანდეთ.
ერთადერთ გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ რუსეთმა აქედან ჯარი გაიყვანოს, როცა საკუთარი თავი დასაცავი გაუხდება.
კიდევ იმედს ის მისახავს, რომ ირანს დასავლეთმა 35-წლიანი ბლოკადა მოუხსნა. ამის გამო, ალბათ, ნავთობის ფასი ძალიან დაეცემა. რუსეთის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, ფაქტობრივად, ნავთობსა და გაზზე არის ჩამოკიდებული. მგონია, რომ ეს პროცესი ჩვენთვის შეღავათის მომტანი უნდა გახდეს, რადგან რუსეთის ეკონომიკა ძალიან დაეცემა. ვნახოთ, რა პროცესები განვითარდება. ირანის თემის იმედი მაქვს, რადგან თეირანი მსოფლიოს სანავთობო ბირჟაზე სერიოზული მოთამაშეა.
თუ რუსმა ჯარი არ გაიყვანა და საქართველოს ტერიტორია არ დატოვა, ეჭვი მეპარება, რომ ევროატლნტიკურ ინტეგრაციას დიდი პერსპექტივა ჰქონდეს.
_ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების პერსპექტივას როგორ უყურებთ?
_ რუსის ჩექმის ქვეშ სამაჩაბლოში ქართველების დაბრუნებას არანაირი აზრი არ ექნება. ბოდიში და `დაჩმორებული~ ქართველები იქ ვერ იცხოვრებენ. ჩვენ ამაყი ხალხი ვართ და ამ თვალსაზრისით ყველაფერი ნათელია. ხაზს ვუსვამ, რომ დაბრუნების ერთადერთი პერსპექტივა რუსული ჯარის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაა, ამ შემთხვევაში ჩვენს მამულში დაბრუნებას წინ ვერაფერი აღუდგება.
ამასთან, ვინც ჩემსავით იბრძოდა, მისი ამ პირობებში დაბრუნება ისედაც გამორიცხულია.
_ რა შემთხვევაში შეიძლება, რომ რუსეთის ჯარი აქედან გავიდეს?
_ ერთი სცენარი არის უკრაინა, მეორე _ ჩრდილოეთ კავკასია და მესამე _ ჩინეთი. თუ აქ პრობლემები შეექმნა, ჯარს უკან გაიწვევს. მისი ჯარი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ დიდი წინააღმდეგობები გაწიოს, მათი ძალა მოჩვენებითია და ეს ყველამ იცის. რუსეთს არანაირი განსაკუთრებული წარმოება არ აქვს, დამოკიდებულია მხოლოდ გაზსა და ნავთობზე. ჰოლანდიას უფრო მეტი წარმოება აქვს, ვიდრე რუსეთს. საბჭოთა კავშირი მაშინ დაინგრა, როცა რეიგანმა ნავთობის ფასი დააგდო, ეს კარგად იცით. ალბათ, ახალაც იგივე გზის გავლა მოუწევს. ყველა ბოროტება, რაც მოსკოვმა, სხვაზე არ ვიტყვი, ჩვენ დაგვაწია, არ შერჩება!!!
სამაჩაბლო საქართველოს ხერხემალია და მისი დაბრუნების გარეშე არ არსებობს, ქვეყანა წელში გასწორდეს; საქართველო ხერხემალში გადატეხილია. უკვე 25 წელია, რაც ქვეყანა გაპარტახებულია და ახლა ნელ-ნელა აღმასვლა უნდა დაიწყოს. ივანიშვილს ერთადერთი მისია აქვს, რომ ქვეყნის მდგომარეობა ცოტა მატერიალურად გამოასწოროს, თორემ საქართველო რომ მის ხელში გაბრწყინდეს, ეს არ მოხდება. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ეროვნული ხალხი გაერთიანდება და ქვეყანას უშველის.
_ მაგრამ ქვეყანას დღეს არც მატერიალური თვალსაზრისით აქვს საშველი...
_ ქართველებს ცოტა გვინდა, თავზე საყრელი კი არა... მაგრამ ეს ხელისუფლება იმასაც ვერ ახერხებს, მოსახლეობისთვის ელემენტარული ეკონომიკური გარანტიები შექმნას, სხვაზე რა უნდა ვთქვათ?
გელა მამულაშვილი