QronikaPlus
სააკაშვილი, სხვა გუბერნატორები და ოდესელებისთვის დაბრუნებული ზღვა

სააკაშვილი, სხვა გუბერნატორები და ოდესელებისთვის დაბრუნებული ზღვა

2015-07-24 08:13:34

ოდესელები რომ ქართულ ხალხურ ზღაპრებში ერკვეოდნენ, მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად ცისკარას შეარქმევდნენ _ დაბრუნებული ზღვის გამო. ოდესის ახალი გუბერნატორის გამონათქვამი სანაპიროსთან დაკავშირებით იქაურებმა უკვე ქარდებად აქციეს და „ფეისბუქში“ აზიარებენ. ზოგადად, ქარდებად ქცეულ სააკაშვილის გამონათქვამებს უხვად შეხვდებით უკრაინულ მედიაში: „მივდივარ სანაპიროზე და ვხედავ შემოღობილ ნაწილს, სადაც წარწერაა: „დახურული პლაჟი უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებისთვის“. რა დახურული პლაჟი? რა უშიშროების თანამშრომლებისთვის? ოდესაში უშიშროების თანამშრომლებს საბანაოდ სცალიათ?“ _ განაცხადა ერთ-ერთ შეხვედრაზე სააკაშვილმა და დაიქადნა, _ მაგ დახურულ პლაჟებსაც მივხედავო!   ვინც სააკაშვილს, მისი საქმიანობის სტილს არ იცნობს, შეიძლება გამუქებულად მოეჩვენოს მისი ფრაზა, რომ უშიშროების თანამშრომლები ზღვაში საბანაოდ ვერ უნდა იცლიდნენ, მაგრამ სააკაშვილის გარემოცვაში არიან თანამშრომლები, მათ შორის, თანაშემწეც, რომელიც ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან საუბრისას გულახდილად ამბობს, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ჯერ არ იცის, როგორია ოდესის სანაპიროზე გასვლა და ზღვაში ბანაობა. სააკაშვილმა რაც დაიქადნა, მოგვიანებით შეასრულა კიდეც: ერთ დღეს, დილით ადრე, 6 საათზე გავიდა „შემოვლაზე“, თან იახლა ახალი თანაშემწე, იულია მარუშევსკა და დახურული პლაჟები შემოიარა. „რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ?“ _ იკითხა გუბერნატორმა და იქიდანვე დაურეკა კიევში უშიშროებისა და სასაზღვრო სამსახურის უფროსებს. მათაც მოუსმინეს, დაეთანხმნენ, გადარეკეს და ნამძინარევი ხმით გასცეს ბრძანება დახურული პლაჟების გაუქმების შესახებ. იქნებ, დიდად არც ჰქონდათ ამის სურვილი, მაგრამ წინა გამოცდილებიდან იცოდნენ, რომ პოროშენკო, ასეთ შემთხვევებში, სააკაშვილს უჭერს მხარს და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს... ჩემმა „ფეისბუქის“ მეგობარმა მის ცხოვრებაში 2005 წელს მომხდარი ერთი ამბავი გაიხსენა: მას დედა უკრაინელი ჰყავს და ზაფხულში საქართველოში სტუმრები უკრაინიდან, ოდესიდან ჩამოუვიდა. საშუალო ასაკის ცოლ-ქმარი, ცხადია, ყველგან წაიყვანეს _ როგორც თბილისში, ასევე მცხეთაში. როცა უკან ბრუნდებოდნენ, უკვე ღამე იყო და განათებული თბილისის დანახვისას ცოლს ხელები მიუხუტებია გულზე და უნატრია, _ რა იქნება, სააკაშვილი ცოტა ხნით ჩვენთან, ოდესაში „გაიჩითოს“, იქაურობას მიხედავსო, ხოლო ქმარს სასტიკად დაუცინია, _ ნატვრასაც გონიერება სჭირდება, აბა, დაუფიქრდი, რა გზა არსებობს, სააკაშვილი რომ ოდესის მმართველი გახდეს, უტოპიური ნატვრააო... სააკაშვილის მოწინააღმდეგეები, რა თქმა უნდა, იტყვიან, _ ნატვრასაც სიფრთხილე სჭირდება, ემანდ, მართლა არ ახდესო და ზემოთქმულ ამბავსაც, ალბათ, ამ კონტექსტში განიხილავენ, მაგრამ ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სააკაშვილის პოპულარობა ოდესაში დღითი დღე იზრდება. რასაკვირველია, პოპულარობასთან ერთად იზრდება მასზე თავდასხმის საფრთხე და რისკი იმისა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ბრძოლა „სააკაშვილი ყველას წინააღმდეგ“, შესაძლოა, იმ ყველადან ერთ-ერთის გამარჯვებით დასრულდეს. ალბათ, ეს საფრთხე სააკაშვილსაც ესმის _ ახლა უკვე ამერიკული დაცვის თანხლებით დადის, ოღონდ, მათ კარგად დაამუღამეს, რომ სააკაშვილის სახალხო აქტივობის დროს არ უნდა გამოჩნდნენ. მით უმეტეს, უკრაინული პრესა უკვე წერს, რომ სააკაშვილზე ერთი თავდასხმის მცდელობა უკვე აღკვეთეს: ერთ დღეს ოდესაში პოლიციელებს მამაკაცმა ესროლა და მიიმალა, ხოლო ამ სროლის დროს დაღუპული პოლიციელის ოჯახში სამძიმარზე სააკაშვილი და ლორთქიფანიძე მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ პირი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, მიხეილ სააკაშვილზე გეგმავდა თავდასხმას. მას პისტოლეტი ბუჩქებთან, მიწაში ჰქონდა ჩაფლული, იარაღის სამალავიდან, სულ რაღაც, ათიოდ მეტრის იქით კი ის ბილიკი იყო, სადაც სააკაშვილი, როგორც წესი, დილდილაობით დარბის ხოლმე. ყველაფერი იმის მიხედვით ვითარდება, როგორც უკრაინელი, კითხვადი ანალიტიკოსები წერენ: რაც უფრო ძლიერდება სააკაშვილის წნეხი კორუფციასა და ოლიგარქებზე, მით უფრო ვიწროვდება საცეცები მის ირგვლივ და იზრდება მათი რიცხვი, ვინც „სააკაშვილის მოჭრილ თავში“ დიდ ფულს გადაიხდის. ანალიტიკოსები სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს შესაძლებლობებსაც უთვლიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფიზიკურ ლიკვიდაციაზე ფიქრს ვერ გაბედავენ და სააკაშვილს მხოლოდ პროპაგანდისტულ- ინფორმაციული საშუალებებით შეებრძოლებიან. რასაკვირველია, ამ ავანგარდში მილიონერი კოლომიისკი დგას, შემდეგ კი ოდესის მოქმედი მერი მოდის _ სააკაშვილის თავის ტკივილი, რადგან გუბერნატორის უფლებამოსილება მასზე ნაკლებად ვრცელდება, ის არჩეული მერია. ჯერჯერობით მათ კოჰაბიტაცია გამოსდით, ანუ საჯაროდ და აშკარად ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, მაგრამ, ცხადია, შინაგანად ორივემ კარგად იცის, რომ მტრები არიან... რაც შეეხება ქართულ გარემოცვას, სააკაშვილი, ამ ბოლო დროს, გია ლორთქიფანიძესთან კონტაქტს ამჯობინებს და კიევშიც, იშვიათად, მხოლოდ სხდომებზე და მაშინ ჩადის, როცა პრეზიდენტთან პირადი აუდიენციაა საჭირო. პოროშენკოს კარი მისთვის მუდამ ღიაა და, საერთოდ, უკრაინის პირველი პირის მხრიდან სააკაშვილმა, დიდი ხანია, კარტ-ბლანში მიიღო. თანაპარტიელებს სააკაშვილი კიევის „დიდი თავყრილობის“ შემდეგ, ფაქტობრივად, არ ეკონტაქტება. ენმ-ს ვერტიკალი დიდხანს ცდილობდა გაეგო სააკაშვილის პოზიცია აღმასრულებელი მდივნის არჩევასთან დაკავშირებით, მაგრამ მიშა არაფერს ამბობს, თუ არ ჩავთვლით, რომ რატიანს პირადად დაურეკა და მიულოცა გამარჯვება. ალბათ, ასევე მოიქცეოდა ვაშაძის არჩევის შემთხვევაშიც. თუმცა პარტიაში ყველამ იცის, რომ სააკაშვილი, ძირითადად, ენმ-ს კონსერვატორული ფრთის მხარდამჭერად მოიაზრება _ ბოკერია, თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ირმა ნადირაშვილი... მათ კი სწორედ რატიანს მისცეს ხმა. მართალია, კიევში იშვიათად ჩადის, მაგრამ იქ მყოფ თავისი გუნდის წევრებს სააკაშვილი ხშირად უკავშირდება სხვადასხვა საშუალებით. ის თვალს ადევნებს პოლიციის რეფორმასაც და, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ყველაზე მეტად სწორედ ძალოვნების _ ეკა ზღულაძისა და დავით საყვარელიძის _ საქმიანობითაა კმაყოფილი. უკრაინაში იმასაც ამბობენ, რომ პოლიციის შეფი მალე, შესაძლოა, ეკა ზღულაძე გახდეს, ხოლო გენპროკურორად საყვარელიძის დანიშვნის მოთხოვნა უკრაინის სოცქსელებში უკვე კარგა ხანია, ძალიან აქტუალურია. მისი ავტორიტეტი მას შემდეგ გაიზარდა, რაც გენპროკურატურაში სპეცოპერაციას უხელმძღვანელა. კაცმა რომ თქვას, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ინფორმაცია გადამეტებული სულაც არ იყო _ დააპირეს, მაგრამ ვერ აღძრეს. აქ კი ზოგიერთ ქართველ ინტერნეტმომხმარებელს ძალიან გაუხარდა _ საყვარელიძეს იჭერენო... იუსტიციის სახლების პროექტებს უკრაინაში გია გეწაძე კურირებს. სწორედ მან მიიხმო კიევში ის გუნდი, რომელსაც, ამ მხრივ, გამოცდილება თბილისში აქვს მიღებული. ჩვენ უკრაინაში მყოფთაგან მხოლოდ ე. წ. ფეისების სახეები და სახელები ვიცით, მაგრამ ისეთებიც ბევრნი არიან, რომლებიც არასდროს არსად არ ჩნდებიან, მაგრამ რეფორმების მთელი სიმძიმე მათზე გადადის. როგორც იტყვიან, „მათი სახელია ლეგიონი“. იქ არიან რეგისტრატორები, მენეჯერები, „აი ტი“ სპეციალისტები _ ყველა, ვინც იხმეს... იქ ჩასული ე. წ. რიგითები, რომლებსაც უწევთ ასწავლონ უკრაინელებს, როგორი უნდა იყოს რეგისტრატორი და განმწესებელი იუსტიციის სახლში, „ქრონიკა+“-თან საუბრისას ამბობენ, რომ იქაურებს უფრო რეგისტრატორობა ურჩევნიათ, ვიდრე განმწესებლად დგომა, რომლებსაც მეტი ხელფასი ექნებათ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რეგისტრატორს უშაულო შეხება აქვს თანხის დასახელებასთან _ ჯერ ელექტრონული მომსახურება იხვეწება, მანამდე კი მოქალაქე ფულს ისევ რეგისტრატორებთან იხდის. თუმცა, როგორც უკრაინაში წასულები ამბობენ, რეფორმირება ისეთი სწრაფი ტემპით მიდის, რომ ცვლილებებს ცვლილებები მოსდევს, იუსტიციის სახლი და ახალი პოლიცია კიევის შემდეგ ოდესაში უნდა გაიხსნას _ ასეა გეგმაში. სააკაშვილის შემხედვარე, უკრაინელთა სულ უფრო ნაკლები ნაწილი ფიქრობს, რომ „მიშას არაფერი გამოუვა“. თუმცა ასე საქართველოში ფიქრობენ და მთავრობის ზოგიერთ წევრს, ასევე ზოგ პოლიტიკოსს, უკრაინელები ეცოდება კიდეც, რადგან მათი გუბერნატორი სააკაშვილია. მაგრამ თავად უკრაინელები იმდენად გახარებული ჩანან, რომ ქართველი ენმ-ს მხარდამჭერების პოსტები რუსულად: „მიშა, მალე დაგვიბრუნდი!“ _ აღიზიანებთ კიდეც... ამასობაში კი, ფაქტობრივად, დღე არ გავა, სააკაშვილმა სიურპრიზი არ მოაწყოს. ზოგჯერ მასთან დაკავშირებული სიახლეებისთვის თვალის მიდევნებაც კი ჭირს. ამასთან, მან უკვე სტრატეგიული, სიმბოლური ნაბიჯების გადადგმაც კი დაიწყო: ახლახან გუბერნატორის მოადგილედ რუსი ოპოზიციონერის, არკადი გაიდარის შვილის _ მარიას დანიშვნა დააანონსა. ოდესა რომ ქალაქია, რომელიც, გარკვეულწილად, რუსული კულტურის ნაწილიცაა, სააკაშვილს მანამდეც არაერთხელ უთქვამს. თავისთავად ცხადია, დიდია რუსულენოვანი მოსახლეობის რიცხვიც და ცხადია, ამ დანიშვნით სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ, ზოგადად, რუსებთან და რუსეთთან კი არ აქვს შეუთავსებლობა, არამედ პუტინთან და პუტინის რუსეთთან. გაიდარის დანიშვნას ვიცე-გუბერნატორად დადებითად შეხედავენ ადგილობრივი რუსებიც და სააკაშვილისადმი უფრო მეტი ნდობით განიმსჭვალებიან, რაც მისთვის ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელია. სააკაშვილის ნაბიჯი რომ ზუსტად მოხვდა ათიანში მიზანს, რუსეთის რეაქციაც ადასტურებს. რუსეთის საკანონმდებლო ხელისუფლების ვერტიკალი ამ დანიშვნას რამდენიმე საათში გამოეხმაურა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მარია გაიდარი სამშობლოს გამყიდველად მოიხსენიეს. დუმაში დსთ-ს ქვეყნებთან და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, დროზდოვმა, მარია გაიდარი გენერლების _ პეტრე კრასნოვისა და ანდრე ვლასოვის რიგში მოიხსენია _ ეს გენერლები ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ: „მას არაფერი ესაქმება რუსეთში, შეუძლია შეიცვალოს მოქალაქეობა. როგორ შეიძლება, დღეს რუსეთის მოქალაქემ ითანამშრომლოს სააკაშვილთან, რომელიც არ მალავს თავის ზიზღს რუსეთის მიმართ?“ _ თქვა მან. ასეთმა კომენტარებმა კი სააკაშვილს მხოლოდ განწყობილება აუმაღლა: „ეს რეაქცია მეტყველებს, რომ მე სწორი ნაბიჯი გადავდგი, როცა მარია დავნიშნე. ჩემი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ განწყობილებას მიმაღლებს, როცა პუტინს რამე აღიზიანებს“, _ დაწერა მან პასუხად, რუსეთის ლიდერს კიდევ ბევრ სიურპრიზს დაჰპირდა და საზღვაო პორტებში მონოპოლიასთან ბრძოლის გამოცხადება დააანონსა. ეს, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს ოდესის ახალი გუბერნატორის ბრძოლაში, რადგან ამის შემდეგ უკვე მას ისინიც ღიად დაუპირისპირდებიან, რომლებიც აქამდე დუმდნენ _ პორტებიდან მიღებული (ოდესის ოლქში სულ 8 საზღვაო პორტია) შემოსავლით უამრავი ოლიგარქი, მილიონერი თუ, უბრალოდ, მდიდარი და გავლენიანი პირი საზრდოობს...

დოროთე გითოლენდია

 

გაზიარება