QronikaPlus
„ოპიზრები", „25-ე ბატალიონი" და „ოცნების ქალაქი" - „ჩვენ ერთი კანონი ვიცით, რომ საკუთარ ქვეყანაში ჭერი უნდა გვქონდეს!"

„ოპიზრები", „25-ე ბატალიონი" და „ოცნების ქალაქი" - „ჩვენ ერთი კანონი ვიცით, რომ საკუთარ ქვეყანაში ჭერი უნდა გვქონდეს!"

2015-07-18 08:21:22

ქვეყნის წინაშე მდგომ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს შორის ერთ-ერთი აქტუალურია საკუთარი მოქალაქეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. სახელმწიფოს ამ მიმართულებით პოლიტიკაც კი არ აქვს განსაზღვრული. სამწუხაროდ, მათი მთავარი აქცენტი მხოლოდ დევნილების ბინებით უზრუნველყოფაა. ეკომიგრანტები, ან სხვადასხვა ობიექტური მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები როცა ხედავენ, რომ მათი პრობლემებისთვის არავის სცალია, იძულებული ხდებიან, როგორადაც შეუძლიათ, ისე მოაგვარონ. ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც გულგრილია, სანამ დაკავებულ ფართს თუ ადგილს ვინმე დაადგამს თვალს და გაყიდის. იქ მცხოვრებთა ბედი კი ვის აინტერესებს? წლების განმავლობაში `თავში ქვა გიხლიათ~ პოლიტიკამ გამოიწვია უსახლკაროების მასობრივი შეჭრა სხვადასხვა შენობაში, ან თავისუფალ ტერიტორიებზე თვითნებურად დასახლება. 1999 წლის სტამბულის ხელშეკრულებით ბათუმში მდებარე რუსეთის 25-ე ბატალიონმა აჭარის ტერიტორია დატოვა. მას ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მეჯინისწყალში 19 ჰა-ზე მეტი ფართობი ეჭირა. ჯარის გასვლის შემდეგ აქაურობა უყურადღებობითა და ალალბედზე მიგდებით ნაგვის ბუდედ, ჯაგნარად, ლამის, გაუვალ ადგილად იქცა. 2012 წლის ოქტომბერში ამ ტერიტორიაზე პირველი ქოხი ჩაიდგა და მას შემდეგ უცებ 3 ათასი გაჩნდა. პირველი ქოხი ვერავინ შენიშნა? შენიშნეს, მაგრამ იმ პერიოდში ამ ამბის ყველამ სათავისოდ გამოყენება სცადა. აქ სამი დასახლება გაჩნდა: „ოპიზრები", „25-ე ბატალიონი" და „ოცნების ქალაქი." „ქრონიკა+" „ოცნების ქალაქს" ესტუმრა. ეს სახელი „ოცნების" გამარჯვებით შთაგონებულებმა უწოდეს თავიანთ დასახლებას. დიახ, მათთვის ოცნება იყო საკუთარი ჭერი და სად იქნებოდა და როგორი, არც კი უფიქრიათ. მძიმე სანახავია აქაურობა: ფიცრული ქოხები, ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობები, მაგრამ ხალხი ითმენს და იტანს, _ საკუთარი ჭერი გვაქვს და დანარჩენს ჩვენვე მოვუვლით, ოღონდ დაგვანებონო, _ ამბობენ. მარინა ბერიძე, „ოცნების ქალაქის" მცხოვრებთა ნდობით აღჭურვილი პირი: _ კოჰაბიტაციის შედეგად ხელისუფლებაში დარჩენილი „ნაცები", მათ შორის, გამგებლები, საცხოვრებელი პრობლემის მქონეთ აქეზებდნენ. „ოცნებაც" გვპირდებოდა დახმარებას და დაკანონებას, მაგრამ როცა ხელისუფლება განიმტკიცეს, აქეთ შემოგვიტიეს. აქ საქართველოს ყველა კუთხეში გადასახლებული ის აჭარლები ცხოვრობენ, რომლებიც იძულებული გახდნენ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, უკან დაბრუნებულიყვნენ. აქ არის დამეწყრილი ზონების მოსახლეობა, რომელიც წლებია, უიმედოდ ელოდება დახმარებას; აქ არიან გასაყოფი ოჯახები, მცირემიწიანობის გამო წასასვლელი რომ არსად გააჩნდათ. დამერწმუნეთ, დალხენილი აქ არავინაა. _ რამდენი ქოხია, სადაც რეალურად ცხოვრობენ ადამიანები? _ 1000 ოჯახი რეალურად ცხოვრობს, დანარჩენი კი სხვადასხვა მიზეზით აქ არ არიან. პირველ ერთ წელიწადს საშინელ დღეში ვიყავით, ელექტროენერგია და შეშა არ გვქონდა. მეზობლები ერთად ვთბებოდით და ლუკმას ვუყოფდით ერთმანეთს. ამ ერთიანობით და გვერდზე დგომით მოვახერხეთ, რომ დღემდე აქ ცხოვრების უფლებას ვინარჩუნებთ. ყოველთვის ვკითხულობ: ერთ საათში ამხელა დასახლება არ ჩნდება. სანამ 1500 ქოხი ჩაიდგმებოდა, სად იყვნენ მანამდე გამგეობები, ადგილობრივი ხელისუფლება? 19 ჰექტრის ათვისება უცებ არ ხდება. აქ კეთილდღეობის კი არა, იძულების გამო ცხოვრობს ადამიანი. ზოგმა ვერ გაუძლო ზეწოლას და ისევ აუტანელ პირობებში დაბრუნდა, სხვები კი, ვისაც წასასვლელი მართლა არსად გვქონდა, დავრჩით. აქაა სულიკო ქამადაძის ოჯახი, რომელსაც 11 შვილი ჰყავს და 24 წელი დამეწყრილ სახლში ცხოვრობდა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი. როცა ამ ხნის მანძილზე სახელმწიფო თავის მოქალაქეს პრობლემას ვერ მოუგვარებს, ის იძულებულია, როგორც შეძლებს, ისე მიხედოს თავის თავს. „ოცნების ქალაქში" ამჟამად 500 ბავშვზე მეტი ცხოვრობს. მოსწავლეები სკოლაში დადიან, მაგრამ ბაღის ასაკის ბავშვები კვლავაც გარეთ არიან. ეს ტერიტორია ხელვაჩაურის რაიონს ეკუთვნოდა, მაგრამ მერე ბათუმს გადასცეს. ქალაქის მერიას ვთხოვეთ ნაგვის ურნები და დასუფთავების მანქანები, მაგრამ უარს გვეუბნებიან. ყველგან აგრესიით გვხვდებიან, სადაც მივდივართ, თურმე კანონი დავარღვიეთ. საკუთარ სამშობლოში ცხოვრებისა და არსებობის უფლებას რომ ძალად ვითხოვთ, ესაა კანონის დარღვევა? _ რას გპირდებათ ხელისუფლება? _ კონკრეტულს არაფერს. ვფიქრობთ, თავადაც არ იციან, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ამას წინათ განგვიცხადეს, რომ აქ მცხოვრებთაგან მხოლოდ მარჩენალდაკარგულებს და მეწყერსაშიში ზონებიდან გამოხიზნულებს დაგვეხმარებიან. კი მაგრამ, სად წავიდნენ ეკომიგრანტები? ზარზეიმით რომ გადაასახლეს წალკაში და საშინელი პირობების გამო იძულებული გახდნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ? ან ქუჩაში უნდა დატოვონ  მრავალშვილიანები, უმიწოდ დარჩენილი კომლები? რას ვითხოვთ ასეთს? თუ შეიძლება, რომ უცხოელს: თურქს, ირანელს, ინდოელს ცხოვრების პირობები შეექმნას ჩვენს სამშობლოში, ჩვენ რა დავაშავეთ?! ქართული ოჯახები ქართველ შვილებს ვზრდით, ერს ვამრავლებთ, ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავართ. ეს დანაშაულია? იქნებ, აქაც არიან ისეთები, ვისაც არ სჭირდებათ ეს ქოხები, რახან დრო იხელთეს, სცადეს ტერიტორიის დასაკუთრება, მაგრამ ეგ რა ჩვენი საქმეა? გამოიკვლიოს და გაცხრილოს ხელისუფლებამ, ვინ მართლა გაჭირვების გამოა აქ და ვინ სხვა მიზნებისთვის. _ თქვენი აზრით, როგორ უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ ეს პრობლემა? _ ხელისუფლებას მხოლოდ 100-100 კვ.მ. მიწის დაკანონებას ვთხოვთ თითოეულ აქ მცხოვრებ კომლზე. დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელი იქნება. გონიერი ხელისუფლება უნდა წამოვიდეს ამაზე. ნაგვისა და გველების ბუდე გავწმინდეთ, მოვაწესრიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე შორსაა ნაგვის ბუნკერები, ქუჩაში დაყრილ ნაგავს ვერსად ნახავთ. იმედია, მთავრობა კეთილ ნებას გამოიჩენს, დანარჩენს კი ჩვენ მოვაგვარებთ. გვიწვევენ დისკუსიებზე და გვესაუბრებიან კანონის ენით. კანონიც მათ ხელში იყო და ძალაც. ხალხი სანამ 19 ჰა-ს დაიკავებდა, მთავრობა მანამდე სად იყო? ჩვენ ერთი კანონი ვიცით, რომ საკუთარ ქვეყანაში ჭერი უნდა გვქონდეს! სოციალური კრედიტი გამოვიტანე, პატარა სახლი ავაშენე. 4 შვილის დედა ვარ, ქართველი დედა! მეკუთვნის თავშესაფარი და ამის დათმობას არ ვაპირებ. _ ვისი საკუთრებაა ეს ტერიტორია? _ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. _ რა მდგომარეობაა თქვენს მეზობელ უბნებში? _ ჩვენნაირი პრობლემები აქვს „ოპიზრებისა" და „25-ე ბატალიონის" დასახლებებს. ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. იცით, რამდენი ოჯახი ინგრევა საკუთარი ჭერის არქონის გამო? აქ გადმოსახლებით ბევრი ქართული ოჯახი შენარჩუნდა. გვითხრეს, აჭარის ხელისუფლება არაფერს წყვეტს, რასაც თბილისიდან ეტყვიან, იმას აკეთებენო და რამდენჯერმე ვცადეთ, ბათუმში ჩამოსული პრემიერისთვის ხმა მიგვეწვდინა, მაგრამ ვინ გაგაკარა სიახლოვეს? ვთხოვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, ნუ გაიმეტებენ საკუთარ სისხლსა და ხორცს ქუჩაში გამოსაყრელად. ქალაქის ცენტრში ფეხს ვერ გადადგამ, სულ თურქებითაა სავსე. ჩვენ მათი საწინააღმდეგო არ გვაქვს, იყვნენ, მაგრამ თუ უცხოელი ასე ლაღად გრძნობს თავს, ჩვენ სადღაც მიყრუებულში, ჭაობში აღარ გვეკუთვნის ფიცრული მაინც? _ რელიგიური თვალსაზრისით რა მდგომარეობაა? _ არავითარი პრობლემა არაა! აქ ქრისტიანებიც ვართ და მუსლიმანებიც. მართალი გითხრათ, არასოდეს გვიფიქრია ამაზე. ვისაც უნდა, მეჩეთში დადის და ლოცულობს, ვისაც უნდა, _ ეკლესიაში. ჩვენ ჯერ ქართველები ვართ და მერე მორწმუნეები.   სოსლან თურაძე, ეკომიგრანტი: _ ჩავსახლდი წალკაში, მაგრამ იქ მიწა არ მქონდა, თავის რჩენის არავითარი საშუალება არ გამაჩნდა და იძულებული გავხდი, უკან დავბრუნებულიყავი. ჩემი ცოლი რუსია, რუსეთის მოქალაქე, ამდენი წელია ვცდილობ, რა გზას არ მივმართე, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა ვერ მიიღო. შვილები მის გვარზე არიან და ამის გამო იძულებული ვარ, საჯარო სკოლაში სწავლის ფულიც გადავიხადო. სასწრაფოც რომ დასჭირდეთ, ფულია გადასახდელი. ორმაგი პრობლემა მაქვს: აქეთ _ სათუო ჭერი და იქით _ გაუთვალისწინებელი ხარჯები. როცა იუსტიციის სახლში მივედი საბუთების ჩასაბარებლად, ერთადერთი ქართველი მე ვიდექი რიგში _ სულ უცხოელებზე გაიცემოდა ქართული პასპორტები. ვის არ მივმართე, მაგრამ დღემდე არაფერი. ესაა სამართალი?!   აქ წალკიდან უკანდაბრუნებული 90 ოჯახი ცხოვრობს. ჯემალ ართმელაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სააკაშვილმა ზარზეიმით ჩაიყვანა წალკაში და იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო: _ ჩაგვიყვანეს წალკაში, დაგვაბინავეს სახლებში იმ პირობით, რომ შეგვისყიდდნენ. გადმოგვცეს თითო ჰა მიწა საჩუქრად. როცა სიტუაცია დაიძაბა და მოვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ მიწა დროებით სარგებლობაში გვქონდა გადმოცემული. ჩვენ იქ ქართული სული გავანედლეთ, ქართული სკოლები გაიხსნა, სომხებთან ყოველდღიური შეხლა-შემოხლა გვქონდა. იტაცებდნენ საქონელს, ვხვდებოდით გზაში და ვართმევდით, რამდენჯერ სიკვდილისთვის ჩაგვიხედავს თვალებში. მერე ბერძნები ჩამოვიდნენ და მიტოვებულ სახლებს ისეთი საფასური დაადეს, ყიდვას აზრი არ ჰქონდა, რადგან ვითომ ჩვენზე გადმოცემული მიწები სხვებმა, ძირითადად, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ადამიანებმა გადაიფორმეს და, ფაქტობრივად, საარსებო საშუალება წაგვართვეს. სად წავსულიყავით? დავბურუნდით უკან. ახლა აღარც იქ ვჭირდებით ვინმეს და აღარც _ აქ. სად წავიდეთ? ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და მოვითხოვთ, დაგვიცვას და არსებობის უფლება მოგვცეს სახელმწიფომ.   თუ რა გეგმები აქვთ „ოცნების ქალაქთან" მიმართებით, „ქრონიკა+"-მა კომენტარი სთხოვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მთავრობის ერთიანი სტრატეგიის გასაგებად აჭარის მთავრობასთან გადაგვამისამართა; მთავრობის პრესსამსახურიდან კი გვაცნობეს, რომ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.  

                                                                                                                   ნატო ქათამაძე

         

გაზიარება