შეიძლება, თანამდებობაზე დანიშნული იყოს ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა? - საქართველოში, თურმე, შეიძლება!
შეიძლება, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდე და, ამავე დროს, ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენდე? _ საქართველოში ესეც შესაძლებელია.
შეიძლება, ოცამდე სისხლის სამართლის საქმე იყოს ვინმეზე აღძრული და პასუხისგების ნაცვლად გამგებლად დაინიშნოს? _ საქართველოში შეიძლება!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, აქ, საქართველოში, ყველაფერია შესაძლებელი. აგერ, ნახეთ, მაგალითად, რა ხდება ნინოწმინდის რაიონში და თავადვე დარწმუნდებით ამ მოსაზრების სისწორეში:
რამდენიმე დღის წინათ „ქრონიკა+"-ს ნინოწმინდის რაიონის მცხოვრები ეწვია და გულის ტკივილით გვიამბო თავის მშობლიურ კუთხეში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. მისი სიტყვების სისწორის დასამტკიცებლად გარკვეული დოკუმენტაციაც გადმოგვცა და გვთხოვა, იქნებ, გააგებინოთ ყველას ნინოწმინდელების მძიმე პრობლემების თაობაზეო. რა თქმა უნდა, ვასრულებთ თხოვნას, თუმცა, ამ ეტაპზე, რესპონდენტის ვინაობის დაკონკრეტებისგან, მისივე უსაფრთხოებისთვის, თავს ვიკავებთ:
_ ნინოწმინდაში ძალიან ცუდი სიტუაციაა. მეტიც, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ რაიონს საერთოდ არ ჰყავს პატრონი! ერთ მაგალითს მოგახსენებთ და თავადაც ადვილად მიხვდებით, რას ვგულისხმობ: ამ რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ სუმბატ კიურეგიანი, რომელიც აირჩიეს 2014 წელს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. სხვათა შორის, რაიონში თანამდებობაზე ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ, ვინც საპარლამენტო, თუ შემდეგი არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა. ეს კიურეგიანიც საპარლამენტო არჩევნების დროს იყო „ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი უკვე „ოცნებას" წარმოადგენდა და ასე გახდა საკრებულოს თავმჯდომარე. სხვათა შორის, რომ იცოდეთ, 2005 წელს უკანონოდ მოიპოვა სომხეთის მოქალაქეობა.
_ რას ნიშნავს, უკანონოდ მოიპოვა?
_ საქართველოს მოქალაქეა და, პარალელურად, სომხეთის მოქალაქეცაა. ასეთი კაცი გახლავთ სუმბატ კიურეგიანი. როგორ მუშაობს ამ თანამდებობაზე, გაურკვეველია, თუმცა ეს კაცი ერთადერთი არ გახლავთ, ვინც, ერთდროულად, სომხეთის მოქალაქეცაა და _ საქართველოსიც. ასევეა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევების სამსახურის უფროსი, ნაირი მანუკიანი. ეს პიროვნება 2005 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს ნინოწმინდის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ქრთამის აღების ფაქტზე და პირობითი ოთხი წელი მიუსაჯეს.
2011 წლის 27 სექტემბრიდან არის სომხეთის მოქალაქე. ასევე იგი წარსულში გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, მაგრამ ვინაიდან პირადად მფარველობდა რაიონის დეპუტატი, 2014 წლიდან დაინიშნა სამხედრო სამსახურის უფროსად. სხვათა შორის, ჯარში არასოდეს უმსახურია. კი აქვს თავის „სივში" მითითებული, რომ ვითომდა მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ყველგან დავუმტკიცებ, რომ მას არ უმსახურია არასოდეს არც საბჭოთა არმიის რიგებში, არც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ერთი სიტყვით, გაურკვეველია, როგორ მუშაობს თანამდებობაზე. მე ამ ყველაფრის თაობაზე ამ რამდენიმე ხნის წინათ მივწერე ქალბატონ თეა წულუკიანს, რომლის უწყებიდან მიპასუხეს, რომ სომხეთი უარს ეუბნება მათი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე. ანუ, თურმე, თვითონ ამათ უნდა მიმართონ სომხეთს, ჩვენ ვართ თუ არა თქვენი მოქალაქეებიო და იქიდან მოსული პასუხის შემდეგ მიიღებენ ზომებს.
_ რომელი პარტიიდან არის ეს ხალხი?
_ ესენი თავიდან იყვნენ სააკაშვილის პარტიაში, არჩევნების შემდეგ გადაპორტირდნენ „ოცნებაში". აქ მოქმედებს ერთი და იგივე კლანი, რომელიც შევარდნაძის დროიდან მოყოლებული მართავს რაიონს. ამიტომაც არის, რომ ნინოწმინდა და მისი მოსახლეობის ბედი არავის აღელვებს და რაიონში, ზოგადად, მძიმე სიტუაციაა. აქ იყვნენ ჩამოსული თბილისიდან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის იყო მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი და სხვები, რომლებიც შეხვდნენ მოსახლეობას და თავისი თვალით ნახეს, რა გაუსაძლისი სიტუაციაა ნინოწმინდაში. კერძოდ, შარშან ერთ-ერთ უბანში კანალიზაციის გასაყვანად გამოყოფილი იყო 270 ათასი ლარი. არაფერი არ გაკეთებულა და არანაირი სამუშაო არ შესრულებულა. ბოდიში და ფეკალური მასები ჩადის პირდაპირ ტბაში და ეს აქ არავის არ ადარდებს!
_ თქვენი დეპუტატი არ გეხმარებათ?
_ ჩვენი დეპუტატი გახლავთ ბატონი ენზელ მკოიანი, რომელიც ცალკე საუბრის თემაა. ეს კაცი 1999 წლიდან იყო „მოქალაქეთა კავშირის" წევრი და დეპუტატი, ცხადია, ამავე პარტიიდან; სააკაშვილის დროს გადაინაცვლა „ნაციონალურ მოძრაობაში" და მგზნებარე „ნაცი" გახდა; ახლა კი ვითომ დამოუკიდებელი დეპუტატია, სინამდვილეში „ქართულ ოცნებას" ეკედლება და, ფაქტობრივად, ოცნებაშია დეპორტირებული. რაც შეეხება მოსახლეობის დახმარებას, კაციშვილმა არ იცის, რას შვრება. თუ რამე არის გაკეთებული, ყველაფერი უვარგისია. ესენი იკეთებენ მხოლოდ საკუთარ საქმეს. აი, ნახეთ ფოტო, როგორ ქეიფობს დეპუტატი „ნაციონალებთან" ერთად. თეთრ პიჯაკში ბატონი ენზელ მკოიანი გახლავთ, მის გვერდით დავით ბაქრაძე და „ნაციონალების" სხვა ადგილობრივი სახეები არიან, სულ ბოლოში კი გახლავთ ლევან ახობაძე, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს კონტრდაზვერვის ხაზით. სხვათა შორის, ამ ახობაძეზე ამბობენ, რომ დეპუტატ მკოიანს მფარველობს. მათ საერთო ინტერესებიც აქვთ ნინოწმინდაში. ეს ინტერესები საწვავის ბიზნესს უკავშირდება.
ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ აქ თუ ვინმეს რამე აინტერესებს, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, პირადი ინტერესებია. ცხადია, დეპუტატს და საკრებულოს თავმჯდომარეს არც რაიონის გამგებელი ჩამოუვარდება მადაში - გაგიკ კარსლიანი. იგი არის საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსი, შემდეგ ჯერ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო, თვითმმართველობის არჩევნებზე კი გამგებლად აირჩიეს. გაგიკვირდებათ და მასზე აღძრულია, დაახლოებით, ოცამდე სისხლის სამართლის საქმე, ძირითადად, მიწების უკანონოდ გასხვისების გამო, მაგრამ რად გინდათ? _ ამასაც მფარველობს დეპუტატი მკოიანი და იმის ნაცვლად, რომ ციხეში იჯდეს, დღეს ნინოწმინდის გამგებელია! მაგათმა ახლობლებმა გადაინაწილეს მიწები. თვითონაც კარგი ფერმა აიშენა და არის წყნარად. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი მიწის ნაკვეთი აქვს გაცემული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე. მაგალითად, ქალაქის პარკში ვინმე ვართანიანზე 300 კვადრატული მიწის ფართი გასცა.
_ ზოგადად, რა სიტუაციაა ნინოწმინდაში? ამ რაიონის შესახებ ცოტა თუ იცის მკითხველმა, თითქოს განზეა გამდგარი. იმასაც ამბობენ, რადგან სომხები ცხოვრებენ, სეპარატისტული განწყობა შეიმჩნევაო. რამდენად მართებულია ასეთი მოსაზრება?
_ ამ სიტუაციას ქმნის პირადად პარლამენტის დეპუტატი, თორემ აქ არანაირი სეპარატიზმის ნიშნები არ არის. ეს კაცი გამოდის პარლამენტში და ამბობს, რომ ვითომ დესტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება მის რაიონში და თვითონ არის სიმშვიდის გარანტი. ისე, რომ იცოდეთ, ნებისმიერ აქაურს რომ ჰკითხოთ, სად უნდა ცხოვრება _ სომხეთში, თუ საქართველოში, ყველა გეტყვით, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და აქ ცხოვრება ურჩევნიათ. უბრალოდ, დეპუტატი თავის თავს იფასებს და მე ვარ იქ ყველაფერი და რომ არ ვიყო, მერე ნახეთ, სიტუაციის არევაო. ეს ყველაფერი ტყუილია და შანტაჟი დეპუტატ მკოიანის მხრიდან. ერთხელ ისიც კი ილაპარაკა თათბირზე, აქ კანონი მე ვარო. ისე, მლიქვნელებიც არ აკლია. სამი-ოთხი თვის წინ აქ ქალბატონი თეა წულუკიანი ჩამოვიდა. საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა _ ხაჩატურიანმა, სიტყვით გამოსვლისას უთხრა: ქალბატონო თეა, აზერბაიჯანელებს და რუსებს ნავთობი თუ აქვთ და ეს არის მათი სიმდიდრე, ჩვენ ენზელ კარაპეტოვიჩი გვყავსო. ავშენებულვართ და ეგაა _ ენზელ კარაპეტის ძე მკოიანი ყოფილა ნინოწმინდისა და მთლიანად საქართველოს ეროვნული სიმდიდრე. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ერთმანეთის მლიქვნელობას უნდებიან. დეპუტატს ისე გაუხარდა ხაჩატურიანის სიტყვები, რომ ვერ წარმოიდგენ. მოკლედ, ნინოწმინდაში არ არის ხელისუფლება და კანონი. განუკითხაობაა და არ ვიცი, კიდევ რა ვთქვა?!
_ დასაქმების მხრივ როგორაა საქმე?
_ რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, აქ ვისაც უნდათ, იმას ნიშნავენ სამსახურში. ცხადია, ნათესავებსა და მეგობრებზეა საუბარი, თორემ ვინ უყურებს ადამიანის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს?! რაიონს მართავს დეპუტატის, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ტრიადა. ამ სამეულის კლანის ხელშია ყველაფერი. საკრებულოს თავმჯდომარის მამა არის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მაგას მფარველობს კონტრდაზვერვა და პირადად დეპუტატი. ანუ ყველა თანამდებობის პირი ან ახლო ნათესაურ კავშირშია ერთმანეთთან, ანდაც საერთო ბიზნესინტერესები აერთიანებს. ამ ინტერესებში კი ნინოწმინდა და მისი მოსახლეობა არ შედის და არც არასოდეს ყოფილა...
აი, ასეთი სიტუაციაა ნინოწმინდაში. „ვლასტი" აქ მთლიანად „ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ ჩაიგდო ხელში, იგივე მოხდა ყველა სხვა რაიონშიც და ეს აღარავის უკვირს. და მაინც, რაც არ უნდა იყოს, ნინოწმინდა ეროვნული უმცირესობით დასახლებული რაიონია და ცენტრალურ ხელისუფლებას არ აწყენდა, ცოტა სხვანაირად მისდგომოდა ხსენებული ფაქტორის გამო ამ რაიონს. თუკი იქაურებს დღეს არანაირი სეპარატისტული აზრი არ გააჩნიათ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყელში არ ამოუვათ ხელისუფლების ამდენი უყურადღებობა. ამიტომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და ელემენტარული პირობები მაინც გაუუმჯობესოს ნინოწმინდელებს. ისე, აქ დასახელებული ჩინოვნიკების აზრიც საინტერესო იქნებოდა იმ ყველაფერზე, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ. ამიტომ დეპუტატს, გამგებელსა თუ სხვა თანამდებობის პირებს სიამოვნებით მოვუსმენთ, თუკი ამის სურვილი ექნებათ.
დავით დევიძე