„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის არჩევნები, რომელსაც, შეიძლება, ყველაზე დამაინტრიგებელი შიდა არჩევნები ეწოდოს პარტიის ისტორიაში, შედგა და დასრულდა.
შედეგები ცნობილია _ სამი ხმით სერგო რატიანმა დაძლია გიორგი ვაშაძის ბარიერი და აღმასრულებელი მდივანი გახდა. მას გამარჯვება პირველად სწორედ გიორგი ვაშაძემ მიულოცა.
როგორ აღიქვეს პოლიტსაბჭოს ეს არჩევანი ენმ-ს მხარდამჭერებმა? უმრავლესობამ ის მიიღო მოცემულობად, რომელსაც პარტია სთავაზობს ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს, ამიტომ არც მასზე საკუთარი აზრის გამოთქმა მიიჩნია საჭიროდ, არც, მით უმეტეს, გაპროტესტება.
მაგრამ იყვნენ და არიან ისეთები, რომლებიც ამ არჩევანს, მაინცდამაინც, არ იწონებენ, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც არჩევნებს უძღოდა წინ _ ვგულისხმობ გრიგოლ ვაშაძისა და სერგო რატიანის მომხრეთა მაქსიმალურ მობილიზაციას როგორც „ფეისბუქზე“, ასევე პარტიაში.
უკვე ცნობილია მიხეილ სააკაშვილისა და ციხეში მყოფი ორი პარტიული ვერტიკალის წარმომადგენლის პოზიცია: მიხეილ სააკაშვილის სრული ნეიტრალიტეტი, ხოლო ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას მხრიდან სერგო რატიანის ცალსახა მხარდაჭერა.
ამასთან, ციხესთან დაკავშირებულ პოზიციაში ვაშაძის კანდიდატურის შეუწყნარებლობა კონკრეტული მიზეზებით იყო განპირობებული, რასაც ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ.
დავიწყოთ იმით, რომ არც გიგი უგულავა და არც ვანო მერაბიშვილი არ აპირებდნენ თავიანთი პოზიციის გამოხატვას, რადგან მიაჩნდათ, რომ არჩევანი იმ აქტიური ენმ-ელების გასაკეთებელი იყო, რომლებიც გარეთ იყვნენ და პარტიულ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ. შესაძლოა, იმიტომაც არ სურდათ, რომ იცოდნენ, მათი პოზიცია გავლენას მოახდენდა ზოგი წევრის არჩევანზე. ამდენად, ორივე ჩუმად იყო მანამ, სანამ გაიგებდნენ, რომ კიევში მყოფი ზურაბ ადეიშვილი აქტიურად მოქმედებდა გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ.
კულუარული ინფორმაციით, მერაბიშვილმა და უგულავამ ციხეში სარწმუნო ინფორმაცია მიიღეს, რომ ადეიშვილი ვაშაძეს ლობირებდა და ამისთვის კიევში ჩასულ ენმ-ელებთანაც მუშაობდა.
მუშაობაში მხოლოდ დარწმუნება ან გადარწმუნება არ იგულისხმებოდა. ენმ-დან გამოსული ინფორმაციით, ხმის მიცემით აღჭურვილ პირთაგან ზოგს „ადე“ ბიზნესს დაჰპირდა, ზოგს, სულაც, მიშას სახელით დაელაპარაკა.
ამ აქტიურობის შესახებ ხმებმა, პირველ რიგში, ვანო მერაბიშვილთან შეაღწია. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი ჯერ გაოცდა, მერე კი აღშფოთდა: კაცი ლამის არჩევნებიდან მეორე დღეს გაქრა, პროკურატურის ამბები ღიად დაგვიტოვა, ჩვენ გვიწევდა პასუხის გაცემა, ახლა ჩვენ ციხეში ვზივართ, ის კი პარტიის შიდა საქმეებში ასე მოურიდებლად ხელს რატომ აფათურებსო და ადვოკატი იხმო, რომელსაც ენმ-ში თავისი პოზიცია და რატიანის მხარდამჭერი წერილი გაატანა. ამ წერილს, როგორც იტყვიან, გზაში კიდევ ერთი _ უგულავას წერილი დაეწია. უგულავაც რატიანს უჭერდა მხარს.
საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ვაშაძის მხარდამჭერ პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილი სხდომაზე სულაც არ მივიდა, ნაწილმა კი ვაშაძის მხარდაჭერა გადაიფიქრა, რამაც სერგო რატიანის გამარჯვება უზრუნველყო.
გიორგი ვაშაძეს არც მასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციის მობილიზებამ უშველა იმის მიუხედავად, რომ გოგო-ბიჭები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ.
იყო გიორგი ვაშაძის საწინააღმდეგო სხვა არგუმენტებიც. კერძოდ, ამოტივტივდა ვანო ჩხარტიშვილის თემა. ვაშაძისა და ჩხარტიშვილის ნათესაურ კავშირებზე მანამდეც მიანიშნებდნენ და ამბობდნენ, რომ ჩხარტიშვილს, ბიძინა ივანიშვილთან ქულების დასაწერად, ჰაერივით სჭირდებოდა ენმ-ს დაშლა, რასაც ის ვაშაძის ხელით გააკეთებდა.
ამაზე ორიენტაცია იმანაც გაამწვავა, რომ გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ ახალი შიდა სკანდალი აგორდა: აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლე, ქეთი სიჭინავა, ლონდონში ვანო ჩხარტიშვილის დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ქართული გალობის“ დირექტორი იყო, ხოლო 2014 წლიდან უკვე „ინოვაციების ცენტრის“, ანუ, როგორც მას უწოდებენ, „ვაშაძის არასამთავრობოს“ დირექტორი გახდა.
ამ ორგანიზაციას, სხვათა შორის, ძალიან კარგი დაფინანსება აქვს: ოფისი შუა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, 55-ე სკოლის წინ, პლუს ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო-ვებგვერდი, დიდი დარბაზი კონფერენციისთვის, სადაც ყველაზე ხშირად სწორედ ვაშაძეს იწვევენ და ასევე, ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც ჟურნალისტიკის სკოლაში ეუფლება პროფესიას.
თავისთავად ცხადია, დაფინანსების წყარომ ინტერესი გამოიწვია, თუმცა ვაშაძე ახერხებდა პარტიაში იმის ახსნას, საიდან მოჰქონდა ფული. ჩურჩული იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, ვაშაძე ფულს ჩხარტიშვილისგან იღებდა და არასამთავრობოს აქტიურობაში დებდა, ხმამაღალი საუბარი მას შემდეგ გახდა, რაც ვაშაძეს აღმასრულებელი მდივნის პოზიცია მოუნდა. ენმ-ს ძველმა ბირთვმა ვაშაძეს ძველი „ცოდვებიც“ გაუხსენა _ რომ ის სრულიად განშტოებულად ამუშავებდა არასამთავრობოს, ხოლო როცა აქტივი, ადამიანური რესურსი იყო საჭირო, ენმ-ს აქტივს იყენებდა.
ერთი-ორი ასეთ აქციის შემდეგ, როცა ვაშაძემ პარტიის აქტივი გამოიყენა, ის პარტიაში დაიბარეს და კარგადაც „გატისკეს“ _ ან პარტიის აქტივის გამოყენებას შეეშვი, ან შენი არასამთავრობოს ინტეგრირება ენმ-ში მოახდინეო. ვაშაძეც შეეშვა, სანამ შიდა არჩევნები დაინიშნებოდა. მერე კი მისი არასამთავრობოები ერთდროულად გადავიდნენ მის რეკლამირებაზე.
ისინი წერდნენ, რომ გიორგი ვაშაძეს პარტიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ამასთან, ძალიან სიღრმისეულად შემოაგდეს თემა, რომ ვაშაძეს ენმ-ელი კონსერვატორები, ანუ ისინი უპირისპირდებიან, რომლებსაც განახლება არ აძლევს ხელს, რომ ენმ მართლაც მოძრაობა იყოს. ამ ძველ სახეებში, პირველ რიგში, გიგა ბოკერია იგულისხმებოდა.
მართალია, გიგა ბოკერიას არც არჩევნებამდე ამოუღია ხმა და არც არჩევნების შემდეგ გაუკეთებია შეფასება, მაგრამ ვაშაძის მომხრეებმა მისი მეუღლის სტატუსი ბოკერიას პოზიციად გაასაღეს. მართლაც, გასაკვირი არაა, ჩერგოლეიშვილსა და ბოკერიას ერთნაირი პოზიცია ჰქონდეთ და ასე რომც არ ყოფილიყო, რატომ შეიძლებოდა ვანო ჩხარტიშვილის ორგანიზაციაში ვაშაძის ცოლის მუშაობა, ხოლო ბოკერიას ცოლს „ფეისბუქზეც“ კი შეზღუდული რატომ უნდა ჰქონოდა აზრის გამოთქმა, ბევრისთვის გაუგებარი დარჩა.
სერგო რატიანის „ნათლობა“ კი ჯერ ვიწრო წრეში შედგა. ახალ მდივანს ციხიდანაც დაუკავშირდნენ, დაურეკეს ოდესიდანაც _ გამარჯვება პირადად მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა და ახალი რჩევებიც მისცა.
ამის შემდეგ რატიანი პირველ საჯარო, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე გაუშვეს. რიტორიკა და მჭევრმეტყველება რატიანს არავისზე ნაკლები აქვს, ამიტომ მისი ამომრჩევლები კმაყოფილი დარჩნენ.
ორშაბათს კი ენმ გორში ჩავიდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციში ამხილა. ესეც სერგო რატიანის პირველი „საბრძოლო ნათლობა“ იყო.
რატიანი ამბობს, რომ პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით მას კონკრეტული გეგმები აქვს. მისი მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ რატიანის გამარჯვებით მათ კონკრეტულად გიგა ბოკერიას წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი შეთქმულება აღკვეთეს, გიგა ბოკერია კი, კულუარული ინფორმაციით, ხუმრობს, რომ მას კიდევ ბევრი შეთქმული ჰყავს დასამარცხებელი.
რა ხდება სინამდვილეში ენმ-ში და რამდენ ხანს გასტანს ამჯერად ეს ერთიანობა, რომელიც საგრძნობლად შეარყია ჯერ „ოთხეულმა“, შემდეგ კი ვაშაძის საკითხმა, ცოტა ხანში გამოჩნდება.
მარიამ ბალანჩივაძე