ადვოკატების ერთი ნაწილი ახალ მოძრაობას იწყებს. ისინი აცხადებენ: საქართველოს მასშტაბით დიდ არმიას ვქმნით, რომელიც თავნება პოლიციას ჭკუას ასწავლის. მივაღწევთ იმას, რომ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში ნარკოტიკის ჩადებისა და ქვეყნიდან გაძევების არ ეშინოდეს.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ზურაბ როსტიაშვილი, ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი:
_ დიდი ხანია ვფიქრობდით, როგორ დაგვეცვა იმ მოქალაქეების უფლებები, რომელთაც პოლიცია აიძულებს, დატოვოს ქვეყანა. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლში წერია, რომ საქართველოს მოქალაქის გაძევება საკუთარი ქვეყნიდან არის დაუშვებელი. ასევე წერია, რომ საქართველო იცავს თავის მოქალაქეს, მიუხედავად თავისი ადგილსამყოფელის, თუმცა არ სრულდება და საქართველო თავის მოქალაქეს არ იცავდა არც უცხოეთში და არც საქართველოში.
_ რას გულისხმობთ?
_ 1997 წლის კოდექსში ეწერა, თუ ადამიანს დააყაჩაღებდნენ და დაკარგავდა თანხას, მაგრამ სახელმწიფო ვერ ადგენდა დამნაშავის ვინაობას, ის ვალდებული იყო, მისთვის ზარალი აენაზღაურებინა, მაგრამ ეს კანონი სააკაშვილმა გააუქმა. სახელმწიფო თითოეული დასაქმებული ადამიანისგან იღებს შემოსავალს, თუმცა როცა ამ ადამიანებს უჭირთ, არაფრით ეხმარება. სააკაშვილის დროს საბერძნეთსა და იტალიაში ჩადიოდნენ ქართველი პოლიციელები და სამართალდამცველებს არწმუნებდნენ, რომ ქართველები იქ საყაჩაღოდ იყვნენ ჩასული და მათზე დევნა უნდა გამოეცხადებინათ, რაც, ცხადია, დაცვა არ არის. შებრუნებით ასრულებდნენ კონსტიტუციის მოთხოვნას. 8 ადვოკატმა 8 ივნისს ჩამოვაყალობეთ ორგანიზაცია „უფლებადამცველები სამართლიანობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის დასაცავად“. ჩვენ ვაიძულებთ სახელმწიფოს, რომ დაიცვას კონსტიტუციის ეს მუხლი.
_ ორგანიზაციის შექმნა რისთვის გახდა საჭირო, ადვოკატები ჩვეულებრივ ვერ იცავდით ასეთი ადამიანების უფლებებს?
_ ვიცავდით, მაგრამ ასე უკეთ იქნება ამის განხორციელება შესაძლებელი. მე ვიცავდი პატიმარ კახაბერ ჯმუხაძეს, რომელიც არის ორჯერ ნასამართლები. ციხიდან გამოსვლის შემდეგ წყნარად დაიწყო ცხოვრება, ერთხელაც მამაპაპისეულ სახლში წავიდა ამბროლაურის რაიონში, მაგრამ მაშინვე მიაკითხა პოლიციამ და პირდაპირ უთხრა, _ სასწრაფოდ თუ არ დატოვებ ქვეყანას, რაღაცას გაგიჩალიჩებთ და ისევ ციხეში გაგიშვებთო. არ დატოვა ქვეყანა, მოუწყვეს პროვოკაცია და გაუშვეს ცეხეში. იგივე დაემართა ილჰარ მამედოვს, რომელიც საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი, ისიც ყოფილი პატიმარია. 2013 წელს უთხრეს, _ დატოვე საქართველო და წადიო. არც ამან დატოვა ქვეყანა, ამიტომ ჩაუდეს ნარკოტიკი. 17 პოლიციელი იძლეოდა ჩვენებას მის წინააღმდეგ, თითქოს მართალაც უპოვეს ნარკოტიკი, მაგრამ ტყუილში გამოვიჭირეთ, ყირაზე დავუყენეთ საქმე, თუმცა მოსამართლემ ერთი წელი მაინც მისცა. ცოტა ხნის წინ საგარეჯოელი გოორგი როსტიაშვილის დედამ დამირეკა. მისგან გავიგე, რომ პოლიციის უფროსი მივიდა და მის შვილს უთხრა, _ მეგობრები ხომ ვართ, რა ვქნა, მავალებენ შენს დაჭერას და ქვეყნიდან წადიო. ისიც ნასამართლები იყო, შეეშინდა და წავიდა ქვეყნიდან.
_ პოლიცია დანაშაულის შემცირებას ასე ცდილობს, თუ რისი მიღწევა უნდათ, ამას რატომ აკეთებენ? ქვეყნიდან იძულებით, პოლიციისგან განდევნილები ბევრნი არიან?
_ არ ვიცი, რა უნდათ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ კონსტიტუციას და ადამიანის უფლებებს ლახავენ. ჩვენს ორგანიზაციაში ვინც გაწევრიანდება, მათ ასეთი რამ არ ელით და დავიცავთ არა მხოლოდ ქვეყნიდან განდევნილების, არამედ აქ მყოფი ადამიანების შელახულ უფლებებს. ამას პოლიცია, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დაკვეთით აკეთებს. მათგან ან სხვა ფორმებით უფლებაშელახული ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია. ახლახან ქუთაისელი ბიჭი გამოვიდა ციხიდან და იმასაც უთხრეს, დატოვე ქვეყანაო, გაუკეთეს პასპორტი და თვითონ გაუშვეს. უფულო და უპატრონო ხალხი უცხოეთში რას გააკეთებს, ალბათ, წარმოგიდგენიათ. ისინი იქაც ხვდებიან ციხეებში, რაც ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რადგან ამისკენ მათ თავად სახელმწიფო უბიძგებს, სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს დასაღუპად წირავს. კომუნისტების დროს ციხიდან გამოსულ ადამიანებს სასწრაფოდ ასაქმებდნენ, რათა ძველ გზას არ დადგომოდნენ და ესენი კი ძალით აგდებენ უარეს მდგომარეობაში.
ჩვენი ორგანიზაცია დაიცავს არა მხოლოდ ქვეყნიდან გაძევებულების უფლებებს, არამედ იმ ადამიანებისას, ვისზედაც არაობიქტური განაჩენი გამოდის, ვისაც პოლიცია ემუქრება და ა. შ. ორგანიზაცია ყველა რაიონში შექმნის ფილიალებს და გააწევრიანებს იქაურ მოქალაქეებს, რომელთაც ამისი სურვილი ექნებათ. დარწმუნებულები ვართ, რომ პოლიციის მიერ გამწარებული ყველა ადამიანი შემოვა ჩვენს ორგანიზაციაში და ძალიან მალე ბევრნი გავხდებით. ყველა ფილიალში იქნება მორიგე თანამშრომელი და თუ საჭირო გახდა, სასწრაფოდ, ადგილზევე ჩავა უფლებადამცველთა ჯგუფი. რასაც სახელმწიფო არ აკეთებს, გავაკეთებთ ჩვენ და სახელმწიფოს იძულებულს გავხდით, დაიცვას კონსტიტუცია და მე-13 მუხლი. ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს გასაწირი ადამიანები და ამას აუცილებლად აღვკვეთთ. მოვითხოვთ ყველა კანონდამრღვევი პოლიციელის დასჯას, სამსახურიდან განთავისუფლებასა და მათზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. ხშირია შემთხვევები, როცა აეროპორტებში, საბაჟოებზე იჭერენ ადამიანებს, უდებენ ნარკოტიკს და ამ ფორმით უშვებენ ციხეში. ამიტომ ვისაც შეეშინდება, რომ შეიძლება ნარკოტიკი ჩაუდონ, ასეთ ადგილებში ჩვენ დავხვდებით და მათ უფლებებს დავიცავთ. ვაიძულებთ სახელმწიფოს, კარგად გამოიძიოს პოლიციელთა დანაშაულებრივი საქმეები, რადგან პოლიციელმა წესრიგი უნდა დაიცვას და მონადირესავით არ უნდა უსაფრდებოდეს საკუთარ მოქალაქეებს.
ჩვენი შრომა ბევრი რამისთვის იქნება კარგი. ჯერ ერთი, პოლიციელის ავტორიტეტი გაიზრდება, ასევე ქვეყნიდან უკანონოდ ვერ გააძევებენ საქართველოს მოქალაქეებს და ვინც ამის გამო გადაიხვეწა, იმათზეც ვიზრუნებთ, რომ უკან დაბრუნდნენ.
_ პოლიციელის ავტორიტეტის ამაღლებისთვის ვიზრუნებთო და, თქვენი აზრით, დღეს მათ ავტორიტეტი არ აქვთ?
_ რომელ ავტორიტეტზეა საუბარი, როცა პოლიციელებისგან პატიმრების ცემა-ტყეპას დასასრული არ აქვს? დავით კალატოზსა და კახაბერ ჯმუხაძეს ვიცავდი. ტელევიზიასთან, პოლიციის განყოფილებაში, ღამის 5 საათზე რომ დაიწყეს მათი ცემა, დილიდან 11 საათამდე სცემდნენ. ვაზისუბანში, პოლიციის განყოფილება განთავსებულია პირამიდის მსგავს შუშის შენობაში. განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის ნარსავიძე, რომელსაც განყოფილება მამამისის კანტორა ჰგონია. ამ განყოფილებაში მთვრალ პიროვნებას ჰკითხავდნენ, რისი უფლებაც არ აქვთ. როცა კანონის დაცვა მოვთხოვე, პოლიციის უფროსი ადმინისტრაციული პატიმრობით დამემუქრა.
რაც შეეხება პატრულს, სააკაშვილის პერიოდის პარტული სანატრელი გახდა, რადგან ისინი გაცილებით თავაზიანები იყვნენ. პატრულს უმეტეს შემთხვევაში გზებზე ჩასაფრებული პოზიცია უკავია და არა წერიგის დამცველის. ჩემი სახლის წინ, „300 არაგველის“ მეტროს გვერდით, მრავლსართულიან სახლს აშენებენ. როგორც ჩანს რომელიმე მაღალჩინოსნის ინტერესია დაკავშირებული ამ მშენებლობასთან, რადგან რაც ის დაიწყო, მის წინ მუდმივად დგას საპატრულო ეკიპაჟი და ახლომახლო მანქანის გაჩერების უფლებას არავის აძლევს. ჩემი სახლის წინ არის გაჩერების ამკრძალავი ნიშანი. კანონით, ასეთ ნიშანთან მანქანის გაჩერება მძღოლს 5 წუთის განმავლობაში შეუძლია, თუმცა ვინმე გაჩერდება თუ არა, ამ მშენებარე სახლის წინ ჩასაფრებული პოლიცია უყვირის, ახლავე გაიყვანე მანქანაო და ხშირად, ამის გამო, მძღოლებს ჯარიმასაც უწერენ. ღამით ისეთ ყვირილს ატეხავენ ხოლმე, ვერ აღგიწერთ. არადა, პატრული ასეთი ხმაურის გამო სხვას უნდა სჯიდეს. ამას წინათ ჩემი დაჯარიმებაც უნდოდათ, მაგრამ ავუხსენი, რომ კანონი მაძლევდა 5 წუთით დგომის უფლებას. აღმოჩნდა, რომ პოლიციელმა არ იცოდა ეს წესი. ძალიან გაუკვირდა და მკითხა, _ სად წაიკითხეო? როგორ შეიძლება, რომ პატრიული ჩასაფრებულის პოზიციაში იყოს და ელოდებოდეს მსხვერპლს, როდის დაარღვევს მძღოლი, რომ მივარდეს და დააჯარიმოს? ეს უკვე პატრული კი არა, მონადირეა. მოკლედ, არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ მიერ დაწყებული კამპანია სამართალდამცველების წინააღმდეგ არის მიმართული, პირიქით, ეს გახლავთ ქვეყნისთვის, სამართალდამცველებისთვის და ხალხისთვის სასიკეთო საქმე.
„ქრონიკა+“-ის კითხვებს არ უპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ნელი ვარდიაშვილი