„დღეს საზოგადოებას და დაზარალებულ მოსახლეობას უკვე აქვს კითხვები და უნდობლობის განცდა ხელისუფლების მიმართ, რომ მიღებული დახმარება არ მიდის დანიშნულების ადგილზე და მისი განკარგვაც არ ხდება მიზანმიმართულად. ამ ყველაფერს კი პოლიტიკური მიზნებისთვის სათავისოდ იყენებს რადიკალური ოპოზიცია“, _ ამ საკითხის ირგვლივ „ქრონიკა+“-თან „საქართველოს კონსტიტუციური სამართლიანობის ლიგის“ ხელმძღვანელმა, ექსპერტმა შრომისა და სოციალურ საკითხებში, ნატალია ზაქარეიშვილმა ისაუბრა. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარების რეცეპტს სთავაზობს, რომელიც ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას გულისხმობს.
ნატალია ზაქარეიშვილი:
_ ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, სიღარიბის მასშტაბებმა, უკანასკნელ პერიოდში ლარის ვარდნამ, 13 ივნისს განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა და სხვა არასახარბიელო მდგომარეობამ აჩვენა, რომ ქვეყანაში კრიზისია, როგორც ხელისუფლების მართვაში, ასევე ეკონომიკაში. ამიტომ აღმასრულებელ ხელისუფლებას რომ არ ჰქონდეს მარტო ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, უნდა შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო.
_ ხომ არსებობს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც პრემიერს ექვემდებარება?
_ ეს ანტიკრიზისული საბჭო არ არის, ჩვენ უფრო გლობალურად ვაყენებთ საკითხს. ამ საბჭომ მხოლოდ სტიქიურ უბედურებაზე არ უნდა იმსჯელოს. თუნდაც ამ პროცესის მართვა რომ ვერ მოხდა ისე, როგორც საჭირო იყო, შეისწავლოს ეს მდგომარეობა, რა ხდება გარემოს დაცვის საკითხებში და ა.შ. ქვეყანაში სხვა საფრთხეებიც არსებობს, არა მარტო ვერის ხეობაში, მტკვრის სანაპიროზე, მთაწმინდაზე... თბილისის რელიეფი არ არის დამაკმაყოფილებელი... ამიტომ ეს უნდა იყოს სადღაც შესწავლილი და განხილული. მიგვაჩნია, რომ თუნდაც ლარის ვარდნასთან დაკავშირებული საკითხები ანტიკრიზისულმა საბჭომ უნდა შეისწავლოს. ამაში ჩართულები უნდა იყვნენ კომპეტენტური ექსპერტები და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ხალხი, ერთად უნდა განიხილონ ეს საკითხები და შემუშავდეს ახალი სტრატეგია იმ ანალიზის მიხედვით, რა შედეგებიც იქნება გამოკვეთილი. შემდეგ ეს დასკვნა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი უნდა გახდეს.
_ როგორ დაკომპლექტდება, ან ვინ გაერთიანდება ამ საბჭოში?
_ სასურველია, თუ აღნიშნული საბჭო შეიქმნება პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ და მასში გაერთიანდებიან საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები. საბჭოს თავმჯდომარედ კი, შესაძლებელია, არჩეული იყოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი, რომელიც იქნება კონსტრუქციული და ავტორიტეტული პიროვნება (თუ, რა თქმა უნდა, ასეთი მოიპოვება დღევანდელ ოპოზიციაში). ამრიგად, ამ კრიზისულ მომენტში ხელისუფლებას სწორედ ანტიკრიზისული საბჭო დაეხმარება. მასში მონაწილეობს ხელისუფლების ყველა შტო და საზოგადოების წარმომადგენლები. ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობა აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ჩართულნი იქნებიან მიმდინარე პროცესებში და თავადაც აიღებენ და გადაინაწილებენ პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო. მათაც აღარ გაუჩნდებათ პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ და ვეღარც მაყურებლის როლში იქნებიან წარმოდგენილნი.
დღეს საზოგადოებასა და დაზარალებულ მოსახლეობას უკვე აქვს კითხვები და უნდობლობის განცდა ხელისუფლების მიმართ, რომ მიღებული დახმარება არ მიდის დანიშნულების ადგილზე და მისი განკარგვაც არ ხდება მიზანმიმართულად. ამ ყველაფერს კი პოლიტიკური მიზნებისთვის სათავისოდ იყენებს რადიკალური ოპოზიცია თავისი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით და მოსახლეობაში თესავს შუღლს, აღვივებს ეჭვებს ხელისუფლების მისამართით. ვიმეორებ: ყველა შემოსული თუ მოზიდული თანხების გამჭვირვალობაზე პასუხისმგებელი იქნება ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც პარიტეტის საშუალებით მიიღებს ყოველგვარ გადაწყვეტილებას. ანტიკრიზისული საბჭოს დაახლოებით 9-11 წევრი იმუშავებს საზოგადოებრივ საწყისებზე, რომელსაც ეყოლება მცირებიუჯეტიანი აპარატი დარგების ექსპერტების შემადგენლობით. დაფინანსების წყარო კი იქნება პრეზიდენტის ფონდი, რომელიც ზუსტად ამ მიმართულებით უნდა იხარჯებოდეს.
დღეს არა მარტო ჩვენს ქვეყანაშია კრიზისული მდგომარეობა, არამედ მთელ რეგიონში, ჩვენს ემიგრანტებსაც გაუჭირდათ. ეს ყველაფერი ძირფესვიანად უნდა იყოს შესწავლილი მაღალი კლასის პროფესონალების მიერ, სამოქმედო პროგრამები უნდა შემუშავდეს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სამოქმედო დოკუმენტი იქნება. მაგალითად, ლარის ვარდნასთან დაკავშირებით, გამოდიან ცალკეული ექსპერტები და აკეთებენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ დასკვნებს. ანტიკრიზისულ საბჭოს ექნება ფუნქცია, მოამზადოს ეს საკითხი, განიხილოს საბჭოზე, რატომ მოხდა კრიზისი და პარიტეტის მეშვეობით მიიღოს გადაწყვეტილება, რამ გამოიწვია და როგორ იმოქმედოს ქვეყანამ. ასეთ სიტუაციაში მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი არ შეიძლება დადგეს. მართალია, ლარის ვარდნა მხოლოდ შიდაეკონომიკურმა მდგომარეობამ არ გამოიწვია, აქ რეგიონმა იმუშავა, უკრაინის ომმა, რუსეთში სანქციების დაწესებამ და იქ ბაზრის გადაკეტვამ, ეს პროცესები სომხეთში და აზერბაიჯანშიც განვითარდა, მაგრამ როგორ უნდა დააღწიოს თავი ქვეყანამ ასეთ მდგომარეობას, ამაზე უნდა იმსჯელოს ანტიკრიზისულმა საბჭომ, სადაც იქნება ხელისუფლების ყველა შტო და პასუხისმგებლობასაც ყველა თანაბრად გადაინაწილებს. ქვეყანაში გაუგონარი უმუშევრობაა, სტატისტიკური მონაცემებით, მოსახლეობის 50% სიღარიბის ზღვარს მიღმაა. როგორ უნდა გამოვიყვანოთ მოსახლეობა სიღარიბიდან? ჩვენი ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს უნდა მოხდეს დასაქმების საფუძველზე. სიღარიბეს ებრძვის ერთადერთი მექანიზმი _ დასაქმება! სხვანაირად ხელისუფლება ამ პრობლემას ვერ გადაჭრის! ხელისუფლება ვერ ქმნის სამუშაო ადგილებს, ის აწარმოებს მხოლოდ დასაქმების პოლიტიკას. ამიტომ, ანტიკრიზისულმა საბჭომ უნდა განიხილოს საკითხი _ როგორ უნდა მოხდეს წარმოება-დაწესებულებების ამუშავება და შექმნა.
ქვეყანაში შემცირებულია უცხოური ინვესტიციების შემოტანა, საქართველოს ძალიან კარგი რესურსი აქვს, მილიონ 800 000 კაცია საქართველოდან გასული. როგორც ჩვენ ვიცით, უამრავი ქართველი საკუთარ ბიზნესს უცხოეთში აწარმოებს და იმ თანხით აქ არჩენს ახლობლებს. ჩვენ გვაქვს საპროექტო წინადადება და ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ სახელმწიფო მინისტრთან დიასპორის საკითხებში, ქართული ინვესტიციების შემოდინების თაობაზე. გვინდა, რომ ეტაპობრივად დავაბრუნოთ საქართველოში ემიგრანტები. პირველ ეტაპზე წამოვლენ ის მეწარმეები, რომლებმაც საზღვარგარეთ კაპიტალი დააგროვეს და საკუთარ ბიზნესს აწარმოებენ. ეს ბიზნესი უნდა გადმოვატანინოთ საქართველოში, ამ მეწარმეების მეშვეობით შეიქმნება სამუშაო ადგილები. მეორე ეტაპი იქნება ახალგაზრდების ჩამოყვანა, გადამზადება და დასაქმება როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურებში. სანამ ქართველ ინვესტორებს შემოვიყვანთ, უნდა დავახვედროთ ნიადაგი ძალიან მყარი გარანტიებით, თუნდაც შეღავათები საგადასასახადო კოდექსში, ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს და ის გასაყიდი ობიექტები, რომლებიც აუქციონზეა გატანილი, შეღავათიანი პირობებით უნდა გადავცეთ ქართველ ინვესტორებს. შეღავათიანი პირობებით უნდა შევთავაზოთ მონაწილეობა პროექტში: „აწარმოე საქართველოში“. შეიძლება დახმარება საპარტნიორო ფონდიდან. ვფიქრობთ, ამ მეთოდით დასაქმების საკითხი, გარკვეულწილად, გადაიჭრება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წარმოებისთვის ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება. მე თვითონ ჩართული ვარ ქართული მინის წარმოების პროექტში, 8 ინგრედიენტიდან 5 ადგილობრივია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი დასაქმდება კარიერებზე, საწარმოში, გამოყენებული იქნება ბუნებრივი რესურსი, რითაც დაჯილდოებულია ჩვენი ქვეყანა. დასავლეთ საქართველოში არის კვარცის წარმოების უნიკალური საბადოები, ეს ნედლეული თურქეთში გააქვთ, ამუშავებენ, მერე აქ შემოაქვთ და მაღალი ფასი ადევს, რომელიც არ არის რენტაბელური. ღვინისა და წყლის მწარმოებელი ქვეყანა ვართ და ყველა საექსპორტო ბოთლი უცხოეთიდან შემოდის, ამისათვის კი ქვეყნიდან გაედინება 200 მილიონ დოლარზე მეტი თანხა. დიდი ხანია, საუბარია წყლის წარმოებაზე. უნიკალური წყლის რესურსი გვაქვს და აკადემიკოსი პაატა გიორგაძე 11 წელიწადია, ამ საქმეს სათავეში უდგას. როგორც იქნა, ის ახლა აწარმოებს მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან და ეძებენ ბაზარს. თუ განხორციელდა, ჩათვალეთ, ეს არის ერის გადარჩენის პროექტი. ქართული წყლის გაყიდვით ქვეყნის ბიუჯეტის ტოლფასი თანხა შემოგვივა ყოველთვიურად. ამის არგამოყენება და არდანახვა ნამდვილად არ შეიძლება! ამ ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე, ანტიკრიზისული საბჭო განიხილავს, იმუშავებს ამ საკითხებზე და მიიღებს გადაწყვეტილებას. თუნდაც დემოგრაფიული საკითხი, დაბერებისა და გადაშენების ზღვარზე რომ ვართ, მთის პრობლემა, დედაქალაქის განტვირთვა, რეგიონების განვითარება, ქვეყანაში პრობლემების მეტი რა არის? ამ ყველაფერზე ანტიკრიზისულ საბჭოს ექნება უფლებამოსილება, რომ იმსჯელოს და პასუხისმგებლობა მთლიანად გადაინაწილოს ხელისუფლების ყველა შტომ. ამით ერთმანეთისკენ თითის გაშვერის პოლიტიკაც მოისპობა!
თამარ ბატიაშვილი