QronikaPlus
სანდრო ჭაჭია: „არც „ბორჯომი,“ არც ფორთოხალი, იარაღი არ არის, ერთიანობაა მთავარი!“

სანდრო ჭაჭია: „არც „ბორჯომი,“ არც ფორთოხალი, იარაღი არ არის, ერთიანობაა მთავარი!“

2015-07-16 12:46:21

საქართველოში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. პარასკევს სოფელ ხურვალეთში რუსმა ოკუპანტებმა ქვეყნის საზღვარი კიდევ 300 მეტრით გადმოსწიეს. მაგისტრალური მილსადენი მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა. რუსეთს არ სჭირდება არც ტანკები და არც ფართომასშტაბიანი ომი. მცოცავი ოკუპაცია ნელ-ნელა უახლოვდება ქვეყნის დედაქალაქს. მთავრობას რეაქცია არ აქვს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე კი მთავრობის მაგივრად მოსკოვში სავიზო პოლიტიკის გადახედვის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს. ეს სახელმწიფო კი არა, „კუკუშკაა“!!! რა რეაქცია მოყვა ალექსანდრე ჭაჭიას შვილის სკანდალურ ინტერვიუს? რა საფრთხეებს ხედავს იგი რუსეთის გააქტიურებაში? შემოიყვანს თუ არა თამაშში კრემლი იგორ გიორგაძეს და როდის მიიღებს „ქრონიკა+“ იმ ქართველების სიას, რომლებიც მოსკოვში ფეხზე ამდგარი სვამენ დამოუკიდებელი აფხაზეთის სადღეგრძელოს? სანდრო ჭაჭია „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად ესაუბრება: _ სანდრო, ჩვენი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ შენ რუსეთის მორიგი პროექტი ხარ... _ ცოტა სასაცილოა, რადგან ეს რომ ყოფილიყო რუსეთის პროექტი, ამ ყველაფერს უფრო სხვანაირი სახე ექნებოდა: მე არ ვიცხოვრებდი თბილისში სამი წელი შემოსავლების გარეშე, არ მექნებოდა დავა სასამართლოში, არ წამოვიდოდი ოჯახიდან, არ მექნებოდა სერიოზული ოჯახური სკანდალი და მამაჩემთან გაფუჭებული ურთიერთობა. ამ ყველაფრის შემდეგ რა ლოგიკით შემფუთეს კრემლის პროექტად, ცოტა გაუგებარია. აქ ორი მიზეზია: პირველი _ ხალხში უკვე იმდენად გამჯდარია ალექსანდრე ჭაჭიას პრორუსული პოზიცია, რომ, ალბათ, მეც შემეპარებოდა ეჭვი, რომ იმ კაცის შვილი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ანტირუსული განწყობის? მე ხომ ხალხი ისე კარგად არ მიცნობს? მეორე მიზეზი, ჩემი აზრით, უნდა იყოს _ იმ დასავლური ძალების სვლა, რომელსაც შეიძლება არ ესიამოვნოს ახალი ძალის გამოჩენა. ჩემზე კარგად იცით, როგორი კონკურენციაა, ვინ დაასწრებს ამერიკული დროშის მაღლა აფრიალებას და ვინ უფრო ხმამაღლა დაიწყებს ევროკავშირზე ლოცვას. ამ ფრონტზე უკვე ზედმეტი ახალი სახის გამოჩენა არ უნდათ, არადა, ხალხს მობეზრდა ძველი სახეები, ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში კალიებივით დახტოდნენ. ამიტომ ჩემი გამოჩენა მათთვის დისკომფორტი უნდა იყოს. მე ვარ ახალი სახე, თან ყოველგვარი პოლიტიკური წარსულის გარეშე, არავის გუნდში არ ვყოფილვარ და არავის ფული არ მიჭამია, არც `ნაცების~ და არც დიდი ბიძინასი. აი, ვიღაცას ეს არ ესიამოვნა და შეიძლება მათი შემოგდებული თემაც იყოს, _ კრემლის აგენტი არისო! ახლა რაც შეეხება მოსკოვის რეაქციას: რა თქმა უნდა, დაახლოებით წარმომიდგენია მამაჩემისა და ჩემი ყოფილი სიმამრის რეაქციები, ეს ისედაც გასაგებია, დაძაბული სიტუაციაა, სასამართლო მიდის... სხვათა შორის, დღე-დღეზე იხსნება სასტუმრო, „კონტინენტალი“, სადაც ჩემი წილი 7 მილიონია ჩადებული. რა თქმა უნდა, უჩემოდ იხსნება და ასევე, ყველა შემოსავალი წავა ჩემი სიმამრის ოჯახში. მამაჩემის საკითხი გასაგებია, მაგრამ მე, იცით, უფრო რა მაკვირვებს? _ ხალხის რეაქცია, ვისაც არ ჰქონდა გამოხატული პოზიცია, მაგალითად, შარშან რომ იყო საქართველოდან მსოფლიოში პუტინის რეკლამირება. შეგიძლიათ ამოიღოთ არქივი, სადაც პუტინს აქებდნენ, ადიდებდნენ, სხვათა შორის, მისი წიგნი თბილისში იყიდებოდა. ვაკეში შევედი მაღაზიაში და თაროზე იდო პუტინის წიგნი, მამაჩემის წიგნთან ერთად დაიბეჭდა. არც ერთ პროდასავლურ ძალას ხმა არ ამოუღია. არ მახსოვს, რომ ვინმეს გაეპროტესტებინოს. როგორ შეიძლება, საქართველოში იყიდებოდეს წიგნი პუტინზე, რომელიც პუტინს აქებს და ადიდებს?! სრული სიჩუმეა! ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა 17 წელი, თან კარგად ცხოვრობდა, ყველა პირობა ჰქონდა იმისთვის, რომ გაეკეთებინა მაგარი კარიერა, ამ ყველაფერზე უარი თქვა და წამოვიდა, აქ არის! ასეთ განცხადებებს აკეთებს და ე. წ. პროდასავლური ძალებისგან იღებს საპირისპირო ქმედებებს. რუსეთის წინააღმდეგ არც ფორთოხალი და არც ბორჯომი იარაღი არ არის, აქ ერთიანობაა მთავარი, რომელიც დღეს არ არსებობს. პროდასავლური ძალები ამბობენ, ჩვენ არ გვინდა ევრაზიული კავშირიო, მაგრამ ერთმანეთიც არ უნდათ, ცოცხლად ჭამენ ერთმანეთს, თან წლებია, რასაც მე ვუყურებ. ასე შანსი არ გვაქვს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა გვერდზე უნდა გადადონ ამბიციები, პირველობის სურვილი და ანტიპათიები, ქვეყნის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენონ, გაერთიანდნენ და მართლა შექმნან კოალიცია, სადაც მეც გავერთიანდები და ქვეყნის ინტერესებს ერთად დავიცავთ. ძალიან ძლიერდებიან პრორუსული ძალები. დარწმუნებული ვარ, 2016 წლის არჩევნებში ისინი გავლენ და კოალიციას შექმნიან. არც ისინი გიჟდებიან ერთმანეთზე, მაგრამ დიდი მოსკოვიდან ჯოხს რომ დაუქნევენ, გაერთიანდებიან იმ პრინციპით, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, სადაც ასევე არ გიჟდებიან ერთმანეთისთვის, მაგრამ საერთო ინტერესისთვის შეიკრნენ. ასე იზამენ პრორუსული ძალები და იმის მაგივრად, რომ პროდასავლურმა პარტიებმა ამ პრობლემის გადაჭრაზე იფიქრონ, კბენისა და ღრენის მეტს არაფერს აკეთებენ. პრორუსული პარტიები მშვიდად სხედან, საუბრობენ, მრავლდებიან, სხვათა შორის, ახალგაზრდობის ჩათრევას ცდილობენ, ფინანსები აქვთ. წინა ინტერვიუშიც გითხარით, რომ ძალიან დიდი დაფინანსება აქვთ, უზარმაზარი ფული შემოდის რუსეთიდან. მიშას დროს რომ ვერ იოცნებებდნენ ეს ძალები, ისეთი ფული ტრიალებს დღეს საქართველოში. მილიონებზეა საუბარი, მილიონებზე!!! ხელისუფლებაც ფულს ხარჯავს: გარდა იმისა, რომ უშიშროებიდან გადის ფული სპეციალურ ძალებზე, ბიზნესმენები გზავნიან იქიდან ფულს. იქ მოღვაწე ბიზნესმენებმა საერთო ყულაბაში დიდი ფული ჩადეს, რომ აქ პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვონ. _ ვერ დავაკონკრეტებთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ფულს გზავნიან, მაგალითად, ხუბუტიას გარდა?.. _ ხუბუტია, ასე ვთქვათ, უფრო ჟღერადია და უფრო ღიად აქტიურობს, მაგრამ მის გარდა ნუ დაგვავიწყდება ერთი რამ _ თუ, ვთქვათ, ვიღაცის სახელი და გვარი ხშირად არ ისმის, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი არ აქტიურობს. ხშირად აღარ მესმის, მაგალითად, იგორ გიორგაძის სახელი და გვარი. კარგად ვიცი, რომ იგორ გიორგაძეს ძალიან ბევრ ქართველ ბიზნესმენთან აქვს ახლო, მეგობრული ურთიერთობები. მათგან იგორ გიორგაძე თავისი საცხოვრებელი პირობებისთვის და ოჯახისთვის იღებს ფულს. მიხეილ ხუბუტია თუ უფრო ტაშფანდურა კუთხითაა ცნობილი, იგორ გიორგაძე სერიოზული აგრესიული ძალაა. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ძველ პარტიზანებსა და სხვადასხვა დაჯგუფების წევრებს ვგულისხმობ, ის ხალხი ვინც ბრძოლა იცის, გამზადებულია!!! ძალიან დიდი იარაღი აქვთ გადამალული, ერთი დასტვენა უნდა და იგორ გიორგაძე ისე გამოჩნდება ამ პროცესების მერე საქართველოში და იმდენი ადამიანი დადგება მის უკან, რომ ყველა გაოცდება, იმიტომ რომ გიორგაძე მივიწყებული თემაა. ზვიადიზმი მორჩა, პარტიზანიზმი მორჩა, აღარაფერი არაა, მიშამ ყველაფერი დაალაგა, მაგრამ აღაარა მიშა. დღეს რეალურად არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ უთქვამს პუტინზე, რომ ის არის ოკუპანტი! ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ამ ქვეყნის პრემიერი არაფერს იტყვის. ერთი წელი რომ იყო ივანიშვილი და დღეს ქვეყნის არაფორმალური მმართველია, კაცს ერთხელ არ უთქვამს პუტინზე, რომ ოკუპანტია. ეს რაღაცას მიანიშნებს, არა?! კაცი ვერ ბედავს ამის თქმას, აბა, გაბედოს და თქვას. როგორ ფიქრობთ, ასეთი ადამიანის პირობებში შეიძლება იყოს ლაპარაკი ქვეყანაში შემომავალი რუსული ფულის კონტროლზე, ან აგენტურის ქსელის გავრცელებაზე? _ იგორ გიორგაძის გარდა კიდევ რომელი პოლიტიკური ფიგურები შეიძლება მოულოდნელად გაცოცხლდნენ? _ ასლან აბაშიძე, რომელიც ასევე მიგვავიწყდა. ყოველ შემთხვევაში, მე არსად წამიკითხავს, ან გამიგონია, თითქოს არ არსებობდა ეს კაცი საერთოდ. თითქოს ამ კაცს შეხება არ ჰქონდა არც იარაღის გადატანა-გადმოტანასთან, ნარკობიზნესთან და ათას უბედურებასთან, თითქოს ეს კაცი არ აკეთებდა აჭარაში თავის ოჯახურ და ნათესაურ კლანებთან ერთად ერთად უზარმაზარ ფულს. მერე აღმოჩნდა, რომ, როგორც იქნა, წაიყვანეს აქედან და ზის მოსკოვში. რას აკეთებს იქ? _ და რას აკეთებს? _ ელოდება შანსს, რომ დაბრუნდეს საქართველოში, მაგრამ ისე კი არა, ვთქვათ, კაი, აჰა, ჩამოდი და რაღაც ასაკში ხარ და იყავი შენს ბინაშიო, არა, ის ძალიან ამბიციური ადამიანია. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და ასევე დიდი ბოღმა და წყენა ჩარჩა გულში. ასლან აბაშიძეს ფული აქვს, იგი ურთიერთობს რუსულ სპეცსამსახურებთან, იმიტომ რომ ისინი მას მფარველობენ, გენერალიტეტი სულ აბაშიძის საძმაკაცოა, აჭარაშიც ჩამოდიოდნენ, ბაზაზე იყვნენ, ეს ყველამ იცის. როგორ ფიქრობთ, ასეთ ადამიანს რომ მიეცეს შანსი, რუსულად ვიტყვი, „დასტოინად“ ჩამოვიდეს საქართველოში, უარს იტყვის? ასლან აბაშიძეც უამრავი რამისთვის არის მზად. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ძალიან ბევრს, ვინც „ქართულ ოცნებაშია“, ასლან აბაშიძესთან კონტაქტი აქვს! მაგალითად, იგივე ბიზნესმენებზე შემიძლია გითხრათ: ვიცი, თოფაძეს აბაშიძეთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ასევე სხვებსაც, ვისთვისაც მთავარი ფულია და არა ქვეყნის ინტერესები. ვისთვისაც მზე, ჯერ კიდევ, ჩრდილოეთიდან ამოდის. რუსეთში არიან ბიზნესმენები, რომლებმაც, როგორც კი მიშა მოვიდა, მაშინვე საქართველოდან მოხიეს, საქართველოში საერთოდ არ ჩამოდიოდნენ, არ ჩანდნენ, ახლა თითქოს ჩამოდიან, მაგრამ ისე ვერა, მათ უნდათ სხვანაირი დაბრუნება. ახლა ამ ხალხის მთავარი მიზანია, რომ შემდეგ არჩევნებში, თუნდაც ის რაოდენობა, როგორადაც დღეს არიან `ნაცები~ წარმოდგენილი პარლამენტში, დასავლური ძალები ამდენიც ვერ მოხვდეს. თუ ასე განვითარდა მოვლენები, მაშინ კარგად მეყოლეთ! _ თუმცა კოალიციაში უკვე ერთ-ერთ წამყვან პოზიციაშია „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც ნამდვილად პროდასავლური ძალაა და მეტიც, მათ მთავრობაში დამატებით ორი მინისტრის პოსტიც მიიღეს. _ გეთანხმებით, რომ „რესპუბლიკელები“ მისაღებ პოზიციაზე დგანან, გამორჩეულები არიან ამ დამოკიდებულებით, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება შენ იყო აქტიური პროდასავლური ძალა და, ამავდროულად, იყო ივანიშვილის ყურმოჭრილი მონაც?! ან იყო პროდასავლური ძალა და იყო იმ ხელისუფლებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მართავს?! ჩემამდე ეს არ დადის! ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი იდეოლოგია ცოტა შებოჭეს და თანამდებობებზე გაცვალეს. ბიძინა ივანიშვილს პუტინმა რუსეთიდან თანხების გამოტანის უფლება მისცა. ასე თავისუფლად იმოქმედებდა პუტინის თანხმობის გარეშე? სააკაშვილის სიმპათია არ მაქვს, მაგრამ ის, რაც მოხდა „ქართული ოცნების“ კოალიციის შექმნით და შემდეგი პროცესებით _ ის სიმართლეა, რომ ივანიშვილმა თანხა აიღო რუსეთისგან! გასაგებია მისი ქველმოქმედება, მაგრამ ბიძინა, პირველ რიგში, არის ბიზნესმენი. ის, უბრალოდ, ფულს არ დაკარგავს. და იმ მილიარდნახევარს, რაც მან ჩადო ქველმოქმედებაში, ყველაფერს ამოიღებს უკან, რისი საშუალებაც აქვს _ რაც არის ნოუ ჰაუ! რომ დაბეჭდა და ყველას რომ წააკითხა, თუ ვის აჭმევდა და ასმევდა წლების განმავლობაში, რაც ერთგვარი უტაქტობა იყო! იქნებ, რომელიმე საწყალ მსახიობს, სულ არ უნდოდა ამის გამხელა, მასაც თავმოყვარეობა აქვს, ბოლოს და ბოლოს. ვინმეს ჰგონია, რომ ისე, მართლა დახმარების გამო ჩადო ამდენი ფული? კაცი მართავდე მთელ ქვეყანას და არ გქონდეს იოტისოდენა პასუხისმგებლობა აღებული ამ პროცესებზე, ეს არის გენიალური სვლა, რისთვისაც იმსახურებს შეძახილს: ბრავო!!! მაგრამ ქვეყანას ეს არ წაადგება, ამიტომ არ მჯერა იგივე იმ `რესპუბლიკელებისა~ და სხვა პროდასავლური ძალების, რომლებიც დღეს კოალიციაში არიან წარმოდგენილნი. _ რა პერსპექტივა აქვს თუნდაც იმას, რომ კულტურული ოკუპაციის პარალელურად, ომი განახლდეს და ძალისმიერი მეთოდებით მოხდეს რუსეთის ზეგავლენის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში? _ ძალიან კარგი კითხვაა. ჯერ კულტურით დავიწყებ, როგორ მიდის ჩვენი ხალხის აზროვნების შეფუთვა: აი, ჩავიდა „ერისიონი“ და გადარია მოსკოვი! ჩავიდა ვიღაც მომღერალი და გადარია რუსები და ამას მოყვა ამბავი, _ მათ ჩვენ ვუყვარვართ, მათ ჩვენ ვენატრებით... და ის არის ჩვენი მოძმე ერი! მე, მაგალითად, მიყვარს კითხვა და ვფიქრობ, ვისაც კითხვა უყვარს, როგორ შეიძლება, პუშკინი, დოსტოევსკი, ან ტოლსტოი არ უყვარდეს?! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ამ ლიტერატურის სიყვარულით თვალი მიბრმავდება და ვერ ვხედავ იმავე ქვეყნის პოლიტიკის შედეგებს. იგივეა მათი პოზიციაც, მათ მოსწონთ ქართული ხელოვნება. ვის შეიძლება, არ მოსწონდეს ქართული სიმღერა, ან ცეკვა? ისინი ერთ ხმაში მღერიან, ჩვენ შვიდ ხმაში ვშლით! რა თქმა უნდა, მათ მოსწონთ, მაგრამ ამით ქვეყნის პოლიტიკა ხომ არ იცვლება? მახსოვს, სუხიშვილების კონცერტზე რომ ვიყავი მოსკოვში და ქათამაძის კონცერტზე 2010-ში, კრემლის დიდ საკონცერტო დარბაზში, 8000 კაცი ფეხზე იდგა და ტიროდა, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთში ხალხი, ვინც მართლა გულით თანაგვიგრძნობს, ძალიან ცოტაა. მაგალითად, როცა ქართველების დეპორტაცია იყო, გამოვიდნენ რუსები მაისურებით: „Я Грузин“ და რამდენიმე ასეული  ადამიანი იდგა მხარდამჭერ აქციაზე, რომლებიც დარბევას გადაურჩნენ, თუმცა ასეთი ხალხი ერთი პროცენტია. ძირითადად კი რუსების უმრავლესობის ნაწილის აზროვნება იმპერიულია და დაპყრობის პოლიტიკას ემხრობა. რაც შეეხება საქართველოს, მინდა მათ გასაგონად ვთქვა, ვინც ამბობს, რომ თუ რუსეთს დაველაპარაკებით კარგად,  მაშინ პოლიტიკა შეიცვლებაო. მოვიდა ბიძინა, დაველაპარაკეთ, სიტყვა `ოკუპანტიც~ ამოვარდა ხმარებიდან, შეგვატანინეს კომბოსტო, მწვანილი და მანდარინი, შედეგად რა მივიღეთ? რამდენჯერმე გადმოწეული მავთულხლართები. თავიდან ამ მცოცავ ოკუპაციაზე ბიძინა ივანიშვილი საერთოდ განცხადებასაც არ აკეთებდა, რეაქციაც არ ჰქონდა, ვიდრე ჟურნალისტები არ ჩავიდნენ და ერთი ამბავი არ ატეხეს. ეს რაზე მეტყველებს? _ შევარდნაძე იყო _ ცუდი იყო, გამსახურდია იყო _ ცუდი იყო, სააკაშვილი იყო _ ცუდი იყო, ბიძინა არის ახლა და პოლიტიკა მაინც არ იცვლება. ე. ი. ამ ხალხთან ასე საუბარს აზრი არ აქვს. ჩვენი ტაშფანდურისთვის, ან მათი მხრიდან აპლოდისმენტების სანაცვლოდ რუსეთი ჩვენ მიმართ პოლიტიკას არ შეცვლის! _ სანდრო, არის ხელახალი ომის საფრთხე? _ როდესაც ქართველების ცნობილი დეპორტაცია მოხდა, მაგალითად, ჩემი მეგობრის შვილს საბავშვო ბაღში მასწავლებელმა სთხოვა, რომ ბავშვი არ ეტარებინა, იმიტომ რომ სხვა ბავშვების რუსი მშობლებისგან იყო აგრესია. მე არ ვიცი, აქამდე ჩამოაღწია თუ არა იმ კადრებმა, მაგრამ რესტორნებსა და კაფე-ბარებზე იყო წარწერები, რომ „Кавказцев не обслуживаем!“ ამიტომ, ჯერ კიდევ, მაშინ განჩნდა ეჭვი, რომ ეს პროცესები შეიძლებოდა გადაზრდილიყო ომში. ქართველები მაშინაც ამბობდნენ, რომ ეს გამორიცხულია, მაგრამ 2008-ში მივიღეთ ომი! უნდოდა ეს ომი რუსეთს. როცა კითხულობენ, რატომ უნდოდაო, თან პასუხშიც აჟღერებენ, _ ეს სააკაშვილის მიმართ პირადი ანგარიშსწორება იყოო. რა შუაშია სააკაშვილი? ისე, მინდა გითხრათ, რომ რუსეთის მაღალ წრეებში მაშინ დაიწყეს აღფრთოვანებით საუბარი საქართველოში გატარებულ რეფორმებზე. მახსოვს, რომ მედვედევის ერთ ინტერვიუს პუტინმა ტაბუ დაადო. რა იყო მიზეზი _ მან ახსენა რაღაც პროცესები, ის რეფორმები, რომელიც საქართველოში ტარდებოდა, რომელიც მაგალითად მოიყვანა მედვედევმა. ეს პუტინს, რა თქმა უნდა, არ მოეწონა! რუსეთშიც დაიწყეს საუბარი: თუ ეს შეძლეს ქართველებმა, რატომ არ შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ, რუსებმაც? როდესაც ამ მიმართულებით რუსმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს საუბარი, თავად პუტინი შეწუხდა. იმიტომ ამბობდნენ, რომ „Если в Грузии можно всё делать“, რატომ არ შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ, გაცილებით მდიდრები რომ ვართ და მეტი რესურსი გვაქვს?! პუტინმა ჩვენ დაგვსაჯა ჩვენი განვითარების გამო და რაღაც პერიოდით შეაფერხა საქართველოს განვითარება. როცა ლაპარაკია იმაზე, რომ პუტინი თბილისში იმიტომ არ შემოვიდა, რომ თბილისის მოსახლეობა არ გაწირა, ეს არის აბსურდი!!!  გორი ხომ დაბომბა, საცხოვრებელი კორპუსები ხომ დაბომბა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ჯარისკაცები იქ აღარ იყვნენ. არ შემოვიდა თბილისში იმიტომ, რომ არ იყო მზად იმ კონფრონტაციისთვის, როგორც აღმოჩნდა ყირიმის მოვლენების დროს. პუტინი ახლა უფრო თამამად შეხვდა ამ პროცესებს, მაშინ არ იყო მზაობა და ამიტომ ვერ შემოვიდა თბილისში. ის ომი რომ ყოფილიყო დღეს, მაშინ 100%-ით გეუბნებით, რომ პუტინი შემოვიდოდა! პუტინს შემოყვებოდა იგორ გიორგაძე, მოღალატე ხომერიკი, ებრალიძე და აქ დახვდებოდნენ ხელგაშლილი ბურჯანაძე, კუკავები, კაკო ასათიანი, რომელიც 2011 წლის დეკემბერში ვნახე მოსკოვში, გამიკვირდა. ისეთი პოლიტიკოსების გარემოცვაში ვნახე, საქართველოს ლანძღვა-გინების გარდა რომ არაფერს აკეთებენ დუგინი და ასეთი ადამიანები. ეს ქართველები ძალიან ღიად შეხვდებოდნენ იქიდან მოსულ თანამედროვე ორჯონიკიძეებს. ვინმეს აინტერესებს, რა ხდება ცხინვალის რეგიონში? რუსებმა გააფორმეს ყველანაირი ხელშეკრულება, რაც კი შეიძლებოდა, ასე გააკეთეს აფხაზებთანაც, ეს რას ნიშნავს?! მშვიდობიანად ამ საკითხის გადაწყვეტა, უბრალოდ, გამორიცხულია, იმიტომ რომ რუსეთი არასოდეს უკან არ წაიღებს დამოუკიდებლობის აღიარებას. ამიტომ დღეს, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიციური ძალები საუბრობენ, რომ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი ჯარის გაძლიერებაზე და ა. შ., მშვიდობიანი გზით შევძლებთ აფხაზებთან და ოსებთან კონფლიქტის მოგვარებასო, ეს არის შეუძლებელი. ის აფხაზები და ოსები ჩვენ ძმებად არ გვთვლიან. არა მგონია, ჩემზე უკეთ იცოდეს ვინმემ მათი დამოკიდებულება, რადგან ურთიერთობა მქონდა როგორც რუსეთში მცხოვრებ აფხაზებთან და ისე ოსებთან. აფხაზების 5% არის შერეული ოჯახებიდან, რომლებიც ან ტურისტებად, ან ოჯახის წევრებთან ჩამოდიან საქართველოში, აღფრთოვანებული არიან ჩვენი ქვეყნით და ამბობენ: „Мы любим Грузию, но только притом, что мы будем независимыми“. ეს მხოლოდ 5%, 95%-ს კი გაგონებაც არ უნდა საქართველოსი! აკანკლებთ ქართველის ხსენებაზე! ომის შემდეგ თაობები ისეთ ზიზღშია გაზრდილი, გამორიცხულია, რომ ოდესმე თავი წარმოიდგინოს, თუნდაც მშვიდობიან ფორმატში, ან კეთილმეზობლურ დამოკიდებულებებში. _ სანდრო, დელიკატური შეკითხვა გამიჩნდა, _ თქვენი შვილის მომავალზე თუ გიფიქრიათ? ის აფხაზი იქნება თუ ქართველი? _ არააა, გეტყვით! რომ ეკითხები, _ ვინ ხარ? გეუბნება, _ ქართველი! ლაპარაკობს ოთხ ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად და ფრანგულად. ნიჭიერი ბავშვი გამოვიდა, მის კლასში ყველამ იცის, რომ ქართველია, დედა და ბებია ქართულად ზრდიან, ჩემი სიმამრია აფხაზი, მაგრამ ჩემი მეუღლე ქართველობს და ამ მხრივ ძალიან მშვიდად ვარ. მივუბრუნდები ისევ იმ თემას. მაპატიოს ყველამ _ ომი მარტო გიჟს უნდა, მაგრამ თეორიულად გამორიცხულია, ძალის გამოყენების გარეშე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება. ახლა რომ ლაყბობენ პოლიტიკოსები და მთავრობის წევრები, აბაშიძე ხვდება კარასინს, აბაშიძე ხვდება იმას, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, იქ საქმე არ კეთდება, ჩადიან და ჩამოდიან. ბორჯომით და კომბოსტოთი ტერიტორიები არ ბრუნდება. ამიტომ არის აუცილებელი ევროკავშირში შესვლა, რომ დაცული ვიყოთ რუსეთის უხეში ჩარევისგან მაინც და მოვახერხოთ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების დაბრუნება. სულ ვფიქრობ ხოლმე ამ თემაზეც _ ჩემი ძმა 17 წლის არის და მხოლოდ გადმოცემით იცის, რომ მოხდა აფხაზეთის ომი. ათასი ტელევიზია გვაქვს, ნუთუ, არ შეიძლება, მომზადდეს რაღაც ვიდეორგოლები, სულ რამდენიმე წამიანი, რომ თაობებმა იცოდნენ, როგორ დახოცეს გაგრაში ხალხი, როგორ გამოჭრეს ყელი ფეხმძიმე ქალებს, კაცებს თვალები დათხარეს _ რომ იცოდნენ ჩვენი ისტორია! ამ თაობამ იმიტომ უნდა იცოდეს, რომ მისი დასაბრუნებელია ეს ტერიტორიები და საქართველო ზაფხულში აჭარით და ზამთარში მარტო გუდაურით არ შემოიფარგლება. ოსეთიც და აფხაზეთიც ჩვენი ქვეყანაა!!! საუბრის ბოლოს რელიგიურ თემას მინდა შევეხო. გაჩნდა ასეთი ტერმინი: „რბილი ძალა“, რომ საქართველო-რუსეთის პრობლემებში ასეთი არის ეკლესია. ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ერთმორწმუნე ერები. მინდა, შევახსენო ასეთ ადამიანებს: მართლმადიდებელ რუსეთში რომ აღმოვჩნდით მეფის რუსეთის დროს, რაც კი განძი იყო საქართველოს ეკლესია-მონასტრებში, ყველაფერი გაზიდეს, ავტოკეფალია გაგვიუქმეს, კომუნისტების პერიოდში საბჭოური სისტემაში ეკლესიების ნგრევა დაიწყო, მღვდლების დახვრეტა; ილორის ეკლესიაში, აგვისტოს ომის მერე, კონდიციონერი დაამონტაჟეს რუსებმა, ერთმორწმუნე რუსეთი ბომბავდა გორს, ამ ერთმორწმუნეებმა გამოყარეს საბარგო თვითმფრინავით ქართველები! ეს არ უნდა დავივიწყოთ! დღეს იქ მუშაობს უშიშროება, რომელსაც შენი სარწმუნოება არ აინტერესებს. აი, ამიტომ ეს სულელური საუბარი რუსეთისა და საქართველოს ერთმორწმუნეობაზე არაფრისმომცემია. ამიტომ კიდევ მინდა იმ ხალხს, ვისთვისაც მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოდის, ვკითხო, _ თუ თქვენი თავი გკიდიათ ფეხებზე, საკუთარი შვილების მომავალი მაინც არ გაწუხებთ?! ელისო კილაძე

გაზიარება