ნარმანიამ რაღაცა ჩაიფიქრა... და ეს ჩანაფიქრი ფულის კეთებას უკავშირდება. საუბარია სოლიდურ თანხაზე, რომელსაც მოსახლეობის ერთი ნაწილისგან ამოიღებენ თბილისის მერის ამ ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში.
ამ რამდენიმე დღის წინათ ქალაქის თავი ინიციატივით გამოვიდა: თბილისში საცობების წარმოქმნას მარჯვენასაჭიანი ავტომობილების სიმრავლე უწყობს ხელს, ამავე ტიპის ტრანსპორტი ასევე განაპირობებს ავარიათა გაზრდილ რაოდენობას და ამიტომ ასეთი ავტომობილებით გადაადგილება უნდა აიკრძალოსო. ვერაფერს იტყვი, ქალაქის მერი იმიტომ არის მერი, რომ დროდადრო ქალაქისთვის სასარგებლო ინიციატივა შემოგვთავაზოს. ამით დედაქალაქზე ზრუნვაც გამოჩნდება და მერის საქმიანი სტილიც. მაგრამ ნარმანიას შემთხვევაში ეს ასე არ არის, სხვა სიტუაციასთან გვაქვს საქმე: ჯერ ერთი, სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ნარმანიას განცხადება საერთოდ უადგილოა, რადგან მარჯვენასაჭიანი ავტომობილი არც საცობს იწვევს და არც _ ავარიას. და მეორეც _ სინამდვილეში აქ ავარია და საცობი არაფერ შუაშია, ნარმანიამ ფულის გაკეთების პერსპექტივა აღმოაჩინა და ახლა საქმის ბოლომდე მიყვანისთვის ზრუნავს.
მოკლედ აგიხსნით, როგორ შეიძლება ამ საქმიდან დიდი ფულის გამოდნობა: თბილისში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა 3000-დან 4000-მდე ერთეულს აღწევს. თუკი ამ ავტომობილებს მოძრაობას აუკრძალავ, მისი პატრონი იძულებული გახდება, საჭე მარცხენა მხარეს გადაიტანოს. ეს კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. საჭის გადატანის ღირებულება 400 დოლარიდან იწყება და ზოგიერთი მარკის მანქანებისთვის, მაგალითად, მარჯვენასაჭიანი „მერსედესებისთვის“ 1200 დოლარსაც კი აღწევს. ამ ციფრებიდან გამოვიყვანოთ საშუალო არითმეტიკული და დავუშვათ, რომ ერთი ასეთი მანქანის გადაკეთება 500 დოლარი დაჯდება. სამასი ათასი მანქანის შემთხვევაში ეს თანხა უდრის 150 მილიონ დოლარს. სოლიდური თანხაა, ვერაფერს იტყვი და ამ თანხის ასევე სოლიდური ნაწილი სწორედ ნარმანიას გარემოცვის ჯიბეში წავა! რა მექანიზმებით და როგორ, ამას ქვემოთ შეიტყობთ. მთავარი ის არის, რომ მთელი ამ ფინანსური დივერსიის განხორციელების შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში სურათი არ შეიცვლება: როგორც უკვე ვთქვი, მარჯვენასაჭიან ავტომობილს საცობთან არაფერი აქვს საერთო, ანუ საცობები ისევ ისე იქნება, როგორც მანამდე იყო. ავარიათა მაჩვენებელი კი სულაც გაუარესდება, რადგან საჭის გადაადგილება მარჯვნიდან მარცხნივ მთელ რიგ პრობლემებს ქმნის ავტომობილში, რომლის გამოსწორება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრებით „ქრონიკა+“-ის დღევანდელ რესპონდენტებს, რომლებიც დარგის სპეციალისტები არიან და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა დაუშვებლად მიაჩნიათ.
რეზო ველიჯანაშვილი _ ტრანსპორტის პრობლემების ცენტრის ექსპერტი:
_ თბილისსა და, საერთოდ, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, სადღაც, 4000-მდე აღწევს. სხვათა შორის, რომ იცოდეთ, მათი სიმრავლე მხოლოდ შედარებით სიიაფის გამო არ არის განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მარჯვენა მოძრაობაა, ადამიანთა გარკვეული კატეგორიისთვის უფრო მოსახერხებელია ასეთი ავტომობილით მოძრაობა. ამავე დროს, მთავარია ის, რომ ავარიების გამომწვევი მიზეზების შესწავლისას არსად მოიპოვება სტატისტიკა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს იწვევენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. არც ერთი კვლევა არ არსებობს, რომელზე დაყრდნობითაც მსგავსი დასკვნის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი.
_ აბა, ნარმანიამ საიდან მოიტანა?
_ ჩემი აზრით, ბატონი დავითი შეცდომაში შეიყვანეს და ასეთი რამ ათქმევინეს. ამ თემის წამოწევა პიროვნებებისა თუ ჯგუფების ბიზნესინტერესებს ეხება, იმიტომ რომ თუკი ამ რაოდენობის მანქანებს აუკრძალავ მოქმედებას, მას იძულებულს ხდი, რომ გადაიტანოს საჭე მარჯვნიდან მარცხნივ, რაც ძვირი ჯდება, ამ თემას ჩვენ კიდევ შევეხებით. მაგრამ, კაი ბატონო, გადაიხადა ადამიანმა საჭირო თანხა და გადაიტანა საჭე. ამ შემთხვევაში ავტომობილის გადაკეთების გამო მისი სამაგრი წერტილების, მისი სიმტკიცის მარაგის მაჩვენებელი და მართვადობის დონე კიდევ უფრო უარესდება, ვიდრე მარჯვენა საჭის არსებობის დროს იყო. ფაქტობრივად, ეს იგივეა, ცაცია აიძულო, მარჯვენა ხელით აკეთოს, რასაც მთელი ცხოვრება მარცხენით აკეთებდა. ეს ხომ ადამიანის შემთხვევაში ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს, ავტომობილის შემთხვევაში კი აუცილებლად მოგვცემს ტექნიკურ პრობლემებს.
_ ე. ი. საჭის გადატანა ავარიათა რაოდენობას არ შეამცირებს?
_ ტყუილია! ეს ნარმანიამ არასწორ ინფორმაციებზე დაყრდნობით თქვა. დამატებით ბატონმა დავითმა ისიც აღნიშნა, რომ ქალაქში საცობების მთავარ მიზეზს მარჯვენასაჭიანი ავტომობილები წარმოადგენსო. ესეც ხომ აბსურდია? საცობი იქმნება გზის ნაკლები გამტარუნარიანობის გამო, ანდაც მძღოლის დაუდევრობით, რომელიც თავისი არასწორი ქმედებით ქმნის ჭედვას. ქალაქში უამრავი არაკვალიფიციური მძღოლი დადის! რა შუაშია მარჯვენა საჭე?! არსად არის დაფიქსირებული, რომ მარჯვენასაჭიანმა ავტომობილმა გამოიწვია საცობი სწორედ მისი მარჯვენასაჭიანობის გამო.
ახლა კი დავუბრუნდეთ მარჯვენა მხრიდან საჭის მარცხნივ გადატანის საკითხს: ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ აბსოლუტურად ტექნიკურად გაუმართავი ხდება ასეთი ავტომობილი და ამაში ყველა სპეციალისტი დამეთანხმება. ამის მიუხედავად ახლა უნდათ, რომ ტექნიკურ დათვალიერებასთან ერთად ეს საკითხი როგორმე შეაგდონ საზოგადოებაში. წარმოიდგინეთ, თქვენ ოთხასი ათასი ავტომობილის მფლობელი, რომელიც უცბად გამოვა და დაიწყებს საჭის გადაკეთებას, რამხელა პრობლემებთან იქნება დაკავშირებული ეს ყველაფერი?!
მერს არ აქვს წვდომა იმ სტატისტიკურ მასალასთან, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა კვლევებთან, თუ რა როლი აქვს მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ავტოსაგზაო შემთხვევებში და მეორეც, წვდომა არ აქვს ინფორმაციასთან, რომლის მიხედვითაც შეიძლება დასტურდებოდეს, რომ საცობებიც ამ მანქანების გამოწვეულია. ეს არასწორი შეფასებაა.
_ თუკი მაინც აიკრძალა ასეთი ავტომობილები, თბილისში არის იმდენი საამქრო, რომ ასეთ რაოდენობას მოემსახუროს?
_ კვალიფიციური საამქრო, ვისაც ენდობიან მსგავსი სამუშაოების ჩასატარებლად, თბილისში ათამდეა. თუმცა ისინიც ამბობენ, რომ მთელი რიგი პრობლემური დეტალებისა და უწესრიგობების აღმოფხვრა შეუძლებელია. პირადად მე გამოვიკვლიე, რომ საჭის გადატანის შემდეგ მანქანის ტექნიკური მონაცემები უარესდება: ირღვევა თერმობალანსი, მთლიანად ავტომობილის საიმედოობა და მთელი რიგი ტექნიკური პარამეტრი, _ როდესაც მარჯვენა მხარეს მდებარეობს საჭის მართვის მექანიზმი, მარცხენა თვალი უფრო მეტად უხვევს, ვიდრე მარჯვენა. როდესაც საჭეს გადავიტანთ, ეს მდგომარეობა არ შეიცვლება და მაშინ რაღა მოხდება? იგივე რამეს ვეღარ გააკეთებს და უსაფრთხოება ირღვევა...
ნარმანიას ასე თუ ატყუებენ და დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებინებენ, ვერ ყოფილა კარგად საქმე ვერც თბილისელებისთვის და ვერც ნარმანიასთვის. თუმცა თბილისი მერს რა უჭირს? _ იმის ჩიტია სწორედ ნარმანია, ვინმეს თავი მოატყუებინოს და დაუფიქრებლად თქვას რამე?
რობერტ იანტბელიძე _ არასამთავრობო ორგანიზაცია `მძღოლი, გზა, სამართლის~ პრეზიდენტი:
_ ძალიან ბევრმა არ იცის, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვა, ჯერ კიდევ, კომუნისტების დროს დადგა დღის წესრიგში. ძირითადად საუბარი იყო იაპონიიდან ჩამოყვანილ მანქანებზე. მაშინ მთავრობის დონეზე დაისვა ეს საკითხი და აკრძალეს კიდეც ასეთი მანქანების მოძრაობა. შემდეგ ქვეყანა აირია და დღეს ბევრი ასეთი ავტომობილი მოძრაობს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ თემით სპეკულირება. დედაქალაქს, ტრანსპორტს, ქვეითად მოსიარულეს, ზოგადად, მოსახლეობას ეს საკითხი არ აინტერესებს, იმიტომ რომ არაფერთან არ არის კავშირში.
_ თემა აქტუალური არ არის?
_ დიახ, იგი ხელოვნურად გაააქტიურეს. თქვენს მკითხველს მინდა გავახსენო: მანქანათა დაზღვევაზე საუბარი რომ დაიწყო, მძღოლს მანქანა რომ უნდა დაეზღვია, მაშინ საქართველოს ავტოინსპექცია გაიძულებდა, რომ ეს მანქანები მაინცდამაინც „ალდაგში“ უნდა დაგეზღვია. არადა, სულ თხუთმეტამდე სადაზღვევო კომპანია იყო. ე. ი. ჩაწყობილი ჰქონდა „ალდაგს“ „გაის“ უფროსთან, ანუ შსს-სთან. მაშინ გამყრელიძე იყო „ალდაგის“ უფროსი. ამის შემდეგ ატარებდი ტექნიკურ დათვალიერებას. ვის ჰქონდა ორი თავი, რომ არ დამორჩილებოდა? ეს იყო მაფიოზური კლანი, რომელმაც იმ პერიოდში დიდი ფული იშოვა.
ახლა კი ეს მექანიზმი გადმოვიტანოთ და მოვურგოთ მარჯვენასაჭიანი მანქანების თემას, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გააჟღერა დავით ნარმანიამ. ეს გამოიწვევს იგივეს _ მაფიოზური კლანის აღზევებას. ნარმანიასთან მივიდა რაღაცა ჯგუფი და უთხრა: შენ ამ მანქანებით მოძრაობა აკრძალე და ექსპლუატაციის ნება მიეცი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მანქანები გადაკეთდება ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციაშიო. ეს არის ჩანაფიქრის თავი და თავი! სავარაუდოდ, ესენიც უცბად გამოაცხადებენ ტენდერს, გაიმარჯვებს ის კომპანია, სადაც ამათ ინტერესი აქვთ და ის ჩაატარებს მთელ ამ სამუშაოს.
_ ნარმანიას გამოსვლა პირველი ეტაპი იყო, მეორე ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულ რომელიმე შპს-ს უნდა ველოდეთ?
_ დიახ! ეს არის გათვლილი ფულის გაკეთებაზე, სადაც ნარმანიას მიუვა გვარიანი „ატკატი“. პრინციპში, ეს ძველი მეთოდია, მაგრამ საქართველოში იმდენად კარგად მუშაობს, რომ ვერ ელევიან.
_ არადა, სააკაშვილის დროსაც ვერ გაბედეს ამის გაკეთება.
_ სააკაშვილის დროს კი დაიწყეს საუბარი, მაგრამ მერე ჭკუა ეყოთ და აღარ გააგრძელეს ეს თემა, ისევე როგორც ჭკუა ეყოთ, ტექდათვალიერება რომ არ შემოიღეს. ახლა ამათ ამ ეტაპზე თუ გაუვიდათ, ამას მოჰყვება მეორე ეტაპი, რასაც ჰქვია სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღება. დღეს სულაც არ არის უდროო იმის თქმა, რომ ტექნიკური დათვალიერებაც იგივენაირად ასოცირდება ერთ რომელიმე ტენდერში გამარჯვებულ ფირმასთან, სადაც მივა ნახევარი მილიონი მანქანა, რომელმაც ტექდათვალიერების დროს აღმოჩენილი დეფექტი უნდა გამოასწოროს. არადა, დღეს საქართველოში მანქანების 95% ვერც ერთ ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლის.
ახლა დავუბრუნდეთ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს: მსოფლიოს რომელ ქვეყანაში რას კრძალავენ, სხვა საქმეა, მაგრამ საქართველოში ბევრი კანონი მიიღეს, რომელმაც არ იმუშავა. ეს კანონიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების თაობაზე არ იმუშავებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანაა ასეთი და რაც მთავარია, დავსვათ საკითხი: თბილისის მერიას უფრო ფუნდამენტურად მტკივნეული საკითხები არ აინტერესებს? მაგალითად, რატომ არ ინტერესდება ბატონი მერი იმ პრობლემით, რაც კიბოს განვითარებას უწყობს ხელს?
_ გამონაბოლქვს გულისხმობთ?
_ დიახ, რომელსაც ხელს უწყობს მანქანების ხშირი და ტყუილუბრალოდ გაჩერება. თავის მხრივ კი ტყუილ გაჩერებას იწვევს არასწორად დამონტაჟებული საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. ასე მივადექით შესანიშნავ თემას: თბილისში დამონტაჟებული იყო არაჩვეულებრივი ტაიმერიანი შუქნიშნები, რომელიც მძღოლს ელაპარაკებოდა, რომ, მაგალითად, შენ დაგრჩა ხუთი წამი და მოემზადეო. ამ შუქნიშნებმა ისე დაარეგულირეს მოძრაობა, რომ ავარიის შანსი მინიმუმამდე დაიყვანეს. ამათ ეს შუქნიშნები მოშალეს და ისევ დაუბრუნდნენ ძველ სისტემას.
_ რატომ მოშალეს?
_ აი, ეს გახლავთ მთავარი კითხვა! რატომ მოშალეს და შპს `შუქნიშანი~, რომელიც არის მერიის ქვემდეობარეობაში, რაც უფრო მეტ შუქნიშანს დააუყენებს, მით უკეთესია მისთვის. აქ ერთი საყურადღებო დეტალია: შუქნიშნის დამყენებელ ფირმას დღეს პასუხისმგებლობა არ გააჩნია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე. შუქნიშნის დამდგმელი ფირმა კი არა, პატრულიც არ აგებს არანაირ პასუხს, მეტიც, არ არსებობს არც ერთი სამსახური, რომელიც პასუხს აგებს ავარიის გამომწვევ მიზეზებზე. ამიტომ შუქნიშნების დაყენებაც უკავშირდება ფულის გაკეთებას და მოქმედებს პრინციპი: რაც უფრო მეტ შუქნიშანს დავაყენებ, მეტი ფული იქნება. იგივე ვარიანტია საგზაო ნიშნებიც. შეგახსენებთ, მე ვსაუბრობ იმ მიზეზებზე, რაც იწვევს ამ საცობებს. ჩვენ თუ გვინდა, გამოსავალი ვნახოთ კიბოთი დაავადებისა და საცობების გამო, ჯერ მიზეზების ციკლი უნდა ამოვწუროთ, რაც საცობებს და გამონაბოლქვს უწყობს ხელს, შემდეგ არასწორი ნიშნები უნდა ავიღოთ. ჭიაბერაშვილის მოგონილი სისულელე სამკუთხედიც უნდა მოვშალოთ და ერთი კიდევ _ პატრულის ძალიან არასაწორი და უპრინციპო მუშაობაც რამენაირად უნდა დავარეგულიროთ: იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობით პატრული დადის დედაქალაქში, მთავარია, როგორ რეაგირებს. დღეს პატრული მთლიანად გადასულია ვიდეოკამერებით მოძრაობის დაფიქსირების იმედზე. ამას კი, როგორც მოგახსენეთ, წინ უსწრებს არასწორად დადგმული საგზაო ნიშნები და ვიღებთ შემდეგ სურათს: თუ ნიშანი არასწორადაა დადგმული და ვიდეოკამერამ დააფიქსირა ის საწყალი და გაუბედურებული მძღოლი, რომელიც აზრზეც არ არის, რომ სინამდვილეში ის ნიშანი იქ არ უნდა იყოს, მაგრამ პატრონიც არ ჰყავს, დაუძახებს პატრული და ვიდეოკამერით გადაღებულ ფირს დაუდებს წინ. ასე აეწყო ეს სისტემა და ყოველგვარი თავის ატკივების გარეშე აჯარიმებენ მძღოლს. სამაგიეროდ, არანაირი მოთხოვნა არ არის ავარიების გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე.
_ არ ყოფილა საშველი და გამოსავალი.
_ გამოსავალი ის არის, რომ ვიღაცის მიერ დაყენებული საგზაო ნიშანი, თუ შუქნიშანი უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესების რანგში აყვანილი, ამიტომ ნიშანიც საპატრულომ უნდა დააყენოს და მანვე გააკონტროლოს.
_ იმ პრობლებებში, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და ხელს უწყობს საცობებსა და ავარიებს, რამდენად მნიშვნელოვანია მარჯვენასაჭიანი მანქანების ფაქტორი?
_ საჭის მექანიზმის არსებობას მარცხნივ ან მარჯვნივ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ამის აკრძალვა აბსოლუტურად უაზრო და უტვინო გადაწყვეტილება იქნება. ვიმეორებ: მთავარი არის ფულის გაკეთების ჩანაფიქრი და არანაირად არ ჩანს მოსახლეობაზე რეალურად ზრუნვა. თუნდაც „სითიპარკის“ საკითხი ავიღოთ, რომელიც თავდაპირველად კარგად დაიწყო მერმა, ბატონმა ნარმანიამ, საკრებულოდანაც მხარი აუბეს და ახლოს იყვნენ საკითხის მძღოლების სასარგებლოდ გადაწყვეტასთან, მაგრამ მოხდა ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა, რასაც ჰქვია ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო. ამათ გაიგეს, რომ „სითიპარკის“ უკან არის კოლოსალური რაოდენობის აღურიცხავი ფული, ე. წ. შავი ფული და იმხელა შემოსავალია, რომ „სითიპარკის“ გაგდებას ურჩევნიათ, საერთოდ არ გასცენ მას ხმა. სამაგიეროდ, ისევ ცხვარივით დაბეჩავებული მძღოლების უფლებები შეილახა. გაგახსენებთ: როცა „სითიპარკი“ შემოდიოდა, მას ჰქონდა გადასარევი წინადადებები, მათ შორის საუბარი იყო მიწისზედა, თუ მიწისქვეშა ავტოსადგომების აშენებაზე. მაგრამ არანაირი ავტოსადგომი არათუ არ გაუკეთებიათ, არც კი უფიქრიათ. ახლა რადგან ნარმანიამ თავი გაანება „სითიპარკის“ საკითხის პრინციპულად გადაწყვეტას, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ უნდა შეშვებულიყო „სითიპარკთან“ ბრძოლას? ანდაც მაშინ რაღას ვერჩოდით უგულავას, როცა ვამბობდით, რომ ის იყო შეკრული „სითიპარკთან“?
_ ანუ აქაც ფულია?
_ ფულია თავი და თავი. თუ არადა, ნარმანიამ რა გააკეთა ერთი საკითხი მაინც, რაც უნდა გაეკეთებინა? შუქნიშნების პატრონისთვის უნდა დაეძახა და ეთქვა: წადი ახლა და ისევ დააყენე ის ტაიმერიანი შუქნიშნებიო. დაითვალე, რამდენგან არის დაყენებული შუქნიშნები არასწორად, ისევე როგორც არასწორად არის დადგმული რვაასამდე საგზაო ნიშანი მძღოლების წინააღმდეგ და მათგან ფულის გამოძალვას ემსახურებაო. არც ერთი ეს საკითხი არ მოუგვარებია ნარმანიას. არადა, ძალიან ადვილი გასაკეთებელი იყო. ასევე მარტივად შეეძლო „სითიპარკის“ გაძევებაც. აი, სად ჩანს ფულის კეთების მექანიზმები. ამჯერადაც, სტატისტიკა არ გააჩნია და საიდან მოაქვს ეს საუბარი მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე და თანაც ამ ყველაფერს ხსნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე ზრუნვით. სინამდვილეში ეს არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ნარმანია არ გამოდგა, არ იცის საქმე და აკეთებს ასეთ განცხადებებს. რომ ვთქვა, შეცდომაში შეიყვანესო, არასწორი იქნება. ერთხელაც არ დაუძახია სპეცილისტებისთვის და არავის აზრი არ გაუთვალისწინებია. აქ სულ სხვა ფაქტორებია: მან პირველ ეტაპზე მოგვაწოდა იდეა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის თაობაზე; მეორე ეტაპზე უკვე იმ შპს-ს გაგვაცნობენ, ვინც ტენდერში გაიმარჯვა და საჭის მარჯვნიდან მარცხნივ გადატანა უნდა უზრუნველყოს. ასე ისარგებლებს ნარმანია და მისი გამარჯვებული შპს.
დავით დევიძე