მოსახლეობის ტოტალური თვალთვალი და მოსმენები, რამაც წინა ხელისუფლების დროს ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო, დღემდე გრძელდება. ეტყობა, ამ საქმეში არის ისეთი რამ, რაც ნებისმიერ მთავრობას უპირატესობას სძენს და ამიტომაც მასზე უარის თქმა ძალიან უჭირს, მიუხედავად იმისა „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება სათავეში, თუ „ქართული ოცნება“. აქ გასაკვირი არაფერია. დღეს ძალაუფლებას ფლობს ის, ვის ხელთაც ინფორმაციაა და სწორედ ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთ საუკეთესო ფორმას წარმოადგენს ფარული მოსმენები. მერე რა, რომ მოსამართლის სპეციალური ნებართვის გარეშე ასეთი მოსმენები უკანონო ქმედებაა? სამაგიეროდ, უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, როცა იცი, შენზე ვინ რას ფიქრობს და რას აპირებს. ამიტომ როცა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება „ნაციონალებისგან“ გადაიბარა, თითი თითზე არ დაუკარებია, რომ ამ მანკიერი პრაქტიკისთვის წერტილი დაესვა. შედეგად მივიღეთ ის, რომ თავის დროზე „ნაციონალების“ დანერგილ უკანონობას უკვე „ოცნება“ აგრძელებს წარმატებით.
ახლა კი უფრო კონკრეტულად: რამდენიმე დღის წინათ თავისი მიკროავტობუსის დათვალიერებისას მძღოლმა მოსასმენი აპარატი აღმოაჩინა, რომელიც, სავარაუდოდ, იქ, ჯერ კიდევ, წინა ხელისუფლების დროს დაამონტაჟეს, შემდეგ კი მისი დემონტაჟი აღარავის უცდია. ხელისუფლება კი შეიცვალა, სამაგიეროდ არ შეცვლილა თბილისის მიკროავტობუსის კომპანია, რომელიც თბილისის დღევანდელმა მთავრობამ საჩუქრად მიიღო წინამორბედისგან. მოგეხსენებათ, ამ კომპანიას მგზავრთა გადაყვანის საქმეში მონოპოლიური მდგომარეობა უკავია, კონკურენტი არ ჰყავს და ამიტომ ძალიან შემოსავლიან ორგანიზაციას წარმოადგენს. სამაგიეროდ, ბევრი უკმაყოფილო ჰყავს როგორც საზოგადოებაში, სადაც ყვითელი სამარშრუტოების მიერ შემოთავაზებული არასათანადო მომსახურების გამო არცთუ ისე იშვიათად გამოხატავენ უკმაყოფილებას, ასევე თვითონ მის მძღოლთა შორის. სამარშრუტო ტაქსების მძღოლების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ის კაბალური პირობებია, რაც მათ კომპანიის ხელმძღვანელობამ მოახვია თავს. მძღოლები დაუფარავად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს. ამ ცოტა ხნის წინათ „ქრონიკა+“-ის ფურცლებზე უკვე ვისაუბრეთ, რომ გრანდიოზული გაფიცვისთვის ემზადებიან. აი, აქ თამაშობს თავის განუმეორებელ როლს მოსასმენი აპარატურა. თუკი ამ აპარატურის საშუალებით კომპანია საქმის კურსში იქნება, რას აპირებენ მისი მძღოლები, მაშინ ასევე ადვილია მძღოლებზე ზეგავლენის მოხდენა და მათი დაშოშმინება.
გიორგი რურუა _ „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის“ გენერალური დირექტორი:
_ მიკროავტობუსების გარშემო შექმნილი პრობლემები კარგად ასახავს ხელისუფლების მიდგომას საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხებისადმი. ვგულისხმობ მოსასმენ აპარატურას, რაც გარკვეული მიზნით დაამონტაჟეს სამარშრუტო ტაქსებში. ჩვენ ვაწარმოებთ მიკროავტობუსების გარშემო არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიზს. ახლაც ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის მძღოლმა მოგვიტანა მოსასმენი აპარატურა „ჟუჩოკი“, რომელიც განთავსებული იყო მისი მიკროავტობუსის „ბარდაჩოკში“. მოსასმენი მოწყობილობა ასანთის კოლოფის ზომისაა და აქვს კომპიუტერთან მისაერთებელი „უესბე“ კაბელი. მძღოლმა, რომელმაც ეს მოწყობილობა აღმოაჩინა და იკითხა, _ რა არისო? უპასუხეს, რომ ეს იყო მაგნიტოფონის რაღაც დამხმარე ნაწილი. მძღოლმა გვითხრა, _ როცა აპარატი ჩავხსენი, ზუსტად იმ მომენტში ვუსმენდი მაგნიტოფონსა და რადიოს და არანაირი კავშირი არ ჰქონდაო.
_ სად იკითხა?
_ „გარაჟში“ იკითხა და იქ უპასუხეს, მაგნიტოფონის ნაწილიაო. ეს ხომ სისულელეა?! ზედაპირული დათვალიერებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტექნიკურად ეს აპარატი ყოველთვის მიერთებული უნდა იყოს კვების წყაროზე, ამიტომაც იყო მიერთებული დენის ხაზებზე. მძღოლმა მითხრა: როდესაც „გარაჟში“ ვბრუნდებით, არ არსებობს, „გარაჟის“ ხელმძღვანელობამ გასაღები არ ჩამოგვართვასო. როცა დავინტერესდებით ხოლმე და ვიკითხავთ, რად უნდათ გასაღები, არც კი გვპასუხობენ. ამბობენ, რომ ჩვეულებრივი დათვალიერებისთვის სჭირდებათ. თუმცა მეორე დღეს მძღოლები აშკარად ატყობენ, რომ რაღაც ყოველთვის არის ხელმოკიდებული, თუ გადაადგილებული. ფაქტობრივად, რაღაც სამუშაოებს ასრულებენ.
_ ადრე ამბობდნენ, რომ მსგავსი აპარატურა მონტაჟდებოდა იმიტომ, რომ მძღოლს არ ეცუღლუტა. სხვანაირად, აბა, ვის რაში აინტერესებს მიკროავტობუსის მძღოლის ფარული ჩაწერა?
_ მაშინ, ასეთი აპარატურა ოფიციალურად უნდა იყოს დამონტაჟებული, რითაც მძღოლი გაკონტროლდება. მგონია, რომ ეს სპეცსამსუხურების ორგანიზებულია, რომელიც კომპანიის ინტერესებს ატარებს და მასობრივ კონტროლს ახორციელებს კომპანიის თანამშრომლებზე. სხვანაირად რომ ვთქვა, ეს გახლავთ მძღოლების მართვის მცდელობა. აქ, ცხადია, აპარატურა მგზავრების მოსასმენად არ იყო დამონტაჟებული და მიზანი გახლდათ მხოლოდ მძღოლი, რათა მძღოლებმა რაიმე სერიოზული პრობლემა არ შეუქმნან კომპანიას, მაგალითად, გაფიცვები, რომელიც არც ერთ კომპანიას არ სიამოვნებს. ამით ისინი ადვილად შეუქმნიან მძღოლებს პრობლემებს, თუკი ეცოდინებათ, რას აპირებენ. ის უკმაყოფილება, რაც მძღოლთა შორის გროვდება, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაფიცვებში გადაიზარდოს.
_ ფიქრობთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია თავის თანამშრომლებს ტოტალურად უსმენს?
_ დიახ და სამართლებრივად ეს უკანონო ქმედებაა, კომპანიამ უხეშად დაარღვია როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე ადამიანის ყველანაირი უფლებები.
_ კომპანია აშკარად უკანონოდ იქცევა.
_ ეს კანონგარეშე მოსმენაა, რაც აუცილებლად დაისჯებოდა ნორმალურ ქვეყანაში. გაფიცვა გარდაუვალია, ჩვენ ნელ-ნელა ვაკეთებთ ამის ორგანიზებას. რაც გაფიცვაზე დავიწყეთ საუბარი, კომპანია ცდილობს, მძღოლები მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ ჰყავდეს. სხვათა შორის, მაკონტროლებელთა შორის ბევრი ყოფილი პოლიციელია. ამით იმის თქმა მინდა, რომ მათ კარგად იციან, როგორ განახორციელონ კონტროლი და ზემოქმედება.
_ ისე, შინებიათ მძღოლების.
_ როგორ არ შეეშინდებათ, როცა არაადამიანურად ეპყრობიან. სასაცილოა ის ფაქტი, რასაც შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ: „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ზრუნავს მგზავრთა კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე, კომპანია მოახდენს სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას მგზავრთა გადაყვანის ნორმების დამრღვევი მძღოლის მიმართ. მძღოლს მიეცემა გაფრთხილება, ფაქტის ხელმეორედ განმეორების შემთხვევაში დაეკისრება ადმინისტრაციული სანქცია, კერძოდ ხაზიდან მოხსნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო დარღვევის მესამედ დაფიქსირებისას მძღოლს „თბილისის მიკროავტობუსის“ კომპანიასთან შეუწყდება ხელშეკრულება“. ეს უკანასკნელი წინადადება შეიცავს საკამათო და სამართლებრივად გაუმართავ ნორმებს, რადგან აღნიშნული ნორმის თანახმად, კომპანიას ხელშეკრულება დადებული უნდა ჰქონდეს აპრიორი მძღოლთან, მძღოლს არ უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი ვალდებულება, ვიდრე მას ეკუთვნის, ხოლო ვალდებულებების ნაწილში რისი შესრულებაც ეკუთვნის, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას თავისუფლად ექნება მძღოლთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება საქართველს შრომის კოდექსის საფუძველზე. არადა, ეს ყველაფერი პრაქტიკაში რეალიზებული არ არის: კომპანიას მძღოლებთან გაფორმებული აქვს კაბალური იჯარის ხელშეკრულება, რითიც აკისრებენ უამრავ ვალდებულებას, ართმევენ თავისუფლად მოქმედების საშუალებას და ახდევინებენ ყოველდღიურ გაზრდილ გეგმას. ამ ყველაფრის პარალელურად არ ითვალისწინებენ მათ უფლებებს და კომპანია მათი მუშაობის ხარჯზე იზრდის მოგებას. წესით, მოიჯარეს სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე, უნდა გადაახდევინონ იჯარით აღებული ერთი წლის თანხა და ყოველწლიურად უნდა განუახლონ ხელშეკრულება, ანუ კანონმდებლობის მიხედვით ყოველდღიური გეგმა არ უნდა იხადონ, არამედ მხოლოდ საგადასახადო გადასახადი და ერთწლიანი საიჯარო თანხა. ამ შემთხვევაში კი აშკარად არღვევენ სამოქალაქო კანონმდებლობას, _ იჯარის გადასახადის გარდა მძღოლი იხდის საგადასახადო მოსაკრებელს, იჯარის, მანქანის ცვეთისა და მანქანის ქირის თანხას ყოველდღიურად, მიუხედავად იმისა, მანქანა ხაზზე გასულია თუ არა. კომპანია ამ გზით იღებს უკანონო მოგებას და შემოსავალს, რაც არის ფინანსური საქმიანობის დარღვევა.
_ მთავარი მიზანი ფულის ამოქაჩვაა?
_ რა თქმა უნდა. ჩვენი ანალიზის მიხედვით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ტექნიკურად აკონტროლებს მიკროავტობუსების მონოპოლიასა და ბიზნესს. ამ საქმიანობაში უგულებელყოფილია როგორც მგზავრის, ასევე მძღოლის უფლებები. კომპანიის ერთადერთ „წმინდა საქმეს“ წარმოადგენს კაბალურ პირობებში ჩავარდნილი ხალხისგან ფულის ამოქაჩვა, რასაც წარმატებით ახორციელებს, ხოლო არსებული ბაკქანალიის გამოსწორებაზე კაციშვილი არ ზრუნავს. სხვა ქვეყანაში ასეთი მოსასმენი აპარატის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ პირად მფლობელობაში არსებულ ავტომობილში აღმოჩენის ფაქტს სერიოზული სკანდალი მოჰყვებოდა და ბევრი პასუხისმგებელი თავიც გაგორდებოდა, მაგრამ არა საქართველოში, სადაც ნებისმიერი საეჭვო წარმომავლობის კომპანიის ინტერესები გაცილებით მეტად ფასობს, ვიდრე საზოგადოების რიგითი წევრის უფლებები.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის დაუკავშირდა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
ნათია მიქიაშვილი:
„კონტრაქტში არანაირი კაბალური პირობები არ არსებობს და მერწმუნეთ, მძღოლები არ არიან უკმაყოფილონი. კონკრეტული პოლიტიკური ძალები, ან ამ ძალების მიერ მართული პირები დისონანსის შეტანას ცდილობენ და, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკვალიფიციურ განცხადებებს აკეთებენ.
_ საუბარია მოსასმენი აპარატის აღმოჩენაზე.
_ ეს სიცრუეა. მე არ მჯერა, რომ ეს აპარატი დამონტაჟებული იყო სამარშრუტო მიკროავტობუსში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლი ჩვენც გვეტყოდა. მძღოლებმა იციან, რომ ჩვენ არ ვართ გასამხედროებული სამსახური და სასაცილოა ასეთი განცხადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ასეთი რამ რომ მომხდარიყო, მძღოლი, უბრალოდ, მოვიდოდა კომპანიაში და მონიტორინგის სამსახურში იკითხავდა, რა ხდება. თუ სხვა ძალები ცდილობენ მოსმენას, ეს არ მგონია. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში რატომ უნდა დაიმალოს ან მძღოლის ვინაობა, ან ის, რომ რატომ არ არკვევს ამას კომპანიასთან, ეს გაუგებარია.
_ ნათია, პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, მძღოლი რის გარკვევას დაიწყებს კომპანიასთან, ხომ უმუშევარი დარჩა ასეთ შემთხვევაში?
_ პირობას გაძლევთ პირადად თქვენ ჩემი და ასევე კომპანიის სახელით, რომ თუ ეს მძღოლი იტყვის ვინაობას, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
_ მაპატიეთ, მაგრამ ამ სიტყვებზე მეღიმება.
_ თქვენ შეიძლება გეცინებოდეთ, მაგრამ დამერწმუნეთ, არავინ არ დაუწყებს დევნას მძღოლს. კომპანიის ხელმძღვანელის სახელით კიდევ ერთხელ მოგცემთ ამ გარანტიას. თქვენი მხრივ შეეცადეთ, რომ ინფორმაცია ობიექტური იყოს.
_ მაგიტომაც დაგირეკეთ, რომ ობიექტურად გამოვიკვლიოთ საქმე.
_ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ თუ ადამიანმა ასეთი რამ იპოვა, ვალდებულიც კია, რომ აუცილებლად მოვიდეს კომპანიაში. იქნებ, რა ძალები ცდილობენ მძღოლის მოსმენას?
_ ლოგიკურად თუ ვიფიქრებთ, მძღოლის მოსმენა ვის უნდა აინტერესებდეს, გარდა თვითონ კომპანიისა?
_ მით უმეტეს, კომპანიას არ აინტერესებს. ეს არ არის სახელმწიფო კომპანია, ეს არის კერძო კომპანია, რომელსაც, მერწმუნეთ, არანაირი ქვენა გრძნობები მძღოლების მიმართ არ ამოძრავებს.
_ იქნებ, ქვენა გრძნობები არ ამოძრავებთ და არც გულში წყევლიან მძღოლებს, მაგრამ აქ საუბარია კაბალურ პირობებზე, როგორშიც მძღოლები იმყოფებიან კომპანიის წყალობით.
_ სიცრუეა! კომპანია, პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ მძღოლებს სიტუაცია გაუუმჯობესოს. მაგალითად, კომპანია არ იყო ვალდებული, მაგრამ 200-ათასლარიანი ხარჯი გაწია და მძღოლებს შეუკეთა კონდიციონერების სისტემა, რომ მძღოლს არ დასწოლოდა ხარჯი, ამის გამო შეღავათიანი ლიმიტი დაუწესა. ასეა ყველა სხვა ნაწილშიც და ამ ყველაფრის გამო მძღოლი ვერ იქნება უკმაყოფილო. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდი არ არის. მე ფარეხებშიც დავდივარ, მძღოლებს ვხვდები, ვსწავლობ და ვეცნობი მათ მოთხოვნებს, ამიტომ მგონია, რომ ხელოვნურად არის შექმნილი საუბარი მათ პრობლემებზე.
_ გჯერათ, რომ როცა მძღოლებს ესაუბრებით, ისინი გულწრფელები არიან თქვენთან?
_ ჩემთან რატომ არ უნდა ისაუბრონ გულახდილად?
_ მაინც კომპანიის წარმომადგენელი ხართ.
_ მერა რა, რომ კომპანიის წარმომადგენელი ვარ? პროფკავშირები არსებობს და ჩვენ თუ არ გვეუბნებიან თავიანთ პრობლემებზე, მაშინ შეუძლიათ, პროფკავშირებს უთხრან, რომელიც, მერწმუნეთ, არ ზოგავს კომპანიას. ამიტომ გეუნებით, რომ ასეთი ბრალდებები ხელოვნურადაა შეთითხნილი, როდესაც მძღოლები უკმაყოფილონი არიან, ისინი ამას არ გვიმალავენ. ეს არ არის ის კომპანია, რომელთანაც მძღოლს ლაპარაკი ერიდება.
დავით დევიძე