ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, საქართველოს შრომის უნარიანი მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი უცხოეთშია სამუშაოდ გახიზნული. ვინც მუდმივად შორს წასვლას ვერ ახერხებს, თურქეთში გადადის სეზონურად, ასე არც ოჯახს წყდებიან და სარჩოსაც იმარაგებენ.
30 ივნისს თემურ აბაშიძე, რომელიც სოციალურად დაუცველია და „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, ოჯახთან და ორ შვილთან ერთად თურქეთში გადადიოდა ჩაის საკრეფად.
საბაჟო კონტროლის გავლისას მის ერთ შვილს მებაჟემ უარი უთხრა გადასვლაზე და უკან მიაბრუნა. მამამ მებაჟეს მიზეზი ჰკითხა. მებაჟემ როცა გაიგო, მამა იყო, უშვერი სიტყვებით დაუწყო ლანძღვა და გინება. აბაშიძემ მოუწოდა მებაჟეს, წესიერად ელაპარაკა, მაგრამ უფრო უშვერი სიტყვებით მიმართა. მაშინ არც თემურ აბაშიძემ დაიხია უკან და შეაგინა. მებაჟემ იარაღი ამოიღო, მოიქნია და კაბინის მინები ჩაამსხვრია. გაიმართა ხელჩართული ჩხუბი, საქმეში თურქები ჩაერივნენ, არა მარტო მებაჟეები და ჟანდარმერია, არამედ რიგითი მოქალაქეები. რკინის ხელჯოხებით დაერივნენ ქართველებს და მთელი ოჯახი სცემეს, მათ შორის, ქალიც.
„ქრონიკა+“ დაზარალებულ თემურ აბაშიძეს ესაუბრება:
_ ბატონო თემურ, სად ხდებოდა ეს ყველაფერი?
_ ნეიტრალურ ტერიტორიაზე.
_ ჩვენი სამართალდამცველები ან მებაჟეები არ იყვნენ ახლო-მახლო?
_ როგორ არა. საპატრულო პოლიცია შორიდან გვიყურებდა და თითიც არ გაუნძრევია ჩვენ დასაცავად. მერე გვითხრეს, გადმოსვლის უფლება არ გვქონდაო. როცა დამთავრდა ყველაფერი, გონიოს განყოფილებაში დაგვკითხეს და გამოგვიშვეს. მეტი არაფერი.
მაშინვე დავუკავშირდი პირველი არხისა და აჭარის ტელევიზიის კორესპონდენტებს, მაგრამ არც ერთი არ დაინტერესებულა ფაქტით.
თურქებმა მთელი ოთხი საათით ჩაკეტეს საბაჟო და ჩვენს გადაცემას ითხოვდნენ, ხოლო ჩვენებს გახსნილი ჰქონდათ და თურქებს ღიმილითა და „შენი ჭირიმე, მობრძანდით“ იღებდნენ.
ასეთი არასოლიდარობა შეიძლება?!
ამ ფაქტით არ დაინტერესებულა არავინ, არც შსს, არც საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამას ხედავს თურქეთი და ამიტომაც ექცევიან ჩვენს მოქალაქეებს ასე დამამცირებლად და თავხედურად.
ერთადერთი, ვინც ეგ ამბავი მოიკითხა, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იყო. მივმართეთ თურქეთის კონსულს ბათუმში. მან, რა თქმა უნდა, თავისი ქვეყნის ინტერესები დაიცვა და ამ კონფლიქტის დრამატიზება არ გვირჩია. ამ ფაქტის გამო საკონსულოს კვერცხებიც დაუშინეს. მოვითხოვე ვიდეოკადრები და მხოლოდ ის ნაწილი გვიჩვენეს, სადაც ჩვენი ჩხუბი ჩანს. კონსულმა შემომთავაზა, რომ გადავსულიყავი თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ართვინის გუბერნატორი შემხვდებოდა. არ ინდობა მაგათზე, ამიტომ უფლებადამცველთან ერთად ვითხოვე გადასვლა, რაზეც უარი მივიღე.
_ მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება?
_ ძალიან ხშირად. მებაჟეები აგდებულად და დამამცირებლად ექცევიან საქართველოს მოქალაქეებს. ამ ინცინდენტამდე რამდენიმე დღით ადრე მებაჟემ თმებით ათრია ახალგაზრდა, სიმპათიური ქალბატონი მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ვერ მიხვდა, მებაჟე თურქულად რას ეუბნებოდა. საერთოდ, მსგავსი ფაქტები ძალზე ხშირად ხდება, ჩვენი სახელმწიფო კი დუმს.
ამას წინათ, საზღვარზე გადამსვლელ ცოლ-ქმარსაც ცუდად მოექცნენ, მაგრამ როცა გაიგეს, რომ რუსები იყვნენ, სულ ბოდიშებით გადააცილეს. იციან, რუსეთი არავის აპატიებს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფასა და მათი უფლებების ხელყოფას.
ჩვენ კი არათუ უცხოეთში, საკუთარ ქვეყანაშიც არ ვართ დაცულები საკუთარი ხელისუფლებისგან. აქაც უცხოელია ყველაფრის ბატონ-პატრონი.
_ რას აპირებთ?
_ რახან სახელმწიფო უარს ამბობს საკუთარი მოქალაქის დაცვაზე და ერთი საყვედურიც კი არ უთქვამთ არავისთვის, იძულებული ვარ, საკუთარი თავი და ოჯახის ღირსება თავადვე დავიცვა. მოვითხოვ, დადასტურდეს ჩემი სიმართლე და პასუხი მოეთხოვოს ჩემი ოჯახის შეურაცხმყოფელს.
შეიძლება, ბევრი არაფერი გამომივიდეს, მაგრამ ამის შემდეგ, იქნებ, სხვებმაც ამოიღონ ხმა და გამოფხიზლდეს საკუთარ კეთილდღეობაში მონებივრე ხელისუფლება.
თამაზ ბაკურიძე, უფლებადამცველი:
_ ჩვენ მივესალმებით თურქეთთან კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობას, მაგრამ ეს ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს. როგორც ჩვენები ეპყრობიან თურქეთის მოქალაქეებს, ასევე უნდა მოვითხოვოთ მათგან ჩვენი მოქალაქეების პატივისცემა.
ქართველებს ყოველდღე ამცირებენ და შეურაცხყოფენ. ჩვენებს აგდებულად უყურებენ, განსაკუთრებით კი ქალბატონებს ექცევიან დამამცირებლად! მაგრამ არ ხმაურდება ეს ფაქტები.
თემურ აბაშიძის შემთხვევაში კი მთელი ოჯახი გაილახა. საინტერესოა, რომ თურქები ოჯახს ნეიტრალურ ზონაშიც გადმოყვნენ, ჩვენი პოლიციელები კი ამას უყურებდნენ და არც ნეიტრალურ ზონაში მიხმარებიან თავისსავე მოძმეს.
სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო ბევრს არაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, ქვეყნის შიგნითაც კი, არათუ უცხოეთში.
მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა უხდებოდეთ უცხოეთში მონურ პირობებში ლუკმა-პურის საშოვნელად წასვლა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენს მოქალაქეებს აუტანელ და დამამცირებელ პირობებში უხდებათ საკუთარ ქვეყანაშიც უცხოელების ობიექტებზე მუშაობა. სახელმწიფო კი კანონმდებლობის დონეზც ვერ ახერხებს ამ პრობლემის რეგულირებას. საამისოდ ვერ მოიცალეს…
ედირნეს სადეპორტო ციხეში იმყოფება 9 ქართველი. ციხეში სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, მაგრამ იქ განსაკუთრებული სისატიკით ეპყრობიან ჩვენებს.
ჩემი ციხის მეგობარმა დამირეკა, მასთან კი იქ მყოფთაგან ერთ-ერთს მოუხერხებია დარეკვა. შევატყობინეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საკონსულოს, მაგრამ ერთ კვირაზე მეტია გასული და პასუხი ჯერ არ ჩანს. ის კი არა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აჭარის ტელევიზიას არც კი მისცა კომენტარი ამის თაობაზე.
ჩვენთან საპატრულო პოლიციამ რომ გააჩეროს თურქი მძღოლი და თურქმა საკონსულოს მიმართოს, თურქეთის სახელმწიფო ორ საათში პასუხს მოითხოვს.
დიახ, ყველა სახელმწიფო ასე უნდა უფრთხილდებოდეს თავის მოქალაქეს. ჩვენთან კი რა ხდება?
წარმოიდგინეთ, ქართველ მებაჟეებს თურქი ოჯახი რომ ეცემათ, რა სკანდალი ატყდებოდა.
კარგია თურქული ინვესტიციები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ აქ ყველაფრის უფლება უნდა მივცეთ. საერთოდ, ხელისუფლებამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ამ მიმართულებით.
მე აბაშიძის პრესმდივანი ვიყავი. განა, მაშინ არ იყო თურქული ინტერესები აჭარაში? ძალიან დიდი და უფრო მაცდუნებელი, ვიდრე ახლაა, მაგრამ აბაშიძეს ერთი გოჯი მიწა არ მიუცია გადამთიელისთვის. ეს მიწები კი დღეს არც ერთი აღარაა ქართველის. ყველა სტრატეგიული ობიექტი ან გასხვისდა, ან გაჩანაგდა. აეროპორტი, საზღვაო პორტი უცხოელებისაა. და რა სარგებელს იღებს ამით ქართული ეკონომიკა? მისი მოქალაქეები კვლავაც უცხოეთში დაეხეტებიან ლუკმა-პურისათვის.
ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ეკონომიკური და პოლიტიკური ინვესტიციების გაცხრილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები სავალალო იქნება.
არც ერთი ინვესტიცია არ ღირს ჩვენი მოქალაქეების ღირსებების შელახვის ფასად.
თურქული ინვესტიციები ცალკე თემაა და ამას „ქრონიკა+“ აუცილებლად დაუბრუნდება, მაგრამ ერთს კი ვიტყვით: არა გვგონია, ეს ინვესტიციები მხოლოდ ეკონომიკური იყოს. თურქეთს აჭარაში პოლიტიკური ინტერესები აქვს და ამისთვის ეკონომიკურად იმზადებს ნიადაგს.
არათანაბარია აქ დასაქმებული ქართველისა და თურქის ანაზღაურებაც. უცხოელის თითქმის ორჯერ მეტია. ინვესტორს ხშირად თავისი კადრები მოჰყავს ჩვენთან.
ასე მოხდა შუახევში, სადაც ჰესების მშენებლობაზე იმდენი თურქი ჩამოვიდა, რომ მეჩეთის აშენება მოითხოვეს. ეს ამბავი არ გახმაურებულა, მაგრამ მოთხოვნის პრეცედენტი ხომ შეიქმნა?
თუ ასე გაგრძელდა და თუ სახელმწიფომ რეალურად ვერ გააცნობიერა ამ ინვესტიციების პოლიტიკური ქვედინებები და არ შეაჩერა სააკაშვილის მიერ დაწყებული თურქეთისათვის აჭარის გადაბარების პროცესი, მალე ვიხილავთ თურქეთის დროშას ჩოლოქზე.
სააკაშვილის დროს უცხოელთათვის მიცემული კარტბლანში კი, _ საქართველოში თქვენთვის ყველაფერი მოსულაო, _ არც ახალ ხელისუფლებას შეუცვლია. ქართველი კაცი კი კვალავაც დაუცველია.