QronikaPlus
XXI საუკუნის თბილისი _ ლტოლვილთა ცხოვრება სანთლის შუქზე

XXI საუკუნის თბილისი _ ლტოლვილთა ცხოვრება სანთლის შუქზე

2015-07-12 07:50:25

თბილისში, სანზონაში, გუდამაყრის ქუჩაზე ყოფილი კარდიოლოგიურის შენობა დგას, რომელიც მწვანე საფარშია ჩაფლული და მთლად ადვილად მისაგნებიც არაა. უკვე ოთხი წელია, აქ, დაახლოებით, 112 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა  ყოველდღიურობა იმის შიშს მოიცავს, რომ მთავრობა მათ, უბრალოდ, ქუჩაში გაყრის. რთულია იცხოვრო ელექტროენერგიისა და კანალიზაციის გარეშე, იცოდე, რომ მუდმივი საფრთხე გემუქრება დაავადების, დაჩაგვრისა და გასახლების, თანაც მაშინ, როდესაც იძულებით გადააადგილებული ან სოციალურად დაუცველი ხარ, მაგრამ დახმარებას არ იღებ. 2010 წლის 24 აპრილს სახელმწიფომ მიიღო დადგენილება ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ, რომელშიც 2013 წლის 17 მაისს ცვლილების სახით შევიდა წინანადება: სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის განაცხადი არ მიიღება, თუ მაძიებელი კანონიერად არ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში. ეს ცვლილება კი გამყარებულია არგუმენტით, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო ობიექტებში უსახლკარო პირთა შეჭრის შემთხვევები გახშირდა. სწორედ ამ დადგენილების გამო სოციალური აგენტები არ დაიშვებიან შენობაში, სადაც არ არსებობს საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემები, არ აქვთ ელექტროენერგია და შენობის გარშემო ნაგავსაყრელია, სადაც ფეკალიებისა და ყოველგვარი ნარჩენების თავმოყრა ხდება. როგორც შენობაში მცხოვრებლები ამბობენ, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საშუალებას მათ არ აძლევდნენ. უფლებას არ გასცემდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ხელს უშლიდნენ ის ადამიანები, რომლებიც (მოსახლეობის თქმით) გოგიჩაიშვილის (ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი) კერძო `მგლების~ დაცვას წარმოადგენდნენ. აღნიშნული ყოფილი კარდეოლოგიურის შენობა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბალანსზეა. „ქრონიკა+“ ესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორს, შოთა გოგიჩაიშვილს: „ეს ადამიანები უკანონოდ შეიჭრნენ აღნიშნულ შენობაში. სოციალურად დაუცველებს და ლტოლვილებს არავინ უპირებდა ქუჩაში გაყრას, მათ შესთავაზეს ალტერნატიული ფართი, სახელმწიფო სამი თვის მანძილზე, ჯამში, 600 ლარს სთავაზობდა. აღნიშნული კუთხით, ჯანდაცვის სამინისტრომ უზარმაზარი სამუშაო გაატარა“. შოთა გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა დეპარტამენტში გადაგვამისამართა, რომელთან დაკავშირებაც, მრავალჯერადი ცდის მიუხედავად, ვერ მოხერხდა. მოსახლეობას არ აქვს ელექტროენერგია და ისინი საუბრობენ ამ შენობაში დარჩენილ დავალიანებაზე, რომელსაც სწორედ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს მიაწერენ. დავალიანება 22 000 ლარს შეადგენდა, სანამ მოსახლეობა შენობაში შევიდოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც „მგლების“ დაცვა იყო მობილიზებული, თანხაც გაიზარდა. მცხოვრებთა თქმით, ისინი მზად არიან, გადაიხადონ თანხა, რომელიც უკანონოდ შემოყვანილ ელექტროენერგიაზე „დაიწერა“, თუმცა უარს აცხადებენ აღნიშნული 22 000-სა და „მგლების“ დაცვის მიერ დატოვებული დავალიანების გადახდაზე. საუბარში ისინი აღიარებენ, რომ არასწორად, არაკანონიერად მოიქცნენ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, _ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ და ბინის ქირას ვერ იხდიდნენ. შემდეგ კი მოვიდნენ შენობაში, რომელიც, მათივე თქმით, შვიდი წლის მანძილზე მიტოვებული იყო: „ჩვენ მთავრობამ შემოგვთავაზა ამ შენობიდან გასვლის სანაცვლოდ, ყოველთვე, 3 თვის განმავლობაში, 200 ლარი, შემდეგ კი ფართს გამოგიყოფთო. ზოგი შეცდა, წავიდა, მაგრამ 3 თვის შემდეგ უკან დაბრუნდა, უყურადღებოდ არიან დღემდე. კიდევ კარგი, ჩვენ არ მოვტყუვდით!“ ესმა მოსიაშვილი: „მე არ მყავს მთავრობა, სახელმწიფო, დამცველი, გული მაქვს აცრუებული, აღარ ვიცი, ვის მივაკითხო, აღარავისი მჯერა, არავის იმედი აღარ მაქვს. სამი შვილის დედა ვარ და დიდი გაჭირვება გამოვიარე, 21-ე საუკუნეში სანთლის შუქზე ვზრდი შვილს და შვილიშვილს, არავისი აღარ მჯერა და თუ ვინმე შეგვიცოდებს, ალბათ, ისიც ისეთი ადამიანი, რომელსაც გაჭირვება უნახავს, ვისაც ლუკმა სიმწრით უშოვია და შვილები იმით გაუზრდია... ...ვის მივეცით ხმა? _ ისევ იმათ სკამებს, ოჯახებს. ჩვენთვის არ არსებობს მთავრობა, ერთი და იგივეა ყოველთვის, ერთადერთი ნაგავი გადააადგილეს არჩევნების პერიოდში. პატრონი არ გვყავს, უცხო ქვეყნიდან მოსულებს აქცევენ ყურადღებას და ჩვენ, ქართველ ხალხს, ხოცავენ, ჩვენს პატარებს სიცოცხლე არ უნდათ?!“ წყლის პრობლემა საკუთარი სახსრებითა და გამგეობის დახმარებით მოაგვარეს: „წერილი მივწერეთ მერს, ნარმანიას, იმან ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაავალა და სასმელი წყალი მათი დახმარებით გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს ელექტროენერგია და ბავშვებს სანთლის შუქზე უწევთ მეცადინეობა. თელასის წარმომადგენელმა გვითხრა, თუ მრიცხველებს დაგიდგამთ, ე. ი. გაჩუქეთო და, რა თქმა უნდა, არ გვიდგამენ“. თინიკო აბულაშვილი „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, რომ მათ გაუგზავნეს წერილი როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკის სამინისტროს, საიდანაც უპასუხეს, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ საკითხის განხილვა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კი წერს, რომ საჭიროა მერიისგან მომართვა, რომ მათ გადაეცეთ აღნიშნული შენობა. ამიტომ, მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს, რომ მერია გულგრილად არ მოეკიდოს ამ საკითხს, მომართვის საფუძველზე გამოითხოვოს შენობა და გადასცეს იგი ნაძალადევის რაიონის გამგეობას, რათა შემდეგ მათ მოახერონ საკუთრების დაკანონება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხოდ ცხოვრება. ასევე მოითხოვენ, რომ  შენობაში დაუშვან სოციალური აგენტები და სოციალური დახმარება აღუდგინონ. იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის დაბინავების საკითხი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პასუხისმგებლობაა. „ქრონიკა+“ სამი დღის მანძილზე ცდილობდა დაკავშირებოდა დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს კომენტარისთვის, თუმცა იგი კონტაქტზე არ გამოვიდა. საბოლოოდ, თუ სახელმწიფომ არაფერი იღონა ამ ადამიანების დასახმარებლად, საფიქრებელია, რომ მათთვის პრიორიტეტი არა მოსახლეობის დახმარება ან დაცვა, არამედ ქუჩაში გაყრაა, არგუმენტი კი სავსებით კანონიერი და თითქოს ყველასთვის გასაგები _ შენობაში უკანონოდ შეჭრა.  

                                                                                                      ნინო ტაბაღუა

   

გაზიარება