ივნისის შუა რიცხვებში დედაქალაქში დატრიალებულმა ტრაგედიამ მრავალი ადამიანის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. ამასთან, პოსტსტიქიურ პერიოდში ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ფსიქოლოგიური სტრესები, ზიანი მიიღეს დაზარალებულებმა. ამ ეტაპზე მთავარია მატერიალურ პრობლემებთან გამკლავება, რათა ადამიანებმა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელება შეძლონ.
რა ფსიქოლოგიური სტრესები მიიღეს სტიქიის შედეგად დაზარალებულებმა და როგორ უნდა დაეხმაროს მათ სახელმწიფო, საერთოდ, საზოგადოება?
„ქრონიკა+“ ესაუბრება მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ფსიქოლოგ ნონა ხიდეშელს:
_ ჩვენ, ჯერ კიდევ, არ ვიცით, რა მოხდა 13-14 ივნისს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. სტიქიის შედეგად დაზარალებულებს შევხვდი და მივიჩნევ, რომ ადამიანები სტრესული მდგომარეობიდან არ გამოსულან, პოსტსტიქიური პერიოდი ჯერ არ დამდგარა. რაც ვნახე, უფრო ყოფით პრობლემებში არიან, სჭირდებათ ფული, ბინებს ეძებენ და ა. შ. როდესაც მათ ვესაუბრები, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა დატრიალდა, რა კვალი დატოვა ამ ყველაფერმა, თანმდევი დრამები და სხვ. რამდენიმე თვე უნდა გავიდეს, რომ გავიგოთ, რა მოხდა ჩვენს თავს ფსიქოლოგიურ ჭრილში.
ფაქტია, რომ ამ ღამემ ვიღაცების ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ეს დროთა განმავლობაში ადამიანებზე აისახება.
_ რატომ შევხვდით სტიქიას ასე მოუმზადებლები?
_ ჩემთვის საინტერესო იყო საარქივო ცნობები, რომ 1960 წელს მდინარე ვერე წამოსულა და მთელი ზოოპარკი დაუტბორავს. სწორედ აქედან მინდა დავიწყო: საერთოდ, ვინ ვართ, რა ხალხი ვართ და რა შეგნებით ვეკიდებით ჩვენს ყოველდღიურობას?!! როდესაც ერთხელ ამის პრეცედენტი იყო, როგორ დაუშვეს იმ ადამიანებმა, რომ იქ კვლავ განაგრძო ფუნქციონირება ზოოპარკმა? ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი არაცნობიერად ცხოვრობს და სულ რაღაც განგების იმედზეა? კომუნისტები მორწმუნე ხალხი არ იყო და ღმერთი გვიშველისო, ასე არ ფიქრობდნენ... მაგრამ ეს წაყრუების ფენომენი ძალიან საინტერესოა ჩვენს არსებობაში. ადამიანი საჭესთან ხშირად ნასვამი ჯდება და დიდი სისწაფით მიდის. პრაგმატულმა გონებამ იცის, რომ ეს სახიფათოა, მაგრამ მაინც აკეთებს, მუდმივად ერთი ფიქრით, იქნებ, მე არაფერი დამემართოსო. მგონი, ათვლის წერტილი აქედან უნდა დავიწყოთ, თუ როგორ ვცხოვრობთ.
ზოგადად, ეს ადამიანის სენია, კაცობრიობის დაავადებაა. იუნგი სულ იმეორებდა: `ჩვენ გვავიწყდება, რომ არა მხოლოდ თავი და ცნობიერება, მთელი სხეული ვართ. ხოლო მისი შესაძლებლობები და შეზღუდულობა, განპირობებულობა გვავიწყდება~. ვესაუბრე ხალხს, რომლებსაც კვლავ იმ ხეობაში ცხოვრება უნდათ. მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ვაკეში იცხოვრონ. ამ ღამემ ყველა გონიერი ადამიანი უნდა დააფიქროს. დავიწყოთ ეგზისტენციალური პრობლემით, _ საერთოდ, რა არის ცხოვრება? ამას წინათ ლექციაზეც ვთქვი, _ ორმა გოგონამ რუსთაველზე ტაქსი გააჩერა და საბურთალოზე სახლში მიდიოდა. ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდი, რომ ქალაქის ცენტრში, შენს დედაქალაქში, ადიდებულ-მოვარდნილი მდინარე წაგიღებდა. ამან გვაჩვენა, თუ როგორ ვცხოვრობდით მთელი ამ წლების განმავლობაში; მთელი ეს არარსებული გათვლები მშენებლობაზე, ვითომ პროგრესი, ყველანაირი პროფესიონალიზმის უგულებელყოფა და ა. შ. ბოლოს და ბოლოს, პროფესიები იმისთვის არსებობს, რომ ვიღაცას რაღაც შევეკითხოთ მაინც, რაც ჩვენში არ ხდება.
იტალიელი მეგობარი მყავს და ვკითხე, _ მოისმინე-მეთქი რა მოხდა საქართველოში? _ იცი რა, იტალიაში ასეთი რამ ყოველ წელს ხდება, წყალდიდობას ადამიანები ეწირებიან და ამას ერთადერთი მიზეზი აქვს, ადამიანი ბუნებას პატივს აღარ სცემსო; მას არ აინტერესებს, სად შეიძლება ცხოვრება და სად _ არა. ის, უბრალოდ, ცდილობს, თავისი სიამოვნებისთვის იცხოვროსო, _ მიპასუხა. მთელი ინდუსტრიულ-ტექნიკური ცხოვრება წინ წავიდა, ადამიანმა სასწაულები შექმნა ინტელექტუალური თვალსაზრისით და 21-ე საუკუნეში ჩვენ ასე ბავშვივით დაუცველები აღმოვჩნდით _ სტიქიით დაწყებული, მასზე რეაგირებით დამთავრებული.
_ რას ჰყვებოდნენ თქვენთან დაზარალებულები?
_ შთაბეჭდილება რჩება, რომ ჰიჩკოკის ფილმის სიუჟეტს გიყვებიან, ისე არარეალურად გამოიყურება ეს ყველაფერი. ამას დავუმატოთ თავიდან მაშველთა მოუმზადებლობა და დაბნეულობა, ინფორმაციის არქონა და ა. შ. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვერ ვართ მოწოდების სიმაღლეზე.
მესმის, რომ სტიქია ყველგან ხდება და ბუნების ძალას ბოლომდე წინ ვერაფერი აღუდგება, მაგრამ ასეთი მოუმზადებლობაც ყოვლად მიუღებელია. ერთ-ერთი დაზარალებული გოგონა მიყვებოდა: ვხედავდით, მოშორებით მაშველები იდგნენ, ვუყვიროდით, ისინი გვინათებდნენ და ბოლო იმედი მაშინ გადამეწურა, როდესაც მივხვდი, რომ ამ ვითარებაში მაშველიც კი ვერ ინძრეოდაო. ეს მაშველიც სუპერმენი ხომ არ არის, შესაბამისი პროფესიული მომზადება, აღჭურვილობა სჭირდება. ალბათ, ვერტმფრენის გამოყენებაც შეიძლებოდა, ათასი რამ იყო საჭირო. აქაც იგივე წრეზე ვტრიალებთ _ კაცმა არ იცის, ვინ რა პროფესიით მუშაობს! ესეც ჩვენი დუხჭირი ყოფის ბრალია, სამსახური არ იშოვება, საქმე გამოჩნდება და ისევ ნაცნობობა-ნეპოტიზმია ფესვგადგმული. ოღონდ ხელფასი იყოს და ადამიანი ნებისმიერ სამსახურში მიდის. ეს გააზრებული არ გვაქვს და ამ რეალობამ ტრაგიკული ფაქტის წინაშე დაგვაყენა.
რაც მოხდა, ვეღარ შევცვლით, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენ იმასაც ვერ გავთვლით, თუ რა შეიძლება მოხდეს სამომავლოდ. თითქოს ამ ტალღამ გადაიარა და ბევრისთვის ვითომც არაფერი მომხდარა. ერთ-ერთ დაზარალებულთან ფსიქოლოგიურ კონსულტაციაზე ვიყავი და მეუბნება, _ იცით, ყველაზე მეტად რა მაწუხებს? _ სადაც კი მივედი, ერთხელ მომაყოლებენ ამბავს და მერე ცხოვრება თითქოს თავისი რიტმით მიდის, თითქოს, არც რამე მომხდარაო. ბუნებრივია, ამ გოგონას ცხოვრებაში ერთმა ღამემ ყველაფერი ძირეულად შეცვალა და მისთვის რთულია იმის გაგება, რომ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. ადამიანი ისევ ანგარებაზე, ფულის შოვნაზე ფიქრობს. თუმცა იმავე ღამეს ვნახეთ სასოწარკვეთილი მოქალაქეები, ათეულობით წაღებული მანქანა და ა. შ. ერთი თვე არ არის გასული და ქალაქს თითქოს აღარაფერი ეტყობა, ყველაფერი ჩვეულ რიტმში დაბრუნდა. დარჩნენ ეს დაზარალებული ადამიანები მკაცრი რეალობის პირისპირ.
სახელმწიფოს ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ ამ გოგონასგან შევიტყვე: გვითხრეს, ბინები თვითონ მოძებნეთო. სტრესში მყოფი, სასოწარკვეთილი ადამიანები დარბოდნენ ბინების საძებნელად. მოკლედ, ერთ დიდ ქაოსში აღმოვჩნდით. იმ ღამესაც მოსახლეობამ ძალიან იმარჯვა. მათი მონაყოლიდან მესმის, რომ უპირველესად თვითონ არ დაიბნენ, თორემ მსხვერპლი გაცილებიტ მეტი იქნებოდა.
_ პირველ რიგში, რა ტიპის დახმარება სჭირდებათ მათ სახელმწიფოსგან?
_ მათ ჯერ არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ელემენტარული მატერიალური დამარება სჭირდებათ. ხალხი უსახლკაროდ დარჩა, არც ერთი ნივთი აღარ მოეპოვებათ. ზოგან გარემონტება შეიძლება, მაგრამ არ ვიცი, იმ ხეობაში რამდენად შესაძლებელია ცხოვრების გაგრძელება?! ეს საკითხი სერიოზულად გადასახედია. თბილისში მშენებლობა არანაირ ჩარჩოებში არ ზის, როგორ დაამახინჯეს და რას დაემსგავსა ქალაქის არქიტექტურა!.. ეს მოქალაქეების პრობლემაც არის: მაინც და მაინც ე. წ. პრესტიჟულ უბანში ცხოვრება გვინდა. ოღონდ ვაკეში ვიცხოვრო და სულერთია, კონკრეტულად რომელ ადგილზე ვიქნები. ეს ძალიან დასაფიქრებელი პრობლემაა. ხალხო, სად ვართ, 21-ე საუკუნეში? საერთოდ, ქართველები სად გავიჭედეთ? ჯერ ხომ ქალაქელი უნდა იყო, რადგან სოფლელობა ლამის სირცხვილია, აკომპლექსებენ, დასცინიან მოქალაქეებს.
მეორე: უპირველესად, ეს ხალხი ბინებით უნდა დააკმაყოფილონ. სწორედ აქ მეშინია, სახელმწიფო კი ჰპირდება, მაგრამ არაორდინარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ _ მოცემულ მომენტში ყველა რაღაცას გპირდება, ემოციურ-ეგზალტირებული სიტუაციაა და მერე ეს ყველაფერი დროში იწელება, ამ ადამიანებს საშველი არ ადგება. ერთ-ერთი ეს გოგონა სტუდენტია, ვეღარ სწავლობს, რადგან გონება გადართულია, ცხოვრება თავიდან უნდა დაიწყოს. ზოგი ისეთ ასაკშია, რთულია, ადგე და ყველაფერი ნულიდან დაიწყო. მათ თვალებში დავინახე, რომ ყველაზე მეტად მორალური ნუგეშიც სჭირდებათ. ფსიქოლოგიაში როგორც ხდება, უცებ გადაისროლეს მომხდარი არაცნობიერში, რადგან ტვინი იმაზეა მოტივირებული, გადარჩეს და ცხოვრება გააგრძელოს. მაგრამ როცა მდგომარეობა ჩაწყნარდება, კოშმარები ამოიყრება. დიდი შანსია, რომ ეს შიშები ძლიერი წვიმის დროს განმეორდეს. კამერების წინ პოზირება კი არა, რეალური იქნება უპირველესად მატერიალური თანადგომა და ამ ადამიანების მიმართ მორალური მხარდაჭერა.
_ დღეს რამდენად ადეკვატურია ეს რეაგირება?
_ მთავრობა რაღაცას ჯახირობს. აქ ხომ მუდმივად რაღაცების გადანაწილება მიმდინარეობს. ერთი წელი მაინც ეს არანორმალური პრემიები რომ გააჩერონ, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ფული დაიზოგება. მაგრამ არ ვიცი, რიგითი ქართველი ჩინოვნიკი რამდენად არის მზად, რომ რიგით მოქალაქეს დაეხმაროს?! ეს ერის პრობლემაა. უცნაური ქვეყანა გვაქვს, ბოლო 20-25 წელი სულ უბედურებები ტრიალებს და საშველი არ ჩანს. 90-იან წლებში ქვეყანა, პირდაპირი მნიშვნელობით, თავზე გვემხობოდა და ამ დროს ვიღაცები მილიონერები, მილიარდერები და ოლიგარქები გახდნენ. ეს ჩვენი რეალობაა, ჩვენი ადამიანური სახეა. ყველაფერს ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მოდი, სახლში წავიღო, რაც შეიძლება მეტი, ჩემთვის უსაფრთხო გარემო შევიქმნა, ავიშენო სახლი, ტკბილად ვიყო და რაღაც თუ გამემეტება, ამას მერე ვნახავთო.
სხვათა შორის, ამ ღამემ სამსართულიან სახლებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეც ვერ დაიცვა. საინტერესო იყო, რომ ასფალტი ხან მელიქიშვილზე ჩავარდა, ხან _ ჭავჭავაძეზე. საინტერესოა, რა პროცესები გამოიწვია დედაქალაქში ამ ყველაფერმა? სახელმწიფო, ალბათ, სწავლობს ამ საკითხს და პანიკის დათესა არ უნდა. ეს ნორმალურია. შედეგებით გამოჩნდება, თუ რას აკეთებენ, რამდენად შეისწვლიან ვერის ხეობას, საერთოდ, რის გაკეთება შეიძლება მანდ?!
_ სტიქიის დღეებში ახალგაზრდების რეაქციაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
_ სულ ვამბობ, რომ ჩვენი ერთადერთ ხსნა ახალი თაობაა. არა მარტო სამოქალაქო თანადგომასა და პასუხისმგებლობაში, მათ აზროვნებაშიც რაღაც დადებითისკენ არის შეცვლილი. ეს არის თაობაა, რომელსაც სტერეოტიპებით ცხოვრება აღარ შეუძლია. სრულიად განსხვავებული და თავისუფლებისმოყვარე თაობაა. სამი წელია, მათ ვაკვირდები და აღფრთოვანებული ვარ. იდეალისტი არ გახლავართ და ცხოვრებას საკმაოდ რეალურად ვუყურებ, უბრალოდ, დიდი ნატხომი დავინახე, რაც საქართველოში აზროვნებამ, ცნობიერებამ განიცადა. რუტინულად წამოსული თაობების ფონზე უცებ ახალი თაობა, რომელიც სრულიად სხვა სივრციდან ცდილობს რეალობასთან მიახლოებას.
_ თსუ-ს ლექტორმა გააკეთა განცხადება, რომ აღფრთოვანების დრო არ არის, რადგან ყოველი მომდევნო თაობის აკადემიური მოსწრება უარესდებაო...
_ რა ფორმითაც ეს ითქვა, სრული კატასტროფაა. სკოლებშიც სულ ამას ვაპროტესტებ: არ შეიძლება, ამ თაობასთან სრულიად სხვა ცნობიერების მატარებელმა იმუშაოს. მამარდაშვილი გენიალურად ამბობდა ხოლმე, რომ არსებობს აზროვნების სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. არ ვიცნობ ამ ქალბატონს და არ მინდა შევეხო, მაგრამ ის აზროვნების თვალსაზრისით თაობასთან სრულიად აცილებულია. აქ ორი აზრი არ არის. კითხვა დავსვათ, _ რა კრიტერიუმებით ვაფასებთ აზროვნების სიჩლუნგეს, რომ რაღაც ვერ ისწავლეს, არ წაიკითხეს და ვერ დაიზეპირეს? სულ ამას ვამბობ: ათი წიგნი წაიკითხო და არ იფიქრო, ამას სჯობს, ერთი წაიკითხო და შემდეგ რეფლექსია გქონდეს ამ ფონზე პრობლემები გვაქვს მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტში... გნებავთ, ავიღოთ ქართული ფილოსოფიური ნაშრომები, ფსიქოლოგიური ლიტერატურა, ნებისმიერი თვალსაზრისით ყველაფერი დამუხრუჭებულია. შინაგანმა თავისუფალმა დამოკიდებულებამ უნდა შვას და შექმნას დიდი, ფასეული და გრანდიოზული და არა იმან, რამდენი დიპლომი გაქვს, რამდენი ტექსტი დაიზეპირე, დისერტაცია დაწერე და სხვა. ეს უნდა იყოს მანიფესტი ადამიანის შიგნით არსებული შემოქმედებითი ენერგიის, რაც მხოლოდ თავისუფალ სულსა და ცნობიერებას შეუძლია. ეს ამ თაობას უდავოდ აქვს.
_ ბრძანეთ, რომ ჩვენი პრობლემების სათავე ყველა მიმართულებით დაბალი ცნობიერებაა, ამას რა ეშველება?
_ ჩვენ მაინც პოსტკომუნისტური თაობა ვართ. რაღაც გაურკვეველ იდეებსა და იდეალებზე აღზრდილი საზოგადოება ყოველთვის შეზღუდულია. ამისთვის თავის დაღწევას კოლოსალური შრომა სჭირდება: დაკვირვება, _ ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, რეალურად რა იყო შენი ისტორია, დღეს რას აკეთებ იდეალებისა და შელამაზების გარეშე. ჩვენ ხომ სადღეგრძელოს მდგომარეობაში მყოფი ერი ვართ. სამეცნიერო პრეზენტაციებზე შეფასებები სადღეგრძელოს ტონშია, ხელისუფლებაშიც ხალხის შეფასება სადღეგრძელოს ტონით ხდება, _ მაგარი კაცი, ჯიგარი, ოქროკაცი... როდესაც ფილოსოფია-ფსიქოლოგიას ვსწავლობდი, გაოგნებული ვხვდებოდი, რომ ერთმანეთისგან გადაწერილი წიგნებია. სხვა დარგებიშიც ანალოგიური მდგომარეობაა.
უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენი არაფერი გვქონდა, ყველაფერი მოკვდა. ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი რეალური შესაძლებლობები. ყველა ცხვირაწეული დადის, საქართველოში ხომ ყველას დიპლომი აქვს! ზოგს ორი და სამიც. მარაზმია ასეთი მიდგომა. განათლება არ არის დიპლომი, არამედ იმის გააზრებაა, რასაც კითხულობ; რეალურად ვინ ხარ, რა შესაძლებობების ადამიანი, საიდან მოდიხარ და საით უნდა წახვიდე. ჩვენი ინსტიტუტის ლექციები სწორედ ამას ემსახურება. არანაირი სისტემა, იდეოლოგია, თავსმოხვეული მორალი, დატოვე ადამიანი საკუთარ თავთან, გაერკვეს თავად, თუ ვინ არის... როგორც ამას უდიდესი აღმოსავლელი მოაზროვნეები აკეთებდნენ, დასავლეთში კი ფსიქოლოგიისა და ფსიქოანალიზის მამები.
ასევე მერაბ მამარდაშვილი პირველი მერცხალი იყო საქართველოში, გრანდიოზული მოვლენა, ვინც ასეთი მასშტაბის აზროვნება მოიტანა. შეიცანი საკუთარი თავი _ ეს ერთადერთი გამოსავალია.
_ ეს კითხვები ინტელექტუალურ სამყაროსთან ერთად ხელისუფლებამაც ხომ არ უნდა დასვას და, შეძლებისდაგვარად, ცხოვრებაში გაატაროს?
_ ცალსახად ასეა, მაგრამ სანამ სოციუმში ყველა დონეზე არ დაიწყება ასეთი ტრანსფორმაცია, რეფლექსიები და გააზრება, ხელისუფლებაში ვინ მოვა? _ ისევ ისეთი ჩვეულებრივი, განპირობებული გონების ადამიანები, მენტალურად სადღაც, წლების წინათ ჩარჩენილები. გარეგნულად ახალი სლენგები, ტერმინები შემოვიდა, ვიღაცამ კომუნისტური სიმბოლოები მოიშორა და მკერდზე სხვა მიიბნია, მაგრამ ეს ცვლის ვითარებას? 20 წელია, ერთი და იგივე სახეები და მარაზმი ტრიალებს. არავითარი სიახლე, მხოლოდ დასავლეთიდან შემოსული ზედაპირული ფრაზები. დიდი იმედი მაქვს, რომ ერთხელ გაღვიძებული ცნობიერება ვეღარ დაიძინებს. ამის შემდეგ შეიძლება მივიღოთ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები.
გელა მამულაშვილი