QronikaPlus
რუსული ორბიტა თუ ევროპის ფანჯარა?!

რუსული ორბიტა თუ ევროპის ფანჯარა?!

2015-07-12 07:32:34

რამდენიმე დღის წინათ ვაშინგტონ პოსტში დაიბეჭდა სტატია, რომლის მიხედვითაც საქართველო რუსეთის ორბიტაზე ბრუნდება. ამის დასამტკიცებლად ავტორს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს, მათ შორის, ასახელებს ქართული საზოგადოების იმედგაცრუებას დასავლეთის მიმართ. მაგალითად, სტატიის ავტორი ამ ერთი თვის წინათ გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების ანალიზისას ასკვნის, რომ როდესაც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმზე უარი უთხრეს, ქართული საზოგადოების  იმედგაცრუება ამანაც გამოიწვია. სტატიაში მოყვანილია ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას კომენტარიც იმის თაობაზე, რომ არც უკრაინა და არც საქართველო არ არიან ნატოს წევრობის გზაზე და, საერთოდაც, ამ, ეტაპზე, ნატოს გაფართოების შესახებ გეგმა არ არსებობს. აი, ამ ფაქტორების გამო აღნიშნავს სტატიის ავტორი, რომ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში პრორუსი პოლიტიკოსების მხარდაჭერა და პრორუსული განწყობა იზრდება. მით უმეტეს, რუსები მუშაობენ, რათა მსოფლიოს ამ ნაწილზე დომინირება შეინარჩუნონ. თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტი ქართველი ფიქრობს, რომ დასავლეთისგან მათ ხელშესახები ვერაფერი მიიღეს. ეს პუტინისა და რუსეთის მიმართ მეტი სიყვარული კი არ არის, უბრალოდ, იმის გაანალიზებაა, რომ ჩვენ რუსეთის წინაშე პირისპირ დავრჩით და ჩვენი საკითხი ჩვენვე უნდა მოვაგვაროთო, _ დაახლოებით ასეთი პათოსით არის გაჟღენთილი ამერიკული გამოცემის სტატია. ცხადია, ისმის კითხვა: მართლა ისეა საქმე, რომ ქართული საზოგადოება ზურგს აქცევს დასავლეთს და რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებელ გზებს ეძებს? „ქრონიკა+“ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას წინააღმდეგობის მოძრაობა „იბერიის“ მეთაურთან, ვაჟა წიკლაურთან ერთად შეეცადა: _ აშკარად შეკვეთილი სტატიაა. შემკვეთის ვინაობა შეიძლება არც ისე ძნელი ამოსაცნობი იყოს. ეს პოლიტიკური ინტრიგებია. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც ასეთი ტიპის სტატიების გავრცელება აწყობს, „ნაციონალური მოძრაობაა“. არ გამოვრიცხავ, რომ „ვაშინგტონ პოსტს“ ხსენებული სტატია სწორედ „ნაციონალებმა“ დაუკვეთეს. თავისი მიზანი და გათვლები აქვთ. _ რა მიზნებს გულისხმობთ? _ ვიდრე ამ კითხვაზე გიპასუხებთ, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ერთ გარემოებაზე _ დაუკვირდით, რას წერს სტატიის ავტორი: „არსებობს გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მხარდამჭერთა რიცხვი 68%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც გაიზარდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის მხარდამჭერთა რიცხვი 32%-მდე“. საინტერესოა, რა გამოკითხვას ეყრდნობა ეს ციფრები? ხომ არ არის ეს ხელოვნურად პანიკის თესვის მცდელობა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა საქართველოსთვის წამგებიანია, ამიტომ მომხრეთა რიცხვი ყოველდღიურად კლებულობს და მხოლოდ ევრაზიულ კავშირში უნდა ვეძიოთ ხსნაო? ასე რომ, არასწორი და მოგონილი არგუმენტები მოჰყავს სტატიის ავტორს. ჯერ ერთი, არანაირი ასეთი გამოკითხვა ბუნებაში არ არსებობს. უბრალოდ, ავტორის შემკვეთმა გამოიყვანა თავისი შეხედულების მიხედვით რაღაც ციფრები, რაც, დაახლოებით, ისედაც ასახავს საერთო განწყობას. ასპროცენტიანი მომხრე ევროკავშირში გაერთიანებას არც არასოდეს ჰყოლია და, ამდენად, მოყვანილი ციფრები არანაირ სიახლეს არ წარმოადგენს, შესაბამისად, არც საგანგაშოა რამე. ყოველ შემთხვევაში, იმის თქმის საშუალებას არ იძლევა, თითქოს, საქართველოში პრორუსული განწყობა იზრდება. ეს სტატიის ავტორსაც კარგად ესმის, ამიტომ თავის მოსაზრებას აძლიერებს იმ არგუმენტით, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში როცა მოდიოდა, მოსახლეობას პირობა მისცა რუსეთთან კავშირების გაუმჯობესების თაობაზე და თურმე ეს ყოფილა მთავარი მიზეზი, რის გამოც მიუხედავად რუსეთთან წარსული უთანხმოებისა და 2008 წლის აგვისტოს ომისა, ქართველები თავიანთ ორბიტაზე ბრუნდებიან. _ მაგრამ ამ ყველაფერში ლოგიკა არის: მაგალითად, ავტორი აღნიშნავს, რუსეთმა შესაძლოა, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში გავლენები გაზარდოს, თუ დასავლური კლუბების კარს დაუხურავენ. _ გეთანხმებით, რომ ლოგიკა აქ მართლაც არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც ვიკითხოთ, როდის მოგვიხურა კარი დასავლეთმა? ასეთი რამ არ მომხდარა. ჩვენ ძნელად, მაგრამ მაინც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ დასავლეთისკენ. უბრალოდ, დასავლეთს დღეს კარგი დღეები არ უდგას. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ჟურნალისტებთან სამართლიანად აღნიშნა: „საქართველო დგას სწორ გზაზე, მიდის ევროპისკენ და ნატოსკენ. მას ვერავინ და ვერავითარი საგაზეთო პუბლიკაცია ვერ შეაჩერებს“.  

                                                                                                          დავით დევიძე

 

გაზიარება