QronikaPlus
ზაალ კასრელიშვილი: „პრემიერმა ჯერ მხოლოდ განცხადება გააკეთა -  რა ჩანაწერი გაკეთდება კონსტიტუციაში?!“

ზაალ კასრელიშვილი: „პრემიერმა ჯერ მხოლოდ განცხადება გააკეთა - რა ჩანაწერი გაკეთდება კონსტიტუციაში?!“

2015-07-12 07:26:12

26 ივნისს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება ყველა შტატში დააკანონა, რომელსაც პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის გამარჯვება უწოდა. მისი განცხადებით, ეს იმას ამტკიცებს, რომ მილიონობით ამერიკელი თანასწორი და უფრო თავისუფალი გახდა. ამ საკითხს „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციამ“ ინტერნეტკონფერენცია მიუძღვნა და ერთხმად აღიარა, რომ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დარღვევის დაკანონებაა. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე _ ზაალ კასრელიშვილი: _ ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციამ“ ინტერნეტკონფერენცია ჩაატარა. იცით, რომ უზენაესმა სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც დაეთანხმა პრეზიდენტი ობამა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაპირისპირება მარადიული ღირებულებების ძირითად არსთან და აბსოლუტურად ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლის ინტერესთა იგნორირება. თუ თანამედროვე ტერმინოლოგიას ვიხმართ, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევის დაკანონება. ეს არის კანონი, რომლითაც უმცირესობას ეძლევა უფლება, ზეგავლენა იქონიოს უმრავლესობაზე და უმცირესობა აბსოლუტურად დაუმსახურებლად პრივილეგირებულ სიტუაციაში აღმოჩნდა. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მოისურვა, უმცირესობის ინტერესები უფლის ნებაზე წინ დააყენოს, რასაც ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვა ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელს შორის, ისეთებშიც, რომელთაც დიდი რელიგიები სექტებად მოიაზრებენ. ამ გადაწყვეტილებას ასევე დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში, ისევე როგორც, თავის დროზე, ევროპის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, აშშ-ს მოსახლეობის უმრავლესობაც ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. ვფიქრობთ, რომ ტექსასის გუბერნატორის განცხადებები სრულად გამოხატავს ამერიკის მოსახლეობის დამოკიდებულებას. ჩვენ არ გვინდა, რომ პლანეტის მოსახლეობამ ობამასა და აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ამერიკელი ხალხის ნებად გააიგივოს. მათი ნების წინააღმდეგ ძალიან ბევრი რამ ხდება აშშ-ში, ისევე როგორც ევროპაში ევროპელების ნების წინააღმდეგ. ჩენს ორგანიზაციას ჩვენი მენტალობის მეგობრები ჰყავს აზიაში, ამერიკაში, ევროპასა და ა. შ. იუმორით ვიტყვი: ჩვენი მეგობრები კავკასიაში ჯიგიტები არიან, ევროპაში _ ჯვაროსნების შთამომავლები, ამერიკაში _ კოვბოები! ამდენად, ჩვენი დამოკიდებულება გასაგებია. თუმცა კატეგორიული წინააღმდეგი ვართ იმისა, რომ ვიღაცამ ამ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ცემა-ტყეპა დაუწყოს, მივარდნები, შევიწროებები და ა. შ. ეს არ არის სწორი! თავისი უბედურება ეყოფათ და მათი არჩევანის გამო ისინი ღვთის წინაშე აგებენ პასუხს, მაგრამ ის, რომ მარადიული ღირებულებები დაირღვეს და ორ ერთსქესიან ადამიანთა თანაცხოვრებას ერქვას ოჯახი და ამ ოჯახს ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, მისი აყვანის უფლება ჰქონდეს, დაუშვებელია. როდესაც 2-3 თვის ბავშვს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი იშვილებს, ეს ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ ხდება, რადგან ამ ასაკის ბავშვს არ აქვს იმის უნარი, რომ თქვას, მე ორი მამა არ მინდა, ან ორი დედაო. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აუცილებლად მოჰყვება მოთხოვნა ბავშვის აყვანისა და გაზრდის თაობაზე. _ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში სიამოვნებით იმსჯელებს. ქობულეთის საკრებულოს მსგავსად, ბევრმა ეს გადაწყვეტილება დაგმო. პრემიერი ღარიბაშვილი კი კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა... _ მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით ვკითხო ყველა პარლამენტარს და ასევე საქართველოში არსებულ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების უფლებებს იცავენ: ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში გარკვევით წერია, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა აშშ-ში და სადმე წერია, ქართველებო, აუცილებლად შეასრულეთ ეს პირობაო? გვავალებს ვინმე რამეს? ვალდებულებას გვიქმნის ვინმე, თუ დღევანდელი რეფერენდუმის შედეგებმა მთელ მსოფლიოს არ აჩვენა, რომ ადამიანის ნება არის სახელმწიფოს ნება?! მოვისმინეთ პრემიერის განცხადება და მივიღეთ კეთილ ნებად. რამდენად განახორციელებს ამას პრაქტიკულად, ეს სხვა საქმეა. გახსოვთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი სწორედ პრემიერმა შეიტანა პარლამენტში დასამტკიცებლად. ახლა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა. მხოლოდ განცხადება გააკეთა და ამით დამთავრდა. ვნახოთ, რა ინიციატივებს გამოიჩენს, რა ჩანაწერი გაკეთდება კონსტიტუციაში, თუმცა მიგვაჩნია, რომ არა მარტო ჩანაწერი უნდა გაკეთდეს, არსებობს სხვა მექანიზმიც, რომ თავი დავიცვათ. მაგალითად, რეფერენდუმი, საჯარო გამოკითხვა. სიმართლე გითხრათ, 17 მაისის ინციდენტზე ჩვენ დავაკვირდით ერთ უცნაურ ფაქტს: ხელის თითებზე ჩამოითვლიდით, დაახლოებით იმდენი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი იყო აქციაზე, 50-მდე კიდევ მათი უფლებადამცველი. თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ საქართველოში 100 და 200 კაცს უნდა მრუშობაში და გარყვნილებაში ცხოვრება, ამაში ვინმე ხელს უშლის? ეს პრობლემა სხვანაირადაც შეიძლება მოგვარდეს, რაღაც ტერიტორია მივუჩინოთ და იცხოვრონ იქ თავიანთი ცხოვრების წესით, მაგრამ არ გვგონია, რომ საქართველოში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ჰქონდეთ ის პრეტენზიები, რაც აქვთ ე. წ. უფლებადამცველებს ამ დარგში. ჩვენ ეს გაბერილი პრობლემა გვგონია, რომელიც ხელოვნურად არის საქართველოსთვის თავს მოხვეული მაშინ, როცა საქართველოში ლტოლვილები გვყავს აფხაზეთიდან, ცხინვალიდან; მაშინ, როცა საქართველოში არ არსებობს რეგიონული პოლიტიკა და ამის გამო შეიძლება ხვალ-ზეგ სერიოზული კონფლიქტები გაჩნდეს; მაშინ, როცა დუხჭირ მდგომარეობაში ცხოვრობს ქვეყანა და მოსახლეობა; მაშინ, როცა, ასე ვთქვთ, აგრესიული ისლამის საფრთხე კარს მოგვადგა და რასაც ვუყურებთ, ვერც ჩვენი და ვერც მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება ჯერ გონს არ არის და ვერ ჩამოყალიბდა, რა ღონისძიებები უნდა გაატარონ თავდაცვის მიზნით? გეტყვით ჩვენს აზრს, რაც ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს ვუთხარით: ამერიკის უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ მსოფლიოს ტრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცებსა და ქალებში, რომელიც პლანეტის მოსახლეობის 92%-ს შეადგენს, რუსეთის პოზიციები გააძლიერა. ასე რომ, ამერიკის ეს გადაწყვეტილება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, როცა არანაირი მოთხოვნა არ იყო ადგილობრივი საზოგადოებიდან. ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს პოზიციები შეასუსტა საგარეო ასპარეზზე. რას ემსახურება ეს, ჩვენ ვიცით, მაგრამ დღევანდელი ინტერვიუს თემა არ გახლავთ.  

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება