შპს „რუსთავის ფოლადი“ სამსახურიდან რამდენიმე ასეული თანამშრომლის დათხოვას იწყებს. საწარმოს გენერალური დირექტორის, ნუგზარ კაჩუხაშვილის განცხადებით, მძიმე გადაწყვეტილება გამოწვეულია როგორც გლობალური ფაქტორებით, კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე ლითონის ნაკეთობათა ფასების მკვეთრი შემცირებით, ასევე ადგილობრივი _ კომპანიის წინააღმდეგ წარმოებული გაუმართლებელი სასამართლო პროცესებით შექმნილი შეზღუდვებით.
შპს „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, ფოლადის ნაწარმზე ფასები 2014 წლის ბოლოსთვის, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა. ამან გამოიწვია „რუსთავის ფოლადის“ საფინანსო მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება:
„2015 წლის დასაწყისიდან კომპანიის მენეჯმენტმა გაატარა ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები, რაც ქარხანას საშუალებას აძლევდა, ფუნქციონირება გაეგრძელებინა კადრების მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე. უკანასკნელ წლებში რუსთავის ფოლადის წინააღმდეგ მიმდინარეობს რამდენიმე აბსურდული სასამართლო დავა. სამწუხაროდ, ამ დავების ფარგლებში გაუმართლებლად შეიზღუდა საწარმოს აქტივების, განსაკუთრებით კი, წიდის მარაგის გამოყენება. პერიოდულად ვაწვდიდით საზოგადოებას ინფორმაციას ამ დავების შესახებ. მაგალითად, ვინმე ეთერ მთვრალაშვილის სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის გამო, რომელიც 4553 ლარსა და 48 თეთრზე დავობდა, აკრძალვა დაედო კომპანიის მრავალ ათეულ მილიონიან ქონებას. ეს შეზღუდვები ბევრად ზრდის ნედლეულის ხარჯებს საწარმოსთვის, რაც ისედაც მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფ კომპანიას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს“, _ აცხადებს ნუგზარ კაჩუხაშვილი.
მისივე თქმით, მენეჯმენტი იძულებულია, მიმართოს მის ხელთ არსებულ ბოლო შესაძლებლობას და ხარჯების შემცირების მიზნით მასობრივად დაითხოვოს თანამშრომლები:
„რუსთავის ფოლადის წინააღმდეგ წარმოებული აბსურდული დავები კვლავ განხილვის პროცესშია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოები სამართლიან, ადეკვატურ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც თავიდან აგვაცილებს კომპანიის მდგომარეობის შემდგომ გაუარესებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შემცირებას“, _ ამბობს კაჩუხაშვილი.
მისივე თქმით, კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა იყო 2500-მდე, თებერვალში შპს რუსთავის ფოლადი იძულებული გახდა, შეემცირებინა 360 თანამშრომელი. დღეს თანამშრომლების რაოდენობა 2100-ია. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, ამჟამად იგეგმება თანამშრომელთა შემცირება 300-500 ადამიანით.
ეს ციფრი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, განთავისუფლებულ თანამშრომლებს ერთთვიანი კომპენსაცია მიეცემათ, ხოლო გასათავისუფლებელი ადამიანები შეირჩევიან სამუშაოს დროს ეფექტიანობის მიხედვით.
ამასთან, შპს „რუსთავის ფოლადის“ ადვოკატი, იურისტი გოჩა გოგიშვილი, სასამართლო დავების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო განხილვა. შპს „რუსთავის ფოლადის“ იურისტი სასამართლო პროცესების გაჭიანურებაზე საუბრობს:
„თუ დარჩენილი სასამართლო პროცესები ისეთივე წარმატებით დასრულდება, როგორც წინა, შესაბამისად, ჩვენ გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება საშუალება, გავიდეთ ძველ სიმძლავრეზე და ხელახლა დავიწყოთ კადრების აყვანა იმიტომ, რომ არ იყოს მნიშვნელოვანი წყვეტა და არ გამოიწვიოს ამან მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები მოსახლეობისთვის“.
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას 2005 წლიდან ფლობდა კომპანია „ქართული ფოლადი“ და ჯოზეფ ქეი. „ქართული ფოლადის“ მტკიცებით, 2011 წლის 6 ივლისს მათ საწარმო უკანონოდ დაატოვებინეს, ხოლო ქარხანა და თავად საწარმოს აქტივები ხელოვნური გაკოტრებისა და უკანონო გარიგებებით გადაეცა შპს „რუსთავის ფოლადს“, რომლის მეპატრონე ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძეა.
სასამართლო დავა მხარეებს შორის 2013 წლის აპრილიდან მიმდინარეობს.
„რუსთავის ფოლადის“ ირგვლივ მიდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელს, თამაზ დოლაბერიძეს ესაუბრება:
_ მესმის, რაზეც „რუსთავის ფოლადის“ ადმინისტრაცია საუბრობს, მაგრამ არ მივიჩნევ, რომ ამის გამო ასე ერთი ხელის მოსმით შეიძლება 300-დან 500-მდე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლო. აბა, რა ვქნათ, ჩვენ სხვა საშუალება არ გვაქავს.
არასოდეს, არც ნუგზარ კაჩუხაშვილისგან, არც სხვა დირექტორებისგან არ მომისმენია განცხადება, რომ ახლა ბაზარზე კარგი მდგომარებაა და ამიტომ ვაორმაგებ ხელფასებსო. როცა კარგი მდგომარება აქვთ, მაშინაც წუწუნ-წუწუნით იძლევიან ხელფასებს, ხოლო როცა ცუდი მდგომარეობა აქვთ, მაშინვე სახელმწიფოს აშანტაჟებენ, _ ხომ ხედავთ, მდგომარეობა გაუარესდა და ადამიანები უნდა შევამციროო.
გასაგებია, რომ გარკვეული ლოგიკა არსებობს _ ლითონის საერთაშორისო ფასი დაწეულია, აბსურდულმა სასამართლო პროცესმა ქარხანას რამდენიმეთვიანი ჩავარდნა მოუტანა, 4-ათასიანი ჯარიმის გულისთვის რამდენიმე მილონიანი პროდუქცია იყო დაყადაღებული. ეს მოტივაცია შეიძლება რეალურად ჟღერდეს, მაგრამ აქ მეორე მომენტია, რომ მთავრობისა და ხელისუფლების როლი არსად ჩანს. ნუთუ, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტრო, შრომის დეპარტამენტი მხოლოდ იმიტომ გვაქვს, რომ რაღაც საიტები შექმნას დასაქმების შესახებ, რაღაც კონცეფციები წარმოადგინოს? არავინ საუბრობს ამ ადამიანების მომავალზე, ვისაც რუსთავის ფოლადი შეამცირებს. ადამიანები რჩებიან ყოველგვარი შემოსავლის გარეშე და არავინ საუბრობს თუნდაც უმუშევრობის შემწეობაზე. არავინ საუბრობს მათ ალტერნატიულ დასაქმებაზე. კვალიფიკაციასა და გადამზადებაზე, არსებობის წყარო რომ მონახონ.
კაჩუხაშვილი სადღაც ამბობს, რომ ამათ დავკარგავ და ექვსი-შვიდი თვის მერე შევეცდები. უკან დავაბრუნოო. ეს ისეთივე ზღაპარი მგონია, რაც ამ ქვეყანაში ბევრჯერ მომისმენია.
კაჩუხაშვილის განცხადება, მაინც და მაინც, პასუხისმგებლიანი არ ყოფილა. განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა ის, რომ სახელმწიფოს არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია ამ ფაქტზე, რაიმე საპასუხო გამოსვლა შრომის სამინისტროდან არ მომისმენია.
მით უმეტეს, როდესაც კომპანიის ადმინისტრაციას რამდენიმე თვის წინათ პრობლემები შეექმნა, ჩვენ მათ მხარი დავუჭირეთ და საჯარო განცხადებები გავაკეთეთ, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ორმაგ სტანდარტებს არ უნდა ამკვიდრებდეს. თუ კაზრეთის შემთხვევაში კომპანია „არემჯის“ სასათბურე პირობები შეუქმნეს, რატომ შეიზღუდა მეორე კომპანიის, მეტალურგიული ქარხნის ინტერესები ოთხი ათას ხუთასლარინი სარჩელის გამო? თუმცა კომპანია „რუსთავის ფოლადმა“ მაშინაც არასწორი ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, სამოცამდე ადამიანი უფასო შვებულებაში გაუშვა, დარჩენილებს უთხრა, რომ 10 პროცენტით ხელფასს შეგიმცირებთ და სამი თვის შემდეგ ისევ თავის ნიშნულზე ავწევთო; რაც ათ-ათი პროცენტი დაგაკელით, იმასაც დაგიბრუნებთო.
მერე ჩვენ ადგილობრივ პროფკავშირს რეკომენდაცია მივეცით, რომ ამ საკითხის შეთანხმებით დადგენა მოეთხოვა, ანუ ორივე მხარეს ამაზე ხელი მოეწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძანება არის ცალმხრივი დოკუმენტი, რომელსაც როცა მოუნდებათ, მაშინ შეცვლიან, ან გააუქმებენ.
ადგილობრივმა პროფკავშირმა ვერ მოასწრო, რომ ამასთან დაკავშირებით კომპანიასთან შეთანხმება დაედო. კომპანიამ მოთხოვნა არ შეისმინა და მაინც ბრძანების საფუძველზე გამოსცა აღნიშნული გადაწყვეტილება. როცა სამი თვე გავიდა და ხალხი ხელფასის თავის ნიშნულზე დაბრუნებას ელოდებოდა, აღმოჩნდა, რომ ქარხანა სულაც კრიზისშია და აგერ ადამიანები მასობრვად უნდა შეამცირონ. ასე, ადამიანები ყოველთვის უსამართლო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე.
ჩემი აზრით, აქ მკვეთრი პოზიცია უნდა გამოხატოს შრომის დეპარტამენტმა, ზოგადად სამინისტრომ. ბოლოს და ბოლოს, ამ სამინისტრომ თავისი სიტყვა სადმე ხომ უნდა თქვას?
_ რატომ არის ამ ქარხანასთან დაკავშირებული საქმე აბსურდული და რა გავლენს ახდენს ის მის მუშაობაზე?
_ აბსურდული მგონია მოსამართლის გადაწყვეტილება. ყველანაირ დარღვევასა და უწესრიგობას შესაბამისი სასჯელი უნდა შეუფარდო, შესაბამისი დონის რაღაც საჯარიმო სანქცია. 4500 ლარი მოითხოვა ვინმე ეთერ მთვრალაშვილმა, სასარჩელო განცხადება ამ თანხაზეა წარდგენილი. ამის გამო სასამართლომ ქარხანას რამდენიმე ათეულმილიონიანი საწყობი დაუყადაღა. ჩემი აზრით, ეს მიდგომა არის აბსურდული.
მეორე მხრივ, ვერ გეტყვით, ასე რატომ ხდება. როგორც ჩანს, აქ გარკვეული პოლიტიკური ინტერესებია. თუმცა რამის მტკიცება არ შემიძლია. უბრალოდ, ერთი რამ მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე პირველი სასამართლო პროცესები ჯოზეფ ქეის უკავშირდებოდა. როგორც ჩანს, ეთერ მთვრალაშვილის სასარჩელო განცხადება ჯოზეიფ ქეის სასამართლო პროცესის გაგრძელებაა. ჯოზეფ ქეი არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდა. ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ პროცესი პოლიტიკური გავლენებისგან მთლად თავისუფალი არ არის.
_ რა რეალობის წინაშე მოუწევთ დადგომა კომპანიიდან გაშვებულ ადამიანებს?
_ ზუსტად ეს კითხვა მაქვს მეც მთავრობასთან! ის, რომ უხელფასოდ დარჩებიან, ვიცით, მაგრამ რას იღებენ ამ დროს მთავრობისგან, ეს შეკითხვა მქვს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროსთან. სამინისტრო შრომით ურთიერთობებში ძალიან სუსტად გამოიყურება. უკვე რამდენი ხანია, კაზრეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შრომის სამინისტროსგან მოვითხოვე, რომ მედიაციის პროცესი გააგრძელონ, რადგან აღნიშნულმა კომპანიამ თითქმის არც ერთი პუნქტი არ შეასრულა. რაღაც უმნიშვნელო პუნქტები, ისიც ნაწილობრივ შეასრულა შარშანდელი შეთანხმებისა. ეს არ იკმარა და პროფკავშირის წევრების მიმართ დისკრიმინაციული ქმედებები აირჩია. ამის შესახებ შრომის სამინისტრო საქმის კურსში გვყავს, მაგრამ ძალიან სუსტ პოზიციას ავლენენ.
ვფიქრობ, ეს ძალიან მანკიერი პრაქტიკაა ჩვენს ქვეყანაში, რადგან უბრალო მშრომელ ადამიანებს, პროფკავშირის გარდა, ფაქტობრივად, დამცველი არ ჰყავთ. ისინი ხომ მოქალაქეებიც არიან? სახელმწიფო, ამხელა ბიუროკრატია იმისთვის არის შექმნილი, რომ მე, როგორც მოქალაქემ, თავი დაცულად ვიგრძნო. ამ ქვეყანაში მხოლოდ დამსაქმებლები გრძნობენ თავს დაცულად.
_ შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი თავის პირდაპირ ფუნქციას რატომ ვერ ასრულებს?
_ აბსოლუტურად ვერაფერს აკეთებს იქიდან გამომდინარე, რომ შრომის სამინისტროზე დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკის სამინისტრო. ეკონომიკის სამინისტრო, კვირიკაშვილის ჩათვლით, გაჯერებულია ლიბერტანიანული კადრებით. როგორც „ნაციონალების“ მმართველობისას, ასევე ახლაც ეკონომიკის სამინისტრო მიგვითითებს იმაზე, რომ ბიზნესი ქვეყნის ხსნა და გადარჩენაა; რომ ბიზნესმენი არ უნდა შევაშინოთ, არ უნდა დავამძიმოთ ზედმეტი რაღაცებით; ლამის მუხლები გადავიტყავოთ ბიზნესმენებზე ლოცვით; ამ განწყობით, ეკონომიკურ უწყებას დიდი გავლენა აქვს შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროზე. ფაქტობრივად, შრომის სამინისტრო ვერაფერს აკეთებს ეკონომიკის სამინისტროს უნებართვოდ. ახლა ეკონომიკის სამინისტრო კულუარულად ვის ექვემდებარება, ამაზე უკვე ვერაფერს გეტყვით.
_ სად არის გამოსავალი, მათ შორის, რუსთავის მეტალურგიიდან განთავისუფლებულ თანამშრომლებთან მიმართებით?
_ თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ხალხი გამოსავალს იპოვის და ეს ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეული იქნება. ამას გლობალურ კონტექსტში ვამბობ. კაჩუხაშვილი აცხადებს, რომ ხალხი ამას ისედაც შეგუებულია, _ რამდენიმე თვე ისინი უფასო შვებულებაში მყავდა და, ფაქტობრივად, შეგუებული არიან, რომ შვილები შიმშილით ამოეხოცებათო. არ ვიცი, მსგავსი რამ არასოდეს მომისმენია. გლობალურ კონტექსტში ის ფაქტი მაშინებს, რომ თუ პროცესები ამ ფორმით გაგრძელდა, ხალხი ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეულ გამოსავალს მოძებნის. მსგავსი რადიკალური პროცესების განვითარება სიკეთეს არავის მოუტანს.