QronikaPlus
რატომ გველის წინ მძიმე შემოდგომა - გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ფასი?!

რატომ გველის წინ მძიმე შემოდგომა - გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ფასი?!

2015-07-10 08:17:40

სომხეთის შემდეგ საქართველოს დრო დგება. ელექტროენერგიის გაძვირებაზეა საუბარი. მკითხველმა კარგად იცის, რომ ბოლო დღეებში სომხეთს საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა _ ძალიან მტკივნეულად განიცადეს საუბარი ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირებაზე, რის გამოც სავსებით რადიკალური მოთხოვნები წამოაყენეს და მთლიანად ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. დენის საკითხის ასეთი გაპოლიტიკურების გამო ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი _ რუსეთი _ ამ საპროტესტო ტალღას მშვიდობიანად გაანეიტრალებდა და ასეც მოხდა. ერევანში ხელისუფლება და საპროტესტო აქციის ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ ელექტროენერგიის ფასი მაინც გაიზრდება, ოღონდ სუბსიდირების ხარჯზე _ მოსახლეობას იგივე ტარიფით მიუვა ქვითრები, ხოლო გაზრდილ ფასს სახელმწიფო თავისი ბიუჯეტიდან გადაფარავს. ასეთი წინადადება ორივე მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა და საპროტესტო აქციებიც ამით დასრულდა. თუმცა ყურადღება ნაკლებად მიაქციეს ერთ გარემოებას: საიდან დაფარავს სომხეთის ხელისუფლება ელექტროენერგიის ფასსხვაობას? საიდან და რუსეთმა 200 მილიონი დოლარი უნდა ასესხოს ერევანს, იმ პირობით, რომ აქედან 50 მილიონი დოლარი ფასის დანამატის ანაზღაურებას მოხმარდება; დანარჩენი ფულით კი სომხეთი ისევ რუსეთიდან შეიძენს საბრძოლო იარაღს. ფაქტობრივად, მაინც მოსახლეობაა წაგებული. ვალს დაფარვა უნდა და, ადრე თუ გვიან, როცა ამ კონკრეტული ვალის დაფარვის დრო მოვა, მხოლოდ მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულით თუ იქნება შესაძლებელი. მოკლედ, ასე დასრულდა სომხეთში ის, რაც ახლა საქართველოში იწყება და არსებობს ბევრი წინაპირობა, რომ საქართველოში ეს პროცესი, სომხეთისგან განსხვავებით, გაცილებით რთულად წარიმართება. რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საინტერესო და მრავლისმთქმელი განცხადებით დავიწყოთ: „ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში სუბსიდირების შესახებ მთავრობა ერთობლივად იმსჯელებს“. რაც შეეხება, თბოელექტროსადგურების მოთხოვნას, რომლითაც მათ სემეკს უკვე მიმართეს და ტარიფის გადახედვა მოითხოვეს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა: „ტარიფს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ თბოელექტროსადგურებმა განაცხადი გააკეთეს. ამ მიმართულებით სემეკი მუშაობს. ადრეც აღვნიშნე, რომ ლარის გაუფასურებამ დიდი დარტყმა მოგვაყენა, ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ვნახოთ, დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, ვიცი, რომ ითვლიან. ამას გარკვეული დრო სჭირდება და, ალბათ, უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება... თუკი ტარიფის დათვლის შედეგად გარდაუვალი იქნება ტარიფის გაზრდა, მაშინ მთავრობა შეიკრიბება. ეს მარტო ენერგეტიკის მინისტრის გადაწყვეტილება ვერ იქნება და არ უნდა იყოს, მთავრობა ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას“. ასეთია ენერგეტიკის მინისტრის გამოსვლის შინაარსი. მოკლედ, სემეკს უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ სემეკი  ელექტროენერგიის ტარიფს აწევს _ ეს ოხერი ლარის ფაქტორი მართლა ობიექტურად მუშაობს ეკონომიკაზე და როცა ნედლეული დოლარში ძვირდება, ადეკვატურად გაძვირდება ლარშიც... მაგრამ ყველაზე მტკივნეული სახელმწიფოს ჩინოვნიკების პროცესებისადმი არაპროფესიონალური დამოკიდებულებაა, რასაც მოსახლეობაში ადეკვატური რეაქცია მოყვება, თანაც ისეთი, სომხეთის საპროტესტო აქცია მონაგონი რომ იქნება. დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ მძიმე შემოდგომა გველის წინ. ჯერ ერთი, ბიუჯეტის მიერ გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება, რაც დიდი ალბათობით მოხდება, ისევე როგორც სომხეთში, ღრმად მიამიტებისთვის გადაყრილი საკენკია. რამდენიმე დღის წინ ისეთი სეკვესტრი განახორციელეს, რომ ბიუჯეტი აქამდე ვერ მოსულა გონს და ახლა საიდან უნდა გამოიძებნოს სუბსიდირებისთვის საჭირო თანხა, გაურკვეველია?! რჩება ერთადერთი გზა, _ საგარეო ვალი! ალბათ ასეც მოხდება, მაგრამ სიტუაციას ვერც ეს ცვლის. მოვა დრო და ეს ვალი ისევ ჩვენი გადასახდელი იქნება, თანაც რამდენ ხანს გაუძლებს ბიუჯეტი თუნდაც ნასესხები ფულით სუბსიდირებას? ადრე თუ გვიან, სავარაუდოდ, კალაძე აუცილებლად გააკეთებს განცხადებას, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად მთავრობა იძულებულია, აბონენტებს ელექტროენერგიის ფასი გაუზარდოს. ექსპერტების აზრით ეს გარდაუვალი პროცესია და ამიტომ სჯობდა, ახლავე დაწყებულიყო ხალხისთვის სწორი ახსნა-განმარტების მიცემა და არარეალურ და პოპულისტურ სუბსიდიებზე საუბრისთვის თავი დაგვენებებია. სხვათა შორის, სუბსიდიების საქმეში ერთი ეშმაკური დეტალიც იმალება: კალაძე, რომელიც ხუდონჰესის აშენების საკითხს თავგადაკლული ლობირებს, ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ამ პროექტის განხორციელების გარეშე საქართველოში დენი ყოველთვის ძვირი ეღირება. ერთი შეხედვით, სწორი გათვლაა: თუკი ქართული საზოგადოების აზრი ერთმნიშვნელოვნად ხუდონჰესის აშენების მომხრე იქნება, იქაური სვანების გაჯიუტება რაღა საკითხავია? მაგრამ, მეორე მხრივ, არც ჰუდონჰესის აშენებაა გამოსავალი. ჰესი კი არა, სომხეთში იმხელა ატომური ელექტროსადგური აქვთ, დენი საერთოდ უფასოდაც უნდა ჰქონდეთ. შესაბამისად,  საქართველოშიც სრულიად სხვა ფუნქცია ექნება ახალ ჰესს, ვიდრე ეს მოსახლეობისთვის იაფი ელექტროენერგიის წარმოებაა. აი, ასეთია რეალობა, რომელიც უახლოეს რამდენიმე თვეში აუცილებლად გამოიღებს საკმაოდ მწარე ნაყოფს. მით უმეტეს, რომ ამ დროისთვის სხვა ფაქტორებიც გააქტიურდა. პირველ რიგში საუბარია საბერძნეთში მიმდინარე პროცესებზე. როგორც იცით, საბერძნეთს ევროკავშირის 330- მილიარდ ევროიანი დავალიანება აქვს და უმძიმეს სიტუაციაში იმყოფება. სხვათა შორის, ამხელა ვალი სწორედ სუბსიდიების იმ ფორმით აიკიდა, ახლა ჩვენ რომ უნდა ავიკიდოთ! მაგრამ სუბსიდიებზე უფრო მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: სტატისტიკური მონაცემებით საბერძნეთი მეორე ადგილზეა საქართველოში ფულადი გზავნილების მხრივ. ეს ნიშნავს, რომ თუკი ელადა ეკონომიკურ კრიზისს თავს ვერ დააღწევს, მნიშვნელოვნად შემცირდება საბერძნეთიდან გადმოგზავნილი ფულის რაოდენობა, რაც მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს ქართულ ეკონომიკას. დიახ, რამდენიც არ უნდა იყვიროს გინდა წინამ და გინდაც ახლანდელმა ხელისუფლებამ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის არაფერი დაიშურეს, სინამდვილეში ქვეყანა ცოცხლობდა და დღემდე ცოცხლობს მხოლოდ გარედან შემოსული ფულით. ამ ფულის მნიშვნელოვანი შემცირება  კი აუცილებლად შეატორტმანებს ქვეყანას. ალბათ, სწორი გათვლების პირობებში მოსალოდნელი რყევების, ასე თუ ისე, შერბილება იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთის ბილეთების გაყიდვას ვერ აბამენ თავს, უადგილოა, სწორი პოლიტიკური და ეკონომიკური გათვლები მოითხოვო. გზავნილების შემცირების საკითხიც კიდევ უფრო გაამწვავებს საერთო მდგომარეობას. მით უმეტეს, რომ ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს სამომავლოდ ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას. სამწუხაროა, მაგრამ ეს პროცესიც მოსალოდნელია, რადგან ხელისუფლებამ ვერ შეძლო და დღემდე არ არის აღმოფხვრილი ის მიზეზები, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია. სუბიექტურ მიზეზებზეა საუბარი, თორემ ხელისუფლების მხრიდან წამდაუწუმ მარტო ობიექტური მიზეზის შეხსენება _ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მთელ მსოფლიოში დოლარის გამყარებამ გამოიწვიაო, არასაკმარისია. ლარის გაუფასურებაში, დოლარის გამყარების გარდა, ადგილობრივმა ფაქტორებმაც მიიღო მონაწილეობა: მთავრობის ეკონომიკური ჯგუფის არაპროფესიონალიზმმა და საქმისადმი ზერელე მიდგომამ. ამაზე საუბარი მთავრობაში დღეს მწვალებლობად მიაჩნიათ. კრიტიკას ვერ იტანს ჩვენი ხელისუფლება. გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს აწყობთ კიდეც მოვლენათა ასეთი განვითარება და ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოში საპროტესტო მოძრაობის ტალღა აგორდეს. „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ საუბარი. ძნელი სათქმელია, ეკონომიკური პრობლემების გამო ქუჩაში გამოსული ხალხი გვერდით დაიყენებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ჩიტი ბდღვნად ღირს. რა იცი, რა ხდება, კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში რა პლატფორმაზე აღმოჩნდებიან „ოცნებაში“ შემავალი სუბიექტები, რომელთა შორის, პირველ რიგში, პოლიტოლოგები  „რესპუბლიკელებს“ მოიაზრებენ? მათ შექმნილი კრიზისის გამო შეიძლება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და მის გუნდს შეაწმინდონ ხელი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ფრთასთან ალიანსი შეკრან. ასეთ შემთხვევაში სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს მივიღებთ. ამ სცენარს თვითონ „ნაციონალებიც“ აქტიურად განიხილავენ. სწორედ ამ თემას შეეხენ ოდესაში სააკაშვილის მონახულების დროს. ყველა რაღაცას ელის. რამდენად არის მზად ხელისუფლება წინააღმდეგობის დასაძლევად? _ ამ კითხვაზეა დამოკიდებული ხელისუფლებისა და მოსახლეობის მომავალი...  

                                                                                                                   დავით დევიძე

 

გაზიარება