QronikaPlus
ხაშური  - რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნების მოლოდინში?!

ხაშური - რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნების მოლოდინში?!

2015-07-05 12:06:35

„ქრონიკა+“-ს ზვიად ზუბაშვილი ესაუბრება:   _ ხაშურში დღეისთვის ძალიან ცუდი სიტუაციაა. გელაშვილი რასაც ხალხს ჰპირდებოდა: ქალაქისა და რაიონის კეთილმოწყობას, საწარმოების, ქარხნების ამოქმედებასა და ხალხის დასაქმებას, არაფერი შესრულებულა. დეპუტატი გელაშვილი ხალხმა იმიტომ აირჩია, რომ პარლამენტამდე მიეტანა ხაშურელთა პრობლემები. აღმოჩნდა, რომ მას ეს არასოდეს აინტერესებდა. ქალაქი ახალგაზრდებისგან იცლება. გაუსაძლისი მდგომარეობაა სოფლებშიც,  სადაც მისასვლელი გზების ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სერიოზულად დგას სასმელი წყლის პრობლემებიც, რის მოგვარებასაც საშველი არ დაადგა. _ ჩვენ ბევრჯერ დავწერეთ თქვენ მიერ ჩამოთვლილ პრობლემებზე. ეტყობა, მათ გამოსწორებას არავინ ჩქარობს. _ ვინ იჩქარებს, როცა ვალერი გელაშვილსა და მთლიანად ხაშურის ხელმძღვანელობას ეს პრობლემები ნაკლებად აინტერესებთ? უპატრონოდ მიგდებული ქალაქია ხაშური. აქ არც უმრავლესობა არსებობს და არც ოპოზიცია. სახელმწიფოს მმართველობა არ არსებობს. რაიონს მართავს გელაშვილის კლანი, რის გამოც  მოსახლეობას განვითარების მიზერული პერსპექტივაც არ გააჩნია. ამას ნებისმიერი ხაშურელი დაგიდასტურებთ. მე ვარ ახალგაზრდა პოლიტიკოსი და ძალიან ბევრს ვმოძრაობ მთელ რაიონში, ვხვდები ადგილობრივ მოსახლეობას და კარგად ვიცი ხალხის განწყობა. ისინი თავს დამცირებულად და მოტყუებულად გრძნობენ ვალერი გელაშვილისგან. _ ზვიად, დავაკონკრეტოდ, მაინც, რა მიზეზის გამო გამოხატავენ დეპუტატის მიმართ უკმაყოფილებას? _ შეიძლება დეპუტატი გულით ეცადოს, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო გარკვეული დაპირებები ვერ შეასრულოს. მით უმეტეს, როცა მთელ საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაგნაციაა, მაგრამ გელაშვილის შემთხვევაში ინტერესის საგანი ის არის, რომ ამ კაცის ნახვა შეუძლებელია. რაც კი დეპუტატად აირჩიეს, მას შემდეგ აღარ სცალია რაიონისთვის. უმეტრესობა სახეზეც კი ვერ ცნობს. _ წეღან თქვით, რომ რაიონში ბევრი მოუგვარებელი საკითხია. ასეა მთელ ქვეყანაშიც, მაგრამ უმთავრეს პრობლემებზე გვიამბე... _ სადაც მე ვცხოვრობ _ 9 აპრილის ქუჩაზე, ოცი წლის განმავლობაში არ გაკეთებულა არც წყალი და არც გზა. სხვა უბნებში რაც გაკეთდა წინა ხელისუფლების დროს, ყველაფერი ისევ ისე დარჩა. ამ სამი წლის განმავლობაში თითი თითზე არავის დაუკარებია. გელაშვილს არ აინტერესებს, რა კეთდება და რა _ არა. ასევეა დასაქმების პრობლემაც. მთავარია, სკოლა დაამთავროს და წავიდეს ხაშურიდან _ ეს არის ნებისმიერი მოზარდის, თუ ახალგაზრდის მიზანი და სურვილი. აბა, ხაშურში ცხოვრება შეუძლებელია და იქნებ, სხვაგან მაინც მიაღწიონ რამეს. _ არ გიცდიათ დეპუტატის ნახვა და ამ თემებზე დალაპარაკება? _ რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ გვქონდა მე და ჩემს თანამოაზრეებს ამის სურვილი, მაგრამ ეს ადამიანი ვერ ვნახეთ, არასოდეს არის ხაშურში. უფრო ზუსტად, თავის სადეპუტატო ოთახში, სადაც დეპუტატს მიღების საათები უნდა ჰქონდეს და ადგილობრივები მიიღოს, თორემ საკუთარ ობიექტებს თუ ეწვევა ხოლმე, ეს ხაშურში ყოფნად არ ითვლება. ტელეფონის ნომერიც კი ვერ გავიგეთ, სამაგიეროდ ნახევარი ხაშური იყიდა. გელაშვილის გარეშე ხაშურში „ბუტკასაც“ ვერ დადგამს ადამიანი. ახლა ახალ სასტუმროს იშენებს საკუთარი სკოლის გვერდით. ფაქტობრივად, წინა ხელისუფლების ბობოლებმა და ვალერი გელაშვილმა ერთი კლანი ჩამოაყალიბეს და მთელი ხაშური გადაინაწილეს. ოპოზიციაც კი არ ჰყავთ, რომ ვინმემ ხმა ამოიღოს. ამ რამდენიმე ხნის წინათ საპროტესტო აქციის ორგანიზება გავაკეთე, მაგრამ ვითომ ოპოზიციური პარტიებიდან არავინ დაგვდგომია გვერდში. _ შიდადაპირისპირებაც ხომ არსებობს? ჩვენ ადრე გავაშუქეთ დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარესა და გელაშვილს შორის. _ ეს დაპირისპირება იყო და ახლაც არის შუბითიძესა და გელაშვილს შორის. დღეს კიდევ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მოხსნაზეა საუბარი, რაც ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა, მაგრამ ეგ ადრევე უნდა მოეხსნათ, ახლა მისი შეცვლა ფორმალობაა, ისეთივე „საქმიანი“ დეპუტატით ჩაანაცვლებენ. _ რომელი პარტიის წარმომადგენელია? _ ირაკლი ალასანიას პარტიის წევრია. „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად რომ იყვნენ, მაშინ არაფერს აკეთებდნენ და ახლა რა უნდა გააკეთონ? _ ისე, ალასანიას ხალხსა და გელაშვილს შორის ყოველთვის დაძაბული სიტუაცია იყო. _ როცა დაძაბული სიტუაცია და დაკა-დაკა ჰქონდათ, მაშინ უნდა გამოსულიყვნენ და ეყვირათ გელაშვილისა და აქ არსებული განუკითხაობის წინააღმდეგ. მაშინ ხმას არ იღებდნენ, დღეს კი მაგათი ნათქვამისაც არავის სჯერა. მოკლედ, რაც ალხანა, ისიც ჩალხანაო. როგორი დეპუტატიც ვალერი გელაშვილია, ვითომ ოპოზიციაც ისეთივე ჰყავს. ყველაფერი პარტიულ ინტერესებზეა გათვლილი და რაიონი არავის აინტერესებს, რამაც დაღუპა ხაშური და ღუპავს მთელ საქართველოს. რაიონში თუ რამე შენდება და კეთდება, ამას რა სჯობია, მაგრამ ერთი ადამიანი რომ აკეთებს ამ ყველაფერს, ეს არის გულსატკენი და საგანგაშო. რაც შეეხება გამგეობას, აქ სრული უმოქმედობაა. ასე რომ, თუკი არაფერი ხდება, ეს მარტო დეპუტატის ბრალი არ არის. ზოგადად, ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობის გამოა. „ქართული ოცნება“ რომ მოდიოდა, რა იმედი გვქონდა ყველას, რომ ხაშურში სიტუაცია რადიკალურად გამოსწორდებოდა!.. „ნაციონალებმა“ არაფერი გააკეთეს ხაშურშიო, _ ამის ძახება არაფერს ნიშნავს. შე დალოცვილო, „ნაცებმა“ თუ არაფერი გააკეთეს, შენ გააკეთე, ვინ დაგიშალა, მით უმეტეს, ხალხმა სწორედ იმიტომ დაგიჭირა მხარი, რომ „ნაციონალებმა“ კარგი არაფერი გააკეთეს. გადავწყვიტეთ, ხაშურში შევიკრიბოთ და დავიწყოთ აქციები „ქართული ოცნებისა“ და გელაშვილის წინააღმდეგ. არ გავჩერდებით მანამ, სანამ ჩვენს ხმასა და პროტესტს არ შეიტყობს მთელი საქართველო, ხოლო ხელისუფლება შესაბამის ზომებს არ მიიღებს. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ მარტო გელაშვილზე არ არის საუბარი. ვინც გამგეობაში მუშაობს, ყველა უნდა წავიდეს. მათი არსებობით ხაშურს არანაირი სარგებელი არ აქვს. მოვითხოვთ ამ ხალხის წასვლასა და რიგგარეშე ადგილობრივ არჩევნებს! _ გგონიათ, მაგ მოთხოვნით ვალერი გელაშვილს, თუ სხვებს შეაშინებთ? _ შევეცდებით და ჩვენს ხმას თუ ვერ გაიგებენ, უფრო სერიოზული აქციები მოჰყვება უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით. კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა ქალაქთან და ყველა ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ აქციებს...   ისე, ვის ეშინია მოსალოდნელი აქციის, არ ვიცი, მაგრამ ხაშურლების ნაამბობის მიხედვით ფაქტია, რომ გელაშვილი მდიდრდება, ხაშური კი იქცევა. ხაშურში ამბობენ, რომ ამ კაცს მტაცებლის გაუმაძღარი მადა აქვს, რაც ბიზნესში შეიძლება „მოსულა“, მაგრამ თანამდებობის პირის მიერ საკუთარი რაიონის შეჭმას არ გულისხმობს. სხვათა შორის, ასეთი პათოსი უკვირს ხაშურის ხელმძღვანელობას. აქ მიაჩნიათ, რომ ხაშურში ყველაფერი რიგზეა. მეტიც, ვინაიდან გელაშვილმა კინოთეატრი და სტადიონი თუ შეიძინა, ეს ნიშნავს, რომ მათ დაქვემდებარებულ რაიონში აღმშენებლობითი საქმიანობა მიმდინარეობს.   გია გურასპაშვილი _ ხაშურის რაიონის გამგებელი: _ არანაირი სტადიონი არ გაყიდულა. სტადიონს ყადაღა ადევს და მივხედავთ. რაც შეეხება კინოთეატრს, კი ბატონო, გეთანხმებით, რომ გაიყიდა. ეს იყო `ვისოლის~ საკუთრება, რომელიც `ნაციონალების~ დროს გაიყიდა და შეიძინა `ვისოლმა~, მაგრამ მერე თავისი მოვალეობა არ შეასრულა, ინვესტიციების განხორციელებას ვგულისხმობ. ახლა, რამდენადაც ვიცი, ერთმა სოლიდურმა კომპანიამ იყიდა, რომელიც აგვისტოდან გეგმავს ახალი კინოთეატრისა და სავაჭრო ცენტრის შენების დაწყებას. სიამოვნებით დავუდგები გვერდში ყველა ინვესტორს. _ ვინ ყველა ინვესტორს, ბატონო გია, ხაშურში ბევრი გყავთ ინვესტორი? ისევ ვალერი გელაშვილს უყიდია. _ არ ვიცი, შეიძლება დეპუტატ ვალერი გელაშვილის კომპანიამ იყიდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყიდის? გელაშვილი ფლობს თავის კომპანიებს და სრული უფლება აქვს იმ კომპანიას, რომელსაც მისი მეუღლე და შვილი მართავენ, ხაშურში რამე იყიდონ. ვინ დაუშალა ყიდვა? მით უმეტეს, რომ სახელმწიფოსგან არ უყიდია, კერძო პირისგან იყიდეს. ჩემი საქმე არ არის, ვინ ყიდულობს და ვინ ყიდის. მთავარია, ჩემთან მალე შემოვა პროექტი დასამტკიცებლად და სიხარულით მივხედავ. _ კინოთეატრი პროფილს შეინარჩუნებს? _ აუცილებლად! მინიმუმ, ასკაციანი დარბაზი იქნება თავისი კაფეებითა და გასართობი ადგილებით. ისეთი იქნება, რომლის მსგავსი ხაშურს ადრე არაფერი ღირსებია, რის გამოც ისე მიხარია, თითქოს ჩემი საკუთრება ყოფილიყოს! _ ბატონო გია, გელაშვილთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? _ დეპუტატთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. თუ რამეა გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი, ერთმანეთს ვეხმარებით და ერთად ვაგვარებთ. ხელს არაფერში მიშლის და არასოდეს ჩემს საქმეში არ ერევა, ისევე როგორც არ ერევა საკადრო საკითხებში. რაც შემეხება პირადად მე, არანაირი ბიზნეს-ინტერესები არ გამაჩნია. უფულო კაცი ვარ და ჩემნაირი ბიზნესში პარტნიორად არავის სჭირდება.  

                                                                                                          დავით დევიძე

 

გაზიარება