QronikaPlus
საპროტესტო აქციების სამზადისი გურიაში - რა კავშირშია „ირაო“ და „ქართუ დაზღვევა“ მითვისებულ თანხებთან?!

საპროტესტო აქციების სამზადისი გურიაში - რა კავშირშია „ირაო“ და „ქართუ დაზღვევა“ მითვისებულ თანხებთან?!

2015-07-05 12:01:45

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ნათია შარაშენიძე, იქაური გლეხების იმ პრობლემებზე გვესაუბრა, რომელიც ხელისუფლებისგან კარგად გაპიარებულმა აგროდაზღვევამ შეუქმნა მათ. ნათია შარაშენიძე: _ თქვენს გაზეთში, „ქრონიკა+“-ში, ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც  ოზურგეთის მერზე, ბეგლარ სიორიძეზე ვთქვი, რომ საკრებულოს სხდომაზე მან ჰომოფობიური გამონათქვამებით მომაყენა შეურაცხყოფა და დამამცირა. მერი ჩემი ოჯახის წევრებს გადასწვდა და ხაზი გაუსვა, რომ ჩემი მეუღლე არ არის ეთნიკური ქართველი. სწორედ ამ ხაზგასმით ის შეეცადა ჩემს დამცირებას, რის გამოც სახალხო დამცველსაც მივმართე. მან ახლახან გამომიგზავნა წერილი, რომ ჩემი განცხადება მიიღო წარმოებაში, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და რეაგირების ღონისძიებებზე აუცილებლად გაცნობებთო. მადლობელი ვარ „ქრონიკა+“-ის, რადგან პირველად გვერდში სწორედ თქვენ დამიდექით. ახლა კი მოგიყვებით გურიაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე, რომელიც იქაურ ხალხს სტკივა და აწუხებს. ამ დღეებში შევხვდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების _ წვერმაღალისა და ურეკის მოსახლეობას. წვერმაღალიდან ნატანებში მომავალ გზაზე თუ მოხვდებით, აუცილებლად დაინახავთ ასწლოვან ჭადრის ხეებს. გარდა იმისა, რომ ეს ხეები ჰაერს ასუფთავებს, მომაჯადოებელი სილამაზეც აქვს. როგორც მოსახლეობა ამბობს, ეს ტერიტორია ჭადრებთან ერთად გაიყიდა და, დიდი ალბათობით, ჭადრებსაც მოჭრიანო. ისინი ძალიან წუხან ამაზე და აცხადებენ, რომ თუ ეს პროცესი მართლაც დაიწყო, აუცილებლად აღუდგებიან წინ, რადგან ამ ხეების მოჭრა დიდი დანაშაული იქნება სოფლის მოსახლეობის მიმართაც. ეს ჭადრები არავინ არ უნდა გაანადგუროს. _ ვინ უპირებს მოჭრას? _ ნატანებში, შავ ზღვასთან, ივანიშვილს რეზიდენცია აქვს, ეს კი მისი მიპირდაპირე ადგილია. როგორც გავარკვიე, წვერმაღალის მეურნეობამდე ეს ტერიტორია მას შეუსყიდია. მთელი დღის განმავლობაში იქ უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა და გზას აფართოებს, მაგრამ, თურმე, ასწლოვანი ჭადრების მოჭრასაც აპირებენ. ხალხი ვარაუდობს, რომ ეს ტერიტორია სწორედ ამ ასწლოვანი ჭადრების გამო იყიდა _ მოჭრის და მასალად გაყიდისო. დაახლოებით ათეულობით ჭადრის დიდი ხე დგას, მის კომპანია „უტას“ კი შეშის ჭრაზე მონოპოლია აქვს აღებული. ამას ამბობს ამ სოფლის მოსახლეობაც და დაქირავებული ხალხიც, რომელიც ტექნიკაზე მუშაობს. როგორც ჩანს, მოსახლეობა შეამზადეს ჭადრების მოჭრაზე, მაგრამ ხალხი აღშფოთებულია, რადგან ყველა ჭადარი საღი და ჯანმრთელია. ამდენი წელია, ამ ჭადრებმა ათასგვარ სტიქიას გაუძლო, ქარიშხალმა ტოტიც ვერ ჩამოუგდო და ახლა უპირებენ განადგურებასო. გზის გაფართოებას თუ ასეთი ხეები შეეწირება, ამისთანა გზა ვის რად უნდა?! მაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობა დიდ წინააღმდეგობას გაუწევს და არ მისცემს საშუალებას, საღი ჭადრები მიწაზე დააწვინონ. ამ საპროტესტო აქციას მეც შევუერთდები, რადგან ასეთი ხეების მოჭრა არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ ის წარმოადგენს ქარსაცავ ზოლს. იმდენად ლამაზია ჭადრების ხეივანში ჩაფლული ეს გზა, რომ ხალხი ჩერდება და ფოტოებს იღებს. _ კიდევ რა პრობლემები აქვს ოზურგეთის მოსახლეობას? _ ხელისუფლება აგროდაზღვევებსა და კამპანია „აწარმოე საქართველოში“ დიდ რეკლამას უკეთებდა. ხალხმაც დაიჯერა, რომ ეს ყველაფერი მართლა ასე იყო, მაგრამ ტყუილია. აი, დამადასტურებელი ფაქტებიც, _ მოგიყვებით, რა ხდება ამ მხრივ სოფლებში _ ნატანებსა და გოგორეთში: ამ დღეებში თავად შევხვდი ნატანებში აგროდაზღვევის მიერ დაზარალებულ ადამიანებს. რასაც ისინი ჰყვებიან, დიდი აფერა ჩაუტარეს. 2014 წლის შემოდგომით ამ სოფლების მეციტრუსეებთან მივიდნენ „ქართუ დაზღვევის“ აგენტები და უთხრეს, _ თუ დააზღვევთ ციტრუსს სეტყვასა და ქარიშხალზე, შესაბამისი თანხით დაგეხმარებითო. ხალხმა სიხარულით მიიღო ეს სიახლე, რადგან უთხრეს, რომ სახელმწიფომ გადარიცხა თანხა სადაზღვევო კომპანიაში. მათ არც უფიქრიათ, რომ ასეთ დროს შეიძლებოდა ვინმეს ისინი მოეტყუებინა. ბოლო დროს ციტრუსი ხშირად დაისეტყვა, ქარიშხალმა გადაუარა და ამიტომ ეს პროექტი ყველას მოეწონა. დააზღვიეს კიდევაც თავიანთი ციტრუსი ამ ფირმაში და გადაიხადეს კიდევაც შესაბამისი თანხა. ზუსტად ვერ გეტყვით, მთლიანად რამდენმა ადამიანმა დააზღვია თავისი ციტრუსი ამ კომპანიაში, მაგრამ ნატანებში, მე პირადად, 20 დაზარალებულ და მოტყუებულ მეციტრუსეს შევხვდი. _ როგორ მოატყუეს, იქნებ, უკეთ აგვიხსნათ? _ ხალხი მოატყუეს გარკვეული სქემით: მათ სადაზღვევოსთან გააფორმეს ხელშეკრულებები, რის მერეც ციტრუსი სამჯერ დაისეტყვა შემოდგომით. ისინი დაუკავშირდნენ სადაზღვევოს და აცნობეს სეტყვისა და მისგან მიღებული ზარალის შესახებ, მაგრამ დაზღვევიდან არავინ მივიდა. მერე ისევ თავად გაარკვიეს, რომ „ქართუ დაზღვევა“, თურმე, იმიტომ არ მოდიოდა, რომ თავისი დაზღვეულები სადაზღვევო კომპანია „ირაოში“ გადაამისამართა. ამის შესახებ დაზღვეულებისთვის არავის უცნობებია და არ გაუფრთხილებია, „ირაოს“ მიმართეთო. ერთ-ერთი დაზარალებული _ ფაცია თავაძე, 87 წლის ქალბატონი გახლავთ. მოტყუებული ადამიანების უმეტესობა მოხუცებულია, რადგან მათ არ იციან დაზღვევის მექანიზმები, თუმცა ის არც სხვებისთვის აუხსნიათ. ბოლოს და ბოლოს, მიაკითხეს „ქართუ დაზღვევას“, _ სად არის დაპირებული თანხაო? იქ უპასუხეს, რომ „ირაო“ აუნაზღაურებდა. ამ ადამიანებს ხელმოწერებიც აქვთ და თანხებიც გადაიხადეს სადაზღვევოსთვის. კვადრატულობის მიხედვით დააზღვიეს ციტრუსის ბაღები, თუმცა ვისაც ლიმონის ბაღი ჰქონდა, მას ორჯერ მეტის გადახდა მოუხდა მანდარინის ბაღის მეპატრონეებისგან განსხვავებით. ენვერ ღლონტს ჰქონდა ციტრუსის დიდი ბაღი, მან 300 ლარი გადაიხადა დაზღვევაში. „ქართუ დაზღვევიდან“ ზარალის ანაზღაურებაზე უარით გამოსტუმრების შემდეგ ისინი „ირაოში“ მივიდნენ მდგომარეობის გასარკვევად. მათაც იუარეს, _ როგორ გეკადრებათ, „ქართუ დაზღვევაში“ უნდა მიბრძანდეთო. მას შემდეგ ისიც ვერ გაურკვევიათ, ვის უნდა მოსთხოვონ რეალურად დაზღვევის ეს თანხა და ვინ ამბობს სიმართლეს?! ბოლოს „ირაო“ იძულებული გახდა, დაზღვევის პოლისების მოძიება დაეწყო, მაგრამ თუ ადამიანს დაზღვეული ჰქონდა ლიმონი, რაშიც ორჯერ მეტი ფული გადაახდევინეს ვიდრე მანდარინში, დაზღვევის პოლისი გამოუგზავნეს მხოლოდ მანდარინზე, ნაკლები თანხით რომ დაეხმარონ. ხალხმა გააპროტესტა, _ ლიმონი დავაზღვიეთ და მანდარინის პოლისს რატომ გვიგზავნითო?! მე თქვენ მოგიტანეთ „ქართუ დაზღვევის“ პოლისი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ამ ადამიანმა ლიმონი დააზღვია და „ირაომ“ გამოუგზავნა მანდარინის დაზღვევა. როგორც გითხარით, ენვერ ღლონტმა 300 ლარი გადაიხადა თავისი ბაღის დაზღვევაში, მაგრამ ახლა „ირაო“ ეუბნება, არ ხართ ბაზაში, არ დაგიზღვევიათ თქვენი ციტრუსიო. მისი დაზღვევის საბუთიც მოგიტანეთ. ამ ადამიანებმა, მიუხედავად ჭარმაგი ასაკისა, რკინის ქალამნები ჩაიცვეს და ბათუმში ჩავიდნენ სიმართლის გასარკვევად. როგორც თავად ამბობენ, მუნიციპალიტეტსა და გუბერნიაშიც ყველამ იცის მათი გასაჭირის ამბავი, მაგრამ ვერ ეხმარებიან. მოკლედ, სახელმწიფომ ამ ორ კომპანიას გადაუხადა აგროდაზღვევის ფული, მაგრამ მერე ეს ფული სადღაც გაქრა. ამ დღეებში კიდევ მისულან მათთან დაზღვევის თანამშრომლები, მაგრამ ხალხმა უარით გაისტუმრა. უკვირდათ: იმის შემდეგ, რაც გაგვიკეთეს, რა ნამუსით ბედავენ ჩვენთან მოსვლას და იგივე დაპირებების მოცემასო? _ თქვენ ამბობთ, რომ ამ ხალხის დასახმარებლად „ირაოსა“ და „ქართუ დაზღვევას“ ფული სახელმწიფომ გადაუხადა და ის ვიღაცამ მიითვისა. თუ ასეა, რატომ არ მიმართავენ პროკურატურას, ან თავად როგორ აპირებთ მათ დახმარებას, სამართალდამცველ უწყებებს თქენ მაინც ხომ ჩააყენებთ საქმის კურსში? _ დიახ, გაქრა ეს ფული, რადგან ხალხს არ მიუღია. გარდა ამისა ეს დაზღვევა იყო თანადაფინანსებით და ამ ხალხისგან აღებული ფულიც მიითვისეს, ვინაიდან ისიც გამქრალია. ცხადია, უნდა გაირკვეს, ვინ შეჭამა ეს თანხები? ამ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა კი ერთი კაციც ვერ მოძებნეს, რომელიც გაარკვევს, ან პასუხს აგებს ამ ყველაფერზე. ისინი აქამდეც აპირებდნენ სასამართლოში სარჩელის შეტანას, მაგრამ თემიდას სამართლიანობის იმედი არ აქვთ, თუმცა ბოლოს მაინც მოუწევთ ამ გზაზე შედგომა. ბათუმში „ირაოს“ ოფისია და მეციტრუსეები იქ უკვე ყოველდღე დადიან, რადგან „ირაოს“ წარმომადგენლები ახლა ეუბნებიან, ჩვენ როცა გამოვგზავნეთ ექსპერტი, მისი შეფასებით ანაზღაურება აღარ გეკუთვნითო. დაზარალებულების თქმით, მათთან ჩასული „ირაოს“ აგენტი ბაღებში არც წავიდა, ისე დაწერა ჩვენთვის უცნობი დასკვნებიო. ისინი ჰალსტუხებსა და საგარეო ტანსაცმელში იყვნენ გამოპრანჭული და ბაღში რეზინის ბოტების გარეშე შესვლა შეუძლებელიაო. „ირაოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი ამ ადამიანებს, თურმე, უთხრა, რასაც ზემოდან გვეუბნებიან, ჩვენ იმას ვაკეთებთო. ვინ იგულისხმეს, ალბათ, თქვენც მიხვდებით და ეს არ არის ამ ადამიანების მიმართ მოწყობილი აფერა?! თუ კუთვნილ ფულს არ მისცემენ, მოსახლეობა აქციების გამართვით იმუქრება. ისინი აპირებენ, სხვა სოფლის მეციტრუსეებსაც დაუკავშირდნენ, რომელთაც ამ აგროდაზღვევით ასევე პრობლემები შეექმნათ და ალბათ ერთად ჩაატარებენ საპროტესტო აქციებს. აი, ეს არის ამათი აგროდაზღვევაც და „აწარმოე საქართველოშიც“! ამის მერე, თურმე, ამათი დაპირებების უნდა გვჯეროდეს! „ქრონიკა+“ ვითარებაში გასარკვევად „ქართუ დაზღვევას“ დაუკავშირდა. ოპერატორი დიდხანს ცდილობდა შიდა ტელეფონით კომპეტენტურ პირთან ჩვენს გადამისამართებას, თუმცა ბოლოს განაცხადა, რომ მენეჯერი უკვე წასულია და მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდებოდა. მოგვიანებით, უკვე სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ოფიციალურ საიტზე მითითებულ ტელეფონზე დავრეკეთ, მაგრამ არავინ გვიპასუხა. კომპანიის პრესსამსხურის ხელმძღვანელმა, ნანა შონიამ კი პირად ტელეფონზე შეტყობინება დაგვიტოვა: „უცხოეთში ვარ!“    

                                                                                                              ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება