თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველომ შეიძინა საჰაერო თავდაცვისუნარიანობის ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგია, რაც კი მსოფლიოში არსებობს. მისივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ამაღლების მიზნით საფრანგეთთან მეორე ხელშეკრულების ხელმოწერაც იგეგმება.
„ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დასრულებისას, როდესაც ეს ტექნიკა შემოვა საქართველოში, ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე იქნება დაცული, რაც დღეს, პრაქტიკულად, არ გვაქვს. რაც ჩვენ შევიძინეთ, ეს არის საჰაერო თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ყველაზე უფრო თანამედროვე, ბოლო მოდელის ტექნოლოგია, რაც კი დღევანდელ მსოფლიოში არსებობს, მაგრამ ეს პროცესი არ დამთავრებულა. ჩვენ მხოლოდ პირველ ეტაპზე ვართ. ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და ძალაშია. შესაბამისად, ახლა გაწერილი გრაფიკის მიხედვით ჩვენ დავიწყებთ გადახდას და ისინი _ მოწოდებას.
შემდეგ ეტაპზე ვგეგმავთ მეორე ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც იმის შესაძლებლობას გააჩენს, რომ განსხვავებით ხელშეკრულების მანამდე არსებული ვერსიებისგან, პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. არანაირი ხარვეზი თუ დანაკლისი ან დღეს ფინანსური პრობლემა არ გვაქვს, ამიტომ ეს დავაკელი, აღარ იქნება.
ვისაც კითხვები აქვს, 13%-ით არის თუ 93%-ით შესრულებული, შემიძლია ვუთხრა, რომ ჩვენ წავედით ყველაზე დიდ მოცემულობაზე, სრულ კომპლექტაციაზე, რაზეც, შესაძლოა, 2 წლის წინათ არც კი ვფიქრობდით. არა იმიტომ, რომ ვიღაცა უფრო მაგარია, ან ნაკლებად მაგარია, არამედ იმიტომ, რომ არ ჩანდა შესაძლებლად. დღეს ეს შესაძლებლობა შეიქმნა და ბუნებრივია, ჩვენ ყველამ ერთად გამოვიყენეთ იგი“, _ ამბობს თინა ხიდაშელი.
ამასთან, ხიდაშელი არ აკონკრეტებს თარიღს, როდის ჩამოვა საჰაერო თავდაცვითი შეიარაღება საქართველოში.
ვარშავის სამიტის მოლოდინებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს: „მე რომ მკითხოთ, საქართველო არა მარტო მაპს (გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას), ნატოს წევრობას იმსახურებს“. მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად მაპი არის ის აუცილებელი საფეხური, რომელიც საქართველომ ალიანსში გაწევრიანებამდე უნდა გაიაროს:
„საქართველო იმსახურებს წევრობას, მაგრამ ჩვენ ბუქარესტის დეკლარაციაში ცალსახად გვიწერია, რომ უნდა გავიაროთ საფეხური, რომელსაც მაპი ჰქვია. ეს არის პირობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა. ამიტომაც, ბუნებრივია, დღეს ვსაუბრობთ მაპ-ზე, როგორც აუცილებელ და სავალდებულო პირობაზე.
რაც შეეხება ვარშავის სამიტს, მე როცა ვამბობ, რომ ეს არის მოლოდინებისა და იმედების სამიტი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას ვგულისხმობ, მაგრამ არა მხოლოდ _ იმდენი გამოწვევის წინაშე დადგა წინა სამიტი და ვარშავამდე მსოფლიო, რომ ვფიქრობ, ვარშავის სამიტი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრინციპული და მნიშვნელოვანი იქნება. ბევრი ისეთი საკითხია ვარშავის დღის წესრიგში, რომელიც ყველაზე მაღალი საფრთხეების მატარებელია დღევანდელი მსოფლიოსთვის.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მონტენეგროს თემა, რომელსაც, მაღალი ალბათობით, უკვე წევრობის მოწვევას გაუგზავნიან. ეს არის კარგი გზა, კარგი გზავნილი, კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება რამდენიმე წელიწადში დაასრულო პროცესი, თუ საშინაო დავალებას სწორად ასრულებ და სწორად მოქმედებ. ამიტომ ამ გზის დასაწყისს ველოდები ვარშავაში, რომელიც წინა სამიტიდან ვარშავამდე გაიარა მონტენეგრომ“.
„ქრონიკა+“ საჰაერო თავდაცვისუნარიანობის სისტემის შეძენასა და ნატოსთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ესაუბრება:
_ აქ ლაპარაკია საჰაერო თავდაცვის გარკვეული სისტემების შეძენაზე. საბოლოოდ, ჯერ არ არის გაცხადებული, თუ კონკრეტულად რაზეა აქცენტი გაკეთებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნაბიჯი აამაღლებს ჩვენი ქვეყნის საჰაერო თავდაცვას. ჯერჯერობით, მხოლოდ ის უნდა ვთქვათ, რომ მობილური რადიოლოკაციური სადგური შეიძლება შევისყიდოთ, ხელშეკრულება ამას მოითხოვდა; ხელშეკრულების ხელმოწერის დროს მაგიდაზე სწორედ ეს - `ჯიემ 200~ ტიპის მობილური რადიოლოკაციური სადგურის მაკეტი იდგა და სავარაუდოდ, ამაზეა საუბარი.
_ ამ ეტაპზე ინფორმაცია რატომ არ საჯაროვდება?
_ მიიჩნევენ, რომ ეს სამხედრო საიდუმლოებაა. გარდა ამისა, აქ არის კომერციული საიდუმლოებაც, მაგრამ გაეროს შეიარაღების რეესტრის მიხედვით (ის ყოველ წელიწადს განახლდება ხოლმე), როგორც წესი, ქვეყნები, რომლებიც რაღაც შეიარაღებას ყიდიან ან ყიდულობენ, იქვე (რეესტრში) ინფორმაციასაც ათავსებენ. სავარაუდოდ, საფრანგეთიც ასე იზამს და წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დასაწყისისთვის ცნობილი გახდება, თუ რა მოჰყიდა საქართველოს.
_ შესაბამისად, დღეს ვერაფერს ვიტყვით ექსთავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ცნობილ ეჭვებზე?
_ ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრობისას შედარებით რაც დააკონკრეტა ის იყო, რომ რის ყიდვასაც ფიქრობდა, მას რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა შეეძლო. საჰაერო თავდაცვის ასეთი სისტემა (რომელსაც საფრანგეთში აწარმოებენ) არის ერთადერთი და ეს არის „ასტერ 30“ ტიპის საზენიტო რაკეტებით შეიარაღებული საჰაერო თავდაცვის სისტემა. მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს მოგვყიდეს, რადგან `ასტერ 30~ 100-120-კილომეტრიან მონაკვეთზე მოქმედებს. რუსეთის ფაქტორის გავლენით ცოტა ვეჭვობ, რომ მის შესყიდვაზე იყოს საუბარი, თუმცა თუ შევცდები, ეს კარგი და სასიკეთო იქნება.
_ თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველო არა მარტო მაპ-, ნატოს წევრობას იმსახურებს. რეალური პერსპექტივა როგორია?
_ ჩემი აზრით, საქართველო ნატოს წევრი წლების წინათ შეიძლებოდა გამხდარიყო და ახლაც ამას აბსოლუტურად იმსახურებს. თუკი ქართული სამხედრო ქვედანაყოფები მზად არიან იმისთვის, რომ ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეს მისიები შეასრულონ მათთან, ამერიკელებთან და ნატოს სხვა წევრებთან ერთად, რასაკვირველია, საქართველოს სავსებით შეეძლება გახდეს ალიანსის წევრი. მაგრამ აქ მთავარი ფაქტორი კვლავ და კვლავ რუსეთი რჩება, რუსეთ-საქართველოს მეზობლობა, მოსკოვის საოკუპაციო ძალების ყოფნა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
იქიდან გამომდინარე, რომ თუ ნატომ საქართველო თავის სრულუფლებიან წევრად მიიღო, ეს ნიშნავს, რომ თავის თავზე იღებს საქართველოს კოლექტიური თავდაცვის სისტემაში შეყვანას, ანუ მეხუთე პუნქტის ამუშავებას _ თუკი მის წევრ ქვეყანას საფრთხე ემუქრება, ეს ნიშნავს, რომ ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრინციპი უნდა ამოქმედდეს. მაგრამ ნატო თვითონ არ არის ამისთვის მზად, რომ საქართველოს გამო შეიარაღებულ დაპირისპირებაში შევიდეს რუსეთთან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ნატო დღესაც და, ეტყობა, უახლოეს მომავალშიც თავს შეიკავებს, რომ საქართველო სრულუფლებინ წევრად მიიღოს.
_ მაგრამ ეს მაპზე უარის თქმას ხომ არ ნიშნავს?
_ მაპიც რომ მოგვცენ, ეს ნატოს რიგებში სრულ ინტეგრაციას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. არიან ქვეყნები წლებია, მაპი მიღებული აქვთ და ალიანსის სრულუფლებიანი წევრები ჯერ ვერ გახდნენ.
ასე რომ, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, ეკონომიკური სანქციები როგორ იმოქმედებს და ერთ-ორ წელიწადში თვითონ რუსეთში რა მოხდება პოლიტიკური თვალსაზრისით.
გელა მამულაშვილი