როცა ნახევარი თბილისი ვერის ხეობაში სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა, იმ დროს „თელასი“ ელექტროენერგიის დავალიანების მქონე თბილისელებს შუქს უთიშავდა. ამ ქმედებაში, ერთი შეხედვით, უჩვეულო არაფერია, რადგან იგი თავის ყოველდღიურ სამუშაოს ასრულებდა... და მაინც _ ამ რუსულ კომპანიას არ აწყენდა, უფრო მეტი გულისხმიერებით მოჰკიდებოდა ქართველების თავს დატეხილ ტრაგედიას.
გიორგი რურუა თელასის თანამშრომელია. „ქრონიკა+“-სთან იგი სკანდალურ განცხადებას აკეთებს:
_ დასაწყისში დიდი გულისტკივილით თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს. ის, რაც დაახლოებით ათიოდე დღის წინათ მოხდა, ეს იყო თბილისისა და მთლიანად საქართველოს ტრაგედია. ამ ტრაგედიის ერთადერთი პოზიტივი ის არის, რომ მთელი ქვეყანა გააერთიანა და ბევრი გმირი გამოჩნდა. ტრაგედიის ადგილზე ერთ მუშტად დარაზმულ თბილისელებს ვგულისხმობ _ ყველა ის ადამიანი, ვინც გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობდა, გმირია. მათ აჩვენეს, რომ ქართველებს გაჭირვების ჟამს ერთმანეთის გვერდში დგომა შეგვძლებია... მაგრამ, ამჯერად, სრულიად სხვა საკითხზე მინდა გესაუბროთ. მოგეხსენებათ, მაგალითი გადამდებია, მათ შორის, გმირობის მაგალითიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გმირობა ყველას არ გადაედო! _ საზოგადოებამ იცის, როგორ აჯარიმა „სითი-პარკმა“ მძღოლები ტრაგედიის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანების დაყენებისთვის. თუმცა ეს კომპანია ერთადერთი არ აღმოჩნდა, ვინც ასეთ სიტუაციაში ხელის მოთბობა სცადა.
_ ვის გულისხმობთ?
_ საუბარი ეხება „თელასის“ ხელმძღვანელობას. მათი უშუალო კომპეტენცია იყო რიგი საკითხების გადაწყვეტა ფორსმაჟორულ სიტუაციაში, კონკრეტულად კი ტრაგედიის დღეებში დროებით უნდა შეჩერებულიყო დავალიანებული აბონენტების გათიშვა. ამ შემთხვევაში მე წარმოვადგენ გლდანის ბიზნესცენტრს, სადაც ერთი წუთითაც არ შეჩერებულა აბონენტებისთვის დენის გათიშვა იმ მძიმე დღეებში, ისევე როგორც მთელ თბილისში... მაგრამ ეს რაღა სალაპარაკოა, როცა იმ რაიონშიც, სადაც უშუალოდ ტრაგედია დაფიქსირდა, ანალოგიური სამუშაოები ჩაატარეს, ანუ იქაც არ მომხდარა სადამსჯელო ღონისძიების რაღაც დროით გადადება. როგორც გითხარით, აქ პრიორიტეტი არ არის რომელიმე უბანი, იმიტომ რომ მთელ თბილისში ისეთივე სიტუაცია იყო. თავიდან ვფიქრობდი, „თელასი“ უშუალოდ ტრაგედიის ზონაში მცხოვრებლებს მაინც დაინდობდა, ამიტომ შევეცადე გამერკვია, ტრაგედიის ადგილზე თუ მაინც შეჩერდა გათიშვები და ამ მიზნით თელასის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დავუკავშირდი. იქ გოგონამ სასიამოვნო ხმით მიპასუხა, რომ ზემდგომებს დაუკავშირდებოდა. მე ვუთხარი, რომ გლდანის ბიზნესცენტრიდან ვრეკავდი და მათი თანამშრომელი ვიყავი. თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა ვერანაირად გამარკვია, რას გეგმავდა „თელასი“ სოლიდარობის თვალსაზრისით. მოკლედ, როცა გოგონა განყოფილებას დაუკავშირდა, მითხრა, რომ ელექტროენერგიის გათიშვა ისევ უცვლელად იყო გრაფიკში.
ამის შემდეგ ვთხოვე დავეკავშირებინე ზემდგომებთან, რადგან მინდოდა, უფრო ღრმად გავრკვეულიყავი სიტუაციაში. მან მიპასუხა, რომ ამის გაკეთება არ შეეძლო. მოკლედ, საკუთარი არხებით თუ შევძლებდი ამის გაკეთებას.
_ ვისთან დაკავშირება გსურდათ?
_ ეს თემა პირდაპირ ეხება კომერციულ დირექტორს, გოვორუხინს, თუ გვარი არ მეშლება, და თელასის გენერალურ დირექტორს _ კობცევს. გოვორუხინს ჰყავს ქართველი მოადგილეები: კოტე კოვზირიძე და გია ამაშუკელი. მინდა მჯეროდეს, რომ ეს პრობლემა მათ გულთან მიიტანეს, რადგან მართლაც დიდი ტრაგედია მოხდა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ეს სამუშაოები _ ელექტროენერგიის გათიშვები _ დროებით შეეჩერებინათ. მე ველოდებოდი, რადგან ისინი გოვორუხინის მოადგილეები არიან, ამას გააკეთებდნენ. სამწუხაროა, რომ რუსების კომპანიამ ვერ დაინახა ქალაქისა და ქვეყნის პრობლემა და სანქციები არ შეაჩერა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ვინაიდან მათ არ გადადგეს ასეთი ნაბიჯი, მათთვის ენერგეტიკის სამინისტროს უნდა მიეთითებინა.
_ ენერგეტიკის სამინისტროს შეეძლო ამის გაკეთება?
_ ენერგეტიკის სამინისტრო უნდა ჩარეულიყო და შოკში ჩავარდნილ თბილისს დახმარებოდა, ჩაურევლობით კი დამატებითი პრობლემა შეუქმნეს დედაქალაქს. ვიმეორებ: მორალური თვალსაზრისით რაც ჩაიდინა „თელასმა“, ეს იყო შეურაცხმყოფელი ქმედება და თბილისელების უპატივცემულობა.
_ თუ შეისწავლეთ, რამდენ აბონენტს გამოურთეს შუქი?
_ მოგეხსენებათ, თელასმა თბილისი ბიზნესცენტრებად დაყო და ყველა ბიზნესცენტრმა გამოურთო შუქი დავალიანების მქონე აბსოლუტურად ყველა აბონენტს. გლდანის ბიზნესცენტრში, მაგალითად, სარაჯიშვილზე, გასათიშად პირადად რომ მივედი ბიჭებთან ერთად, კონკრეტულ ოჯახში დაგვხვდა ასეთი სურათი: სახლში აღმოჩნდა მხოლოდ მოზარდი და გვთხოვა, იქნებ, დღეს არ გამითიშოთ შუქი და ხვალ გადავიხდით, სტიქიური უბედურება რომ მოხდა, ჩემი მშობლები ახალდაბის ტერიტორიაზე ჩარჩნენ, რადგან გზა ჩახერგილია, ვეღარ მოდიან, როგორც კი მოძრაობა აღდგება და ჩამოვლენ, მაშინვე შევიტანთ ფულსო. ასეთ თხოვნას რომ მოისმენ, თუ კაცი ხარ, ანგარიში უნდა გაუწიო. მეორე მხრივ, თელასის ბრძანებას ვერავინ შეეწინააღმდეგება _ უნდა დაიწყონ მერე ტვინის ბურღვა და მოგიწევს ახსნა-განმარტებების წერა: რატომ არ გათიშე და რამ გიბიძგა ამ შემზარავი დანაშაულისკენ. სასჯელი კი მძიმეა _ ან ხელფასს დაგიქვეთენ, ან საერთოდაც გაგიშვებენ სამსახურიდან. უმუშევრობა კი ოჯახის დაქცევას ნიშნავს. ასე რომ, სამწუხაროდ, იძულებულები ვიყავით, გაგვეთიშა ის ოჯახი. ჩვენ არაადამიანურად მოვიქეცით და ეს მიდგომა, პრაქტიკულად, ყველას პრობლემა გახდა, ყველა რაიონში იგივე განმეორდა. მთელი თბილისი მოიცვა.
_ კერძო კომპანიაა, იურიდიულად ხომ ვერ შეედავები?
_ რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს: როდესაც ქვეყანაში ფორსმაჟორია და გლოვის დღეებია გამოცხადებული, ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს. ის კვირა უნდა დათმობოდა მთლიანად გაჭირვებაში ჩავარდნილი და შოკში აღმოჩენილი ადამიანების რეაბილიტაციას. ასევე, როდესაც სახელმწიფოში პრობლემაა, არ უნდა აიძულო თანამშრომლები, ექსტრემში იმუშაონ _ უნდა დაიცვა მათი უსაფრთხოება, თუ არადა, ექსტრემალურ სიტუაციაში არ გაუშვა სამუშაოდ. ჩვენი უსაფრთხოების პირობები საერთოდ არ იყო დაცული.
_ ეს, ალბათ, განსაკუთრებით ეხება ვერის ხეობის მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც გარეული ცხოველები დაძრწოდნენ.
_ როდესაც ზოოპარკი დაიტბორა, არ იცოდნენ, რამდენი ცხოველი გაიქცა, გამოდიოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ამბობდა, რომ მოერიდეთ ამ ტერიტორიებსო. არადა, პრაქტიკულად, ზუსტად ამ მიდამოებში დადიოდნენ და ასრულებდნენ თელასის დავალებას თანამშრომლები, რითაც საფრთხის ქვეშ იყვნენ.
_ გიორგი, მე რომ ამ წერილს დავბეჭდავ, სამსახურში პრობლემები არ შეგექმნებათ?
_ კი ვიფიქრე მაგაზე, მაგრამ ვერ გავჩუმდები! მათ დავურეკე და ვუთხარი, _ ვიკვლევ თემას და მსურს, თქვენც გაგაგებინოთ, რომ საქმე გვაქვს ადამიანურ პრობლემასთან. თუ შეიძლება, გაითვალისწინეთ და ეს თხოვნაც არ არის, მოთხოვნაა-მეთქი. არ მიპასუხეს. აქედან გამომდინარე, არ ვაპირებ გაჩერებას. მწამს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ყველანაირ ღირებულებას ხაზი გადაუსვეს. არც თანამშრომლების პატივისცემასა და უსაფრთხოებაზე იყო საუბარი და არც სოლიდარობაზე. აქედან გამომდინარე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. უბედურების დროს ქვეყნის ზონებად და რაიონებად დაყოფა შეურაცხმყოფელია.
_ მაგრამ კითხვას გავიმეორებ: მაინც ხომ კერძო კომპანიაა?
_ ენერგეტიკის სამინისტრო უნდა დაკავშირებოდა თელასს, რომელიც უცხოური, კერძოდ, რუსული კომპანიაა, ეროვნებით რუსები მართავენ და მათთვის უნდა მოეთხოვათ, რომ ეს ერთი კვირა შეეჩერებინათ დავალიანების მქონე ადამიანებისთვის ელექტროენერგიის გათიშვა. ამის უფლება ჰქონდა სახელმწიფოს. აბონენტი არსად გარბის! ამოღების სამსახურს შეეძლო, ერთი კვირის შემდეგ გაეგრძელებინა საქმიანობა...
ასე „მიიტანა“ გულთან რუსულმა „თელასმა“ ქართული პრობლემა. როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს, რამდენიმე დღით სადამსჯელო სანქციებისგან თავის შეკავება კომპანიისგან სოლიდარობის გამოხატულება იქნებოდა თბილისელებისადმი. მით უმეტეს, რომ რუსებს საკუთარი პრეზიდენტისგანაც მწვანე შუქი ჰქონდათ ქართველების დასახმარებლად. თუმცა როგორი გულწრფელიც პუტინი იყო, რუსული „თელასიც“ ისე დაგვეხმარა.
ვალერი ფანცულაია _ თელასის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:
_ ვისთვის არ უნდა გაგვეთიშა ელექტროენერგია (სტილი დაცულია, _ დ. დ.)? იქნებ, მითხრან, რატომ არ უნდა გაგვეთიშა მთელ თბილისში იმ ოჯახებში ელექტროენერგია, სადაც დავალიანება არის?
_ მაინც გლოვის დღეები იყო და მიაჩნიათ, რომ თქვენი მხრიდან ეს პატივისცემის გამოხატულება იქნებოდა, თორემ არც იმ გათიშვებით დაღუპულა ვინმე.
_ ყველა კომპანია ჩვეული რეჟიმით მუშაობდა და ჩვენც ვმუშაობდით. იქ დაზიანებული ადგილები სადაც იყო, ჩვენი თანამშრომლები მთელი დღეები მუშაობდნენ. მაგალითად, ახალდაბაში შუქი არ იყო და გენერატორი ჩავუტანეთ. ასევე ყველა სხვა სტიქიით დაზარალებული ვინც იყო, იმათაც ვეხმარებოდით და ვისაც დავალიანება აქვს, იმათაც... დღესაც რომ იყოს დავალიანება, გავუთიშავდით... ეს კანონით დადგენილი ნორმაა.
_ რა თქმა უნდა, კანონით დადგენილია, მაგრამ ფორსმაჟორულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ.
_ ყველა კომპანია მუშაობს თავისი დადგენილი წესით და კანონით, რომელიც მოქმედებს საქართველოში. რაც კანონის მოთხოვნა იყო, იმას ვასრულებთ და რომელმა კანონმა დაადგინა, რომ არ უნდა გაგვეთიშა და შეღავათი უნდა გაგვეწია? ჩვენ გავუწიეთ შეღავათი იმით, რომ სტიქიით დაზარალებულებს დავეხმარეთ და იქ უფასოდ და უსასყიდლოდ ვმუშაობთ.
_ ეს დახმარება არ არის, ბატონო ვალერი. ელექტროხაზების უსასყიდლოდ აღდგენა თელასის მოვალეობაა... ხოლო გლოვის დღეებში რომ რამდენიმე დღით გადაწეულიყო გათიშვები, ეს მორალური მხარდაჭერა იქნებოდა.
_ მეც შეგეკითხებით, თუ შეიძლება, გლოვის დღეებში რას გულისხმობთ?
_ რას ვგულისხმობ და გლოვის დღე ხომ გამოაცხადა სახელმწიფომ, ადამიანები დაგვეღუპა...
_ მერე, ხომ არ გამოუცხადებია, შუქი არ გათიშოთ და არ მოითხოვოთ დავალიანებაო? დაზიანებული ადგილები არც გაგვითიშავს და პირიქით, ვეხმარებოდით.
_ დაზიანებულ ადგილებში თავისთავად გათიშული იყო და იქ თუ არ გაგითიშავთ, ეს არის დახმარება?
_ მე ვერ ვიგებ, რას მოითხოვთ? ვიღაცამ რაღაც გითხრათ და... ეს არის სერიოზული კომპანია. იმ დღეებში მაღაზიებში უფასოდ არიგებდნენ რამეს? ძალიან აბსურდულია, ვინც გითხრათ.
_ ეს მითხრა თელასის თანამშრომელმა, ასე რომ, ყურმოკრულ ამბებზე არ გესაუბრებით.
_ არ ვიცი, ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. თელასის თანამშრომლებმა დახმარებებიც ავკრიფეთ და მივიტანეთ. სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადავრიცხეთ და კიდევ ვრიცხავთ თანხებს. ვერ გავიგე, ახლა, მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა?!.
_ თუ საიდუმლო არ არის, რამდენი გადარიცხეთ?
_ იქნება მაგაზე ოფიციალური შეტყობინება და ორ-სამ დღეში გავაკეთებთ განცხადებას.
_ ბატონო ვალერი, ერთ ადგილზე ვახსენებ თქვენს უფროსობას. არ მინდა, გვარი შემეშალოს და გოვორუხინია ერთ-ერთი უფროსი?
_ რას წერთ გოვორუხინზე, ვიღაცამ გითხრათ რაღაცა და თქვენ პირდაპირ წერთ? არ უნდა გვკითხოთ?
_ აბა, ახლა რომ გირეკავთ, რას ვაკეთებ, თქვენი აზრით?
_ მე ვიფიქრე, რომ მის რამე გადაწყვეტილებაზე ხომ არ წერდით, გასაგებია. კი ბატონო, დიმიტრი გოვორუხინია კომერციული დირექტორი.
დავით დევიძე