საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონის“ გულშემატკივართა საინიციატივო ჯგუფი გუნდის გენერალურ დირექტორს, ლადო ბურდულს მილიონობით ლარის არამიზნობრივად ხარჯვასა და კლუბის განადგურებაში ადანაშაულებს. ბოლნისელები მუნიციპალიტეტის გამგებელს მოთხოვნას უყენებენ, რომ ბურდულს კონტრაქტის ვადა აღარ გაუგრძელდეს.
კვირას გულშემატკივართა საინიციატივო ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან შეიკრიბა და გამაფრთხილებელი აქცია მოაწყო. აქციის პარალელურად, იქვე, ნელ-ნელა კლუბის თანამშრომლებმაც დაიწყეს შეკრება. ჩვენს ყურადღებას ერთი ახალგაზრდა იქცევს, რომელიც განუწყვეტლივ ტელეფონზე საუბრობს: დარეკა, ყველანი გამოდით, თორემ ჩამოვალ და დედას გიტირებთო!.. თუ ხალხი არ შეგროვდება, მაშინ ბირჟიდან „ბეზდელნიკები“ მოიყვანეთო...
ფეხბურთის გულშემატკივართა შეკრებას საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ჩაგელიშვილი ხსნის და დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართ გასაგზავნ მოთხოვნებს აცნობს: „უკვე სამი წელია, ბოლნისელ გულშემატკივარს გუნდი თვალით არ უნახავს _ „სიონი“ არც ვარჯიშობს და არც თამაშობს თავის ქალაქში; სტადიონის აღდგენითი სამუშაოები თითქმის არ ჩატარებულა; ბავშვთა გუნდს ბურთები და მაისურებიც კი არ აქვთ და ა. შ. არსებული მდგომარეობის გამო, გულშემატკივრებს გვაქვს საკუთარი, არგუმენტირებული მოსაზრებები და სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური შეკითხვები: 1. რატომ არ ტარდება ვარჯიშები და თამაშები ბოლნისში მაშინ, როდესაც იგივე პირობებში მყოფ რამდენიმე სტადიონს (მაგალითად, საჩხერე, ზუგდიდი), იქაური ხელმძღვანელობის თხოვნით, სფფ-მ მოუხსნა აკრძალვა და მათი გუნდები საკუთარ ქალაქებში თამაშობენ? ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონის ქირაობით „სიონის“ ბიუჯეტის საგრძნობი ნაწილი მავანთა ფარულ გარიგებას ეწირება; 2. არაფერი კეთდება ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. მეტიც, არ არსებობს კლუბის განვითარების ჩამოყალიბებული პროგრამა _ კონკრეტული პუნქტების, საბოლოო მიზნისა და მათი განხორციელებისთვის გადანაწილებული ბიუჯეტის თანხების მიხედვით; 3. კლუბის შემოსავლები (რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი გადასახადებიდან წარმოიქმნება) ჩვენთვის დაფარულია _ წლის დასაწყისში მუნიციპალიტეტმა ოფიციალური უარი გვითხრა საშტატო განრიგის, პრემიებისა და ხელფასების რაოდენობის გამხელაზე; 4. არავინ იცის, ვისი გადაწყვეტილება იყო, რომ ბოლნისის „სიონში“ გვაქვს მსოფლიო ფეხბურთისათვის უპრეცედენტო შემთხვევა _ ლადო ბურდული ერთდროულად იყო კლუბის გენერალური დირექტორი და მთავარი მწვრთნელი; 5. რა დავალება ჰქონდა ლადო ბურდულს, როგორც დირექტორს „შემკვეთისგან“ (მუნიციპალიტეტის გამგეობისგან), როგორ შეასრულა ეს დავალება და თუ არ შეასრულა (შედეგების მიხედვით, რომ ვერ შეასრულა, ფაქტია), რა მოსაზრებით უნდა გაუგრძელდეს ხელშეკრულება? 6. უეფა-ს მიერ გამოყოფილი, ბავშვთა ფეხბურთისათვის განკუთვნილი 54 000 ლარი, რატომ არ მოხმარდა ბავშვებს და ბავშვთა გუნდი რატომ არის სავალალო მდგომარეობაში? (ფინანსებთან დაკავშირებული შეკითხვები, ბენზინის ხარჯვასთან, არარსებული ამუნიციის „ყიდვასთან“ და ა. შ. კიდევ უამრავია). ჩვენ, ბოლნისის „სიონის“ გულშემატკივართა საინიციატივო ჯგუფი, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გამგეობამ ჩაგვაბაროს კლუბის მუშაობის სრული ანგარიში და მონაწილეობა მიგვაღებინოს მისი მუშაობის მომავალ დაგეგმვაში, ხოლო ამჟამინდელ გენერალურ დირექტორს აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება.
გამგებლისთვის გასაგზავნ ტექსტს აქციის ყველა მონაწილე ეთანხმება.
გიორგი ჩაგელიშვილი:
„ბოლნისში თამაშები არ ტარდება, 2014 წელს ბურდულმა არც კი მისწერა ფედერაციას, რომ ზაფხულში სტადიონი შეემოწმებინათ, იდეალურ მდგომარეობაში იყო ბალახი, მაგრამ არ სჭირდებოდა ბოლნისში თამაში. კარგი, ვთქვათ და ფედერაციამ დაიწუნა, ვარჯიშს რა უშლიდა ხელს? უსაფრთხოებას ითხოვდა სავარჯიშო გარემო? ბოლნისი არ აინტერესებს ამ ადამიანს! აქ კიდევ ერთი მომენტია, _ ბიუჯეტის. ჩვენი ფული, 5 მილიონი დახარჯა ორ წელიწადნახევრის განმავლობაში. ამ ფულიდან ერთი მიკროავტობუსიც არ უყიდია, კლუბს არაფერი აქვს, ქონებას არ ფლობს, მარტო ფურცელზე წერია ბოლნისის `სიონი~. ამ წელს იანვრიდან მაისამდე, დახარჯული აქვს 700 000 ლარი, ამ თანხიდან ბავშვებზე, მაქსიმუმ, 30 000 ლარია დახარჯული, დანარჩენი არის ერთი გუნდის. რუსთავი და ზესტაფონი ფედერაციას რომ არ გაეგდო, ფაქტობრივად, გუნდი გავარდნილი იყო. ვის აქვს ამდენი ბიუჯეტი უმაღლეს ლიგაში? მსოფლიოში თუ გინახავთ სადმე, ალბათ, აფრიკულ ქვეყანაშიც არ იქნება, რომ გენერალური დირექტორი იყოს მთავარი მწვრთნელი. ასეთი რამ მსოფლიო ფეხბურთს არ ახსოვს!“
_ თქვი, საიდან მოდის ეს ყველაფერი?! _ ისმის აქციის მონაწილეთა შეძახილი. ეს მოდის მაგის ცოლიდან, რომელიც არის შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ქალბატონი ნინო გიორგობიანი და ის კურირებს ბოლნისს. როგორ შეიძლება შს სამინისტრო ფეხბურთში ერეოდეს? მოვითხოვთ გამგებლისგან, გვითხრას: ლადო ბურდულს რატომ უხანგრძლივებს კონტრაქტის ვადას, რა არგუმენტი აქვს? გამგებელს შევხვდით და თქვა, _ ბურდულმა უნდა გაგვიკეთოს სტადიონიო, ასეთი რამე გაგიგიათ? სტადიონს გაგვიკეთებს და სანაცვლოდ, გენერალური დირექტორი იქნებაო. თუ გამგებელიც მაგის მხარესაა, ესეც გავუშვათ, ამდენი ხალხი ვართ შეკრებილი!
გიორგი ჩაგელიშვილი:
„საერთოდ, ქართული ფეხბურთის პრობლემაა ბავშვთა ფეხბურთი. უეფადან უმაღლეს ლიგაზე ყოველწლიურად გამოყოფილია 54 000 ლარი. 30 000 ლარზე მეტი არ არის დახარჯული. ორი ასაკობრივი გუნდი ჰყავს. ამ დროს უეფა გვიგზავნის 54 000 ლარს, სად მიდის დანარჩენი ფული?! ევროპელები ზრუნავენ, ქართველებმა ბავშვებს მოახმარეთ ეს ფულიო, ამ ადამიანს სად მიაქვს ბავშვებზე გამოყოფილი ფული?! ევროპელების გამოყოფილი ფული სად მიაქვს, ის არ ვიცით და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს მოახმარს ბოლნისელ ბავშვებს?! საინიციატივო ჯგუფის სახელით მივმართეთ კლუბ „სიონს“, გვიპასუხეს: ხელფასებზე, პრემიებსა და საშტატო ერთეულებზე უფლება გვაქვს, ინფორმაცია არ მოგცეთ არც წერილობით და არც ზეპირადო. მერე მივმართეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რომ ბოლნისელების მიერ გადახდილი ფული რაში იხარჯება, გაგვაგებინეთ -_ ვინ იღებს, რამდენს იღებს და რამდენი ადამიანი იღებს? აგერ მაქვს დოკუმენტი, მოგვწერეს, _ ეს წარმოადგენს საიდუმლოებასო. ჩვენ ავირჩიეთ გამგებელი, ეს პრობლემები მან უნდა მოაგვაროს, ის ჩვენთან ანგარიშვალდებულია, ჩვენ ხომ შს მინისტრს არ ვნიშნავთ, ჩვენ ვნიშნავთ გამგებელს, ჩვენი ნდობით აღჭურვილი პირია, კეთილი უნდა ინებოს და ხალხის მოთხოვნა შეასრულოს!“
„თქვენ გგონიათ, გამგებელს არ უნდა ბურდულის გაშვება? ყველაზე მეტად მაგას უნდა, მაგრამ არ ასრულებს ამ მოთხოვნას, ეშინია. ადრე გამგეობაში დაიბარეს ბურდული და უთხრეს, უნდა წახვიდეო. მეორე დღეს `სუსით~ გაივსო აქაურობა და მათ გაარჩიეს საქმეები, _ აგრძელებენ გულშემატკივრები, _ ახლა მივიღებთ რაღაც ზომებს, მთელი ბოლნისი გაერთიანდება, დაშინებულია ხალხი! როცა ბოლნისში ჩამოდის, პოლიციის უფროსი მოჰყვება, ან პოლიციელი, რომ ვიღაცამ რაღაცა არ უთხრას! ჩვენ ვერ შეგვაშინებს! ვისაც სამსახური აქვს, ან მათი ოჯახის წევრია დასაქმებული, ყველას ეშინია, რადგან ბურდული არის დიქტატორი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! ეს ხალხი ამას აქცევს ყურადღებას, ვის უნდა `სუსს~ და პოლიციას დაუპირისპირდეს?!“
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხუმრობის ხასიათზე დგება: „ნაციონალებს“ უნდა შევეკრათ და ისინი გაშიფრავენ ამ ამბავს, ხომ ხედავთ, რა დონემდე დავედით, „ნაციონალები“ გავრეკეთ და ლამის სანატრელი გაგვიხადეს! ბურდულმა იტრახაბა, ახლა ჩემი ძმაკაცი მოდის მინისტრად და კიდევ ბევრს გავუშვებ კლუბიდანო. ყიფიანი რომ გაუშვეს, ერთ-ერთი ვერსია იყო, შს მინისტრის მოადგილე თალაკვაძე, თითქოს სპორტის მინისტრად უნდა დაენიშნათ. მარტო ამას ამბობს? ღარიბაშვილთან ღვინო ყანწით მაქვს დალეულიო!
საბუთები გვაქვს, რესტორანში ხარჯავს ჩვენს ფულს. რესტორან „ქალაქურში“ შეიძლება 4000 ლარი დახარჯო, როცა ბავშვებს ბურთი არ აქვთ?! ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციას იმიტომ არ გვაძლევენ, რომ იციან, ხალხი გადაირევა!“
„70 000 ლარი აქვთ ბენზინში დახარჯული და ბენზინს ჩვენ ვყიდულობდით სტადიონის გასაკრეჭად, _ საუბარს აგრძელებს ვახტანგ ჩაგელიშვილი, რომელიც კლუბის ყოფილი თანამშრომელია, _ ბავშვებს პაკეტებით უშვებდა თამაშებზე, ტიროდა, საჭმლის ფული არ გვაქვსო, გაცივებულ „გრეჩიხას“ და კატლეტს აჭმევდნენ. ფული ისესხეთ და ისე წადით შეჯიბრზეო. მაშინ, როდესაც ბოლნისის „სიონი“ ჩემპიონი გახდა, სტადიონი ვარგოდა სათამაშოდ და ახლა არ ვარგა? უეფა არ ითამაშეს? 19-წლამდელების ტურნირი ჩატარდა... ეს ადამიანი იმით არის დაინტერესებული, რომ ბოლნისში არ ჩატარდეს თამაში“, _ აგრძელებენ ბოლნისელები.
გულშემატკივართა აქციას სასულიერო პირი ესწრება, რომელიც ინიციატივით გამოდის: „ჩემი გადმოსახედიდან ბოლნისის კლუბს არ უნდა ერქვას „სიონი“. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან გუნდის ქომაგები ხშირად იგინებიან და, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ფეხბურთი ამის გარეშე. მოგეხსენებათ, რას ნიშნავს სიტყვა „სიონი“, ეს არის მთა, სადაც მიიძინა დედა ღვთისმშობელმა და ყველა ტაძარი, რომელსაც ჰქვია „სიონი“, აშენებულია დედა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. ალბათ, ქომაგი არ არსებობს, რომ არ შეიგინოს, ყველა ეს ადამიანი ცოდვაშია და არ შეიძლება, ეს წმინდა სახელი ერქვას გუნდს. მოვითხოვოთ, რომ გუნდს ერქვას ბოლნისის „ბოლნისი“. ეს საკითხი მეუფესთან გავლილია, სანამ ახალი სეზონი დაიწყება, იქნებ, მოვახერხოთ და სახელი შევუცვალოთ~.
გიორგი ჩაგელიშვილი:
„ყველაზე მთავარი _ ადამიანს რომ ნიშნავ გენერალურ დირექტორად, რაღაც ხედვა ხომ უნდა ჰქონდეს ფეხბურთის განვითარებაზე, პროგრამა დროში და ფინანსებში გაწერილი ხომ უნდა იყოს? ერთ ფურცელზეც არ აქვთ. ამიტომ ბურდული არ უნდა იყოს გენერალური დირექტორი და უნდა იყოს ის, ვისაც ნორმალური პროგრამა ექნება, უნდა გამოცხადდეს კონკურსი და ვისაც უკეთესი ხედვა ექნება, ის უნდა დანიშნონ! სანამ ბურდული იქნება ბოლნისში, ფეხბურთი არ იარსებებს! ქალაქში გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, 100-დან 99 გეტყვით, რომ ბურდული უნდა წავიდეს! გაფორმებული ჰყავს ხალხი, ხელფასს აძლევს, მაგრამ სინამდვილეში არ თამაშობენ. გამგეობა იმიტომ იფარავს, რომ გამგებელი ზეწოლის ქვეშ არის. ერთ-ერთ შეხვედრაზე ყოფილი გამგებლის მოადგილემ რომ ვეღარ მოგვიშორა, გვითხრა, _ რა ვქნათ, ჩვენც გვინდოდა, რომ გაგვეშვა, მაგრამ ისეთი ხალხი ჩამოგვიყვანეს, ალყა რომ დამარტყეს, ყველა ადგილიდან ოფლი გამდიოდა, სანამ წავიდოდნენო. ისიც წნეხის ქვეშ იყო და ესენიც ასე არიან!“
გულშემატკივართა აქციის პარალელურად საფეხბურთო გუნდის თანამშრომელთა სრული შემადგენლობა შეიკრიბა. კლუბის პრესმდივანი, რომელიც განუწყვეტლივ საუბრობს ტელეფონზე და ვიღაცას ინფორმაციას აწვდის, რამდენჯერმე კითხულობს ჩემს ვინაობას. განსაკუთრებით აინტერესებს, მყავს თუ არა შვილები?(!!!)
მზია ბაღაშვილი _ კლუბ „სიონის“ იურისტი:
_ ეს ღონისძიება, რომელიც აქ ჩატარდა, არის პირად ინტერესებზე აგებული ბინძური კამპანია.
_ ვის გულისხმობთ?
_ ეს არის მიხეილ ყაველაშვილის მიერ აგორებული, ინტერნეტის საშუალებით გაჟღერდა რაღაც ბრალდებები ჩვენი კლუბის მიმართ.
_ რით დაამტკიცებთ?
_ როგორ არ დავამტკიცებ, ტელეეთერით გაჟღერდა. რაც შეეხება ბიუჯეტის მიზნობრივად ხარჯვით ნაწილს, ჩვენ მთლიანად ვფინანსდებით მუნიციპალიტეტიდან, გვაქვს ბიუჯეტიდან შესყიდვების გეგმა, ყველა გახარჯული თეთრი იტვირთება შესყიდვების ვებგვერდზე და ყველა გახარჯული თანხა მიეწოდება მუნიციპალიტეტს.
_ ქალბატონო მზია, აცხადებთ, რომ დახარჯული თითოეული თეთრი გამჭვირვალეა. აქ შეკრებილ ხალხს რომ უწოდებთ ბინძურ კამპანიაში ჩართულებს, მათ შორის, მათი ჯიბიდანაც იღებთ დაფინანსებას. თუ ყველაფერი გასაჯაროებულია, აგერ, ხელში მიკავია დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საიდუმლოა ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაცია. ამ ხალხს ხომ აქვს უფლება იცოდეს, სად მიდის მათი ჯიბიდან გადახდილი ფული?
_ თქვენ რა, ეჭვი გეპარებათ?
_ კი, მეპარება, განსაკუთრებით, რაც ეს დოკუმენტი ვნახე... ადამიანები საუბრობენ, რომ გუნდი ასეთი დაფინანსების პირობებში სავალალო მდგომარეობაშია, არამიზნობრივად იხარჯება თანხები...
_ რაც იურისტს შეეხებოდა, ყველაფერი უკვე გითხარით. შესყიდვების ვებგვერდზე იტვირთება ყველაფერი და თითოეული გახარჯული თეთრი მუნიციპალიტეტს მიეწოდება ყოველთვიურად. გამგებელს დაუსვით ეს შეკითხვა, _ რატომ მალავს ამ ინფორმაციას?..
_ აუცილებლად დავუსვამ, მაგრამ თქვენ, როგორც იურისტი, ხომ მეთანხმებით, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა?
_ კი, საჯაროა...
კითხვების დასმას „პალიტრის“ ჟურნალისტი აგრძელებს და იქვე მყოფ ბუღალტერს მიმართავს:
_ როგორც ვიცი, კლუბს ჰყავს ავტობუსი, რომელიც დიზელზე მუშაობს, მეტი მანქანა გუნდს ოფიციალურად არ ჰყავს, მხოლოდ მინდვრის საკრეჭი მანქანა გაქვთ, რომელიც ბენზინს მოიხმარს და 60 000 ლარის ბენზინი რაში დაიხარჯა?
_ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? _ აჩოჩქოლდა ხალხი.
_ „ვისოლიდან“, _ პასუხობს ჟურნალისტი.
_ ჩვენ „ვისოლში“ არ ვასხამთ ბენზინს, ტყუილს ამბობთ, მოგზავნილი პროვოკატორი ხართ, „რომპეტროლში“ ვასხამთ!
ყველა მხრიდან მოდის აგრესია. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა შეცდომა იქვე გაასწორა და თქვა, რომ მექანიკური შეცდომა დაუშვა, აგრესია ფიზიკურ თუ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ნახევარ საათზე მეტს გაგრძელდა.
პაატა აბულაძე _ კლუბ „სიონის“ ლიცენზირების მენეჯერი:
_ 8 წელია, კლუბში ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში ლიცენზირების პროცესს გავდივართ, რომელიც მოიცავს ხუთ კრიტერიუმს და ერთ-ერთი არის სტადიონი. ეს თემა ყოველთვის იყო მტკივნეული. 3-4 წლის წინ, როდესაც ზოგადად უეფას მოთხოვნები ინფრასტრუქტურაზე გამკაცრდა, სტადიონის მიმართაც ეს მოთხოვნები მკაცრდება. 3-4 წლის წინათ 4-5 კლუბს მოედანზე მიეცა შენიშვნა. ბოლნისის სტადიონი იყო ერთ-ერთი, რომლის მინდვრის ცუდი საფარის გამო ფედერაციიდან კომისია ჩამოვიდა და შენიშვნა მისცა, რომ თუ მდგომარეობა არ გამოსწორდებოდა, გუნდს უნდა ეთამაშა ნეიტრალურ სტადიონზე, ეს დოკუმენტურად დადასტურებულია. სანამ ბურდული ამ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, ეს საკითხი უკვე იდგა. ყველა მონდომებულია, რომ გუნდი დაბრუნდეს ბოლნისში და ამაზე მუშაობა მიდის. ორ კვირაში ველოდებით ფედერაციიდან კომისიას და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. ყოველი წლის ბოლოს უმაღლესი ლიგის მონაწილე გუნდებს ერიცხება ჭაბუკთა ფეხბურთის განვითარების თანხა _ 54 000 ლარი. ყველა გუნდს საკუთარ სტრუქტურაში ჰყავს თავისი ასაკობრივი გუნდი, რომელსაც სჭირდება კვება, ეკიპირება, ბურთი, მივლინება... როდესაც კლუბს ბიუჯეტი უმტკიცდება, ჭაბუკთა თანხა გაწერილია. როდესაც ამბობენ, რომ თანხა ბავშვებზე არ იხარჯება, ეს არის თითიდან გამოწოვილი. კვება თუ ტრანსპორტირება, ეს ყველაფერი კლუბში იდეალურად არის და ვერავინ იტყვის, რომ მათ რამე აკლიათ.
_ აქ რომ ყველა თანამშრომელი ხართ შეკრებილი, რას ნიშნავს, კონტრაქციაა?
_ მე პირადად სამსახურში ვიყავი, დღესაც ვმუშაობდით, ყური მოვკარით, რომ აქცია ტარდებოდა და მოვედით, რომ გაგვეგო, რა ხდებოდა. ამით რა დავაშავეთ? თქვენ რისი თქმა გინდათ?
_ სანამ აქცია დაიწყებოდა, მე თვითონ დავინახე ადამიანი, რომელიც ტელეფონით ურეკავდა ხალხს და ეუბნებოდა, რომ დარეკეს, ხალხი გამოიყვანეთო...
_ არანაირი ორგანიზება და მობილიზება არ ყოფილა...
იქვე ასაკოვანი მამაკაცები დგანან. ერთ-ერთი ვაჟა ავქოფაშვილია, რომელიც მეუბნება, რომ ბოლნისში საფეხბურთო კლუბის დაარსების დღიდან თამაშობდა: „ცოტა ხანს პრეზიდენტიც ვიყავი, რატომ მაშინ არ ვჭამდი ფულს?! მერე ჩემი მეგობარი იყო და ასე... ახლა იმიტომ ყვირიან, რომ ის ჩამოვა და... იცით, რატომ არიან ეგენი ასეთ დღეში? მანდ ვინც ყვირის, მაგათი შვილები გაფორმებულები არიან გუნდში, ბურთისთვის ფეხი არ დაურტყამთ და ბუცი არ ჩაუცვამთ, 200 ლარს იღებენ, ზოგი 500 ლარს... ზოგი უფრო მეტს... ზოგი სახლში ზის, გიტარას უკრავს, ისიც ხელფასს იღებს... ახლა გეტყვით, როგორ შეკრიბა ბურდულმა გუნდი _ დადგა რუსთაველზე, შეხვდა ნაცნობი, ეუბნება, _ ბიჭო, სად ხარ, რამდენი ხანია არ მინახიხარ, შენ ხომ ბურთი გაგიგორებია, წამო ბოლნისშიო... ძმაკაცურად კი, კარგ საქმეს უკეთებს, მაგრამ ვის ფულს აძლევს?! კორესპონდენტები ჰყავს იქ, კლდიაშვილი და ვიღაცები, სტადიონზე სხედან, გორშია თამაში და მიდი, მიდის ყვირიან. გორელები ამბობენ, ამ ბოლნისელებს რა დაემართათო? ყვირიან, მიდიიი!.. ამ დროს ააცილა ბურთი, ესენი ყვირიან, _ ნუ გეშინია, გამაზა, გამაზააა... ამის შემდეგ ბოლნისს დაარქვეს _ „გამაზა“.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გოგი მეშველიანს დაუკავშირდა:
_ პირველ რიგში მოგახსენებთ იმას, რომ თითქოს ზეწოლას განვიცდი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ლადო ბურდულთან ერთად დასახული გვაქვს საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონის“ სამომავლო განვითარების გეგმები. ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარებულია, ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გუნდი ბოლნისს დაუბრუნდეს, აქ ჩატარდეს თამაშები თუ ვარჯიშები. ასევე ვცდილობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ ჩვენი ბიუჯეტით ვერ გავწვდებით და გვინდა მოვიზიდოთ თანხები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან. ჩემი აზრით, გულშემატკივართა გულისწყრომა გამოიწვია იმან, რომ თამაშები ბოლნისში არ ტარდება და გარკვეული გაუცხოება მოხდა მათსა და გუნდს შორის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა ინფორმაცია მაქვს, ამის უკან დგას თუ არა მიხეილ ყაველაშვილი? _ ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ყველაფერს ვამოწმებთ. გეთანხმებით, მე და ბატონი მიშა ვართ პარალელურკლასელები, მეგობრები და ის ჩემს საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა, მან გამიკეთა წარდგინება. თუმცა, როგორც გითხარით, ყველაფერს გადამოწმება უნდა და ჩვენც შესაბამისად ვიქცევით.
„ქრონიკა+“-სთან საკუთარ პოზიციას აფიქსირებს ლადო ბურდული:
_ მადლობას მოგახსენებთ, რომ აზრის დაფიქსირების საშუალება მომეცით. ბევრი ჟურნალისტი ცალ მხარეს უსმენს და უკვე გაფასებთ ამის გამო. ჩემი დანიშვნის დღიდან, 2003 წლის 10 იანვარს, დავინიშნე კლუბის აღმასრულებელ დირექტორად. ჩემს მეუღლეზე რომ გაიჟღერა, მისი სამსახურით სარგებლობსო, მაშინ ის არ მუშაობდა შს სამინისტროში. მე ამ პოზიციაზე მოვხვდი ჩემი სპორტული მიღწევებით, ავიღე უაფას ლიცენზია და ამის მერე მქონდა უფლება, სპორტულ დირექტორად და მთავარ მწვრთნელად მემუშავა. „ნაციონალების“ დროს იყო გამგებელი დაუშვილი, რომელმაც კლუბში მიმიწვია სამუშაოდ სპორტულ დირექტორად. მანამდე 3 წელი იყო გენერალური დირექტორი, რომელიც რაღაც ფინანსური ხარვეზების გამო გაათავისუფლეს და მე შემომთავაზეს გენერალური დირექტორობა. პირდაპირ ვაცხადებ: დანიშვნის მეორე დღიდან მიხეილ ყაველაშვილის მეგობრები მოვიდნენ ჩემთან, ეს გახლავთ ჩვენი თანამშრომელი დოლიძე, მეორე ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და თავს შევიკავებ დასახელებისგან, იმ გუნდიდან, რომელიც მე მივიყვანე. ეს არის 2003 წელი და მითხრეს, რომ უნდა გადადგე და მიხეილ ყაველაშვილი უნდა მოვიდესო. ახალი მისული ვარ, ჯერ ჩემს მოღვაწეობას ვერანაირად შეაფასებ, ვერც ცუდს იტყვი და ვერც კარგს. ვუთხარი: დამსახურებებით ვილაპარაკოთ თუ რით, მე ლიცენზირებული ვარ, ამ ხალხმა ნდობა გამომიცხადა-მეთქი. ამაზე იყო დიდი კამათი, დავალება ყაველაშვილის მეგობრებისგან, რომლებიც ძალიან დიდ თანამდებობებზე მუშაობდნენ, არ დავასახელებ, გადმომცეს მათი დანაბარები. მე ადამიანისგან მიჩვეული ვარ ასეთ მოქცევას, ეს არ იყო პირველი. 3 წელი გავიდა, რაც ამ კლუბში ვარ, მანამდე ბატონ ყაველაშვილს და მის სამეგობროს იგივე მოუვიდათ გორის „დილაში“. იგივე შეიძლება ვთქვა ფეხბურთის ფდედერაციის თემაზე, ყველგან ცდილობს ეს ადამიანი, რომ ასე დაიმკვიდროს ადგილი. მისი მხრიდან მიჩვეული ვარ ჰაერიდან წამოსულ ბრალდებებს, საზოგადოებაც ისე მიაჩვია ამას, რომ სერიოზულად აღარავინ უყურებს. აღარ არის ის დრო, იმიტომ წავიდა ის მთავრობა, რომ ასეთი რამეები არ უნდა მოხდეს და არც ხდება. მე ჩემი სპორტული მიღწევებითა და ჩემი ცოდნით დამნიშნეს.
რაც შეეხება სტადიონის ამბავს, ყოველ წელიწადს ვაგზავნი ფეხბურთის ფედერაციაში, რომ ჩამოვიდნენ და შეამოწმონ. თუ შებრძანდებით ჩვენს საიტზე, იქაც არის ინფორმაცია, სურათებიც, თუ რა მდგომარეობაშია მოედნის საფარი. ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მინდვრის საფარი არ შეესაბამება სტანდარტებს. რომ მაბრალებენ, ბურდულს არ უნდოდა იქ თამაშიო, ეს არის შავი პიარი. გვაქვს უამრავი წერილი ფეხბურთის ფედერაციიდან, ოფიციალური პასუხები და რაც ყაველაშილმა განაცხადა, ეს არის დიდი აბსურდი. წინა გამგებლის დროს იყო პროექტი, რომ უნდა გაკეთებულიყო სტადიონი, თანხაც გამოიყო, ამგრამ სრული პროექტი ვერ დადეს, ვადებში ვერ ჩაეტიენ. მილიონ 200 000 უკან წაიღო ინფრასტრუქტურამ. ახლა ეს გამგებელი მართლა ცდილობს ამის მოგვარებას. საქართველოში ასეთი უბედურება მოხდა და როგორი ადამიანები უნდა ვიყოთ, რომ მთავრობას მივაკითხოთ ფულის გამო? გაივლის დრო, დალაგდება რაღაცები და გადაწყვეტილი გვაქვს, კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართოთ ფინანსთა სამინისტროს, რომ იქნებ კიდევ მოგვეცეს შანსი, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და ფეხბურთელები დაუბრუნდნენ ბოლნისს.
რაც შეეხება ფინანსებს, თითო თეთრზე ვარ პასუხისმგებელი, ყველაფერი 3 წლის განმავლობაში არის ხელშეკრულებებით, მიღება-ჩაბარების აქტებით და საბანკო გადარიცხვებით. ყოველ წელს ტარდება აუდიტორული შემოწმება, ამას დამატებული ჩვენი ფულის მოძრაობის შესახებ ყოველწიურად მიდის დოკუმენტაცია გამგეობაში. თქვენ როგორ გგონიათ, ერთი თეთრი რომ გვქონდეს არასწორად დახარჯული, აუდიტორული კომპანია რას იზამდა? იქ გაიჟღერა, რომ 60 000 `ვისოლშია~ გადარიცხული და მანქანა არ გყავთო. ასეთ შემთხევვაში, შეგიძლია იქირავო. 4-5 მანქანა ხელშეკრულებით არის აყვანილი, ამათთვის იყო გამოყოფილი 100-150-200 ლარი საწვავის თანხა ხელშეკრულებებით და არა ხელზე თანხის მიცემით და ტალონებით. ესეც გამჭვირვალეა. შესაბამისად, უდიდეს ტყუილთან გვაქვს საქმე.
შეიძლება კახი კალაძისნაირად არ მითამაშია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრის გული ნამდვილად მოვიგე, როგორც მიშამ. ეს ბინძური კამპანია რად უნდა? კლუბში რომ დაინიშნო, აუცილებლად გჭირდება უმაღლესის დიპლომი უეფას მოთხოვნით. ვთქვათ, გოგიტა მეშველიანს დაენიშნა მიშა ყაველაშვილი დირექტორად, გუნდი ვერ გაივლიდა უეფას ლიცენზირებას იმიტომ, რომ იქ უნდათ უმაღლესის დიპლომის მქონე ადამიანი, მიშას ეს არ აქვს. შესაბამისად, გუნდს ავტომატურად მოხსნიდნენ. ამ ეტაპზე მისი თანამდებობაზე დანიშვნა არ შეიძლებოდა. მე მინდოდა, რადგან ბოლნისელია, მაგ ადამიანთან მეთანამშრომლა და დამენიშნა მთავარ მწვრთნელად, მაგრამ არ აქვს გავლილი უეფას ლიცენზირების სამწვრთნელო კურსები, რაც მე გავიარე. 3 წელია, მანდ ვსწავლობ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიღებდი ლიცენზირებას. ამიტომ მიშას ვერც მწვრთნელად, ვერ სპორტულ დირექტორად ვერ დავნიშნავდით, ვერც მთავარ მწვრთნელად იმუშავებს, რადგან ეს კურსები არ გაუვლია. ადმინისტრატორს და ფანკლუბის წევრობას ამხელა განათლების კაცს ხომ ვერ შევთავაზებდით? ეს სიმართლე უნდა იცოდეთ, რომ ვიღაცას არ მოეჩვენოს, აფერისტებთან გვაქვს საქმეო. მერე მკითხველმა გაარჩიოს, ვინ იტყუება და ვინ _ არა.
შემეჯიბროს ბარე ორი ბოლნისელობაში, სამი წლის განმავლობაში ტანსაცმელი 50 პერსონაზე პირველი მოსვლის წელს „მადნეულს“ ვაყიდინე 50 000 ლარის, არა ბიუჯეტის თანხებით, ჩემ მიერ სპონსორებისგან მოძიებული თანხებით, უამრავი ბურთი, ბუცი ვაყიდინე სხვადასხვა კომპანიას, ბოლოს 40 კაცზე „ადიდასის“ ჩანთიდან დაწყებული და სამი სათამაშო ფორმით, პირადად მე ვიყიდე და ბოდიშის მოხდით, მინდა ერთი კითხვა დაუსვათ ყაველაშვილს: მე ვიცი, კახა კალაძე სამტრედიის გუნდს უანგაროდ ეხმარება და ამხელა რამეს უკეთებს, ზურა ხიზანიშვილი, რომელიც „რეინჯერში“ თამაშობდა, „დინამოს“ სკოლაშია გაზრდილი და მთელ „დინამოს“ ფორმებს უგზავნიდა, ძმებ არველაძეებს თავიანთი ფონდი აქვთ შექმნილი და სკოლაში, სადაც გაიზარდნენ, ამდენ ამუნიციას ყიდულობენ და მიხეილ ყაველაშვილს თუ ერთი ბურთი ან ერთი ფორმა გამოეგზავნა თავისი ქალაქის გუნდისთვის, ბავშვებისთვის, მაშინ მითხარით, რომ ტყუიხარო. ჯერ უნდა ისწავლო, რაღაც გააკეთო, მერე მოხვიდე და მოითხოვო ოფიციალურად დანიშვნა.
„ქრონიკა+“ მიხეილ ყაველაშვილს დაუკავშირდა:
- არ ვიცი, რამდენად ხართ საქმის კურსში ჩემი მოღვაწეობის შესახებ, საიდან და რაზე დაიწყო ჩემი პროტესტი, თუნდაც კონფლიქტის შექმნა, რომ განაწყენდნენ და საპასუხო რეაქციები ჰქონდათ, თუ არ ვცდები, 2007 წლიდან. ფეხბურთის გულშემატკივარმა საზოგადოებამ და არა მარტო მან, კარგად იცის ჩემი ნებისმიერი ნაბიჯი, _ ვის ვებრძვი, რატომ და რა მიზნით. ეს ბრძოლა არ დამთავრებულა და დღემდე გრძელდება. ეს ეხებოდა ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნებს, როცა ჩვენი თანაგუნდელი აირჩიეს, შემდეგ კი, ხელისუფლების უხეში ჩარევით, გადაირჩიეს. იმ დღიდან ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია „ჩვენი ფეხბურთი“ და ეს პროცესი პოლიტიკურ პროცესში გადაიზარდა. ისე აღიქვეს, როგორც ხელისუფლებასთან დაპირისპირება. ყველამ იცის ჩვენი პრინციპი, ღირსება, ასე გრძელდება ამ წლების მანძილზე და ერთი წამითაც არ დაგვირღვევია. რატომ ვახსენე ინტერვიუში ბურდული, მართლა, გულისტკივილით? ჩემთან შედარებით პატარა ბიჭია, მაგრამ ჩვენს დროს დაიწყო თამაში, ნაკრებშიც იყო, ჩემს კოლეგად მიმაჩნდა ფეხბურთიდან გამომდინარე. ინტერვიუშიც ვთქვი, რასაც ვებრძვი და აუცილებლად მივაღწევ იმას, რომ აღმოიფხვრას კატასტროფული მდგომარეობა ეროვნულ ჩემპიონატში, სადაც წლებია, ის მოღვაწეობს და მთელმა საქართველომ იცის გაპარტახებულ ჩემპიონატში კორუფცია, გარიგებული თამაშები და საშინელი ფაქტები რომ ხდება. ამის წინააღმდეგ ძალიან ბევრი საუბარი იყო და ის ფიგურირებდა ამ ჩემპიონატში. რაც შეეხება ბოლნისს, გულშემატკივარი მესამე წელია ელოდება მათ ქალაქში თამაშის ჩატარებას. ინტერვიუში ვახსენე, რომ ბოლნისში ამის შესაძლებლობა იყო, რომ ჩატარებულიყო თამაშები, ბიუჯეტი საკმარისი გახლდათ, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულიყო. ყველაფერი ხდება ხელოვნურად. ეს ადამიანი ჩემზე რომ ლაპარაკობს, სასაცილოა.
ჩემი გზა ყველასთვის ცნობილია, გადაავლონ თვალი ქრონოლოგიას, რას და რატომ ვამბობდი, არც არასოდეს გადამიხვევია ამ პრინციპისთვის. ეს არ არის ერთ-ერთი, მაგრამ მთავარი კომპონენტია, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება და რაზედაც ვამახვილებ ყურადღებას, დაკნინებული და ცუდ მდგომარეობაში რომ არის. ამ ყველაფერზე გულის ტკივილით ვლაპარაკობ და მინდა, ბურდული გონს მოეგოს, თორემ ასე დიდხანს არ გაგრძელდება! მე თუ ერთი ბურთი არ ჩამიტანია და ბოლნისელები ჩემ მიმართ ცუდად არიან განწყობილნი, სასაცილოა! მაგასაც უახლოეს დღეებში დაინახავს, ძალიან დიდ მხარდაჭერას ბოლნისელებისა და მერე მიხვდება, რომ აბსოლუტურად უსარგებლოა მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ძალიან დიდი ხანია, პრესითა და ტელევიზიით ვამბობ, რომ უნდა შეიცვალოს ფეხბურთის ფედერაცია და ჩვენი გუნდით უნდა მოვიდეთ, მქონდა პრეზენტაციაც და ვერ დავალ ახლა ბურდულის დონეზე, რომ ვეკინკლავო, ბოლნისში მინდა თუ არა თანამდებობა. მე რომ ბურდულისნაირად მოვქცეულიყავი, გინდა „ნაციონალების“ დროს, გინდაც ახლა, არასდროს გამიჭირდებოდა თანამდებობა, სიხარულით შეხვდებოდნენ ჩემს ასეთ ნაბიჯს, დღესაც მზად იქნებიან მაგისთვის. ნებისმიერი ჩემი გამოსვლა, ინტერვიუ, შეხედულება, საზოგადებამ ძალიან კარგად იცის, მაგას ძალიან