„ნაციონალური მოძრაობა“ რომ არც ისეთი ერთიანი და მონოლითურია, როგორც ეს გარედან ჩანს, ოთხეულის გამოყოფამაც დაადასტურა. ხმები იმის შესახებ, რომ ენმ-ში შიდაკლანობრივი ბრძოლა მიმდინარეობს, თითქმის პარტიის გაძლიერებისთანავე გაჩნდა. ზოგადად, ეს არც არის გასაკვირი, რადგან როცა პარტია სავსეა პირებით, რომელთაგანაც თითოეულზე შეგიძლია თქვა და დაწერო „ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი“, იქ თავის დამკვიდრებაც ძნელია და გამორჩეულობისთვის ბრძოლასაც თავისი ხიბლი აქვს.
ენმ-ს ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, ბევრ ახალ სახესთან ერთად, კიდევ ერთი წარმოჩინდა _ გიორგი ვაშაძე. ვაშაძეს თავის მოსაწონებლად იუსტიციის სახლთან და რეესტრთან დაკავშირებული ცვლილებები ჰქონდა და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ამ რეფორმების მთელმა სიმძიმემ სწორედ მის ზურგზე გადაიარა. მაგრამ, შესაძლოა, რეფორმის მამა იყო და არ ჩანდე. ვაშაძეც მაინცდამაინც არ ჩანდა, სანამ თვითონ არ გადაწყვიტა, ჩრდილიდან გამოსულიყო.
პარლამენტში მოხვედრისა და უმცირესობაში დამკვიდრების შემდეგ გიორგი ვაშაძემ ნელ-ნელა დაიწყო აქტიურობა. ამისთვის მან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღი _ „ფეისბუქი“ გამოიყენა: წერდა სტატუსებს, მოსაზრებებს, შეფასებებს და, ალბათ, რეაქციასაც აკვირდებოდა. რეაქცია კი, რასაკვირველია, იყო, რადგან მაშინაც და ახლაც ენმ-ს მომხრეები თავიანთი პარტიის სახეებისგან სწორედ ამას ითხოვდნენ და მოელოდნენ _ აქტიურობას.
გიორგი ვაშაძე კიდევ უფრო გამოირჩა, როცა ენმ-მ პირველი დიდი, უკვე ოპოზიციური პარტიის ეგიდით გამართული მიტინგი ჩაატარა _ დიახ, 19 აპრილს! მიტინგის მართვის სათავეები მაშინ გიორგი ვაშაძემ აიღო ხელში და, როგორც აღმოჩნდა, ამ ამოცანას არცთუ ურიგოდ გაართვა თავი. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ მიტინგის მერე წერდნენ სოციალურ ქსელებში, რომ ენმ-ს ახალ სახეებს მეტად უნდა დაეთმოს ასპარეზი და მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. ამ განხილვებმა ვაშაძე კიდევ უფრო მეტად შემართული გახადა.
არც თანაპარტიელები მალავენ და შორიდან დაკვირვებაც ცხადჰყოფს, რომ გიორგი ვაშაძე არ არის დაცლილი პატივმოყვარეობისგან და ცოტათი იმ კომკავშირელ ლიდერსაც ჰგავს, რომელიც თავის გამოჩენისთვის ყველაფერს აკეთებს, ზოგჯერ ისეთ რამესაც, რაც თვითონ არ მოსწონს. ბუნებრივია, გიორგი ვაშაძეს იმის იმედიც ჰქონდა, რომ მერის არჩევნების დროს კანდიდატი სწორედ ის იქნებოდა, მაგრამ ამ გათვლაში შეცდა _ ნიკა მელია ამჯობინეს!
როგორც ახლა კულუარებში ამბობენ, ეს გადაწყვეტილება მაშინ სააკაშვილი-ბოკერია-უგულავას ტრიომ ვაშაძის მზარდი ამბიციის მოსათოკად მიიღო. შედეგმაც არ დააყოვნა: გიორგი ვაშაძე მიხვდა, რომ იმ ეტაპზე მისი პოზიციები არცთუ მყარი და საიმედო იყო, დარდი გულში ჩაიბრუნა და თანაპარტიელების მიმართ წყენა არც გამოუთქვამს, გადაწყვიტა, თავის დროს დალოდებოდა.
მეორედ ვაშაძისთვის მაშინ აკიაფდა იმედის ვარსკვლავი, როცა „ნაციონალებს“ უკრაინის „პრასვეტი“ გაუჩნდათ. ვაშაძე ბევრს აქტიურობდა _ უკრაინაშიც იყო ჩასული, იუსტიციის სახლის გამოცდილებაც ჩაიტანა და იქ ხალხისთვის გაზიარებაც დაიწყო, მას იწვევდნენ ტელევიზიებში, ეკითხებოდნენ აზრს, მაგრამ, საბოლოოდ, არც უკრაინა აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც ვაშაძე დამკვიდრდებოდა...
ჭკვიანს უთქვამს, შუბი ხალთაში არ დაიმალებაო და ასეც მოხდა: ვაშაძის უკმაყოფილება გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა დისტანციაც ენმ-ს ვერტიკალთან. ნელ-ნელა _ ჯერ შეუმჩნევლად, ბოლოს კი შესამჩნევად, სოციალურ ქსელში ვინაობის დაუსახელებლად კენწვლითმა სტატუსებმა როგორც ვაშაძის მხრიდან, ასევე ვაშაძის მისამართით, აქტიური ხასიათი მიიღო. თუმცა დაპირისპირების აფიშირება ჯერ ისევ არაა მომხდარი. ვინც ენმ-ს შიდა კულუარებში ჩახედულია, ყველამ იცის, ვის გულისხმობს, მაგალითად, თამარ ჩერგოლეიშვილი, როცა „პარტიაში კომკავშირის მდივნის სტილის“ ახალგაზრდებზე წერს...
მაგალითად, ცოტა ხნის წინათ გიორგი ვაშაძემ მესამე შვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოანათვლინა. აი, ასე _ ჩადგა რიგში უამრავ ადამიანს შორის და ეახლა პატრიარქს ბავშვით ხელში. ამ პოპულისტურმა ნაბიჯმა და ნაბიჯების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებამ `ფეისბუქზე~ მას უამრავი ლაიქი, გული, მოსიყვარულე კომენტარი და თანამებრძოლთა ირონიული ღიმილი მოუტანა.
ყველა მიხვდა, რომ ეს პოპულისტური ნაბიჯი იყო, მაგრამ ენმ-ში ვაშაძე მაინც გაკენწლეს _ პატრიარქი ისეთ განცხადებებს აკეთებს, ჩვენ ვაკრიტიკებთ ან არ ვეთანხმებით ფარულად და შენ მაგასთან რამ მიგიყვანაო? შედეგად ვაშაძე, თავის მხრივ, გაბრაზდა და ერთ დახურულ სხდომაზე თქვა, ზოგზოგიერთების ოჯახის წევრები პატრიარქის რეიტინგს ანგარიშს რომ არ უწევენ და აკრიტიკებენ, ეს ენმ-ს ელექტორატს უკარგავსო. გიგა ბოკერია, ცხადია, მიხვდა, ვის ბაღჩაში ისროდნენ ჭოლოკს, მაგრამ იქ ხმა არ ამოუღია, მეორე დღეს კი „ფეისბუქზე“ თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსი გაჩნდა _ აუტანელ, კომკავშირის მდივნის სულისკვეთების სახეებზე პარტიაში _ კონკრეტიკის გარეშე.
ჩერგოლეიშვილი დამცინავად წერდა, რომ „ზოგიერთი კომკავშირელი ლიდერი“ მიიჩნევს, თითქოს მისი და მისი მეგობრების არგუმენტირებული კრიტიკა პატრიარქის მისამართით ხელს უშლის ენმ-ს რეიტინგის ზრდას. ნიშანდობლივია, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა ეს სტატუსი „ფეისბუქზე“ ინგლისურ ენაზეც დაწერა...
დაბოლოს, ყველაზე ხელჩასაჭიდი ფაქტი იმისა, რომ გიორგი ვაშაძეს თანაგუნდელები „ტისკავენ“ _ ორ ინტერნეტმედიაგამოცემაში, ერთი დღის განსხვავებით, გამოჩნდა „მამხილებელი“ სტატია გიორგი ვაშაძის ციტატებით, ოღონდ, დამკვეთებმა ვერ გათვალეს, რომ სხვადასხვა საიტის ორი, სხვადასხვაგვარად მოაზროვნე ჟურნალისტი, ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ ვაშაძის ციტატებს ერთნაირ წანამძღვარს, ანუ ლიდს ვერ გაუკეთებდა _ მოკლედ, ის იაღლიში გაიმეორეს, ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამ ტელევიზიაში რომ სამივე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი ტექსტი წაიკითხეს... აი, სქრინიც და მთლიანად, ეს სტატიაც, რომელიც ვაშაძის რეიტინგის წინააღმდეგ იყო მიმართული:
`ნაციონალური მოძრაობის~ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, უშვებს, რომ მისი თანაგუნდელები დანაშაულებისთვის სხედან ციხეში? მისი ლოგიკით პასუხისმგებლობა შესაძლო დანაშაულებებზე, პარტიაზეა, თავად კი არაფერ შუაშია, რადგან ის ახალი სახეა~. ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა:
„თქვენ, გიორგი ვაშაძე, ემიჯნებით თუ არა იმ სისტემურ დანაშაულს, რომელშიც ბრალდებული არიან დღეს თქვენი თანაგუნდელები?
_ პირადად ვამბობ, რომ ყველა დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში, ეს ცალსახაა. ვფიქრობ, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა პასუხიც აგეს გარკვეულ დანაშაულებთან დაკავშირებით და დღესაც არიან გამოძიების ქვეშ, მაგრამ სპეკულაციები დანაშაულთან დაკავშირებით, ეს არის მეორე მძიმე დანაშაული. თუ შენ ადამიანს ვერ უმტკიცებ ბრალს, ის ადამიანი არის უდანაშაულო და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. რაც შეეხება გამიჯვნას, როგორ შეიძლება ვთქვა, რომ თანამონაწილე ვარ ყველა იმ პროცესის _ მე არ ვიყავი თანამონაწილე და ამას ვერც ვიტყვი.
თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მე ამაზე პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. მოდით, ეს ღიად ვთქვათ, დასამალი არაფერი არის, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ მოძრაობას, ეს პასუხისმგებლობა აქვს და ამძიმებს კიდევაც ეს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, დამნაშავე იყავი თუ არა, ყველა ერთ ქვაბშია მოხარშული, მათ შორის, ჩვენი მხარდაჭერები.
მაგრამ ამის საპასუხოდ ჩვენ იგივე კი არ უნდა გავაკეთოთ, პირიქით, უნდა გადავაბიჯოთ ამ ყველაფერს და უნდა დავიწყოთ სრულიად ახალი განვითარების ეტაპი, როცა ვიტყვით _ მეგობრებო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევრიგდეთ, ჩვენ არ ვართ იმდენი, რომ ნახევარი საქართველო დაპირისპირებული იყოს მეორე ნახევართან. ჩვენი მთავარი მტერი არის ჩვენგან ჩრდილოეთით. ამას სჭირდება ერთიანობა და ერთიანი მიდგომა. ჩვენი მტერია გაჭირვება და ეკონომიკური პრობლემები. ამიტომ ჩემი ინიციატივები იქნება უფრო მკვეთრი და უფრო მკაფიო“.
რასაკვირველია, მხოლოდ ეს არ არის: არსებობენ კიდევ ე. წ. ბოტები, ანუ სპეციალური მისიით, კომენტარების საწერად დარეგისტრირებული (რა თქმა უნდა, მოგონილი გვარ-სახელებით) მომხმარებლები, რომლებსაც ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მისი მუდმივად `ამოწევა~ დაევალათ _ მოგეხსენებათ, სტატია რაც უფრო განხილვადია, მით უფრო მეტხანს ჩანს `ფეისბუქის~ ნიუსფიდში და მით უფრო მეტი ადამიანი კითხულობს...
ვაშაძეს არც ამ ნაბიჯზე ჰქონია მწვავე რეაგირება. ის ისევ დუმს, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, სამომავლო გეგმებზეც ფიქრობს. უახლოეს პერიოდში გიორგი ვაშაძე სიტუაციის „გაიასნებას“ მიხეილ სააკაშვილთან აპირებს, რომელიც ჯერ ვერ იღებს _ ვერ იცლის. თუ სიტუაცია არ გაირკვევა, შესაძლოა, ვაშაძემ ინანოს კიდეც, რომ ოთხეულთან ერთად პარტიიდან მის შესაძლო წასვლაზე მკვეთრად უარყოფითი კომენტარი გააკეთა. მათთან არშეერთებაც უფრო ვაშაძის ამბიციურობითაა განპირობებული. იმ ამბიციით, რომელიც ლიდერად ზურაბ ჯაფარიძეს ვერ აიტანდა. მაგრამ, აი, სულ სხვაა ირაკლი ალასანია _ უფრო მეტი გამოცდილებით, სტაჟით _ ასეთი ადამიანის პირველობის მიმართ პროტესტი ვერ გექნება... ვნახოთ, ამჯერად სად წაიყვანს გიორგი ვაშაძეს ხალხური სიბრძნის: „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“ გათვალისწინება?
მარიამ ბალანჩივაძე