QronikaPlus
ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში კომპანიასთან ხელშეკრულება კვლავ უტენდეროდ გააფორმეს

ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში კომპანიასთან ხელშეკრულება კვლავ უტენდეროდ გააფორმეს

2015-07-03 13:05:28

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „თბილისი 2015-ის“ სამზადისის შესახებ ანგარიში მოისმინა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საორგანიზაციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი და „თბილისი 2015-ის“ საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ისაუბრეს ოლიმპიურ ობიექტებზე მიმდინარე დასკვნით სამუშაოებსა და განხორციელებულ პროექტებზე. კომისიის წევრების განმარტებით, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების მიუხედავად, ოლიმპიადისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. „თბილისი 2015“ ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება. მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ აგრძელებს ოლიმპიადისთვის მზადების პროცესზე დაკვირვებას. ბოლო ინტერვიუში ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, ზაფხულის თამაშების მოახლოებიდან გამომდინარე, ტაიმ-აუტი აიღო და გვითხრა, რომ ოლიმპიადის დასრულებამდე ამ თემაზე განცხადებას აღარ გააკეთებდა... მაგრამ, მისივე თქმით, დედაქალაქის მერია და ოლიმპიადისთვის მზადების კომიტეტი თავისას არ იშლიან, რის გამოც `მედიატორი~ იძულებელია, მორიგი გაფრთხილებით გამოვიდეს მათ მიმართ, ვინც აქამდე გამოთქმული შენიშვნები და პრეტენზიები ერთი ყურიდან შეუშვა და მეორიდან გამოუშვა. არსებულ პრობლემატიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ ხელმძღვანელს, ლევან ხაბეიშვილს: _ ჩვენი ორგანიზაციის ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებული პირველი კვლევა თქვენი გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნდა. ვისაუბრეთ კომპანია „ჯიემსიზე“, რომელიც ორი კვირით ადრე, 23 მარტს დაფუძნდა და უკვე 6 აპრილს 600 ათასამდე ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმეს. ეს ითვალისწინებდა წერეთლის გამზირზე #95ა-ში მძლეოსნობის დარბაზის ვენტილაციასა და კონდიცირებას. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი „ქრონიკა+“-ით გასაჯაროვდა, ახალგაზრდულმა კომიტეტმა აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა. ოღონდ ძალიან საინტერესოა ამ ხელშეკრულების გაუქმების დოკუმენტი _ თურმე, ორივე მხარემ ასე გადაწყვიტა და შეთანხმება, უბრალოდ, გაანაულა. ამას რამე მიზეზის დასახელება კი არ ახლავს, რომ კომპანია დაკისრებულ სამუშაოს არ ასრულებს და ა. შ., უბრალოდ, თურმე, ასე შეთანხმდნენ და აღარ სურთ ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება. რეალურად კი ეს მოჰყვა იმ საჯარო ინტერვიუს, რომელიც თქვენთან ჩავწერეთ. აქ საინტერესო კიდევ ისაა, რომ ხელშეკრულება 15 აპრილს გაუქმდა, მაგრამ, რეალურად, კომპანიას ეს შეთანხმება უფრო გვიან გაუწყვიტეს... ანუ ეს ჩვენი ინტერვიუს შემდეგ მოხდა და, უბრალოდ, 15 აპრილით დაათარიღეს. აქ ლოგიკურად რამდენიმე კითხვა იბადება: 1) რატომ გაუფორმეს 600-ათასლარიანი ხელშეკრულება კომპანიას, რომელიც მანამდე ორი კვირით ადრე იყო დაფუძნებული? 2) თუ გაუფორმეს, მერე ასე, მიზეზის საჯაროდ დასახელების გარეშე რატომ შეუწყვიტეს ეს ხელშეკრულება? ამის შემდეგ მსგავსი მოვლენები კიდევ ვითარდება _ 15 აპრილის მერე წერეთლის #95ა-ში, მძლეოსნობის დარბაზში, იგივე სამუშაოზე 8 ივნისს უკვე სხვა კომპანიას, ასევე ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, გაუფორმეს ხელშეკრულება. აქ ეჭვზეც აღარ არის საუბარი და დასაბუთებით შეგვიძლია ვისაუბროთ. ფაქტია, რომ ტენდერი არ გამოაცხადეს და საქმე ისევ ერთ პირთან მოლაპარაკებით გააკეთეს. თუნდაც 15 აპრილიდან 8 ივნისამდე თითქმის ორი თვეა, ამ ხნის განმავლობაში ტენდერსაც გამოაცხადებდნენ და რომ ჩაშლილიყო, კიდევ მოასწრებდნენ მის გამოცხადებას და შედეგის მიღწევას. ამ დროს ეს ხალხი, ტენდერების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტი, მას არანაირად არ ატარებს და, სადღეისოდ, უკვე 40 მილიონ ლარს აღემატება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა. ეს კომპანიაც, რომელსაც 8 ივნისს გაუფორმეს ხელშეკრულება, რამდენიმე თვით ადრეა დარეგისტრირებული. დაფუძნების თარიღი გასული წლის 12 სექტემბერია. არანაირი გამოცდილება არ აქვს აღნიშნულ სამუშაოში როგორც იმ კომპანიას, რომელსაც მანამდე გაუწყვიტეს ეს ხელშეკრულება. შეთანხმება 8 ივნისს გაფორმდა, უკვე ივნისის ბოლოა; დღეს (24 ივნისი) კიდევ ვიყავით მისული იმ დარბაზში და გადავამოწმეთ, არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა. არადა, 23 ივლისს უკვე უნდა ჩაბარდეს აღნიშნული სამუშაოები. ორი ვარიანტია: თუ რაღაცნაირად მოხდა და სამუშაოების შესრულება მოასწრეს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ძალიან უხარისხოდ გაკეთებული საქმე იქნება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები აბსოლუტურად დარღვეულია. რაზეა საუბარი?! _ დარბაზში ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების დაყენება საერთოდ არ დაწყებულა. აღნიშნული კომპანია სრულიად გამოუცდელია ამ სამუშაოების წარმოებაში. შესაბამისად, ოლიმპიურ კომიტეტში კორუფციის კლასიკური მაგალითია. ამის დამადასტურებელია ჩვენს ხელთ არსებული საბუთები: პირველი ხელშეკრულება გაფორმებულია 6 აპრილს, 15 აპრილს გაურკვეველი მიზეზებით გაუქმებულია; 15 აპრილის შემდეგ 8 ივნისს ფორმდება ხელშეკრულება და დადასტურებულია, რომ ამ ვადაში ტენდერის ჩატარება თავისუფლად მოესწრებოდა, დაბოლოს, ისევ გამოუცდელ, ახლად დაფუძნებულ კომპანიებს მილიონობით ლარს აძლევენ. _ მეორე კომპანიის უკან ვინ დგას და რამე კავშირები ხომ არ იკვეთება? _ მეწილე 4 ადამიანია და 25-25%-ს ფლობენ. ამ მიმართულებით, ვგულისხმობ კონდიცირებასა და ვენტილაციას, ეს ადამიანები რამე ცოდნით არ გამოირჩევიან. ჩემი ინფორმაციით, მათ დღემდე სამუშაოები იმის გამო ვერ დაიწყეს, რომ კონკრეტულ მასალას ვერ შოულობენ. რა პროექტით და ხარისხითაც უნდა შეასრულონ, კომპანია იმ მასალას, უბრალოდ, ვერ ნახულობს. შესაბამისად, სამუშაოსაც აღნიშნულის გამო ვერ იწყებს. _ მთლიანობაში რა მდგომარეობა გვაქვს ახალგაზრდული ფესტივალისთვის მზადების პროცესში? _ უამრავი სხვა სპორტული ობიექტია, სადაც მოსწრება-არმოსწრების საკითხი ასევე დგას. არა მარტო ჩვენ, ხელისუფლებაც ამას ამბობს, რომ პრობლემებია აშკარა. მოსწრებაზე დღეს ვერავინ გეტყვით რამეს. ამის გამო ძალიან ვწუხვართ. დიდი ალბათობით, დედაქალაქის მერია და ქვეყნის ხელისუფლება ოლიმპიადას საშინლად მოუმზადებელი შეხვდება. პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი დედაქალაქის მერს ეკისრება, რომლის ინიციატივითაც, ფაქტობრივად, 82 მილიონი გამოიყო 2015 წლის ბიუჯეტიდან. ჩვენ წინა საუბრისას ვთქვით, რომ ჯერ 28 მილიონი იყო, შემდეგ ცალ-ცალკე 33 და 10 მილიონი დაუმატეს. დედაქალაქის ბიუჯეტში, ბოლო ცვლილებების შეტანისას, იქაც 13 მილიონი ლარი ოლიმპიადისთვის არის გათვალისწინებული. ვიმეორებ: ათეულობით მილიონ ლარზეა საუბარი, მარტო 2015 წელს ეს ხარჯი 80 მილიონამდე ლარს შეადგენს. ეს ფული იხარჯება და იფლანგება ტენდერების გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. სერიოზული კორუფცია და ბაკჰანალიაა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ გადაურჩება. _ ამბობენ, ახალი სპორტის სასახლის დამთავრება ვერ მოესწრება და შეჯიბრებები ძველში ჩატარდებაო... _ დედაქალაქის მერმა დაადასტურა, რომ ახალი სპორტული სასახლის მშენებლობა დიდი ალბათობით ვერ მოესწრება. თუ მოესწრება, იმდენად ცუდად, რომ იქ საერთოდ ვერ ჩაატარებენ თამაშებს. შესაბამისად, თქვეს, რომ საბურთალოზე ძველ სპორტის სასახლეს დაიხმარებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ მეორე კითხვაც ჩნდება, _ თუ ძველი სპორტის სასახლეში თამაშების გამართვა შეიძლებოდა, მაშინ ამ ეკონომიკური კოლაფსის დროს რატომ აიღო ვალდებულება დედაქალაქის მთავრობამ, რომ ახალი სასახლე აეშენებინა? ეს კიდევ ცალკე თემაა, რადგან ეს ახალი სპორტის სასახლე მხოლოდ იმიტომ შენდებოდა, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა. თურმე, ვერ ასწრებენ და ალტერნატიულადაც შეიძლებოდა საბურთალოს სასახლეში თამაშების გამართვა. _ ამ ხარვეზების ღიად გამოვლენის შემთხვევაში ქვეყნის იმიჯს რა საფრთხე შეექმნება? _ სამწუხაროდ, არა მარტო დედაქალაქის, მთლიანად ქვეყნის იმიჯს შეექმნება პრობლემა. ეს საკითხი მთელი ერის პასუხისმგებლობაა და ცუდია, რომ პროცესს სერიოზული საფრთხე დაემუქრება. ძალიან არ მინდა, რომ ეს ასე მოხდეს, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ კი მიჰყავთ. ამიტომ მოწოდებული ვარ, ყველა ხარვეზზე შენიშვნა მივცე და გამოსწორებისკენ მივუთითო. ასე გაგრძელება დაუშვებელია. არ მინდა სექტემბრიდან იმაზე საუბარი მომიწიოს, თუ როგორ ცუდად ჩაიარა სპორტულმა ღონისძიებამ. თუმცა, ვეჭვობ. _ ნებისმიერ შემთხვევაში მონიტორინგს გააგრძელებთ ამ პრობლემებთან დაკავშირებით? _ ყოველდღიურ დაკვირვებას ვაგრძელებთ. დაახლოებით თვენახევრის წინათ „ქრონიკა+“-თან ვთქვი, რომ ორთვიან მორატორიუმს ვაცხადებდით ოლიმპიადასთან დაკავშირებით და მუშაობის საშუალება მივეცით, რომ მერე არ ეწუწუნათ, ხელს გვიშლიან და არასწორი ინფორმაციები ვრცელდებაო. ცენტრ „მონიტორინგს“ არც ერთი ისეთი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, რომელიც კონკრეტულ დოკუმენტებს არ ეფუძნება. მეორეც, თვენახევარზე მეტი უკვე გავიდა და იმის მაგივრად, რომ ეს ხალხი ცოტა გონს მოეგოს, კორუფციაში ბოლომდე არ ჩაეფლოს და ფულის შოვნაზე არ გადავიდეს, ისევ აგრძელებს ძველი მიმართულებით მუშაობას. შესაბამისად, ჩვენ თავს უფლებას აღარ ვაძლევთ, საზოგადოებას არ გავაგებინოთ და სიმართლე არ ვუთხრათ, თუ რაოდენ არანორმალურ, კორუმპირებულ სიტუაციაში აგრძელებს ეს ხალხი მუშაობას. თავისივე დოკუმენტაციით მთელი ორი თვე ჰქონდათ, ტენდერი გამოეცხადებინათ და ჩაეტარებინათ. მაგრამ არა, ეს ყველაფერი იმის ნიმუშია, თუ როგორ არ გამოაცხადეს ტენდერი. ასეთები ბევრია, ათეულობით მილიონ ლარზეა საუბარი. _ ამ განცხადებებზე, თუნდაც გამოქვეყნებულ ინტერვიუებზე, ცენტრალური ხელისუფლებიდან თუ არის გამოხმაურება, რომ საქმე გამოსწორდეს? _ კულუარულად საუბრობენ. როგორც ვიცი, ბოლოს სპორტული კომპლექსის მშენებლობის დათვალიერებისას პრემიერმა ღარიბაშვილმა დედაქალაქის მერს სერიოზული გაფრთხილება მისცა და მოუწოდა, რომ საქმიანობა სწრაფად გააგრძელონ. ტემპში მუშაობა იმას არ ნიშნავს, რასაც აქამდე აკეთებდნენ: როდესაც ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულებას აფორმებდნენ. ამ ფონზე ვერანაირ ვადებში ვეღარ ეტევიან, ოლიმპიადის ნორმალურად ჩატარება საფრთხის წინაშეა და შესაბამისად მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მეთაური ღარიბაშვილი ამაზე ნარმანიას საყვედურობს. ეს, საბოლოო ჯამში, კოალიცია „ქართული ოცნების“ კრახი იქნება საეთაშორისო ასპარეზე. _ შეუძლებელია, არ შევეხოთ სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოებს. როგორ მიმდინარეობს აღდგენითი პროცესები? _ ყველაზე არანორმალური და ამორალური ფაქტი ჩემთვის დედაქალაქის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებია. უკვე ვთქვით, რომ 13 მილიონი დაემატა ოლიმპიურ კომიტეტს, მაგრამ ამ ბიუჯეტში საინტერესო ის იყო, რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი რთული სიტუაციაა, ამდენი დაღუპულ-დაზარალებული ადამიანია, დანგრეული სახლები, ამხელა ინფრასტრუქტურული პრობლემებია, ამ დროს კარგად აქვთ ნაფიქრი ადმინისტრაციულ ხარჯებზე (იმის მაგივრად, რომ მარტო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე იფიქრონ). დედაქალაქის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯები ნახევარი მილიონი ლარით იზრდება. მინდა, ეს კარგად ავხსნა, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ: საუბარია ლარის კურსის ცვლილებებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე; ხელფასები და პრემიები რომ არ მოაკლდეთ, სწორედ ამის გამო, ადმინისტრაციული ხარჯი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა. ეს არანორმალური ნაბიჯია და ამაზე ხვალ-ზეგ ნარმანიას პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება. რაც შეეხება მერიის მხრიდან დედაქალაქის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, ამაში დიდი ეჭვი მეპარება. მხოლოდ თათბირები და რაღაცების დაგეგმვაა. ამას ბევრი ფიქრი არა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და მოგვარებაზე ზრუნვა სჭირდება; არა მხოლოდ ლაპარაკი, რასაც ესენი აკეთებენ. ეჭვი მაქვს, დედაქალაქის მერია წარმოქმნილ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოაგვარებს. ამხელა ტრაგედია დატრიალდა, უზარმაზარი პრობლემები გვაქვს და ყველაზე მეტს მაინც იმაზე ფიქრობენ, როგორ არ დააკლდეთ ხელფასი, პრემია-დანამატები და ა. შ. ეს ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანების მთავარი საზრუნავი საკუთარი კეთილდღეობაა.  

                                                                                                      გელა მამულაშვილი

 

გაზიარება