QronikaPlus
საჩხერის გამგებელმა საკუთარი სახელობის ფონდი დააფუძნა!!!

საჩხერის გამგებელმა საკუთარი სახელობის ფონდი დააფუძნა!!!

2015-07-03 13:00:04

2015 წელი აკაკი წერეთლის გარდაცვალების 100 წლისთავთან დაკავშირებით „იუნესკომ“ საიუბილეო წლად გამოაცხადა. წელსვე პოეტის დაბადებიდან 175 წელი სრულდება. ჯერჯერობით უცნობია, „იუნესკოს“ ამ საიუბილეო თარიღს დაამთხვია თუ არა საჩხერის გამგებელმა საკუთარი სახელობის ფონდის შექმნა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, _ მილიარდერი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ რაიონში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა „მალხაზ ბაზაძის ფონდი“ სწორედ ქველმოქმედების საბაბით დააფუძნა. ენაკვიმატ ზემოიმერლებს გამგებლის ეს ახირება ჯერ ხუმრობა ეგონათ, მერე გვარიანად გაბრაზდნენ. მალხაზ ბაზაძემ ფონდის ანგარიში ერთდროულად ორ ბანკში გახსნა, საქართველოს ბანკში ფონდის ანგარიშის ნომერია GE31BG0000000514137500, ხოლო სს „ლიბერთი ბანკში“ GE681B0115127250546000. „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო ეუბნება, რომ გამგებელი მეწარმეებსა და რაიონში მოქმედ იურიდიულ პირებს მალხაზ ბაზაძის ფონდში თანხის გადარიცხვას სისტემატურად აიძულებს. რამდენად ჰქონდა საჯარო მოხელეს საკუთარი კერძო ფონდის დაარსების უფლება და როგორ იხარჯება აქ აკუმულირებული თანხები, ეს, ალბათ, სამართალდამცველი ორგანოების ინტერესის სფეროა, მაგრამ საჩხერლები იმასაც გვეუბნებიან, რომ გამგებელს სამართალდამცველების მაინცდამაინც არ ეშინია, რადგან მას საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი, მანანა კობახიძე მფარველობს. რაიონში კი საკადრო საკითხებს, ფაქტობრივად, მაჟორიტარის ბიუროს უფროსი, ნონა ტყემალაძე განაგებს. სწორედ მისი რეკომენდაციით დანიშნულა სოფ. ჩიხაში რწმუნებულად მამალი „ნაციონალი“, გვარად ჭიღლაძე, რომლის სახლში 2012 წლის არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ბანკეტები იმართებოდაო. თუმცა ეს დანიშვნა ერთადერთი ნამდვილად არ არის. თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ოჯახის წევრებიც მოხვდნენ. საატესტაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ თანამდებობაზე დაინიშნა ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნოდარ აბჟანდაძის მეუღლე, ნანა ბარსონაძე, აქტიური „ნაციონალის“, სოსო თაბაგარის მეუღლე ია ცუხიშვილი. გამგებლის მიერ რაიონის გამგეობაში აუდიტის სამსახურის შექმნის დღიდან მის უფროსად დაინიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, ზურაბ ჯაფარიძე. ეს ხდება მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ბევრმა აქტივისტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები, მაგრამ თანამდებობებზე არ დანიშნეს. დღემდე ვაკანტურია გამგებლის თანაშემწისა და მდივნის პოზიციები, რადგან მალხაზ ბაზაძის ფავორიტებისგან ვერც ერთმა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ხოლო მათ, ვინც წარმატებით გაიარა ატესტაცია, გამგებელი წყალობის თვალით არ უყურებს. თავად ბაზაძე იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, ზაზა მეფარიშვილის პროტეჟეა. ისინი ერთად მუშაობდნენ „საქართველოს ბანკში“, მაგრამ გამგებელი დღემდე მმართველი პარტიის წევრი არ არის, თუმცა ამაყობს იმით, რომ რაიონში ივანიშვილზე დიდი გავლენა აქვს და ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება სწორედ მის პირად დამსახურებად მიაჩნია. არადა, მას არც მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების წევრები სწყალობენ. როგორც „ქრონიკა+“-ს ადგილობრივი წყარო უყვება, საჩხერეში იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის სტუმრობისას რესტორან „მევენახის სახლში“ ბანკეტი გამართულა. გუბერნატორის წასვლის შემდეგ ბაზაძეს საჩხერის საკრებულოს დეპუტატი, „კონსერვატორი“ ირაკლი ჩხიკვაძე, მეტსახელად „სოროკა“ ახირებია. სიტუაცია იმ დონემდე გამწვავებულა, „სოროკას“ გამგებლისთვის ღვინით სავსე გრაფინი უსვრია. რომ არა გამგებლის სწრაფი რეაქცია, გრაფინი მას თავზე დაემტვრეოდაო. საჩხერის გამგებელი რაიონის სტუმრებს, ცხადია, ბიუჯეტის ხარჯზე მასპინძლობს. 2015 წელს ამ საქმისთვის მას ბიუჯეტიდან 10231 ლარი დაუხარჯავს, მათ შორის, აპრილ-მაისში 6763 ლარი. მისი ყველა სუფრის უცვლელი წევრები არიან საკრებულოს დეპუტატები მარინა დემეტრაშვილი და იუზა ტყემალაძე. „მევენახის სახლში“ მომხდარი ინცინდეტი პირველი არ არის. ადგილობრივი სპორტსკოლის დირექტორი მამუკა გაფრინდაშვილი გამგებლის უპირობას ისე გაუბრაზებია, მისკენ ხელით გაწეულა. რომ არა გამგეობის თანამშრომლების დროული ჩარევა, გაფრინდაშვილი ბაზაძეს თავყბას დაალეწავდაო. საქმე კი ბესიკ ქუთათელაძის სახელობის მასშტაბური სპორტულ ღონისძიების ჩატარებას ეხებოდაო. გაფრინდაშვილს გამგებლისთვის ღონისძიების თარიღი და ხარჯთაღრიცხვა შეუთანხმებია, სპორტის სამინისტროც მოუწვევია და ბესიკ ქუთათელაძის ძმაც, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელ მალხაზ ბაზაძეს კი ბოლო მომენტში ღონისძიების დაფინანსებაზე უარი უთქვამს და ეს გაწევ-გამოწევაც სწორედ ამას მოჰყოლია. მართალია, ღონისძიების დაფინანსებისთვის ფული დაენანა, სამაგიეროდ ბაზაძე, რაიონის პირობაზე, ხელგაშლილი გამოდგა საკუთარი სამუშაო კაბინეტის რემონტის ხარჯების დაფინანსებაში. 2015 წლის 27 მარტს, #29 ხელშეკრულების საფუძველზე, ინდმეწარმე „სტანგერ ხომაშურიძემ“ გამგეობის შენობაში რემონტი დაიწყო. შუალედური აქტის საფუძველზე მას ავანსად 34 600 ლარი და 13 თეთრი ჩაერიცხა, ხოლო სამუშაოს დასრულების შემდეგ _ 35 192 ლარი და 22 თეთრი. ჯამში, გამგეობის შენობის რემონტი 69 992 ლარი და 35 თეთრი დაჯდა. არც საკუთარი სამუშაო კაბინეტის ავეჯის შესაძენად უძუნწია მალხაზ ბაზაძეს. „ქრონიკა+“-ს ადგილობრივმა წყარომ შპს „ნოვა სტილ ჯორჯიას“ „პრაისი“ მიაწოდა: რბილი ავეჯი ტყავის სამეული _ 6000 ლარი; საოფისე სკამი, ერთის ფასი 220 ლარი (ჯამში 2420 ლარი); მენეჯერის ავეჯი კომპლექტი 2380 ლარი; კარადა 1390 ლარი; პატარა მაგიდა 575 ლარი; საოფისე სკამი 250 ლარი; სავარძელი 975 ლარი; სათათბირო მაგიდა 1160 ლარი. ჯამში, გამგებლის კაბინეტის ავეჯით უზრუნველყოფა 16 640 ლარი დაჯდა. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, _ დღეის მდგომარეობით საჩხერეში ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერებულია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა წყალმომარაგების საქმეში. 2014 წლის 17 სექტემბერს სოფელ ბაჯითის წყლის მომარაგების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში მონაწილე ორივე კომპანია დისკვალიფიცირებულია და, საბოლოო ჯამში, პირდაპირი წესით გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ზიმოსთან“. აღნიშნული კომპანია თბილისშია რეგისტრირებული. მისი მესაკუთრეები არიან: 30% ქეთევან ვეფხვაძე, 35% იოსებ თარხნიშვილი, 7-7%-იან წილებს ფლობენ ზურაბ კიკნაძე, ილია ქავთარაძე, ლევან მარშანია და გია უროტაძე შპს „ზიმოს“ არცთუ ურიგო სატენდერო ისტორია აქვს. მან 2015 წელს მესტიის მუნიციპალიტეტში გზის შეკეთებითი სამუშაოების 2 116 080 ლარის ტენდერი მოიგო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გზის შეკეთებით სამუშაოებში _ 1 230 000 და 4 555000 ლარის ამავე დეპარტამენტში ხიდის განახლების სამუშაოების 4 500555 ლარისა და 2 929 440 ლარის ტენდერები აქვს მოგებული; 2014 წელს ქ. ბათუმის მერიაში მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოების ტენდერი _ 208 200 ლარი, მესტიაში შენობის დასრულების სამუშაოები _ 985688, ბათუმის მერია _ 474 000 ლარი, ქ. თბილისის მერია _ ხიდების მშენებლობა 747 000 ლარი. მიუხედავად ამისა, „ზიმომ“ სოფელ სარეკისა და ბაჯითის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება 395 321 ლარსა და 97 თეთრს შეადგენდა, ვერ შეასრულა. მას ჩარიცხული ჰქონდა საავანსო თანხა 118 596 ლარის ოდენობით, რაზეც ამ დროისთვის სამუშაოები შესრულებულია. სამუშაოების შესრულების შესახებ კი  გამგეობაში არანაირი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე იძულებული გახდა, „ზიმოს“ გარანტორ „საქართველოს ბანკისათვის“ ოფიციალური წერილით მიემართა: „როგორც თქვენთვის ცნობილია, საჩხერის მუნიციპალიტეტსა და შპს „ზიმოს“ შორის 2014 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა #177 ხელშეკრულება ღირებულებით 395 321 ლარი და 97 თეთრი, რაც ითვალისწინებდა სოფ. სარეკისა და ბაჯითის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობას. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ზიმომ“ 2014 წლის 19 დეკემბერს წარმოადგინა ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია თანხით 10 000 ლარი და საავანსო საბანკო გარანტია თანხით 52298 ლარი და 33 თეთრი. გაცნობებთ, რომ შპს „ზიმომ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ შეასრულა ვალდებულებები და საჩხერის მუნიციპალიტეტმა შეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება მიმდინარე წლის 15 ივნისიდან. დღეის მდგომარეობით შპს „ზიმოს“ მიერ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ შემოსულა და არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტი, _ ნათქვამია წერილში, რომელიც საჩხერის გამგებელმა „საქართველოს ბანკის“ ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტის დირექტორს, ანი ქავთარაძეს გაუგზავნა. ამავე წერილში ბაზაძე ბანკს 10 000 ლარისა და 59 298 ლარის, ანუ  საგარანტიო თანხების რაიონის ბიუჯეტში ჩარიცხვას სთხოვს. ბანკმა 69299 ლარი საჩხერის ბიუჯეტში რომც ჩარიცხოს, დარჩენილ თანხაზე _ 49297 ლარზე _ არც შესაბამისი დოკუმენტებია წარმოდგენილი და არც თანხის უკან დაბრუნებას ფიქრობს ვინმე. ეს კი, პირველ რიგში, გამგებლის პასუხისმგებლობის საკითხია, რადგან შპს „ზიმოს“ ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით გაუფორმდა ხელშეკრულება. ორივე სოფელი, სარეკიც და ბაჯითიც, ამ დროისთვის ისევ უწყლოდ რჩება. უკეთესი მდგომარეობა არც სოფელ სავანის სასმელი წყლით მომარაგების საქმეშია. 2015 წლის 11 მაისს სოფელ სავანის სასმელი წყლის სისტემების სამუშაოების ტენდერი, საერთო ღირებულებით 667 786 ლარი, შპს „ბაკა+“-მა მოიგო. აღნიშნული კომპანია თელავის რაიონშია რეგისტრირებული და მისი დირექტორი არის პრემიერის ცოლის მამიდაშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის თანასოფლელი, თამაზ ბაკაშვილი. ჯერჯერობით, სავანეში სამუშაოები არ დაწყებულა. ასევე თბილისურმა კომპანიებმა საჩხერეში სხვა ტენდერები მოიგეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები 15.05.2015 წელი შპს ჰედეფ ჯორჯია“: 112 000 ლარი;   სოფელ ივანწმინდის სასმელი წყლის სისტემების სამშენებლო სამუშაოები 04.03.2015 შპს კავკასენერგო 250 000 ლარი;   ქ. საჩხერეში იაშვილის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები 10.02 2015 შპს ჰედეფ ჯორჯია“: 657 777 ლარი.   როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები დღეის მდგომარეობით შეჩერებულია. სამაგიეროდ, საჩხერის გამგებელი პრემიებს არიგებს. სრული სახელფასო განაკვეთის პრემია მხოლოდ მან და მისმა ერთი თვის დანიშნულმა თანაშემწემ მიიღეს, დანარჩენი თანამშრომლები ნახევარი თვის პრემიას დააჯერეს, ხოლო აიპ-ში, სადაც საშუალო ხელფასი 200-300 ლარია, თანამშრომლებისთვის პრემია ვერ გაიმეტეს. ასევე რამდენიმე ათეული ათასი ლარი დაუჯდა საჩხერის ბიუჯეტს მალზახ ბაზაძის 7-დღიანი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც გამგებელი აცხადებს, მან აშშ-ში სასწავლო კურსები გაიარა. „ქრონიკა+“ უახლოეს დღეებში ოფიციალური წერილით მიმართავს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მალხაზ ბაზაძეს, რომ კანონით დადგენილ ვადაში მივიღოთ პასუხი კითხვებზე, _ რა რაოდენობის თანხაა მობილიზებული „მალხაზ ბაზაძის ფონდში“? ვინ და როგორ განკარგავს ამ თანხას?    

გაზიარება