QronikaPlus
„სოსო წერეთელი სიკვდილის წინ ვნახე, სისხლში ცურავდა...“

„სოსო წერეთელი სიკვდილის წინ ვნახე, სისხლში ცურავდა...“

2015-07-03 12:56:21

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ #22; 23.   „ქრონიკა+“ აგრძელებს ეროვნული მოძრაობის ქრონიკების კვლევას. ამჯერად თამარ ჩხეიძესა და ნანა კაკაბაძეს დიდი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის ბინაში შევხვდი. ისინი მიყოლებით იხსენებენ 70-80-იან წლებს...   ნანა კაკაბაძე: _ მარიკა ბაღდავაძე „თვითმფრინავის ბიჭების“ თინა ფეტვიაშვილთან ერთად იჯდა საკანში. მარიკა ამ ისტორიას უცრემლოდ ვერ იხსენებდა: სავარაუდოდ, ორივეს რაღაც ჩაუყარეს საჭმელში და დააძინეს. დილით იღვიძებს თინა კივილით, _ მიშველეთო! მარიკა ჯერ კიდევ არ ყოფილა ბოლომდე გამოფხიზლებული. ხედავს, თინა სულ სისხლშია. სასწრაფოდ გამოიძახეს მორიგე და თინა სამედიცინო ნაწილში გაიყვანეს. მარიკა ამბობდა, როცა დაბრუნდა, ადამიანს აღარ ჰგავდაო. მიუხედავად იმისა, რომ `კგბ~-ს საკნებში ვიყავით და ხმის ამოღების უფლებაც კი არ გვქონდა, არაადამიანური ხმით ტიროდა, ტირილიც არ ერქვა, გმინავდა, რადგან გაიგო, რომ აბორტი გაუკეთეს და გეგას შვილი დაკარგაო. მარიკა ჰყვებოდა, ჩემი გასაჭირი საერთოდ დამავიწყდა, თინას ისტორია იყო ციხეში ყოფნის ყველაზე ტრაგიკული მომენტიო. ვერაფრით ვაწყნარებდით, ვერც ბადრაგი იღებდა ხმას, იმდენად შემაძრწუნებელ მდგომარეობაში იყო გეგას მეუღლეო. ჩვენი დაპატიმრებიდან ორი თვის თავზე მოხდა „თვითმფრინავის ბიჭების“ ტრაგედია. ჯერ კიდევ ორთაჭალის ციხეში ვიყავით, როცა ისინი მოგვაყოლეს უკან.   თამარ ჩხეიძე: _ ჩვენებს ჰპირდებოდა ედუარდ შევარდნაძე, _ გეორგიევსკის ტრაქტატის დღესასწაული რომ ჩაივლის, დაკავებულებს გავათავისუფლებთ, მანამდე ვერა, დღესასწაულის აღნიშვნაში ხელს შეგვიშლიანო. თვითმფრინავის გატაცების ამბავი რომ მოხდა, მამა უარით გამოისტუმრეს, ამ ამბის მერე დაკავებულების განთავისუფლება საერთოდ გამორიცხული იყო.   ნანა კაკაბაძე: _ ჯერ კიდევ ორთაჭალის ციხეში ვარ, მოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გადაკეტეს ციხე. ორთაჭალაში ჩვენ ქვემოთ იყო „რეზბალნიცა“. თვითმფრინავის გატაცების სპეცოპერაციისას ცოცხლად გადარჩენილები იქ მოიყვანეს, მათ შორის, სოსო წერეთელიც. „რეზბალნიცის“ მთავარი ექიმი იყო გვარად როსტიაშვილი. ამოვიდა და მითხრა, _ ახლა მოჰყავთ სოსო წერეთელიო. მან იცოდა, რომ სოსოსთან ვმეგობრობდი, _ რა ხდება, ცოცხალია-მეთქი?! ექიმმა თავი გააქნია, _ არის და არც არისო. მე ვუთხარი, _ ბოლო შანსია, ან ოდესმე ვნახავ, ან _ არა, ძალიან გთხოვთ, მხოლოდ დამანახვეთ-მეთქი. ეტყობა, ისეთი სახე მქონდა, ექიმმა უარი ვერ მითხრა, _ თუ ხმას არ ამოიღებ, კიბეებიდან დაგანახვებო, _ დამპირდა. ჩვენი დერეფანი რკინის კარით მთავრდებოდა, იქვე ამოდიოდა რკინის დახვეული კიბეც. ქვემოთ იყო „რეზბალნიცა“. ექიმმა დერეფნის ბოლოს გამიყვანა. ვხედავ, კიბეებზე საკაცით ამოჰყავთ სოსო. ეს ჩემი ცხოვრების წარუშლელი კადრია: სამედიცინო „ბინტით“ გადახვეული აქვს კისერი, მრგვალად სისხლის დიდი შადრევანი ასხამს. სხეული როგორ მდგომარეობაში იყო, არ ჩანდა, კივილი დავაპირე. ექიმმა პირზე ხელი დამაფარა და კარში შემომათრია. მე ვიყავი ბოლო, რომელმაც სოსო ნახა. მერე თქვეს, რომ გამომძიებლებიც იყვნენ მოსულები, მაგრამ მან კონტაქტში შესვლა ვერ მოახერხა, ისე გარდაიცვალაო. საშინელება იყო ის, რომ ოჯახებმა ვერ გაითავისეს და არ დაიჯერეს, რომ ბიჭები დახვრიტეს. ყველა ფიქრობდა, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ, რადგან ოჯახებს არ გაუგზავნეს ქვითრები ტყვიის ფულის ასანაზღაურებლად(!!!).   თამარ ჩხეიძე: _ ამ ჭორების გავრცელებას ხელისუფლებაც უწყობდა ხელს: ვიღაცას ათქმევინებდნენ, რომ ისინი სადღაც შორს, ბამზე ან ციმბირში ნახეს კოლონიაში. თანდათან ხდებოდა შეგუება, თავადაც აწყობდათ... ადამიანს ყოველთვის უჭირს საკუთარ ოჯახის წევრზე ამ საშინელების დაჯერება. ხელისუფლება ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ის სისასტიკე, როგორაც თვითმფრინავის ბიჭებს გაუსწორდნენ, არ გამჟღავნებულიყო, შესაბამისად, აგრესია ნაკლები ყოფილიყო, ამიტომ იმედებს უჩენდნენ ოჯახებს.   ნანა კაკაბაძე: _ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის 50 წლისთავზე პარიზში ვიყავი. გამოფენაზე გეგა კობახიძის მამა შემხვდა, გამიყვანა გვერდით და მითხრა, _ ნანა, იცი (ვიღაცის გვარი მითხრა, ახლა ვეღარ ვიხსენებ), იმან გეგა ბამზე ნახა, ცოცხალია და იქ მუშაობსო. ამის მოსმენა მეორე შოკი გახლდათ ჩემთვის. ეს ოჯახები ამ იმედით ცხოვრობდნენ. ძალიან საინტერესო იყო ციხეში დახვრეტის დღეები: ერთი რუსის ქალი მუშაობდა ბადრაგად, ხოლო მისი ქმარი _ ჯალათად. ის აღასრულებდა სიკვდილმისჯილთა განაჩენებს. არავინ იცოდა, როდის დაინიშნებოდა დახვრეტის დღე, მკაცრად ასაიდუმლოებდნენ, მაგრამ რაღაც მომენტში ციხის კედლებში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდებოდა ხოლმე და ინტუიციით ვგრძნობდით, რომ ვიღაც უნდა დაეხვრიტათ. იქ ყოფნის პერიოდში ერთხელ მოვესწარი ამას. სავარაუდოდ, სწორედ `თვითმფრინავის ბიჭები~ დახვრიტეს. ბადრაგებმა გვითხრეს, რომ ისინი სწორედ ორთაჭალის ციხეში დასაჯეს სიკვდილით. ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოზიტიური მოხდა, ის იყო, რომ სიკვდილით დასჯა გაუქმდა.   თამარ ჩხეიძე: _ 1985 წელს გავთავისუფლდით ციხიდან. ეს უკვე „პერესტროიკის“ წლებია. ახალ ფაზაში გადავიდა ეროვნული მოძრაობა და ახალი ტალღა აგორდა, მაგალითად, ჰუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია; ტრანსკავკასიის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც ანადგურებდა ეკოლოგიას და ანგრევდა ძეგლებს; დავით გარეჯის თემა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ჯგუფმა წამოიწყო; მიმდინარეობდა მუშაობა პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით. ზვიად გამსახურდია ცნობილი მონანიების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს, პატიმრობაში რჩებოდა მერაბ კოსტავა. ეროვნული მოძრაობა ნელ-ნელა იკრებდა ძალებს.   ნანა კაკაბაძე: _ ასპარეზზე ჩვენი გამოსვლისას, როცა უნივერსიტეტთან ჩავივლიდით, ყველა ფიქრობდა, რომ რევოლუცია ხდება და მიტინგს ვაწყობთ. 1981 წელია, თამრიკომ დიპლომი უნდა დაიცვას, გურამ მამულიაა მისი სადიპლომო ნამუშევრის ხელმძღვანელი. მე და მარიკა ბაღდავაძე გარეთ ველოდებით, თამრიკო დაცვაზეა. გავიდა ხუთი საათი. გამოვიდა და გვეუბნება, _ დაცვა მეორე დღისთვის გადაიდოო. მივედით მეორე დღესაც. შეიყვანეს თამრიკო. ველოდებით გარეთ. უნივერსიტეტის ეზოში სამთავრობო მანქანები უკანა მხრიდან შევიდნენ. ვერ გავიგეთ, რა ხდება, ჩვენ გვგონია, რომ საერთოდ არ უნდათ დიპლომის მიცემა. ხუთი საათის შემდეგ გამოდის გურამ მამულია, _ ახლა დაგვირეკეს, ოთხიანზე თუ თანახმაა, დაუწერეთ და გაუშვით, მთავარია, წითელი დიპლომი არ მისცეთო. გურამ მამულიამ კატეგორიული უარი თქვა ამ დავალების შესრულებაზე. მოგვიანებით, ოთხიანი დაუწერეს მეცნიერულ კომუნიზმში და წითელი დიპლომი მაინც არ მისცეს.   თამარ ჩხეიძე: _ ძალიან საინტერესო იყო 1981 წლის ისტორია. ამ წელს საქართველოს გასაბჭოების 60 წლისთავი აღინიშნებოდა. ლეონიდ ბრეჟნევი ჩამოვიდა. ჩვენ ვემზადებოდით უნივერსიტეტის ეზოში დიდი მანიფესტაციისთვის და ეროვნული მოთხოვნების დასაყენებლად. ლოზუნგები, პლაკატები გავამზადეთ და წითელ დიპლომატში ჩავაწყვეთ. როგორც კი სახლიდან გამოვედით, მე და მარიკა ბაღდავაძე არაგვის ქუჩაზე ჩაგვტენეს მანქანაში, ნანა _ ფილარმონიასთან, ასევე დარეჯან ხიდაშელი, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო, წაგვიყვანეს გლდანის პოლიციაში, წითელი დიპლომატი ჩამოგვართვეს, რასაც დღემდე მისტირის ნანა, რეზოს ჩამოტანილი იყო პარიზიდან. გვიან ღამემდე გლდანის პოლიციაში ვიყავით, მერე მიკროავტობუსი მოიყვანეს და კახეთის მიმართულებით წაგვიყვანეს. თან გვახლდა ვახტანგ გვარამია, „უგროზისკის“ მაშინდელი უფროსი. ის ხშირად იყო ჩვენს დაკავებებში ჩართული, მაგრამ რამდენადაც რეპრესიების პერიოდში შეიძლებოდა, კარგად გვექცეოდა. როცა თელავში ჩაგვიყვანეს, „ინტურისტთან“ მიგვიყვანეს. დავინახეთ, რომ სასტუმროდან ბოლო მობინადრეებს ასახლებდნენ _ ზოგი ქართველი იყო, ზოგიც _ უცხოელი. ისინი აპროტესტებდნენ, რატომ გვყრით ნომრებიდანო? ყველას ეუბნებოდნენ, რომ უცხოელი სტუმრები მოდიან და იმიტომ ვცლით სასტუმროსო. 14-სართულიანი სასტუმროს შენობა სრულად დაცალეს და ჩვენ შეგვასახლეს. „კგბ“ მოგვიჩინეს, გვატარებდნენ ექსკურსიებზე და ერთი კვირა გვემსახურებოდნენ.   ნანა კაკაბაძე: _ დილიდან ხომ გლდანის პოლიციაში ვიყავით მშივრები. ვიღაცებმა მოხარშული დედლები მოიტანეს, მაგრამ ჩხეიძემ არაო და არაფერი მიჭამია სოლიდარობის ნიშნად. ჩავედით თელავში, მშია ძალიან. ვახტანგ გვარამიამ გამიყვანა გვერდით, ამოიღო 25-მანეთიანების შეკვრა, _ სანამ თქვენები ჩამოვლენ, დაგჭირდებათო. ვიუარე, _ ფულს ვერ მოვკიდებ ხელს-მეთქი. _ თუმცა სადილი შეკვეთილია და სასტუმროში დაგხვდებათ ყველაფერიო. გზაშივე გვკითხეს, _ ცალ-ცალკე ნომრებში გინდათ, თუ ერთადო? ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ. შევედით ნომერში. ვხედავ, დიდი მაგიდა გავსებულია საჭმლით. ერთი სული მაქვს, როდის გავლენ პოლიციელები, რომ ვჭამო. უცბათ, თამრიკომ დაინახა მაგიდა, _ ახლავე გაიტანეთ აქედან ეს ხორაგი, არავითარ შემთხვევაში ამას ჩვენ არ შევჭამთო! _ თამრიკო, თამრიკო, _ ვანიშნებ ხელებით. თქვენც არ მომიკვდეთ, მაინც კატეგორიულად ითხოვს სურსათით სავსე მაგიდის გატანას. ვახტანგი მეუბნება, _ ჩუმად, მაცივარიც სავსეა, ნანაო. ჯერ ამ მაგიდის გატანა არ მაქვს მონელებული და მარიკა არ მიადგა მაცივარს? _ უი, შეხედეთ, აქაც სანოვაგეაო. _ გაიტანეთ ესეცო! _ კატეგორიულად მოითხოვა თამრიკომ. ასე დავრჩი იმ ღამით მშიერი. იმავე ღამეს ჩამოვიდნენ ჩემი და თამრიკოს დედები, მაგრამ საჭმელი დილამდე არ შემოატანინეს. სასტუმროს ჰქონდა დახურული რესტორანი, მუსიკოსები ჰყავდათ, ჩავიდოდით თუ არა რესტორანში, მუსიკოსებს ამღერებდნენ, „კგბ“-ს თანამშრომლები იყვნენ მიმტანები. ჩვენ ამას რომ მივხვდით, სპეციალურად ვაწვალებდით, _ აი, ეს კვერცხი კარგად არ არის შემწვარი, ეს კერძი ცივია, _ დავარბენინებდით წინ და უკან. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში სიარული აკრძალული იყო, თელავის გადასახლების დროს იქაც დავყავდით. მართალია, ამას ოფიციალურად ექსკურსია ერქვა, მაგრამ მაინც. ერთხელ ეკლესიაში მოძღვარიც დაგვხვდა, ხელზე ვემთხვიე, უკან ერთი ჩეკისტი მომყვებოდა, დამინახა და მითხრა, _ ნანა, მე შენ ისე გიყურებდი ამათგან გამორჩეულად და ეს რა გააკეთე, ხელზე როგორ აკოცე იმ ბანჯგვლიანსო?!. დღეს ის ადამიანები, რომლებიც ასე იქცეოდნენ, ჩემზე წინ დგანან ეკლესიაში. სიონი დისიდენტების შეკრების ადგილი იყო. იქ დადიოდნენ გია ჭანტურია, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი წერეთელი, მამუკა გიორგაძე, ზვიად გამსახურდია... ზვიად გახლდათ ჩემი და თამრიკოს გაცნობის ინიციატორი, მაგრამ სულ სხვა ადამიანის _ ლიანა კასრაძის მეშვეობით გავიცანით ერთმანეთი.   თამარ ჩხეიძე: ზვიადთან განხეთქილება და შეუთავსებლობაც გვქონდა. განხეთქილების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ზვიად გამსახურდიას ცნობილი მონანიება. ჩვენ საერთოდ ვცდილობდით, მონანიება არ გვეხსენებინა, თვითონ იხსენებდა და ცდილობდა, ეს მოვლენა დადებითად შეგვეფასებინა. ჩვენ ამას ვერ ვეგუებოდით და გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა. მიგვაჩნდა, რომ ჩუმად უნდა ყოფილიყო და ჩვენც გავჩუმდებოდით. მეორეც: ზვიადი განსხვავებული აზრის მიმართ ძალიან არატოლერანტული იყო. თუ ერთ დღეს ადამიანს ეუბნებოდა, რომ ის შეუცვლელია ეროვნულ მოძრაობაში, სხვას იქვე ეტყოდა იგივე პიროვნებაზე, რომ ჩეკისტიაო. მესამე განხეთქილების საგანი იყო ისიც, რომ უარყოფითად აფასებდა დასავლურ დემოკრატიას, როგორც მმართველობის ფორმას...   გაგრძელება იქნება

                                                                                                                 ელისო კილაძე

 

გაზიარება