ინფორმაცია, რომელიც „ქრონიკა+“-ს ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მიაწოდა, საკმაოდ რეზონანსულია. საქმე ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს. როგორც ნოზაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადება სკანდალურია, ის ყველა სიტყვაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და მეტიც, თუ შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან, ადვოკატი მზად არის, წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტები.
„ქრონიკა+“-ს ადვოკატი მამუკა ნოზაძე ესაუბრება:
_ ყველაფრის მიმართ ჩემი ოპტიმისტური დამოკიდებულების მიუხედავად, სიმართლეს ვერ დავმალავ და ვიტყვი, რომ საქართველოში მდგომარეობა სამართლებრივი კუთხით არის ძალიან ცუდი. პერსპექტივაც კი არ ჩანს, რომ ქვეყანა ჩამოყალიბდეს სამართლებრივ სახელმწიფოდ, სადაც ყველასთვის _ რიგითი ადამიანიდან, უმაღლეს ხელისუფლამდე, უზენაესი კანონი იქნება. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში მიდიან, აპელირებენ კანონის სახელით, მაგრამ შემდეგ ავიწყდებათ გაცემული დაპირებები და თავად გვევლინებიან კანონდამრღვევებად. ასე ქვეყანა და სახელმწიფო ვერ განვითარდება. დღეს უნდა გესაუბროთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის კანონდარღვევის ფაქტებზე.
_ „ქრონიკა+“-მა მასზე უკვე არაერთი მასალა გამოაქვეყნა. ამჯერად ახალი ინფორმაცია გაქვთ?
_ დიახ და თითოეულ ამ ინფორმაციაზე მაქვს დოკუმენტი, მტკიცებულებები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომლის უპირველესი მოვალეობაც საქმეების განხილვაა, ამას არ აკეთებს. მის წარმოებულ საქმეს ბუნებაში ვერ ნახავთ, თუმცა ცერცვაძის მოვალეობა სწორედ ეს გახლავთ. ადამიანს, რომელიც ასეთ მაღალ თანამდებობაზეა, არ შეუძლია, დეკლარაცია სრულყოფილად შეავსოს და საკმაოდ გულგრილად ეკიდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. 2002 წელს იგი იუსტიციის სამინისტროში ნორმატიული აქტების რეგისტრაციის სამსახურის უფროსად მუშაობდა. ამ წელს მის მიერ საკუთარი ხელით შევსებულ დეკლარაციაში შეცდომით ჩაწერა საკუთარი მამის დაბადების დღე. მამამისი რეალურად დაბადებულია 1948 წლის 20 ოქტომბერს, დეკლარაციაში კი წერია 1968 წლის 19 სექტემბერი. ცერცვაძეს დედის დაბადების თარიღად მითითებული აქვს 1969 წელი, თუმცა იგი დაბადებულია 1949 წელს. თავად ვალერი ცერცვაძე დაბადებულია 1974 წელს. ამ დეკლარაციის მიხედვით, ცერცვაძის დედა და მამა 13-14 წლისანი იყვნენ, როცა ის შეეძინათ.
_ ალბათ, ეს უფრო მექანიკური შეცდომაა, ბატონო მამუკა, უშეცდომო, მგონი, არავინ არის!
_ პიროვნება, რომელიც ისეთ თანამდებობაზეა, მსგავსი დოკუმენტების შევსებას უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს და სანამ დაწერს, ტელეფონით მაინც გადაამოწმოს საკუთარი მშობლების დაბადების თარიღები. საქმე ის არის, რომ მის დეკლარაციებში ეს არ გახლავთ ერთადერთი შეცდომა. შემდგომ წლებში შევსებულ დეკლარაციებშიც აქვს ჩაწერილი უამრავი სიყალბე. იქ დედის ბინასთან დაკავშირებით უთითებს, რომ ის შეფასებულია 70 ათას დოლარად. ასევე უწერია 10 ათას დოლარად შეფასებული სახლი გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში, თუმცა შემდგომ დეკლარაციაში დედის ქონებად მითითებულ კალაურის ბინას მამის ქონებად წერს. როცა რამე ქონების გასხვისება, ან გაჩუქება ხდება, დეკლარაციაში ესეც დეტალურად უნდა იყოს მითითებული. მამამისს ამ წლებში ასევე ჰქონდა 15 ათას ლარად შეფასებული ბინა, მაგრამ ამჯერად ბინების მისამართები არ მიუთითა. ნაღდი ფულის სახით მამამისზე ჰქონდა ჩაწერილი 20 ათასი ლარი. 2002 წლის დეკლარაციაში მას ასევე არ აქვს მითითებული, რომ მამამისი აწარმოებდა ბიზნესს.
ვალერი ცერცვაძეს დეკლარაციის მიხედვით 2002 წელს თუ ეგონა, რომ მამამისი 1948 წელს იყო დაბადებული, 2003 წლის დეკლარაციის მიხედვით მას აზრი ეცვლება და წერს, რომ ის 1949 წელს დაიბადა. დედის დაბადების დღეს 2002 წელს უთითებდა 10 მარტს, 2003 წელს კი 1969 წლის 16 მარტს. სინამდვილეში კი, როგორც გითხარით, 1949 წელს არის დაბადებული. 2003 წელს მამის კუთვნილ თანხად მითითებული აქვს 3500 ამერიკული დოლარი, დედამისის პირად თანხად კი _ 1500 ლარი, თავად ვალერი ცერცვაძეს ამ დროს მხოლოდ 500 ევრო აქვს. ის შემდგომ დეკლარაციებშიც შეცდომით უთითებს მამის დაბადების თარიღს. მოკლედ, ვერ დაიმახსოვრა ამ ადამიანმა საკუთარი მამის დაბადების წელი და რიცხვი და ამის შემდეგ წარმოიდგინეთ, ის სასამართლოს საქმეებს როგორ განიხილავს? არ ვფიქრობ, რომ ეს არის ტექნიკური შეცდომა.
_ აბა, რა განზრახვით უნდა წერდეს დეკლარაციებში მშობლების თარიღს შეცდომით?
_ დეკლარაცია ივსება წელიწადში ერთხელ. დეკლარანტს არავინ აჩქარებს, გინდა თუ არა ერთ დღეში შეავსეო. ამისათვის მათ მიცემული აქვთ საკმარისი დრო, რათა პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს. 2006 წელს ვალერი ცერცვაძის დეკლარაციაში ბანკის ანგარიშზე ჩნდება 28 ათასი. აქვე მითითებული აქვს, რომ მამას, მურთაზ ცერცვაძეს, ამ დროს უკვე აქვს 48 ათასი, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი ვალუტით. მხოლოდ იმას წერს, რომ მამამისმა ეს ფული ბიზნესიდან მიიღო, მაგრამ არც იმას უთითებს, რომელი ბიზნესის მფლობელია მამამისი. დეკლარაცია ჩინოვნიკს სთხოვს იყოს პუნქტუალური და ზუსტი, ვალერი ცერცვაძე კი, როგორც ჩანს, ამ მოთხოვნებს არ ემორჩილება.
ვალერი ცერცვაძის მეუღლე, გვანცა ნიქაჭაძე იყო საჯარო მოხელე და მუშაობდა სასამართლოში, მაგრამ პარალელურად, ფარულად, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა.
2011 წელს ცერცვაძის მიერ შევსებულ დეკლარაციაში მას არ შეუტანია ინფორმაცია მშობლების ქონებებზე, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერებით ცნობილი ხდება, რომ 2010 წელს მურთაზ ცერცვაძემ ქალაქ თბილისში, ხვიჩიას ქუჩა #15-ში შეიძინა 91 კვ.მ ფართი. ეს ქუჩა არის ქალაქის ცენტრში პრესტიჟულ ადგილზე და ყველამ კარგად იცის, რომ იქ ფართის შეძენა იაფი არ ღირს. ამჟამად ამ ფართში განთავსებულია სუპერმარკეტი `პრაიმი~. ამ ფართში ვალერი ცერცვაძემ გადაიხადა 80 ათასი ამერიკული დოლარი, თუმცა მამამისზე გააფორმა. მოგეხსენებათ, ცერცვაძე არის საჯარო მოხელე და მას სამეწარმეო ფართის შეძენის უფლება არ ჰქონდა, ამიტომაც მოიქცა ასე.
_ თქვენ ვალერი ცერცვაძის უკანონი ქმედებებზე დაბეჯითებით საუბრობთ და რომ გიჩივლოთ, მართლა შეგიძლიათ ამ დოკუმენტების წარდგენა? ნათქვამის გასამყარებლად კიდევ რა მტკიცებულებები გაქვთ?
_ ჩემს ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს დოკუმენტებით, ასევე მაქვს მტკიცებულება, სადაც ამ სუპერმარკეტის გამყიდველი ადასტურებს, რომ ამ ბინაში 80 ათასი ამერიკული დოლარი სწორედ ვალერი ცერცვაძემ გადაიხადა და სოლიდური თანხები დახარჯა ფართის რემონტისთვის. მოსამართლეს აქვს განსაზღვრული ხელფასი და ასეთი თანხის ქონების შეძენის საშუალება, წესით, არ უნდა ჰქონდეს. აქედანაც ჩანს, რომ ამ ადამიანმა უკანონო ქმედებებით დააგროვა დიდი ფული. აღნიშნული ფართი მანამდე ეკუთვნოდა რუსეთში მცხოვრებ პიროვნებას და რუსეთის მოქალაქეს, გიორგი ხუნდაძეს. რუსეთის ფედერაციის, შემდეგ კი საქართველოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ელექტრონული მინდობილობით გადაფორმდა ბინა, თუმცა ხუნდაძეს, როგორც ვიცი, ორმაგი მოქალაქობა არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, საქართველოში მოქმედ ნოტრიუსს არ შეეძლო, ამ შემთხვევაში რამე მოქმედებები განეხორციელებინა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმე სწორედ ასე მოგვარდა.
ასევე საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ თავისი ფართი იპოთეკით დატვირთა ვალერი ცერცვაძის სასარგებლოდ ბანკ `რესპუბლიკაში~ და ამ გზით იქიდან 200 ათასი დოლარის საკრედიტო ხაზი მიიღო. ნებისმიერ ადამიანს ბანკმა სესხი რომ მისცეს, მან უნდა წარადგინოს ბიზნესგეგმა და ჰქონდეს ქონება, რათა ის გამოიყენონ უზრუნველყოფითი ღონისძიებებისთვის. 200 ათასი დოლარის საკრედიტო ხაზის გახსნათან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულება დადებულია ნოტარიუს დავით ოყროშიძესთან. როგორც ჩანს, ცერცვაძის ოჯახს ამ ნოტარიუსთან საკმაოდ ახლობლური ურთიერთობა აქვს, რადგან შემდგომ მათი ყველა ხელშეკრულება თუ იპოთეკა სწორედ ამ ნოტარიუსმა აწარმოა. ოყროშიძემ ოჯახს ბანკ `რესპუბლიკაში~ კიდევ ერთი საკრედიტო ხაზი გაუხსნა, რომელიც ასევე არის დატვირთული ერთ-ერთი პიროვნების უძრავი ქონებით. მოკლედ, ვიღაცები ალალბედზე ჩნდებოდნენ და გამოხატავდნენ სურვილს, რომ მათი კუთვნილი ქონება ვალერი ცერცვაძის სასარგებლოდ დაეტვირთათ იპოთეკით და მას სოლიდური თანხები მიეღო. ასევე, უცებ, მამამისი ხდება დიდი ბიზნესმენი და ის ყიდულობს არაერთ საცხოვრებელ სახლს, მათ შორის, დიდი დიღმის სახლს, სადაც ამჟამად ვალერი ცერცვაძე ცხოვრობს. ეს სახლი მას აუზებით, საკმაოდ კომფორტულად და მდიდრულად აქვს მოწყობილი.
ასლან აბაშიძე როცა საქართველოდან გააქციეს, მას პაპის დატოვებული ქონებებიც ჩამოართვეს და უთხრეს, ვერ ასაბუთებ, კანონიერად გაქვს თუ არა შეძენილიო. სააკაშვილმა იმ დროს აამოქმედა კანონი დასაბუთებული ქონების თაობაზე. თუ არსებულ ქონებას ვერ დაასაბუთებდი, არ გქონდა სიგელ-გურჯები მამისა და პაპისაგან დატოვებული, სადაც ეწერებოდა, რომ შენ დაგიტოვეს, შეეძლოთ წაერთმიათ. ამ მოტივით ჩამოართვეს კიდეც აბაშიძეს ქონება და მერე ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 1 ლარად გადასცეს. ცერცვაძის გარიგებებში კი ნამდვილად არის ეჭვის ბევრი საფუძველი.
დღევანდელი კანონმდებლობით ქონების შემძენს შეუძლია, მყიდველთან გარიგება ძალიან მარტივად გააფორმოს იუსტიციის საბჭოში და სულაც არ არის საჭირო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების დადება ნოტარიუსთან, მაგრამ ცერცვაძემ მაინც ნოტარიუსი არჩია და მასთან მოწმეებიც კი მიიყვანა. კეთილსინდისიერ მყიდველს რაში უნდა სჭირდებოდეს მოწმე? ნოტარიუსი არის უფლებამოსილი პირი, რომელიც ადასტურებს ადამიანის ნებას, რომ ნამდვილად ერთმა გაყიდა და მეორემ იყიდა და მოწმეები რატომ არის საჭირო, ეს გაუგებარია.
_ თქვენი აზრით, ამჯერად, რას უფრთხის სასამართლოს თავმჯდომარე?
_ მოწმეებით თითქოს მან გაამყარა საკუთარი პიზიცია. იცოდა, რომ შემდგომ ამ ყველაფერზე შეიძლებოდა კითხვები და ეჭვები გაჩენილიყო და მოწმეებიც მას დაიცავდნენ. ვალერი ცერცვაძეს ძალიან ბევრი ქონება აქვს შეძენილი მას შემდეგ, რაც სასამართლოს თავმჯდომარე გახდა _ სახლები, მიწის ნაკვეთები, სამეწარმეო ფართები. მან ასევე დააარსა შპს `ეიენჯი გრუპი~ სადაც 50% აქვს მურთაზ ცერცვაძეს, მეორე 50% კი მარიამ ცერცვაძეს, ანუ ვალერი ცერცვაძის მშობლებს. ამის შემდეგ სუპერმარკეტი „პრაიმი“ მურთაზ ცერცვაძემ იჯარით გადასცა როგორც ფიზიკურმა პირმა მის მიერვე დაფუძნებულ ფირმას „ეიენჯი გრუპ“-ს, ანუ მან დადო საკუთარ თავთან თვალთმაქცური გარიგება და 500 ლარად, ანუ თავისი ქონება, კვ.მ 5 ლარად, მიაქირავა საკუთარ თავს. ქონების იჯარით გაცემის დროს სახელმწიფოს შემოსავალი უნდა გადაუხადო, მაგრამ მურთაზ ცერცვაძეს არ გადაუხდია. რეალურად კი ფირმა „ეიენჯი გრუპი“ მმართველობის ქვეშ აქვს ვალერი ცერცვაძის მეუღლეს, გვანცა ნიქაჭაძეს, რომელიც ოფიციალურად, საჯარო რეესტრის მონაცემებითაც არის ამ შპს-ს პროკურისტი (მმართველი, რწმუნებული) და დადასტურებულად მართავს ამ ბიზნესს. ეს ფირმა დაკავებულია სხვადასხვა ბიზნესით, მათ შორის, ვაკეში ფლობს სამ მაღაზიას, სადაც „ეფლის“ ფირმის ტექნიკას ყიდის. ნიქაჭაძე ამ პერიოდში ასევე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელი, რისი უფლებაც არ ჰქონდა. როგორც გითხარით, ვალერი ცერცვაძესაც არ აქვს დეკლარაციაში მითითებული, რომ მისი მეუღლე ბიზნესს მართავს. არადა, დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს, ოჯახის წევრები ეწევიან თუ არა სამეწარმეო საქმიანობას. ამ უკანონობებს იმიტომ არავინ აქცევდა ყურადღებას, რომ ცერცვაძე საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მასთან ურთიერთობის გაფუჭებას ყველა ერიდებოდა. ხელშეუხებლობის გარანტიებს კი მას აძლევდა კოტე კუბლაშვილი და ეს ადამიანი დღესაც იგივე მდგომარეობაშია. ამჯერად მან გარანტია მიიღო საქართველოს ფაქტობრივი თუ არაფაქტობრივი მმართველისგან. ეს ასე რომ არ იყოს, ვალერი ცერცვაძე თავის ძმასთან ერთად, რომელიც ახლახან პროკურორად დანიშნეს, ციხეში იქნებოდა გამოკეტილი.
ვალერი ცერცვაძეს ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში ადვოკატ დავით ერისთავთან თანამფლობელობაში აქვს 2100 კვ.მ ფართის მიწა. ბორჯომის ხეობა საკმოდ პრესტიჟული ადგილია და იქ სოლიდური თანხაც ღირს მიწის ნაკვეთები. თანაც ეს ნაკვეთი მან ოპოთეკის ხელშეკრულებით მიიღო ვინმე ხაჩიძისგან, თუმცა ხელშეკრულება ძალიან ბუნდოვანია. ხაჩიძეების საერთო აღიარებაში წერია, თითქოს მათ მიიღეს ნაკვეთის საფასური, მაგრამ რამდენი _ აღნიშნული არ არის. ფაქტობრივად, ლევან ცერცვაძე ქონებას ისაკუთრებს ისე, რომ არ ჩანს, რამდენი გადაიხადა რეალურად მასში. წესით და კანონით, ეს თანხაც დაფიქსირებული და მითითებული უნდა იყოს.
2009 წელს ვალერი ცერცვაძემ თბილისის ცენტრში, ჯანაშიას 21-ში შეიძინა 125 კვ.მ მშენებარე ბინა 37 500 ლარად, ანუ კვ.მ 182 ამერიკულ დოლარად. ნებისმიერმა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა იცის, რომ ვერაზე ამ ფასში ბინას ვერ შეიძენ და შავი კარკასიც კი იმ დროისათვის 400-500 დოლარზე ნაკლები არ ღირდა. ფაქტია, რომ ვალერი ცერცვაძემ ამ შემთხვევაშიც გამოიყენა თანამდებობა, ან მოიტყუა და გადასახადს აარიდა თავი, მერე მის მიმართ კითხვები რომ არ გაჩენილიყო. თუმცა საინტერესოა, საიდან აქვს საჯარო მოხელეს ამდენი სახლისა და ნაკვეთის ფული?
2011 წელს სოფელ დიღომში გამოჩნდა მოქალაქეების ჯგუფი, რომელმაც ცერცვაძის სასარგებლოდ ოპოთეკაში ჩადეს 2500 კვ.მ ნაკვეთი. შემდგომ მასში ცერცვაძემ გადაიხადა 52 ათასი ამერიკული დოლარი, ანუ კვ.მ-ს ფასი გამოდის 21 ამერიკული დოლარი. დიღომში ნაკვეთს არასდროს ჰქონია ეს ღირებულება, რაც აშკარად შეუსაბამო თანხაა. ალბათ, თქვენც დაგაინტერესებთ, უცხო ადამიანები რაღა, მაინცდამაინც, ვალერი ცერცვაძეს უდებენ ბინებსა და ნაკვეთებს იპოთეკური ხაზების გასახსნელად? სწორედ ასეთი ქმედებით იგდო მან ხელთ არაერთი ქონება. აქედანაც ჩანს, რომ ამ ადამიანს ბანკებთან კარგი ურთიერთობები აქვს, რომ მათ შორის გარიგებაა. სასამართლოებში უამრავი საბანკო დავაა, მთელი საქართველო ვალებშია ჩაფლული და ბანკიც იმიტომ მიდის მასთან ასეთ დათმობებზე, რომ, ალბათ, სამაგიეროს იღებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისგან. მას ხელეწიფება ზედმეტი საურავების დაკისრების გაუქმება, უკანონო გადაწყვეტილების მიღება, პროცესის დაჩქარება და ა. შ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ბანკის ვალის გამო ქონების საერთოდ დაკარგვის ქვეშ მდგომი ადამიანები უპრობლემოდ, დაბალ ფასად თმობენ მას, ან მის ნაწილს სესხის ვალდებულებების დასაფარავად სააპელაციო სასამართლოს თავმჯომარის სასარგებლოდ.
_ ეს რა სახის დანაშაულია საჯარო პირისთვის და სამართლიან ქვეყანაში ასეთი საქმეებისთვის სასამართლოს თავმჯდომარეს როგორ დასჯიდნენ?
_ სასამართლოს თავმჯდომარე უნდა გამოირჩეოდეს მაღალი რეპუტაციით და არ უნდა შედიოდეს ასეთ გარიგებებში. მას სხვა საქმეების განხორციელების უფლება არ აქვს. თანაც, 2002 წლიდან, როცა მან დაიწყო თანამდებობაზე მუშაობა, არ გააჩნდა არანაირი ქონება მშობლების საცხოვრებელი სახლების გარდა. მერე კი მასაც და მის მშობლებსაც ელვის სისწრაფით გაუჩნდათ ქონებები. სხვა ქვეყანაში ასეთ რამეს სასამართლოს თავმჯდომარე არ იკადრებდა, რადგან მისი ხელფასი და მოქმედება არის გამჭვირვალე. მოსამართლე თავად უნდა იყოს კანონის უზენაესობის სადარაჯოზე და ასეთი ჩახლართული მაქინაციებით არ უნდა ცდილობდეს ქონებების დაგროვებას. ამას ცერცვაძე იმიტომ აკეთებს, რომ საქართველო არ არის სამართლებრივი სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრიც, მოსამართლეც და რიგითი პირიც კანონის წინაშე თანასწორია. ჩვენთან დისციპლინური დევნის მექანიზმი მოშლილია და იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს ასეთი თავმჯდომარე ისჯებოდეს, იგი ახერხებს, ზოგიერთ კომიკურ პიროვნებასთან ერთად, ხელი შეუშალოს ამ სისტემაში რეფორმის გატარებას. წლები გადის და იგივე ადამიანები ტრიალებენ მაღალ თანამდებობებზე და იგივე ქმედებებს სჩადიან, რასაც წინათ აკეთებდნენ, ხელისუფლება კი ამ ადამიანებს პასუხს არ სთხოვს.
ნელი ვარდიაშვილი