QronikaPlus
ეს წერილი ბიძინა ივანიშვილმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს!

ეს წერილი ბიძინა ივანიშვილმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს!

2015-06-28 07:22:15

ამ დღეებში თავად ბატონმა ივანიშვილმა ბრძანა, _ „თამასის დაწევას“ არ ვაპირებ და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევო!.. ბატონო ბიძინა, ალბათ, შესანიშნავად მოგეხსენებათ, ვინ არიან ალა და რეზო კახნიაურები. ჰოდა, თუ ყურადღებით წაიკითხავთ ჩვენს წერილს, დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებასა“ და თქვენს სახელს ამოფარებული ეს ადამიანები არა მხოლოდ სხვისი ქონების დატაცებით არიან დაკავებულნი, არამედ თაღლითურადაც მდიდრდებიან!.. გასულ კვირას, რომ არა სტიქიური უბედურება, აღნიშნული საგაზეთო სტატია მთელ საქართველოს მოივლიდა. წერილში კი, არც მეტი _ არც ნაკლები, ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც უშუალოდ ალა და რეზო კახნიაურების თაღლითურ ქმედებას ემსხვერპლნენ და დღემდე ეძებენ იმ სამართალს, რომელიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ უგზო-უკვლოდ არის დაკარგული და რომელსაც რიგითი მოქალაქეები (უპატრონო) ვერა და ვერ პოულობენ... უფრო კონკრეტულად: გაზეთ „ქრონიკა+“-ს და პირადად მე, ჟურნალისტ ირინა გოგოსაშვილს, დაუკავშირდნენ ამხანაგობა ი.ბ.ა. „ნაძალადევი-2008“-ის ამხანაგობის წევრები და ასეთი რამ გვითხრეს: ქალბატონო ირინა, ახლა ერთ-ერთი ტელევიზიიდან მოვდივართ, თუმცა ყველამ უარი გვითხრა სიუჟეტის გაკეთებაზე იმ მოტივით, რომ „ქართულ ოცნებას“ ნუ დაგვატაკებთ, პრობლემები ისედაც არ გვაკლიაო... ახლა, ალბათ, ამოდენა შესავლის შემდეგ დაინტერესდებით, რა ხდება კონკრეტულად და ვინ ვის რას ედავება... უფრო სწორად, კანონიერად რას ითხოვს 20-მდე დაზარალებული ოჯახი „ქართუ ჯგუფს“ ამოფარებულ რეზო კახნიაურისგან და მისი მეუღლისგან, ხომ?!. როგორც ამხანაგობა „ნაძალადევი-2008“-ის წევრები განმარტავენ და საუბრობენ (წარმოადგინეს დოკუმენტები სასამართლო განაჩენებიდან), ამ საგაზეთო პუბლიკაციის შემდეგ ეს საქმე „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ არ უნდა დარჩეს და ბატონმა ბიძინამ, როგორც „ქართუ ჯგუფის“ დამაარსებელმა, შესაბამისი ქმედებები უნდა განახორციელოსო!.. 2007 წლის 30 ნოემბერს ჩამოყალიბდა ამხანაგობა „ნაძალადევი-2008“. მისი მიზანი იყო, ქალაქ თბილისის ჭყონდიდელის ქ. #22-სა და ზესტაფონის ქ. #18ა-ში მდებარე 1811 კვ.მ მიწის ფართობზე აეშენებინა მრავალსართულიანი სახლი. დამფუძნებლები არიან: ნინო ცინცაძე, რუსუდან მელიქიშვილი, შოთა მაღალაშვილი, მერაბ ხაჩიძე, ნატო დიხამინჯია, ნანა გაბრიჭიძე და ამხანაგობის თავმჯდომარე გელა ტაბატაძე. აღნიშნულმა ამხანაგობამ ხელშეკრულება დაუდო შპს „აგის ჯორჯიას“, რომელმაც სამშენებლო ობიექტს მიაწოდა 436 800 აშშ დოლარის ღირებულების არმატურა. თანხის უზრუნველყოფის მიზნით დაიტვირთა ამხანაგობის კუთვნილი ფართი. მოლაპარაკების მიხედვით ნაწილი უნდა ყოფილიყო გადახდილი თანხით, ხოლო ნაწილი _ უძრავი ქონებით (ჩანაწერები არსებობს). მოხდა ისე, რომ „აგის ჯორჯიამ“, თვითნებურად და თაღლითური მოსაზრებებით, აღნიშნული თანხა გაზარდა 516 916 აშშ დოლარამდე, ხოლო ვადად მიუთითა 2012 წლის 15 ივნისი, ანუ თუ ამხანაგობა არ გადაიხდიდა ამ თანხას ორი კვირის ვადაში, ნოტარიუსის სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, მშენებარე ბინას გადასცემდა შპს „აგის ჯორჯიას“. გასაკვირია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ამხანაგობის დამფუძნებლებს არანაირი წერილობითი ან სიტყვიერი თანხმობა არ გამოუთქვამთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თაღლითების ჯგუფმა ნოტარიუს ნარგიზა მინდიაშვილის წყალობით გასცა სააღსრულებლო ფურცელი #120707494, რომლის მიხედვით, „აგის ჯორჯიას“ სასარგებლოდ 407237,70 ლარის გადახდა დაეკისრა ამხანაგობას. სამ კვირაში ქონება გაიყიდა 168 000 ლარად. შპს „აგის ჯორჯიას“ დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ ბატონი რეზო კახნიაური. მშენებარე ბინაში სრულად იყო საძირკველი ამოყვანილი, დამთავრებული გახლდათ მიწისქვეშა სადგომი ავტომანქანებისთვის და მთლიანი კორპუსის სამშენებლო კოლონები. აი, ამ სახით გაიტანეს აუქციონზე „ქართულ ოცნებას“ ამოფარებულმა თაღლითებმა ქონება და გაყიდეს 168 000 ლარად. როგორც მოსალოდნელი იყო, აუქციონი დაჩქარებული წესით მოამზადა ქალაქ ქუთაისის კერძო აღმასრულებელმა, ხოლო მყიდველი აღმოჩნდა, როგორც არ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, შპს „აგის ჯორჯიას“ იურისტი, ლექსო ასპანიძე. ასპანიძე ამხანაგობის წევრებთან კერძო საუბარში აღნიშნავდა, რომ მამა ბიზნესმენი ჰყავდა, მაგრამ როდესაც პროკურატურაში დაკითხვაზე მამის მონაწილეობა არ დაუდასტურდა, დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა. მისასალმებელი და ხაზგასასმელია ის, რომ ამხანაგობის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელების კვალდაკვალ, თაღლითთა ჯგუფის მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, იმავდროულად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნოტარიუსი სამსახურიდან გაათავისუფლა მთელი რიგი უკანონობების ჩადენის გამო, რომელიც თაღლითურ ჯგუფთან ერთად მოქმედებდა. 25 ოჯახი დარჩენილია უბინაოდ და ამდენი ხნის განმავლობაში ელოდებიან სამართლის აღდგენას. მიწის ყოფილი მესაკუთრეები ასევე არიან ნათესავებთან შეფარებულნი, არადა, ეს იმ დროს, როცა სასამართლომ ბათილად ცნო შპს „აგის ჯორჯიას“ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება!.. ასევე ბათილად ცნო ხელშეკრულება ნოტარიუს ნ. მინდიაშვილის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცელი, რითაც აუქციონზე გავიდა მშენებარე ბინა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი ის არის, რომ უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება!!! აგრეთვე დაინიშნა ექსპერტიზა, თუ რა თანხები დაიხარჯა მშენებარე კორპუსის გაყიდვაზე, ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებზე. ჩაატარა კიდეც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ექსპერტიზა და დაადგინა, რომ ფასი შეადგენს 657 000 ლარს. შპს „აგის ჯორჯიამ“ დაასრულა რა კორპუსის მშენებლობა, ახლა მეორე უკანონობასაც მიჰყო ხელი და მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებებისა _ დაიწყო იმ ბინების გაყიდვა, რომლებიც ამხანაგობის წევრებს ეკუთვნოდა. ამ ქმედებებით აღშფოთებული ამხანაგობის წევრები შეხვდნენ რეზო კახნიაურს და სთხოვეს, რომ მათთვის გადაეცა კუთვნილი ბინები, ხოლო ვისაც სრულად არ ჰქონდა დაფარული თანხა, ისინიც კი უმოკლეს ვადაში დაფარავდნენ. შეთავაზებაზე მოქალაქეებს კახნიაურისგან არანაირი პასუხი არ მიუღიათ. დაიწყო გამოძიება, გამომძიებელი ქალბატონი ნინო ქავთარაძე ამ საქმეს იძიებს, მაგრამ როგორც ამხანაგობის წევრები ამბობენ, გამოძიება იქით მიჰყავთ, რომ, თითქოს, არაფერ შუაში არ არიან არც რევაზ კახნიაური და არც მისი თაღლითური ჯგუფის ერთ-ერთი შემომქმედი _ ასპანიძე... შპს „აგის ჯორჯიას“ ადვოკატი გახლავთ ალა პეტროსიანი-კახნიაური, რეზო კახნიაურის მეუღლე და, იმავდროულად, „ქართუ ჯგუფის“ იურისტი!!! მათი აზრით, მხოლოდ გელა ტაბატაძეა დამნაშავე (მასთან ერთად კი დამნაშავეები არიან რეზო კახნიაური, რომელიც იცავდა ემზარ კვიციანს), რეზო ასპანიძე და ალა კახნიაური!.. ქალაქ თბილისის ძველი თბილისის პროკურატურამ დააყადაღა ლექსო ასპანიძის სახელზე აღრიცხული რამდენიმე ბინა, მაგრამ სხვა ბინები გადავიდა ჯერ ბიძინა ივანიშვილის სახელს ამოფარებულ ალა კახნიაურის სახელზე და შემდეგ გასხვისდა სხვადასხვა პირზე. თურმე, შპს „აგის ჯორჯიას“ დირექტორის, რეზო კახნიაურის მეუღლე ყოველ შეხვედრაზე „ქართუ ჯგუფით“ და ბიძინა ივანიშვილით იქადნება: `ბიძინა ივანიშვილი ჩემი კონსულტაციების გარეშე ნაბიჯს არ დგამს, სულ ტყუილად იმუქრებით, ამ საქმეს მაინც ჩვენ სასარგებლოდ დავამთავრებთო!..“ ყოველივე ამის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობა, რომელიც 20 ოჯახისგან შედგება, მიმართავს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის პროკურორს, ბატონ ვ. ოქროპირიძეს, აწყობს მიტინგებს პროკურატურასთან, ივანიშვილის სახლთან, მაგრამ პასუხი _ არ ისმის!!! ამიტომაც მოგვმართეს „ქრონიკა+“-ს ამ ადამიანებმა და გვთხოვეს, _ ყველა საინფორმაციო საშუალებამ უარი გვითხრა ჩვენი სამართლიანი მოთხოვნის წერილობით გამოქვეყნებაზე, ჰოდა, თქვენი იმედიღა დაგვრჩა, დაგვეხმარეთო!.. საგაზეთო წერილის გამოქვეყნება არცთუ მძიმე სამუშაოა, მაგრამ, ძვირფასო მკითხველო და ბატონო ბიძინა ივანიშვილო!.. _ ნუთუ, კვლავ გააგრძელებთ თქვენს სახელს ამოფარებული თაღლითური ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებების უგულებელყოფას და ნუთუ, ამჯერად მაინც, ყურად არ იღებთ 20 ოჯახის მიერ გაჟღერებულ ამ მოთხოვნას?!. განა, მაინცდამაინც სტიქიასა და ბუნებრივი კატაკლიზმების დროს უნდა დაზარალდნენ, მათ გვერდით რომ დადგეთ? უმთავრესია ის, რომ, ძალიან ხშირად, ასეთი ადამიანების ბედი სწორედაც რომ არაკეთილსინდისიერმა, თაღლითურმა მიდგომებმა განაპირობა... ჰოდა, ნება იბოძეთ, ჩემო ბატონო და მიხედეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე ყურები გამოჭედეს იმის აღნიშვნით, რომ თქვენი ახლობლები, თქვენი თანამშრომლები და თქვენს წრეში მიღებულნი არიან!!! ბატონო ბიძინა, თქვენი ახლობლობა ინდულგენცია არ გახლავთ. თუკი ვინმეს ჭეშმარიტად უყვარხართ და თანამებრძოლად გთვლით, დამეთანხმეთ, რომ ამდენი ოჯახის უბედურებაზე არ უნდა მდიდრდებოდეს და თქვენს სახელს ისეთ ტალახში არ უნდა სვრიდეს, როგორიც ამ რამდენიმე დღის წინათ ღვარცოფად წამოვიდა თბილისში და დღეს ასეთ თემებზე ლაპარაკი, ვფიქრობ, არ უნდა გვჭირდებოდეს!.. ბატონო ბიძინა, „ქრონიკა+“-ის რედაქცია მოგმართავთ თხოვნით, კარგად გაერკვეთ შპს „აგის ჯორჯიას“ მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში, ასევე გთხოვთ შეხვდეთ მათგან დაზარალებულ მოსახლეობას, რითაც არა მხოლოდ საკუთარ ავტორიტეტს გაუფრთხილდებით, არამედ იმ ადამიანების ნუგეშადაც იქცევით, რომლებიც რამდენი წელია სამართალს ეძებენ და ვერ უპოვიათ!..  

                                                                                                          ირინა გოგოსაშვილი

   

გაზიარება